არტერიული ჰიპოტენზია
კლინიკურ სინდრომს (სიმპტომთა ერთობლიობას), რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის დაქვეითება მამაკაცებში - ვერცხლისწყლის სვეტის 100/60 მმ, ხოლო ქალებში - 95/60 მმ-ზე დაბლა (ამასთანავე, ჰიპოტენზიას მიაკუთვნებენ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებელთა ერთდროულად ან ერთ-ერთი მათგანის დამოუკიდებლად დაქვეითებას).
არტერიული ჰიპოტენზია დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულად არ განიხილება (ანუ ცალკე არსებულ, დამოუკიდებელ დაავადებას არ წარმოადგენს), ის სხვადასხვა ფაქტორის გამო ვითარდება და თავისებური სიმპტომების მომცველი კლინიკური სინდრომია.
-
არტერიული ჰიპოტენზიის მიზეზები
არტერიული ჰიპოტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, გულის უკმარისობა და სხვა);
- ჰიპოვოლემია - მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს:
- სითხის დაკარგვით - სისხლდენისა და დამწვრობის დროს;
- გაუწყლოებით - შეუჩერებელი ღებინების, დიარეის (ფაღარათი), პოლიურიის (შარდის გამოყოფის რაოდენობის მომატების), მოჭარბებული ოფლდენის დროს;
- სითხის გადანაწილებით სხეულის სიღრმეებში და მისი გამოსვლით მოცირკულირე სისხლის კალაპოტიდან ნაწლავთა გაუვალობის, სეფსისის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების, შინაგანი სისხლდენის დროს აორტის განშრევებადი ანევრიზმისას და სხვა;
- იატროგენული ზემოქმედება:
- სამედიცინო მანიპულაციები (სხვადასხვა სახის ანესთეზია, ღრუების პუნქცია);
- ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის - ალფა და ბეტა ადრენობლოკატორების, განგლიობლოკატორების, კალციუმის ანტაგონისტების, ანტიარითმიული პრეპარატების, მაგალითად, ეთმოზინის, ნოვოკაინამიდის, პერიფერიული ვაზოდილატატორების, მაგალითად - ნატრიუმის ნიტროპრუსიდის, ნიტრატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, მაგალითად - ამინაზინის, აზალეპტინის, დროპერიდოლის და სხვა მრავალი მედიკამენტის) მიღება;
- ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი);
- ინფექციური დაავადებებისა და ინტოქსიკაციების (მოწამვლების) შემდგომი მდგომარეობა;
- ნეიროგენული დაავადებები (სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების დეგენერაცია, სირინგომიელია, რომელიც წარმოადგენს ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში გლიური ქსოვილის შეზრდას შემდგომი ღრუების წარმოქმნით, ტვინის სიმსივნეები, ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა);
- ორსულობა და მშობიარობა;
- გულის წასვლა - შიშის, ტრავმის, ძლიერი ტკივილის გამო და სხვა.
-
არტერიული წნევის დაქვეითების მექანიზმი
არტერიული წნევის დაქვეითების ძირითადი მექანიზმებია:
- რეზისტენტული სისხლძარღვების (არტერიოლების) გაფართოება;
- ვენური (ანუ მოცულობითი) სისხლძარღვების გაფართოება. მის გამო ვენური ნაკადის გულთან მიდინება მცირდება (ანუ მცირდება პრედატვირთვა) და საბოლოო ჯამში გულის სისტოლური (გადასროლილი სისხლის) მოცულობა იკლებს, განსაკუთრებით - დგომისას;
- მცირდება სიმპათიკური ინერვაციის გავლენა გულზე, რასაც თან სდევს გულის სისტოლური (გადასროლილი სისხლის) მოცულობის შემცირება.
ჰიპოტენზიის დროს არტერიული წნევის დაქვეითება ძირითადად პერიფერიულ წინაღობასა და სისხლის მიმოქცევის წუთმოცულობას შორის ადეკვატური თანაფარდობის დარღვევით არის განპირობებული. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ირღვევა ვაზომოტორული რეგულაციის უმაღლესი ვეგეტატიური ცენტრების ფუნქცია.
არტერიული ჰიპოტენზიის ტიპობრივ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს აშკარა სისუსტე, თავბრუხვევა, თვალების დაბინდვა, ყურებში ხმაური, თავის სხვადასხვა ლოკალიზაციის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილები, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კიდურების დაბუჟება და გაცივება, გულის წასვლა.
-
ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპოტენზია
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპოტენზიას.
ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია, თავის მხრივ, მოიცავს:
- ნორმის ინდივიდუალურ ვარიანტს, როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც არაფერს უჩივიან, აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევა;
- მაღალი გავარჯიშებულობის ანუ "სპორტულ" არტერიულ ჰიპოტენზიას, რომელიც ფიზიკურად ნავარჯიშევ პირებს, სპორტსმენებს აღენიშნებათ;
- ადაპტაციურ ფორმას, რომელსაც კომპენსატორულსაც უწოდებენ. ახასიათებს მაღალი მთისა და ტროპიკული რეგიონების მოსახლეობას.
პათოლოგიური ჰიპოტენზია იყოფა:
- ესენციურ (ნეიროცირკულატორულ, პირველად) ჰიპოტენზიად, როდესაც არტერიული წნევის დაქვეითების აშკარა მიზეზის დადგენა შეუძლებელია,
- სიმპტომურ ანუ მეორეულ ჰიპოტენზიად, რომელიც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომია, ამ დაავადების ფონზე ვითარდება და შესაბამის კლინიკურ სურათთან ერთად ვლინდება.
-
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია
კლინიკურ პრაქტიკაში განასხვავებენ:
- ჰიპოტენზიას, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მყარი მაჩვენებელი როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში,
- ორთოსტატიკურ (პოსტურალურ) ჰიპოტენზიას.
ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის დროს არტერიული წნევის დაქვეითება ვერცხლისწყლის სვეტის 20 მმ-ის ტოლი მაჩვენებლით და უფრო მეტადაც ხდება ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლისას. ორთოსტატიკული ჰიპოტენზია 1-3 წუთს გრძელდება. ის უმეტესად დილაობით აღინიშნება, ახასიათებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუარესება, რაც თავბრუხვევით, მხედველობის დაბინდვით, ყურებში ხმაურით ვლინდება, ზოგჯერ მოსდევს გულის წასვლა (იშემიური ინსულტის საშიშროება) ან დაცემა (ტრავმებისა და მოტეხილობების საშიშროება). ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზია ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, გადატანილი მძიმე ოპერაცია ან ესა თუ ის დაავადება, ამა თუ იმ მედიკამენტის მიღება.
-
თერაპიის ძირითადი მიმართულებები
ფიზიოლოგიური ჰიპოტენზიისა და იმ ფორმის ჰიპოტენზიის გამოვლენისას, რომელსაც ადამიანის მდგომარეობისა და თვითშეგრძნების გაუარესება არ ახასიათებს, მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის. დანარჩენ შემთხვევებში ტარდება სასიცოცხლო ორგანოთა პერფუზიის შესანარჩუნებლად მიმართული ღონისძიებები. იმავდროულად აუცილებელია ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ანუ არტერიული წნევის დაქვეითების განმაპირობებელი მიზეზის გამოვლენა და მისი ლიკვიდაცია.
დახმარების ტაქტიკა დამოკიდებულია ჰიპოტენზიის ფორმაზე.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიის (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების) ფონზე საჭიროებს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაუყოვნებლივ შევსებას. შეყვანილი სითხის ტიპი განისაზღვრება არსებული მდგომარეობის თავისებურებითა და მისი გამომწვევი მიზეზით. კერძოდ, მწვავე სისხლდენის დროს ნაჩვენებია კოლოიდური ხსნარის (პოლიგლუკინი) შეყვანა. კრისტალოიდური ხსნარები (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი, გლუკოზა) შედარებით დიდი მოცულობით უნდა იქნეს შეყვანილი, ვინაიდან სისხლძარღვოვან კალაპოტში ისინი შედარებით მოკლე ხანს კავდება. თუ ჰიპოვოლემია განპირობებულია დეჰიდრატაციული სინდრომით (გაუწყლოებით), უპირატესობა ენიჭება კრისტალოიდების (აცესოლის, ტრისოლის, კვარტასოლის) შეყვანას. I ტიპის გაუწყლოების მქონე პაციენტებს ურჩევენ სითხის უხვად სმას და შინაგანად მისაღები კრისტალოიდური ხსნარების (ორალიტი, რეჰიდრონი) დამატებას.
ჰიპოტენზიის დროს დაუშვებელია პრესორული ამინების (ნორადრენალინის, მეზატონის და სხვა) შეყვანა, ვინაიდან ისინი აძლიერებენ სისხლძარღვთა ისედაც არსებულ სპაზმს, ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზებას და კიდევ უფრო ამძიმებენ პერიფერიული ჰემოდინამიკის დარღვევას.
მედიკამენტური ჰიპოტენზიის დროს სასურველია ნაკადურად იქნეს შეყვანილი მიდოდრინი (გუტრონი).
არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად და ორთოსტატიკული რეაქციების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სხვადასხვა პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა, განსაკუთრებით - ხანდაზმული პაციენტებისთვის. კერძოდ, ფსიქოტროპული და შარდმდენი პრეპარატები შედარებით მცირე დოზით უნდა დაინიშნოს, ხოლო ჰიპოტენზიური პრეპარატების შერჩევისას სასურველია მათი დოზის ეტაპობრივი გაზრდა არტერიული წნევის კონტროლით, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
-
შეცდომები, რომლებიც ყველაზე ხშირად მოსდით
შეცდომების მიზეზი მოძველებული რეკომენდაციები და ტრადიციულად ქცეული საშუალებების გამოყენებაა. ასე, მაგალითად: არტერიული ჰიპოტენზიის საკორექციოდ ხშირად იყენებენ სუნთქვით ანალეპტიკებს - კორდიამინს, ქაფურსა და კოფეინს. მათი ანტიჰიპოტენზიური ეფექტი სუსტია, მოქმედება კი - ძალზე ხანმოკლე. ამასთანავე, კოფეინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სხვა კომპონენტებთან კომბინირებული სახით ანუ სხვადასხვა მედიკამენტის (ციტრამონი, კოფეტამინი, ასკოფენი, პირამეინი) შემადგენლობაში. მისი მიზანია არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია - ისეთი სუბიექტური სიმპტომების შემცირება, როგორიც არის თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, ართრალგია და მიალგია (ანუ სახსრებისა და კუნთების უსიამოვნო შეგრძნებები შესაბამისი სიმპტომებით).
შეცდომაა აგრეთვე არტერიული ჰიპოტენზიის კორექციისთვის კორტიკოსტეროიდების, კერძოდ, პრედნიზოლონის გამოყენებაც. არადა ეს მიდგომა ფართოდ აღიარებული და პრაქტიკულად მეტად პოპულარულია. კორტიკოსტეროიდებს არ გააჩნია შერჩევითი მოქმედება, აქედან გამომდინარე, მათი გამოყენებისას სერიოზული გართულებების მიღებაა მოსალოდნელი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან და პაციენტის კონკრეტული მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
დოფამინი (დოფამინერგული, აგრეთვე ბეტა და ალფა ადრენერგული რეცეპტორების სტიმულატორი) წარმოადგენს ჰიპოტენზიის სამკურნალო შერჩევით პრეპარატს შოკური მდგომარეობების დროს და მისი გამოყენება სხვა ფორმის ჰიპოტენზიების დროს მიზანშეუწონელია. ლიტერატურაში მითითებული დოფამინის გამოყენება ორთოსტატიკული ჰიპოტენზიების დროს გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, პრეპარატის მოქმედების ხანმოკლე ეფექტის გამო. როგორც ცნობილია ეს ეფექტი იწყება შეყვანიდან რამდენიმე წუთში და 10-15 წუთში მთავრდება, ამასთან ვითარდება რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტრემორი (კანკალი), თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და სხვა სიმპტომები.
-
რა შემთხვევაშია ნაჩვენები ჰოსპიტალიზაცია
ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში:
- თუ ჩატარებული თერაპიის ფონზე არ ვლინდება სასწრაფო პასუხი, მდგომარეობა გამოსწორებას არ ექვემდებარება,
- თუ ჰიპოტენზიის მიზეზი დაუდგენელია,
- თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.