ჰერპეს ზოსტერი - ბუშტუკოვანი ლიქენი
დადგენილია, რომ ლიქენის გამომწვევია Herpesviridae-ს ოჯახის ვირუსი, რომელიც ჩუტყვავილასაც იწვევს. ავადდებიან უმთავრესად ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა. დაავადება იწყება ძლიერი მფეთქავი ტკივილით, რომელიც მოიცავს ზურგისა და წელის, ზოგჯერ კი ნეკნების არეს. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, გულისრევას, ზოგჯერ - ტემპერატურის მომატებას. ზოგს ჰგონია, რომ გულმა შეუტია. სიმპტომებს ხშირად თირკმლის ჭვალს (კოლიკას), ქოლეცისტიტს ან აპენდიციტს მიაწერენ. მოგვიანებით ყველაფერი ნათელი ხდება - მტკივან ადგილებზე ჩნდება მოვარდისფრო ლაქები, დაახლოებით ერთი დღე-ღამის შემდეგ კი მათ ადგილას სითხით სავსე ბუშტუკების კოლონიები წარმოიქმნება. ბუშტუკები დროთა განმავლობაში ხმება და ქერქს იკეთებს. ასეთია ჰერპეს ზოსტერის კლასიკური სურათი. თუმცა გამონაყარი შესაძლოა არც კი გაჩნდეს, ან იმდენად იშვიათი იყოს, რომ მას ყურადღება არც მიაქციონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება იოლი ფორმით მიმდინარეობს, რადგან ლიქენის გამომწვევი ვირუსი კანთან ერთად ნერვულ სისტემასაც აზიანებს, კერძოდ, იწვევს ნერვული განგლიების (კვანძების) ანთებას. სწორედ ამის შედეგია მტანჯველი ტკივილი, რომელიც ღამღამობით განსაკუთრებით ძლიერდება. ზოგს უწყვეტი ყრუ ტკივილი აწუხებს, ზოგს კი მწველი, მფეთქავი, შეტევისებური. ბუშტუკოვანი ლიქენის დროს ტკივილი უმთავრესად ნერვული ღეროების გასწვრივ იგრძნობა ნეკნთაშუა არეში, ზურგზე კი ცალმხრივი გამონაყარი წარმოიშობა. თუ ვირუსმა სამწვერა ნერვი მოიცვა, გამონაყარი შესაძლოა სახეზეც გაჩნდეს, ცხვირის ლორწოვან გარსზეც და თვალის კაკალზეც. ყურის ფორმის დროს ვარდისფერი ლაქები ყურის ნიჟარას, მის ირგვლივ არეს და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თავად ჰერპეს ზოსტერი კი არ არის საშიში (თუ, რა თქმა უნდა, სწორად ვუმკურნალეთ), არამედ მისი გართულებები. ლიქენის ყველაზე გავრცელებული გართულება ნევრალგიაა. კლასიკური ნევრალგია შეტევითი, მწვავე ტკივილია ნერვის გასწვრივ მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე, თუმცა ასაკოვან პაციენტებში შესაძლოა მოძრაობითი დარღვევები და მგრძნობელობის მოშლაც გამოიწვიოს. მძიმე გართულებები მოსალოდნელია ყურისა და თვალის ფორმების დროს - სმენისა და სახის ნერვის ანთება, მხედველობისა და სმენის დაქვეითება. ბუშტუკოვან ლიქენს შესაძლოა დაერთოს მეორეული - სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური - ინფექცია, ეს კი პნევმონიას, კანის ანთებით პათოლოგიებს და სხვა დაავადებებს უწევს პროვოცირებას.