ნაწლავური კოლიკები და მათი უხილავი შედეგები
- რა არის ნაწლავური კოლიკის მიზეზი ახალშობილებთან?
- ახალშობილების ტირილის, მოუსვენრობის, უძილობის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში ნაწლავური კოლიკებია. იგი სიცოცხლის პირველ ოთხ თვეს წარმოიქმნება და მისი მიზეზი ორგანიზმის თავისებურებით აიხსნება. დედის რძის კომპონენტების მონელების შეუძლებლობას ლაქტოზური უკმარისობა ჰქვია. ამის მიზეზი ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემის უმწიფრობაა, კონკრეტულად კი, ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტია, რომელიც შლის დედის რძის ძირითად კომპონენტს - რძის შაქარს (ლაქტოზას). დაუშლელი შაქარი ხვდება ნაწლავებში, სადაც დუღილს იწყებს. ნაწლავების მჟავე გარემო და დიდი რაოდენობით აირი იწვევს დიარეას (აშლილობას) და კოლიკებს.
- რა ნიშნები ახასიათებს კოლიკებს?
- დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნა, ყურყური და მუცლის ტკივილი.
პაწია ტირის, სახე უწითლდება, ფეხები მიაქვს მუცელთან, სძინავს მოუსვენრად და ხანმოკლედ, გახშირებულია ნაწლავთა მოქმედება - 10-ჯერ დღე-ღამეში თხიერი, მომჟავო სუნის, ქაფიანი, მოყვითალო-მომწვანო მასებით, ცუდად მატულობს წონას, აქვს შეკრულობა. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მიუთითებს, რომ რაღაც აწუხებს, მშობელი წუხს, არ იცის, როგორ დაეხმაროს მას. მთელი ოჯახი შეშფოთებულია ბავშვის მოუსვენრობის გამო.
- როგორ დავეხმაროთ ასეთ დროს პატარას?
- შეტევის დროს მუცელი უნდა ჰქონდეს თბილად, შეგიძლიათ შემოახვიოთ რამდენჯერმე გადაკეცილი და თბილი უთოთი გაუთოებული საფენი; ბავშვი მუცლით მიიხუტოს დედამ თავის მუცელზე; მსუბუქად დაუმასაჟეთ საათის ისრის მიმართულებით მუცელი, ფეხები მიუტანეთ მუცლისკენ, რაც ხელს უწყობს გაზების გამოდევნას.
დაალევინეთ კამის, გვირილის, ფენხელის თბილი ჩაი. ნაწლავთა გახშირებული მოქმედება ხშირად იწვევს ბავშვის ნაზი კანის გაღიზიანებას, ამას ხელს უწყობს განავლოვანი მასების მჟავე არე. კანი გაწითლებულია ბუნებრივი ნაოჭების მიდამოში, ექავება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დისკომფორტს. არის შემთხვევებიც, როდესაც კანის ფერი არ არის შეცვლილი, გაწითლებული, მაგრამ განავლის მჟავე სუნი - ეს უკვე სიგნალია მშობლისთვის, რომ ჩვილის კანი საჭიროებს დაცვას. შეეცადეთ, პამპერსის ყოველი გამოცვლის შემდეგ დაბანოთ წყლით და არ დასჯერდეთ სველი ხელსახოცით გაწმენდას. დიდი ხნით არ დატოვოთ ბავშვი დასვრილი პამპერსით.
- მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს შეკრულობა-ყაბზობაც. მშობელი ცდილობს შეუმსუბუქოს მდგომარეობა შვილს ოყნით, სანთლებით. დასაშვებია თუ არა ხშირად მათი გამოყენება?
- ოყნითა და სანთლებით ყაბზობის გამომწვევი მიზეზის მოხსნა ვერ ხერხდება. არის შემთხვევა, როცა მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს ყოველდღიურად თუ არ აქვს ნაწლავთა მოქმედება - ეს უკვე შეკრულობაა. იწყებს სხვადასხვა გზით ნაწლავის გაღიზიანებას და ხელოვნურად მისი მოქმედების გააქტიურებას.
- რა ითვლება ნორმად, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიდეს ბავშვი კუჭში?
- ნორმად ითვლება, თუ ბავშვი დღეში 2-ჯერ ან კვირაში 3-ჯერ გადის. თუ ყოველ მესამე დღეს აქვს ნაწლავთა მოქმედება და განავლოვანი მასები ფაფისებრი კონსისტენციისაა - ეს მისი ინდივიდუალური ნორმაა.
ცუდია, როცა ბავშვს ყოველდღიურად ჰქონდა ნაწლავთა მოქმედება და ახლა კვირაში 1-2-ჯერ გადის, ისიც გაძნელებით, მყარი და მცირე ულუფების მასებით. საჭიროა დროულად ექიმის კონსულტაცია!
უფრო მოზრდილ ასაკში ყურადღება მიაქციეთ, რომ თამაშით გართულ პატარას არ დაავიწყდეს ყოველდღიურად ქოთანზე დაჯდომა. იდეალურ შემთხვევაში, საუზმის შემდეგ ყოველდღე უნდა ჰქონდეს ქოთანზე დაჯდომის მოთხოვნილება. თუ ეს ასე არ ხდება, დააწყებინეთ ვარჯიში - რამდენიმე ბუქნი, მუხლებზე ჩაჯდომა და მოხრა, იატაკზე ხელით შეხება.
ნუ მისცემთ საშუალებას, ქოთნიდან ძალიან სწრაფად წამოდგეს. უნდა დაიცალოს ნაწლავები სრულად. ეს ჰიპერაქტიური ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ისინი ასევე სწრაფად ჭამენ და დაუღეჭავად ყლაპავენ საკვებს, საკვები საკმარისად ვერ სველდება ნერწყვით და ამიტომ უფრო ხანგრძლივად ჩერდება ნაწლავებში.
“საათივით აწყობილი” ნაწლავთა მოქმედება რომ ჰქონდეს, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 4-6 ჭიქა სითხე - ნაკლებად დამტკბარი კომპოტის, წვენის, ჩაის, მინერალური თუ ჩვეულებრივი სასმელი წყლის სახით. სითხე დაიცავს მას მსგავსი პრობლემებისგან. საკვები გაამდიდრეთ მცენარეული უჯრედისით - მწვანილით, ბოსტნეულითა და ხილით, მსხვილად დაფქული ხორბლის პურით.
თუ კვების რეჟიმის საშუალებით ვერ ხერხდება ნაწლავების ნორმალური მოქმედების რეგულირება, მიმართეთ ექიმს.
- ბავშვის მოუსვენრობის, ტირილის, მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმართავი მოქმედება, არამედ უფრო სახიფათო - ე.წ. აპენდიციტი, დანამატი ჭია ნაწლავის ანთება. ქირურგის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოიხსნება. რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს აპენდიციტი?
- თუ ტკივილი არ ყუჩდება, თან ერთვის ტემპერატურის მომატება, პირღებინება, ტკივილი ძლიერდება მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლით, საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. მშობელმა უნდა გაიხსენოს, როდის დაიწყო ტკივილი, რა ხანგრძლივობისაა იგი. ოპტიმალური დრო ქირურგიული ჩარევისთვის არის 6-დან 18 საათამდე. ამის შემდეგ იწყება ანთებითი, დაჩირქებული ჭია ნაწლავის გასკდომა, მისი შიგთავსის ჩაღვრა მუცლის ღრუში. ამ დროს ტკივილის ინტენსიურობა იკლებს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა მძიმდება - მივარდნილია, ფერი - დამახასიათებელი ფერმკრთალი-მიწისფერი, ტემპერატურა უფრო მატულობს. ასეთ შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.