ვენური უკმარისობა
ამ მდგომარეობისას ადამიანს ქვედა კიდურებზე აღენიშნება შეშუპება, პიგმენტური ლაქები ტერფებზე, დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება კიდურებში და ღამით კიდურის კუნთების კრუნჩხვა. დარღვევის სერიოზულ ფორმებს ტროფიკული წყლულების პროვოცირებაც შეუძლია.
ცნობილია დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები, ორივე მათგანი ვითარდება ქვედა კიდურების ღრმა ვენათა სარქველების არასრულფასოვანი ფუნქციობის შედეგად, რაც ქვედა კიდურებში იწვევს სისხლის შეგუბებას.
ნორმის დროს ვენური სარქველები ხელს უშლიან სისხლის უკუგადინებას, იმას, რომ ქვედა კიდურებში შეგუბებითი პროცესები არ დაიწყოს, მაგრამ სარქველების სტრუქტურის პათოლოგიური ცვლილების შედეგად, სითხე ქვედა კიდურებში გროვდება, რაც იწვევს:
- შიდავენური წნევის გაზრდას;
- სისხლძარღვების დაჭიმვას, ელასტიკურობის დაკარგვას და კედლის გათხელებას;
- სისხლის ნაწილობრივ გაჟონვას ირგვლივმდებარე ქსოვილებში და შეშუპებას;
სტატისტიკის მიხედვით ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მოზრდილი მოსახლეობის 25% მას კარგად იცნობს და მათი უმრავლესობა ქალებია.
რა იწვევს მას?
ის შესაძლოა განუვითარდეთ მათ, რომელთაც აღენიშნებათ:
- ქვედა კიდურების სისხლძარღვების თანდაყოლილი პრობლემები;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- პოსტთრომბოფლებური სინდრომი;
- ტრავმირებული ვენები;
- ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, ნაკლები ფიზიკური დატვირთვებით;
- შემაერთებელქსოვილოვანი გენეტიკური დაავადებები;
- ასაკოვანი პაციენტები, სისხლძარღვების ელასტიკურობის ასაკოვანი დაქვეითებით;
- გაცხიმოვნება და ორსულობა: იწვევს სისხლძარღვებზე გაზრდილი წნევის გამო, ვენური ნაკადის გადინების დარღვევას;
- ქრონიკული ყაბზობა;
- სხვადასხვა ტიპის ენდოკრინული დაავადებები, განსაკუთრებით ესტროგენის სიჭარბე;
ზოგჯერ ვენური უკმარისობა ვითარდება სხვა დაავადების გართულების სახით, ეს შესაძლოა მოხდეს ისეთი დარღვევებისას, როგორიცა:
- მეტაბოლური დარღვევები;
- ონკოლოგიური პროცესები;
- სისხლის დაავადებები, რომლებიც მის შედედების უნარს ცვლიან.
დაავადების სახეები
ვენური უკმარისობის კლასიფიკაცია ხორციელდება სისხლძარღვის კედლის დაზიანებისა და საკუთრივ დაავადების ხარისხის მიხედვით.
დაავადება იწყება და პროგრესირებს ეტაპობრივად. ყოველ მათგანზე დამახასიათებელი ცვლილებები ჩნდება, რის მიხედვითაც სპეციალისტები განარჩევენ ვენური უკმარისობის 4 ხარისხს.
ნულოვანი ეტაპი – სისხლძარღვის კედლისა და სარქველების პათოლოგიური დაზიანების პროცესი დაწყებულია, მაგრამ ჯერ სტრუქტურული ცვლილება არ არის. პაციენტი არ ავლენს ფიზიკურ სიმპტომატიკას. უმნიშვნელო კლინიკური გამოვლინებების შემჩნევა შესაძლებელია ინსტრუმენტული დიაგნოსტიკისას.
პირველი ეტაპი – პაციენტს ეწყება უსიამოვნო სიმპტომები: სიმძიმე ფეხებში, შეშუპება და ტკივილი. სიმპტომები ძლიერდება ხანგრძლივი სიარულის ან ფეხზე დგომისას. ასევე შესამჩნევია ტელეანგიოექტაზიები – სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები.
მეორე ეტაპი – სიმპტომები უცვლელია, ამას ემატება ვიზუალურად გამოხატული ქსოვილთა ცვლილებანი: კანქვეშა შრის მოცულობის შემცირება, კანის გამუქება, თმისცვენა. ყველაზე ხშირად ფლებოლოგს სწორედ ამ ეტაპზე აკითხავენ პაციენტები.
მესამე ეტაპი – ამ დროს ცვლილებანი შეუქცევად ხასიათს ღებულობენ, ვითარდება ტროფიკული წყლულები, ქსოვილთა კვდომა – ნეკროზი, ნივთიერებათა ცვლის სერიოზული მოშლა, ადამიანი საგრძნობლად კარგავს შრომის უნარს.
საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოყოფენ ვენური უკმარისობის 7 ქვეტიპს:
1. ფარული, უსიმპტომო მიმდინარეობა;
2. კანზე ტელეანგიოექტაზიების გამოჩენა;
3. ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების განვითარება;
4. გამოხატული შეშუპება;
5. კანის ცვლილება მასზე გამკვირვებული, მუქი უბნების გაჩენით;
6. კანის აშკარა დაზიანება, შეხორცებული წყლულების კვალი;
7. აქტიური ტროფიკული წყლული ქვედა კიდურების კანზე.
დასაწყისში სიმპტომები ნაკლებ გამოხატულია და მხოლოდ „მძიმე ფეხების“ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები იჩენს თავს: ფეხზე ხანგრძლივად დგომის შემდეგ დისკომფორტი, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ დაღლილობით ხსნიან, თუმცა, დაავადების პროგრესირების შემდგომ ადამიანები უკვე აღნიშნული სიმპტომატიკის გაძლიერებას უჩივიან.
მალე მდგომარეობას, სისხლის შეგუბების გამო, ემატება შეშუპება, რომელზეც ხელის დაჭერით ჩნდება ჩაღმავებული ადგილი – ორმო. შეშუპება ჩვეულებრივ ვლინდება საღამოსთვის და დილით სრულად ქრება.
ქვედა კიდურების გარეგნული ცვლილება – სისხლძარღვებში წნევის მომატების გამო, ტერფის სიახლოვეს კანი იცვლის ფერს და მოყავისფრო იისფერს ღებულობს, მასზე გაჩენილი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გამო.
განვითარებას იწყებს ლიპოდერმოსკლეროზი (ქსოვილთა გამკვრივება) და ეგზემა. შორს წასულ შემთხვევებში კანის საფარველი ძლიერ შეწითებულია, მშრალია და ქერცვლადი. პაციენტები ხშირად უჩივიან ქავილს, ტკივილსა და დაზიანებულ კიდურის კუნთების კრუნჩხვას.
საბოლოოდ, ვითარდება ქსოვილთა ატროფია – განლევა, რომელიც აჩენს ღრმა ტროფიკულ წყლულებს. ჭრილობები მუდმივად მწვავდებიან, ხანგრძლივად შეუხორცებელია და ინფექციის დართვის შემთხვევაში ჩირქდებიან.
ვითარება შესაძლოა გართულდეს...
ვენური უკმარისობა საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და შრომისუუნარობასაც კი იწვევს. ქრონიკული ვენური უკმარისობის განსაკუთრებით საშიშ გართულებებს შორის აღსანიშნავია ვენების ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა:
- პერიფლებიტები – პერიფერიული ვენური ქსოვილების ანთება;
- თრომბოფლებიტები – ვენის სანათურის დახშობა თრომბით და შემდგომ მისი ანთება;
- ფლებიტები – ვენური კედლის ანთებითი დაზიანება;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ექიმთან ვიზიტის შემდგომ
ფლებოლოგთან ვიზიტის შემდგომ ანალიზდება პაციენტის ჩივილები და ფიზიკური მახასიათებლები, ობიექტური მონაცემების მისაღებად კი ტარდება რამდენიმე სადიაგნოსტიკო კვლევა:
- ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია – მისი დახმარებით ფასდება ვენებში სისხლის ნაკადის სიჩქარე და მისი შენელება. კვლევა იძლევა ვენურ კედლებში თრომბებისა და პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის საშუალებასაც.
- ფლებოგრაფია (ვენების რენტგენოკონტრასტული კვლევა) – ადგენს რამდენად გართულებულია დინება, რა ხარისხისაა სისხლძარღვების დაზიანება და არის თუ არა თრომბები;
დამატებით საჭირო ხდება ზოგადი კვლევების ჩატარებაც: სისხლისა და შარდის ანალიზი, ჰორმონთა დონის განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრამა და გულის ულტრაბგერითი კვლევა.
ვიწყებთ მკურნალობას!
მწვავე ვენური უკმარისობა ჰოსპიტალიზაციის პირდაპირი სიგნალია, ქრონიკული მიმდინარეობისას კი დასაშვებია ამბულატორიული მკურნალობაც.
კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია:
- სისხლის დინების ნორმალიზაცია;
- ანთებითი პროცესის კუპირება;
- რბილ ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება;
- ვენური კედლის ელასტიკურობისა და სიმკვრივის აღდგენა;
მედიკამენტები შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მკაცრი გათვალისწინებით.
კონსერვატიული მკურნალობის სავალდებული შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სპეციალური კომპრესული თეთრეულისა და ელასტიკური სახვევების ტარება. მწვავე სიმპტომატიკის კუპირების შემდგომ პაციენტს უნიშნავენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტიანობის შემდგომ, მით უფრო თუ დაავადება პროგრესირებს, სპეციალისტები მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. ყველაზე ხშირად ფლებოლოგები ატარებენ ნაკლებინვაზიურ ოპერაციებს:
- ფლებოტომია – ოპერაცია ითვალისწინებს სისხლძარღვების დეფორმირებული მონაკვეთების ამოკვეთას. მანიპულაცია ტარდება კანზე მცირე ზომის ნაჩხვლეტის გზით;
- სკლეროთერაპია – დაზიანებულ სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი – სკლეროზანტი, რომელიც ლუქავს მას, მისი სისხლის ნაკადიდან გამოთიშვის მიზნით;
- რადიოსიხშირული აბლაცია – დაზიანებული სისხლძარღვოვანი ქსოვილი ცხელდება მაღალ ტემპერატურამდე განსაზღვრული სიხშირის რადიოსიგნალით, რაც იწვევს მის შეწებებას და შემდგომ ვენის გაწოვას;
- ლაზერული კოაგულაცია – ლაზერული სხივის ლოკალური მოქმედებით დაზიანებულ სისხლძარღვზე ითიშება სისხლის ნაკადიდან და შემდგომ გაიწოვება.
ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაცია
ნაკერები იხსნება ერთი კვირის შემდგომ, შინ გაწერისას კი საჭიროა რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა:
- კომპრესული თეთრეულის ტარება ოპერაციის შემდგომი კვალის სულ გაქრობამდე;
- უნდა გამოირიცხოს ფიზიკური დატვირთვები და სიმძიმეების აწევა;
- ექიმის მიერ რეკომენდებულია სამკურნალო ვარჯიში;
- დიეტის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს ვიტამინებით, პექტინითა და მცენარეული უჯრედისით მდიდარ რაციონს.
როგორ დავიცვათ თავი?
- დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, პირველ ყოვლისა, არ დავუშვათ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ამ მიზნით, პრობლემების მქონე პირებმა, უმჯობესია, უარი თქვან ცხელ აბანოებში, საუნასა და ცხელ აბაზანაში წოლაზე. შეზღუდულია დიდი ხნით მზის პირდაპირ სხივქვეშ ყოფნაც;
- არ არის რეკომენდებული მოტმასნილი და მოჭერილი ტანსაცმლის, წინდებისა და რეზინიანი გრძელი წინდების ტარება, რომლებიც აწვებიან ვენებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით რეგულარულად სიარული (ქუსლი 4 სმ-ზე მეტი);
- რისკის შემცირებას ხელს უწყობს სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება, სამკურნალო ფიზკულტურა;
- გაითვალისწინეთ, რომ სპორტის ისეთ სახეობებში ვარჯიშისას, რომლებიც ითვალისწინებენ ქვედა კიდურებზე დიდი ხნით სტატიკურ დატვირთვას, მაგალითად, ჩოგბურთი, მძიმე ძალოსნობა, ბოდიბილდინგი, იზრდება ვარიკოზის განვითარების რისკი;
- დიდი ხნით ჯდომის ან ფეხზე დგომის პირობებში საჭიროა პერიოდულად ტერფების გავარჯიშება, ტერფის ტრიალი, ადგილზე სიარული, ფეხების მდგომარეობის შეცვლა;
- საღამოს, სამუშაო დღის შემდეგ, სასარგებლოა ფეხები ოდნავ აწეული გქონდეთ;
- ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა მიიღოთ მიკროცირკულაციისა და ვენური კედლის ტონუსის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
- აკონტროლეთ სხეულის მასა და იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით;
- თუ პროფესიის გამო, ერთ მდგომარეობაში გიწევთ დიდი ხნით უძრავად ყოფნა საჭესთან, ოფისში ან თვითმფრინავში, გამოიყენეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი.
და რაც მთავარია, პირველივე სასიგნალო სიმპტომების გაჩენისას, მიმართეთ სპეციალისტს, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობა, სასურველი და სწრაფი გამოჯანმრთელების საწინდარია!