მწვავე რესპირატორული დაავადების მკურნალობისას დაშვებული შეცდომები
თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითმკურნალობისას ადამიანები ხშირად არცთუ უსაფრთხო მეთოდებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგითხროთ იმ შეცდომების შესახებ, რომლებსაც მრდ-ის თვითმკურნალობისას ყველაზე ხშირად უშვებენ.
შეცდომა 1. გაციებულს სითბო სჭირდება
გაციების პირველივე ნიშნებზე ვხურავთ ფანჯრებს, რათა ძვირფასი სითბო არ დავკარგოთ.
უფრო მეტად გაციება დაავადებულს ნამდვილად არ სჭირდება - მისი იმუნიტეტი ხომ ვირუსთა შეტევის შემდეგ ისედაც დასუსტებულია, მაგრამ მრდ-ით მოავადე ადამიანის გაუნიავებელ ოთახში ხანგრძლივად ყოფნა კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია. პაციენტი განუწყვეტლივ გამოყოფს ვირუსებს, რომლებიც გაუნიავებელ ოთახში გროვდება.
- როგორ მოვიქცეთ: რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ ფანჯარა და ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვით. სითბოს მოყვარული ვირუსებისთვის ტემპერატურის ცვალებადობა და სიცივე დამღუპველია, რაც გამოჯანმრთელებასაც აჩქარებს.
შეცდომა 2. ხველების საწინააღმდეგო ნებისმიერი წამალი გიშველით
შეცდომას ვუშვებთ, როცა დაუფიქრებლად ვიძენთ ხველების ნებისმიერ წამალს და არც კი ვკითხულობთ, როიგორია მისი მოქმედების მექანიზმი. ხველების საწინააღმდეგო საკმაოდ ბევრი პრეპარატის მიღება ექიმის უნებართვოდ დაუშვებელია.
- როგორ მოვიქცეთ: თვითმკურნალობისას ექიმის გარეშე დასაშვებია მხოლოდ ამოსახველებელი საშუალებების მიღება. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც ათხელებს ნახველს და აადვილებს ბრონქებიდან მათ გამოყოფას. რაც შეეხება უშუალოდ ხველის სინდრომის მოსახსნელ პრეპარატებს, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშრალი ხველა თენთავს ავადმყოფს და ბალიშზე თავის დადების საშუალებას არ აძლევს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამოსახველებელი და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღებისას - არასწორი დანიშნულების შემთხვევაში შესაძლოა ნახველი ბრონქებში დაგროვდეს და დიდხანს არ გამოიდევნოს, ეს კი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
შეცდომა 3. ცხვირში ნივრის წვენის ჩაწვეთება უებარია
გაციებისას ცხვირში ხახვისა თუ ნივრის წვენის ჩაწვეთება ბევრს ჩვევად ექცა. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ასე შესაძლოა ცხვირის ლორწოვანი გარსი დაიზიანონ.
- როგორ მოვიქცეთ: ოტოლარინგოლოგები გვირჩევენ, თავი დავანებოთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას და ცხვირის გაჭედვისას ცხვირის გამოსარეცხი ხსნარები, სურდოს სამკურნალო ზეთოვანი წვეთები გამოვიყენოთ. რაც შეეხება სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატებს, რომლებიც ჩაწვეთებისთანავე აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ისინი ფრთხილად და მოკლე ხნით, ინსტრუქციის მკაცრი დაცვით უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი ეფექტები.
შეცდომა 4. უარი ჰიგიენურ პროცედურებზე
მრდ-ის დროს გაციების თავიდან ასაცილებლად ბევრი უარს ამბობს შხაპსა და აბაზანაზე. არადა, ვირუსების აქტიური ცხოველქმედებისას ორგანიზმში აუარებელი ტოქსინი გროვდება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კანის მეშვეობითაც გამოიყოფა. თუ ისინი კანიდან დროულად არ მოვიცილეთ, ორგანიზმის გაწმენდა, შესაბამისად, მისი გამოჯანმრთელება გაჭიანურდება.
- როგორ მოვიქცეთ: დაბანა აუცილებელია, მაგრამ ფრთხილად, რათა სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ხელახლა არ გაცივდეთ.
შეცდომა 5. მრდ-ს ანტიბიოტიკები შველის
ჩვენ მივეჩვიეთ, გაციების პირველივე ნიშნებზე ორგანიზმი ანტიბიოტიკებით დავბომბოთ. საკმარისია, ხველამ, სურდომ და ყელის ტკივილმა იჩინოს თავი, რომ იწყება ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნე და ვირუსებისთვის სრულიად უვნებელი ანტიბიოტიკების მიღება, რაც ძალიან ჰგავს ბეღურებზე ზარბაზნით ნადირობას.
- როგორ მოვიქცეთ: ანტიბიოტიკების მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის ნებართვით. მათი უკონტროლო მიღება მხოლოდ და მხოლოდ დაასუსტებს ორგანიზმს და ხელს შეუშლის ვირუსებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ეს პრეპარატები ანადგურებენ ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც სხვა ფუნქციებთან ერთად იმუნიტეტის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობენ, ამიტომ მათი მიღებისას აუცილებელია ნაწლავის მიკროფლორის აღმდგენი საშუალებების სმაც.
შეცდომა 6. სამკურნალო მცენარეებს არაფერი სჯობს
ერთი შეხედვით უვნებელი მცენარეებით თვითმკურნალობაც შესაძლოა მავნე აღმოჩნდეს. მაგალითად:
- ალოეს წვენი აკრძალულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, ბუასილის, ორსულობისა და ქალური სისხლდენების დროს;
- შავნაყოფა ცირცელის მიღება არ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში;
- მცირე რაოდენობით უნდა მოვიხმაროთ კრაზანას ნაყენი, რადგან ეს მცენარე შეიცავს შხამებს, რომელთა დიდი ოდენობა ორგანიზმისთვის მავნებელია.