რა მდგომარეობაა ჰიპოტონია და როგორ დავძლიოთ იგი
„დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ ოჯახის ექიმი ხათუნა თაბაგარი:
- ქალბატონო ხათუნა, რას არის ჰიპოტონია?
- ჰიპოტონია, ანუ, როგორც კიდევ მას უწოდებენ - არტერიული ჰიპოტენზია, ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით დაქვეითებულია არტერიული წნევა.
- არტერიული წნევის რომელი მაჩვენებელი ითვლება ნორმად?
- ნორმულ მაჩვენებლად ითვლება 110-130/70-85 მმ. ვწყ. სვ.
ჰიპოტონიის დროს არტერიული წნევა ქვეითდება 90/60 მმ. ვწყ. სვ-მდე და უფრო ქვევით.
ჰიპოტონიის მკურნალობა აუცილებელია მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე ის უკვე არასასურველ გავლენას ახდენს.
- ხომ შესაძლებელია ფიზიოლოგიურადაც განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია?
- არსებობს არტერიული წნევის ფიზიოლოგიური დაქვეითების რამდენიმე სახე:
- ჰიპოტენზია, როგორც ნორმის ინდივიდუალური ვარიანტი, რომელსაც არ ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები;ნ კომპენსატორული ჰიპოტენზია, რომელიც უვითარდებათ მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს;ნ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელიც ვითარდება სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში მკვეთრი გადასვლის დროს;ნ პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია, როდესაც არტერიული წნევა ქვეითდება ჭამის შემდეგ.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტონიის განვითარება?
- აღნიშნული მდგომარეობის მიზეზების გამო გამოყოფენ შემდეგი ფორმის ჰიპოტონიას:
- პირველადი - ეს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ცენტრების დაავადების ნევროზისმაგვარი ფორმაა, რომლის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი სტრესი, ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვა. ნ მეორეული - ის ხშირად ფარისებრი ჯირკვლის, ჰეპატიტის, ანემიის, სიმსივნური დაავადების, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, რევმატიზმის, ღვიძლის ციროზის, ტვინის ტრავმის, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების თანმდევი პათოლოგიაა.
ხშირად ჰიპოტონია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის ნიშანიცაა. მან შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემის რეგულაციის დარღვევა და შესაბამისად, გულისცემის სიხშირის გაზრდა, თერმორეგულაციის დარღვევა, სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება და ა.შ. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია ვითარდება ჰორმონული დარღვევების, ძლიერი სტრესისა და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს, მავნე პროფესიული ფაქტორების ზემოქმედებისას, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას.
ჰიპოტონია შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელ ადამიანებს, მაგალითად, სპორტსმენებს, რეგულარული ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს დაქვეითებული წნევა ორგანიზმის ერთგვარი დამცავი რეაქცია შეიძლება იყოს.
წნევის დაქვეითება შეიძლება განაპირობოს კლიმატური პირობების ცვლილებამ, მომატებულმა ტენიანობამ, ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებამ, რადიაციამ და ა.შ.
- როგორ ვლინდება ჰიპოტონია?
- ჰიპოტონიის ძირითადი სიმპტომია არტერიული წნევის ციფრების დაქვეითება 90/60 მმ.ვწყ.სვ-მდე და უფრო ქვევით. არტერიულ ჰიპოტენზიაზე მეტყველებს შემდეგი სიმპტომებიც:
- ზოგადი სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა;
- მომატებული ოფლიანობა;
- სითბოს ცვლის პროცესების დარღვევა (ცივი კიდურები);
- პულსის გახშირება;
- ძილის დარღვევა;
- ემოციური არასტაბილურობა (გაღიზიანების და აპათიის პერიოდები);
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
- გულის არეში ტკივილი;
- ქოშინი.
ზოგჯერ ჰიპოტონია შეიძლება გამოვლინდეს გულის წასვლით, განსაკუთრებით - დახურულ სივრცეში, სადაც ნაკლებადაა სუფთა ჰაერი. საზოგადოდ, დაბალი წნევის მქონე ადამიანები ნეგატიურად რეაგირებენ ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის მკვეთრ ცვლილებებზე, ასევე სხვადასხვა ემოციურ გამღიზიანებელზე.
აღნიშნული სიმპტომების ერთეული შემთხვევები არ შეიძლება მეტყველებდეს ჰიპოტონიაზე, მაგრამ თუ რამდენიმე სიმპტომი ერთადაა და მუდმივად, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
- რა გართულებები შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტონიის დროს?
- ჰიპოტონიის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ვლინდება სისუსტით, მოთენთილობით, გულისრევითა და არ ახლავს ორგანიზმისთვის ფატალური შედეგი, მხოლოდ დისკომფორტის შემქმნელია და აქვეითებს შრომის უნარს. თუმცა მუდმივად და სისტემატურად არტერიული წნევის დაქვეითება უარყოფითად აისახება გულის მუშაობაზე, ამიტომაც საჭირო ხდება ჰიპოტონიის მკურნალობა.
ჰიპოტონიისას იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობის სერიოზული პრობლემების რისკი. ხშირი პულსი ნიშნავს, რომ გული ინტენსიურად მუშაობს. ეს ერთგვარი კომპენსატორული მექანიზმია, რათა ქსოვილები ჟანგბადით მომარაგდეს, რომელიც არასაკმარისია სისხლძარღვებში სისხლის ნელა გადაადგილებისა და მათი ტონუსის შემცირების შედეგად. ხშირი პულსი გულისთვის დატვირთვაა.
მნიშვნელოვანია, რომ წნევის მკვეთრი და უეცარი დაქვეითება, მდგომარეობის გაუარესება შეიძლება მეტყველებდეს ინტენსიურ შინაგან სისხლდენაზე, გულის შეტევასა და სხვა შინაგან პრობლემებზე, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
- რადგან ჰიპოტონიის დროს ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა ახსენეთ. ამ თვალსაზრისით, ალბათ, განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის პერიოდი?
- თუ მომავალ დედას სისტემატურად აღენიშნება წნევის დაქვეითება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ჟანგბადით შიმშილი, პლაცენტის ჟანგბადით ცუდი მომარაგების გამო. ეს კი, თავის მხრივ, ნაყოფის განვითარებისთვის საფრთხის შემცველია. დადგენილია, რომ ჰიპოტენზიის მქონე ორსულებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტოქსიკოზი და გესტოზი. ორსულობისას წნევის ცვალებადობა ძნელი დასადგენია. დაღლილობა, გულისრევა და ჰიპოტენზიის სხვა ნიშნები ხშირად ჰორმონული ბალანსის დარღვევით პროვოცირებული, ორსულობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია.
- როგორია ჰიპოტონიის დიაგნოსტიკა?
- ჰიპოტონიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. სისხლის, შარდის ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, სისხლში გლუკოზის შემცველობა, ცილოვანი სპექტრი, იონური შემადგენლობა. უნდა განისაზღვროს სისხლსა და შარდში კატექოლამინების დონეც, ენდოკრინული პროფილი. საჭიროებისამებრ კეთდება გულის ექოსკოპია, დოპლერომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტები. ზოგჯერ მკურნალობის დაწყებამდე სრულდება თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.
- როგორ ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპოტონიას?
- თუ ჰიპოტონია სხვა დაავადების ნიშანია, ძირითად დაავადებას მკურნალობენ.
პირველადი ჰიპოტონიისას, რომელიც არ უკავშირდება სხვა დაავადებებს, ორგანოებსა და სისტემებში ჟანგბადის ნაკლებობასთან დაკავშირებული მეორეული ცვლილებების განვითარების პრევენციისთვის ტარდება კომპლექსური არამედიკამენტური და მედიკამენტური ღონისძიებები.
ჰიპოტონიისას აუცილებელია ძილის მოწესრიგება, შრომისა და დასვენების გონივრული თანაფარდობის დაცვა, სრულფასოვანი კვება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა დღეში არანაკლებ 2 საათისა, ოთახების რეგულარული განიავება, ჰაერის დატენიანება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. არ შეიძლება სხეულის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება, კარგია ორგანიზმის გაკაჟება და სხვა.
სისხლძარღვების ტონუსის, გულის რიტმის ნორმალიზაციისა და გარემოს მავნე ფაქტორების ნეიტრალიზაციისთვის შეიძლება დაინიშნოს ადაპტოგენები, ფსიქომოტორული სტიმულატორები, ანალეპტიკური პრეპარატები, ადრენომიმეტიკები, ქოლინოლიტიკები, ნოოტროპები, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი და სხვა.
შესაძლებელია ზოგადი მატონიზებელი საშუალებების - ყავის, ჩაის მიღებაც.
ჰიპოტონიის მკურნალობაში რთავენ ფიზიოთერაპიულ მეთოდებსაც.
- შესაძლებელია თუ არა ჰიპოტონიის პროფილაქტიკა და როგორ?
- ჰიპოტონია რომ არ განვითარდეს, რეკომენდებულია ცხოვრების შემდეგი წესების დაცვა:
- ნ სრულფასოვანი კვება;
- ნ დღის რეჟიმის მკაცრი დაცვა: დღე-ღამეში 8 საათი ძილი;
- ნ ფიზიკური აქტივობა, რომ სისხლძარღვები მუდმივად ტონუსში იყოს (სირბილი, სიარული, ცურვა);
- ნ მავნე ჩვევების აღკვეთა და სხეულის მასის კონტროლი;
- ნ წნევის მუდმივი კონტროლი და ექიმთან სისტემატური ვიზიტი.