ჭვალი

2) ღვიძლისმიერი (ღვიძლის ჭვალი) - იწვევს კენჭების გადაადგილება სანაღვლე გზებში;
3) ნაწლავური (ნაწლავების ჭვალი) - იწვევს მკვრივი განავლოვანი მასების არსებობა, აირების დაგროვება და ზოგი დაავადება;
4) აპენდიკულური - განპირობებულია აპენდიციტით;
5) პანკრეასული ჭვალი - აღმოცენდება პანკრეატიტის, კუჭქვეშა ჯირკვალში კენჭის არსებობის შემთხვევაში.
მუცლის ამა თუ იმ უბანში კოლიკა შესაძლოა ტყვიით ქრონიკულმა მოწამვლამაც გამოიწვიოს.
კოლიკის დროს ტკივილი ნაწლავის კედლის მრგვალი კუნთების, სანაღვლე, საშარდე გზების და სხვა ორგანოთა ხანგრძლივი სპაზმის შედეგია. ხშირად თან სდევს ღებინება და საერთო მდგომარეობის გაუარესება.
კოლიკა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
კოლიკის მკურნალობა გულისხმობს ტკივილის გაყუჩებას და მისი გამომწვევი მიზეზის ალაგმვას.
ქვემოთ ცალ-ცალკე დავახასიათებთ თირკმლის, ღვიძლისა და ნაწლავების ჭვალის სიმპტომებს და გირჩევთ, როგორ მოიქცეთ მათი აღმოცენების შემთხვევაში.
თირკმლის ჭვალი
თირკმლის ჭვალი არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც თირკმელებიდან შარდის გამოყოფის უეცარი მოშლის შედეგად აღმოცენდება. შარდის გამოყოფის მწვავე მოშლა იწვევს მენჯფიალებში წნევის მატებას, თირკმლის არტერიების სპაზმს, თირკმლის პარენქიმის მოულოდნელ სტაზსა და შეშუპებას, მის ჰიპოქსიას და თირკმლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვას. სწორედ ეს არის ტკივილის უშუალო მიზეზი.
- შარდის გამოყოფის მწვავე მოშლა შეიძლება გამოიწვიოს:
- თირკმლის კენჭმა;
- კენჭის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ქვიშის დაგროვებამ;
- შარდსადენის მოხრამ (გადახრამ);
- სისხლის კოლტებმა;
- ლორწოს დაგროვებამ;
- ჩირქის დაგროვებამ;
- შარდსადენის ალერგიულმა შეშუპებამ.
მიზეზები
- თირკმლის მენჯიდან ან შარსადენიდან შარდის გადინების გზაზე არსებული მწვავე მექანიკური დაბრკოლება
- კენჭებით, სისხლის და სხვა სტრუქტურებით ობსტრუქცია
- შარდსადენის მოხრა, რომელიც იწვევს მის სტენოზს, პერიურეთრიტს
- თირკმლის მენჯის, შარდსადენის ან მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების სიმსივნე, რომელიც აწვება საშარდე გზებს
- თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი და ალერგიული დაავადებები
- საშარდე გზების ლორწოვანის მწვავე სეგმენტური შეშუპება პიელონეფრიტისა და ურეთრიტის დროს
- შარდსადენის ქვედა მესამედის ლორწოვანის ჰიპერემია და შეშუპება მცირე მენჯის ღრუში ფლებოსტაზის (ვენური შეგუბების) შედეგად
- თირკმლისა და საშარდე გზების მწვავე სისხლძარღვოვანი დაავადებები
- თირკმლის ემბოლია და ინფარქტი
- თირკმლის ვენების თრომბოზი
- ზედა საშარდე გზების უროდინამიკის დარღვევა
- საშარდე გზების, სასქესო ორგანოების ნერვული რეცეპტორების გადაძაბვა
- საშარდე გზების ანომალიით განპირობებული ნეიროდინამიკური დარღვევები (დისკინეზია, აქალაზია და სხვა).
თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილის უეცარი აღმოცენება. ეს ზოგჯერ ღამით, ძილის დროს ხდება, ზოგჯერ კი - ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივი სიარულის, დიდი ოდენობით სითხის ან შარდმდენების მიღების შემთხვევაში.
ტკივილი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება წელის არეში, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, ვრცელდება ნეკნებისკენ, შარდსადენის გასწვრივ, სასქესო ორგანოებისა და თეძოს შიგნითა ზედაპირისკენ. იშვიათად ტკივილი იწყება შარდსადენის გასწვრივ, საიდანაც ვრცელდება წელისა (შესაბამის მხარეს) და სასქესო ორგანოებისკენ. შესაძლოა ტკივილის ატიპური გავრცელებაც (მხარში, ბეჭში, ჭიპის მიდამოში), რაც თირკმლის ნერვული წნულის ფართო ნერვული კავშირებით აიხსნება. ხშირია ჯანმრთელი თირკმლის მხარეს პარადოქსული ტკივილი, რაც რენო-რენალური (თირკმლიდან თირკმელზე გადაცემული) რეფლუქსის შედეგია.
წელის არეში ტკივილი შესაძლოა მწვავე აპენდიციტზე, ღვიძლისმიერ კოლიკაზე, მწვავე ქოლეცისტიტზე ან პანკრეატიტზე, კუჭის წყლულზე, ნაწლავის გაუვალობაზე, საშვილოსნოს დანამატების ანთებაზე, საშვილოსნოსგარე ორსულობაზე, საკვერცხის კისტის გადაგრეხაზე ან მწვავე რადიკულიტზეც მიუთითებდეს, ამიტომ როცა ადამიანი პირველად შეიგრძნობს ტკივილს, მისი გაყუჩება კი არ უნდა სცადოს, არამედ ექიმს უნდა მიმართოს. ამ დროს თვითმკურნალობა არამცთუ უშედეგო, საშიშიც კია.
თირკმლის ჭვალის კიდევ ერთი ნიშანია მოუსვენრობა: ადამიანი წრიალებს, ადგილს ვერ პოულობს, ფითრდება და ცივი ოფლი ასხამს, ისეთი მდგომარეობის ძებნაში, რომელშიც ტკივილი ოდნავ მაინც გაუყუჩდება, უჩვეულო პოზებს იღებს.
ხშირად თირკმლის კოლიკას თან სდევს დიზურიული გამოვლინებანი: შარდვის გახშირება და მტკივნეული შარდვა. რაც უფრო ახლოა კენჭი შარდის ბუშტთან, მით უფრო მეტად არის გამოხატული დიზურია.
თირკმლის კოლიკის დროს იშვიათია მაკროჰემატურია (შარდში სისხლის შერევა), ტემპერატურის მატება და შემცივნება. შესაძლოა, მოიმატოს არტერიულმა წნევამ.
ზოგჯერ თირკმლის ჭვალს თან სდევს გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, აირების დაგროვება, მუცლის შებერვა, რაც დიაგნოსტირებას ართულებს.
თირკმლის ჭვალის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია ძლიერი ტკივილი, მოუსვენრობა და დიზურია. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია, უროგრაფია, თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
თირკმლის ჭვალის კუპირების ალგორითმი
თირკმლის ჭვალის კუპირება უნდა დაიწყოს სათბურის დადებით (შეიძლება ცხელი აბაზანის მიღებაც), ოღონდ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ თბილი პროცედურები ავადმყოფისთვის უკუნაჩვენები არ არის, ხოლო ჭვალი ნამდვილად თირკმლისმიერია.