წნევა
ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული სისხლი. ამის განსახორციელებლად იგი მუდმივად რიტმულად იკუმშება, მოძრაობაში მოჰყავს სისხლძარღვებში გამდინარე სისხლი და უზრუნველყოფს მის სათანადო მოძრაობას. სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობისას აწვება მათ კედლებს და ამგვარი ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას.
-
არტერიული წნევა
არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში იზომება. ზედა მაჩვენებელი (პირველი რიცხვი) სისტოლური, ქვედა (მეორე რიცხვი) კი - დიასტოლური წნევაა.
სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, ეს დაახლოებით 60-70 მლ სისხლია. დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე. იმის მიხედვით, სისხლის რომელ სისხლძარღვში მოძრაობისას წარმოიქმნება, არჩევენ არტერიულ, კაპილარულ და ვენურ წნევას. როგორც არტერიულ, ისე კაპილარულ და ვენურ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედების პროცესში, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლის უმნიშნელოვანესი პროცესები.
-
არტერიული წნევის მაჩვენებლები
არტერიულ წნევას პირდაპირ განაპირობებს გულის შეკუმშვათა ძალა და წინააღმდეგობა, რომელსაც სისხლის ნაკადს უწევს სისხლძარღვთა კედლები, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევის პერიფერიულ ნაწილში. არტერიული წნევის სიდიდეზე მოქმედებს მუცლისა და გულმკერდის ღრუებში ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, სუნთქვითი მოძრაობების ინტენსივობა და სხვა გარეგანი ფაქტორები.
ნორმალურ პირობებში არტერიული წნევის მაქსიმალური მაჩვენებელი აღინიშნება გულის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას (სისტოლა). ამ დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, გადმოისროლება 60-70 მლ სისხლი, რომელიც ერთდროულად ვერანაირად ვერ ”გაეტევა” წვრილ სისხლძარღვებში, აი, აორტა კი, რომელშიც სისხლი პირდაპირ გულიდან ხვდება, მის გასატარებლად ”იწელება”. სისხლის დიდი მოცულობის გამო სწორედ აორტაშია წნევა (სისტოლური) ყველაზე მაღალი. ნორმაში აორტასა და მსხვილ არტერიებში ეს მაჩვენებელი 100-140 მმ.ვწყ.სვ-ს აღწევს.
გულის მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვის შემდეგ გულში ერთგვარი შესვენების (დიასტოლა) ფაზა დგება, რომლის დროსაც სისტოლისას გაწელილი მსხვილი სისხლძარღვები იკუმშებიან და სისხლი კაპილარებში აგრძელებს გადინებას. ამ დროს წნევის ძალა გზადაგზა მცირდება და დიასტოლის ბოლოს ის თავის მინიმალურ მაჩვენებელს აღწევს - მსხვილ არტერიებში 70-80 მმ.ვწყ.სვ-ს უტოლდება - ეს არტერიული წნევის მეორე მაჩვენებელი, ანუ დიასტოლური წნევაა.
სისტოლურსა და დიასტოლურ წნევათა მაჩვენებლებს შორის სხვაობას ჩვენ პულსური ტალღის სახით აღვიქვამთ, რომელსაც ასევე ვეძახით - პულსს და რადგან იგი ყველაზე ადვილად მაჯის არტერიაზე იზომება, მაჯისცემად მოვიხსენიებთ.
არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევისას თანდათანობით ქვეითდება. იმის მიხედვით იკლებს, რამდენადაც სისხლძარღვი შორდება გულს. ასე მაგალითად, თუ გულთან ყველაზე ახლოს მდებარე სისხლძარღვებში წნევის მაჩვენებელი 140/90-ია, მათგან ოდნავ მოცილებით მდებარე მსხვილ არტერიებში უკვე 120/75-ზეა. არტერიოლებში სისტოლური და დიასტოლური წნევა ერთმანეთს უტოლდება და დაახლოებით 40-ს უდრის. კაპილარებში ქვეითდება - 10-15-მდე, კაპილარებიდან სისხლის ვენაში გადასვლისას კიდევ უფრო მცირდება, ზოგიერთ მსხვილ ვენაში კი წნევის მაჩვენებელი შესაძლოა უარყოფითიც კი იყოს.
ნორმაში სისხლის წნევა დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ცხოვრების წესზე, რომელსაც იგი ეწევა და სხვადასხვა სახის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
-
არტერიული წნევის გაზომვა
არტერიული წნევა განსაზღვრავს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი სწორად განსაზღვრა.
წნევა იზომება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობის - ტონომეტრის საშუალებით, რომელიც განსაზღვრავს მის როგორც ზედა, ისე ქვედა მაჩვენებელს. ზოგიერთი ხელსაწყოთი კი პულსის - მაჯისცემათა რაოდენობის განსაზღვრაცაა შესაძლებელი.
პირველად წნევა არაინვაზიურად (უსისხლოდ) 1896 წელს იტალიელმა მეცნიერმა რივა როჩიმ გაზომა. ამისათვის მან სპეციალური რეზინის მანჟეტით, რომელიც გახვეული იყო აბრეშუმის ქსოვილოვან შალითაში, ძლიერი დაწოლა მოახდინა მხრის არტერიაზე. მანჟეტი ერთი ბოლოდან ვერცხლისწყლიან ტონომეტრს იყო მიერთებული, რომელშიც ჰაერი სპეციალური ბალონის საშუალებით იტუმბებოდა.
არტერიული წნევის მაჩვენებლის ათვლას რივა როჩი სხივის არტერიაზე პულსაციის გაჩენისა და გაქრობის მომენტებში აწარმოებდა, რასაც ტონომეტრის მაჩვენებლის მიხედვით აფიქსირებდა. მაგრამ ამ მეთოდით მხოლოდ სისტოლური წნევის განსაზღვრა იყო შესაძლებელი, დიასტოლურისა კი - არა.
წნევის სრულფასოვანი გაზომვა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ტონომეტრის მიერ წნევათა სხვაობის დაფიქსირებას დაემატა აუსკულტაციური მეთოდიც, ანუ წნევის სხვაობის პარალელურად ხდებოდა ექიმის მიერ პულსაციის გაჩენისა და გაქრობის დაფიქსირება ფონენდოსკოპის საშუალებით.
დღემდე სწორედ ეს მეთოდი მიიჩნევა წნევის გაზომვის ეტალონად.
-
წნევათა სხვაობა
ხშირად იბადება კითხვა, თუ რატომ განსხვავდება წნევა მარჯვენა და მარცხენა ხელზე.
ამას, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა და მარცხენა ხელზე მაგისტრალური სისხლძარღვების არაერთგვარი განლაგება განაპირობებს, კონკრეტულად კი აორტიდან გამომავალი სისხლძარღვების მდებარეობა.
მარცხენა ლავიწქვეშა არტერია დამოუკიდებლად გამოედინება აორტიდან და ისე გადადის მარცხენა მხრის არტერიაში, რომელზეც იზომება კიდეც არტერიული წნევა, მარჯვენა მხარეს კი სისხლძარღვები სხვანაირად ლაგდებიან - აორტას ჯერ გამოეყოფა მხარ-თავის ღერო, რომელიც იყოფა საერთო საძილე და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიებად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეყოფა მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიას მხრის არტერია, რომელზეც წნევა იზომება.
რადგან რაც უფრო დაცილებულია არტერია გულიდან, მით უფრო ნაკლები წნევით მიედინება მასში სისხლი, ამიტომ მარჯვენა ხელზე წნევის მაჩვენებელი 5-10 მმ-ით ნაკლებია მარცხენა ხელისაზე.
-
არტერიული წნევის განმსაზღვრელი ფაქტორები
არტერიული წნევის სიმაღლეს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ცნობილია, რომ ზოგჯერ იგი ფიზიოლოგიურადაც იცვლება - მატულობს სტრესულ სიტუაციაში და ქვეითდება ძილის დროს. ზოგ ადამიანს მომატებული ან დაქვეითებული მაჩვენებელი გენეტიკურად აქვს და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიურ პროცესს.
დაბალი წნევა ნორმალურია ახალშობილებისთვის, მოზარდებისთვის სქესობრივი სიმწიფის პერიოდში.
ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა წნევის მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცვალოს ფიზიკური დატვირთვის, თამბაქოს წევის ან მუქი ჩაისა და კოფეინით მდიდარი სასმელების დალევის შემდეგ.
ზოგადად კი ადამიანის არტერიული წნევის მაჩვენებელს განაპირობებს:
- გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომლის დროსაც სისხლი სისხლძარღვებში გადაისროლება;
- სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რომლითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დინებას;
- ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და მისი სიბლანტე;
- ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
- ზოგიერთი სახის სამკურნალო პრეპარატი.
-
არტერიული წნევის ასაკობრივი მაჩვენებელი
ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად წნევა მატულობს, მასზე მოქმედებს ფიზიკური და ემოციური დატვირთვებიც, თუმცა დადგენილია, რომ იმ ადამიანებში, ვინც ცხოვრების განმავლობაში სისტემატურად ეწეოდა მძიმე ფიზიკურ შრომას და ასევე სპორტსმენების შემთხვევაში, ასაკთან ერთად წნევა კი არ მატულობს, პირიქით, მცირდება 100-90-მდე, დიასტოლური კი - 60-ს, ზოგჯერ კი 50-საც კი უტოლდება.
ბავშვთა ასაკში წნევის მაჩვენებელი მუდმივად იცვლება. თანამედროვე მეთოდიკით, ბავშვთა ასაკში წნევას ამ ფორმულით გამოითვლიან:
აწ = 80 + 2ა , სადაც აწ - არტერიული წნევაა, ა კი - ბავშვის ასაკი.
-
არტერიული წნევის ნორმები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია წნევის ნორმები, თუმცა არტერიული წნევა ორგანიზმის ყველაზე სწრაფად და ხშირად ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია, რომელიც უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ასაკზე.
-
არტერიული წნევის რეგულაცია
წნევის მაჩვენებელზე მოქმედ ფაქტორთა სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც მუდმივად ცვლიან მას, ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური წნევა თითქმის მუდმივი რჩება, რადგან ორგანიზმი აღჭურვილია არტერიული წნევის მარეგულირებელი საკმაოდ რთული და ეფექტიანი მექანიზმებით. ისინი წნევის მაჩვენებლის შეცვლისთანავე იწყებენ მოქმედებას და შეცვლილ მაჩვენებელს მაშინვე უბრუნებენ ნორმას. ზოგჯერ ამას მაპროვოცირებელი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტა სჭირდება, ზოგჯერ კი ფაქტორის ზემოქმედების ქვეშაც შესაძლებელია წნევის ნორმალურ საზღვრებში დაბრუნება; თუმცა ხანდახან ირღვევა წნევის სარეგულაციო მექანიზმთა მუშაობა, რასაც შედეგად არტერიული წნევის მაჩვენებლის მყარი ცვლილება, მისი საკმაოდ დიდი ხნით გაზრდა ან, პირიქით, შემცირება სდევს თან.
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს. სწორედ ამიტომ, წნევის პირველივე მყარი ცვლილებისას, სპეციალისტთან დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო.