ცხიმოვანი ღვიძლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმოვანი ღვიძლი

ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს და უამრავ სასიცოცხლო ფუნქციასთანაა დაკავშირებული – ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლური პროცესები, ცილების, ფერმენტების, ვიტამინების წარმოქმნა.

  • რატომ ყალიბდება ცხიმოვანი ღვიძლი

თეორიულად ღვიძლში ცხიმის დაგროვების ოთხი მექანიზმი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

  1. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ საკვებთან ერთად ცხიმებისა და ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება.
  2. მეორე გზა ღვიძლის უჯრედების განსაკუთრებულ სტრუქტურებში - მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გაძლიერებული სინთეზი ან მათი დაჟანგვის დათრგუნვაა.
  3. მესამე - შესაძლოა, დარღვეული იყოს ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერებების გამოყოფა.
  4. მეოთხე - ნახშირწყლების (ტკბილეული, ცომეული) ჭარბი ოდენობა ღვიძლში ცხიმოვან ნივთიერებებად გარდაიქმნება.
  • არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი

ბოლო ხანს მრავალი კვლევა ტარდება არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზებისა და მისი გამოვლინების თავისებურებების შესასწავლად. ამ ტერმინით აღნიშნავენ ღვიძლის დაზიანებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამენ ან იშვიათად უსინჯავენ გემოს. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ყველაზე მსუბუქი ფორმაა ცხიმოვანი ღვიძლი ანუ სტეატოზი. გაცილებით რთულია არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი, რომელსაც ანთება და ორგანოს მძიმე დაზიანება, ზოგჯერ - ფიბროზული ქსოვილის ფორმირება ახასიათებს. იშვიათად შესაძლოა საქმე ღვიძლის ციროზამდე ან კიბომდე მივიდეს.

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი ნებისმიერ ასაკში, ბავშვებს შორისაც კი გვხვდება, თუმცა უმეტესად საშუალო ასაკის, ჭარბი წონის მქონე ან მსუქანი, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ლიპიდური ცვლის დარღვევების მქონე ადამიანების ხვედრია. განვითარებულ ქვეყნებში სიმსუქნისა და დიაბეტის შემთხვევათა პროგრესული მატების გამო არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის პრობლემაც სულ უფრო აქტუალური ხდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ამერიკის მოსახლეობის მესამედზე მეტს აქვს.

  • რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას

ცხიმოვანი ღვიძლი ანუ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ჩივილებს ყოველთვის არ იწვევს.

სიმპტომები, წესისამებრ, ზოგადია:

  1. სისუსტე;
  2. სწრაფად დაღლა,;
  3. ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც შესაძლოა ღვიძლის გადიდებით იყოს გამოწვეული.

დაავადების შორსწასულ შემთხვევებში, რომლებიც იშვიათია და ციროზით სრულდება, ავადმყოფს შესაძლოა აწუხებდეს:

  1. უმადობა;
  2. წონის დაქვეითება;
  3. გულისრევა;
  4. სისხლძარღვთა გაგანიერება (გაგანიერებული სისხლძარღვები მოწითალო ფერისაა და ვარსკვლავებს წააგავს);
  5. სისუსტე;
  6. სწრაფად დაღლა;
  7. კანისა და ლორწოვანების სიყვითლე;
  8. სისხლდენა საყლაპავიდან;
  9. ასციტი - მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
  10. კანის ქავილი;
  11. ქვედა კიდურების შეშუპება;
  12. ცნობიერების დარღვევა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
  13. ღვიძლის უკმარისობა.
  • ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზები

მიუხედავად მკვლევართა მზარდი ინტერესისა, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მეტაბოლური სინდრომი - იმ მდგომარეობათა შერწყმა, რომლებიც ზრდის დიაბეტი, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს.

მეტაბოლური სინდრომის ნიშნებია:

  1. სიმსუქნე, განსაკუთრებით - ჭარბი ცხიმის დაგროვება წელის ირგვლივ;
  2. ჰიპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა;
  3. ქოლესტერინის არანორმალური შემცველობა - ტრიგლიცერიდების მაღალი დონე და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. კარგი ქოლესტეროლის) სიმცირე;
  4. რეზისტენტობა ინსულინის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ინსულინი ჰორმონია, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს. მეტაბოლური სინდრომის დროს ეს ფუნქცია დარღვეულია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ინსულინრეზისტენტობა შესაძლოა ცხიმოვანი ღვიძლისა და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის აღმოცენების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყოს. ვინაიდან ორივე ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში არ პროგრესირებს, ვარაუდობენ, რომ არსებობს სხვა მიზეზიც, რომელიც არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მძიმე ფორმის - ციროზის აღმოცენებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია, ჰორმონული დარღვევა ან ღვიძლში რკინის დაგროვება. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დაავადებას გენეტიკური ფესვები აქვს და იკვლევს, რომელი გენები განაპირობებს მის აღმცენებას ან ახდენს გავლენას გამოვლენის თავისებურებაზე. ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა: ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზი ცხიმიანი საკვები არ არის.

  • ცხიმოვანი ღვიძლის რისკფაქტორები

მართალია, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ გამოვლენილია დაავადების რისკფაქტორები. მათგან სამი უმთავრესი უშუალო კავშირშია მეტაბოლურ სინდრომსა და ინსულინრეზისტენტობასთან. ესენია:

  1. ჭარბი წონა და სიმსუქნე - დაავადების რისკი ყოველ ჭარბ კილოგრამთან ერთად იზრდება. არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტით დაავადებულთა 70% მსუქანია. სიმსუქნეზე ვლაპარაკობთ, როცა პაციენტის სხეულის მასის ინდექსი - წონის შეფარდება მისი სიმაღლის კვადრატთან (მეტრებში) - 30-ის ტოლი ან ამაზე მეტია. თუ ეს მაჩვენებელი 25-სა და 29,9-ს შორის მერყეობს, ვამბობთ, რომ ადამიანს ჭარბი წონა აქვს.
  2. შაქრიანი დიაბეტი - როდესაც ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ ან პანკრეასი - კუჭქვეშა ჯირკვალი - ამ ჰორმონს სათანადო ოდენობით ვერ გამოიმუშავებს, რათა სისხლში გლუკოზის შემცველობა არეგულიროს, მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. მათ შორის არის ღვიძლიც. დადგენილია, რომ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მქონეთა სამ მეოთხედს შაქრიანი დიაბეტი აქვს.
  3. ჰიპერლიპიდემია - ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა ხშირია არაალკოჰოლური სტეატოჰე-პატიტის დროს. დადგენილია, რომ ამ მდგომარეობისას პაციენტთა 80%-ს ჰიპერლიპიდემია აქვს.

ცნობილია სხვა რისკფაქტორებიც:

  1. მუცლის ღრუს ოპერაციები - წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილის მოკვეთა, სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა, წვრილი ნაწლავის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება ხშირად წონის სწრაფ კლებას იწვევს, ეს კი არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის.
  2. მედიკამენტები - კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი და სხვა), სინთეზური ესტროგენები, ამიოდარონი (გამოიყენება არითმიის სამკურნალოდ), იმუნოსუპრესიული საშუალებები.
  3. ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.
  • როდის მივმართოთ ექიმს

თუ გრძნობთ, რომ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს - ექიმ ჰეპატოლოგს. ვიზიტი მაშინაც საჭიროა, როდესაც ჩამოთვლილ რისკფაქტორთაგან (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია...) ერთი მაინც გაქვთ.

  • დიაგნოსტიკა

ვინაიდან არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ადრეულ სტადიებში ჩივილები იშვიათია, ექიმმა ორგანოს გადიდება შესაძლოა პროფილაქტიკური გამოკვლევისას აღმოაჩინოს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ სისხლის გამოკვლევას ღვიძლის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზების - B და C ჰეპატიტების გამოსარიცხად. ექიმი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების შესახებაც გკითხავთ, ვინაიდან ცხიმოვან ღვიძლსა და სტეატოჰეპატიტს ალკოჰოლიანი სასმლის ჭარბი მოხმარებაც იწვევს.

დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს:

  1. ღვიძლის ფუნქციის შესწავლა. მისი დაზიანებისას სისხლში განსაზღვრული ფერმენტები გამოიყოფა. ამ ფერმენტების აქტივობის მატება ღვიძლის დაზიანებაზე მეტყველებს;
  2. ღვიძლის ექოსკოპია (ულტრაბგერითი გამოკვლევა). ის წარმოდგენას გვიქმნის ორგანოს სტრუქტურის შესახებ;
  3. კომპიუტერული ტომოგრაფია;
  4. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი;
  5. ღვიძლის ბიოფსია.
  • გართულებები

ძნელია ვივარაუდოთ, როგორი იქნება არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიმდინარეობა ყოველ კერძო შემთხვევაში. პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, თუმცა პროგრესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცხიმოვანი ღვიძლის გამომწვევი მდგომარეობის დროული მკურნალობა. უამისოდ, განსაკუთრებით - 45 წელს გადაცილებულ, სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მაღალია დაავადების პროგრესირებისა და ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების რისკი.

  • მკურნალობა

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მკურნალობა ითვალისწინებს:

  1. გამომწვევი მიზეზის (მიზეზების) დადგენას და მის (მათ) კორექციას;
  2. წონის დაქვეითებას და ვარჯიშს, თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 25-ს აღემატება. დიეტისა და ვარჯიშის მეშვეობით შესაძლებელია შევამციროთ ღვიძლში ცხიმის დაგროვება. ცხიმის წილად მიღებული კალორიების 30%-ზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. რაციონი მდიდარი უნდა იყოს მცენარეული ბოჭკოთი და ღარიბი - ნაჯერი (მყარი) ცხიმებით. ოპტიმალურია ყოველ ექვს თვეში წონის დაკლება 10%-ით, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, წონის სწრაფი კლება თვითონვე შეიძლება ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზად იქცეს.
  3. თუნდაც პაციენტი სიმსუქნეს ან ჭარბ წონას არ უჩიოდეს, ჯანსაღი კვება და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა მაინც კარგია. ისინი ამცირებს ღვიძლში ანთებით ცვლილებებს, სისხლში ფერმენტების აქტივობას და ინსულინისადმი რეზისტენტობას.
  4. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა - დიაბეტის კონტროლი დიეტით, პრეპარატებითა და ინსულინით, რაც სისხლში გლუკოზის ნორმალიზებას იწვევს, თავიდან აგვაცილებს ღვიძლის შემდგომ დაზიანებას და შეამცირებს ამ ორგანოში უკვე დაგროვილი ცხიმის ოდენობას.
  5. ქოლესტეროლის დონის კონტროლი - დიეტის, ვარჯიშისა და მედიკამენტების მეშვეობით ამ ნივთიერების ნორმალიზაცია ხელს უწყობს მდგომარეობის სტაბილიზაციასა და დაავადების უკუგანვითარებას.
  6. ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილება - თუ პაციენტს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი აქვს, მან უარი უნდა თქვას ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე, რომელთა მიღება შესაძლოა ღვიძლის დაზიანების მიზეზად იქცეს.
  • პროფილაქტიკა

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა ნორმალური წონის, ქოლესტეროლის ნორმალური დონის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. ასეთი მიდგომა ზედმეტი ალკოჰოლის მიღების და ღვიძლის დაზიანების გამომწვევი პრეპარატების თავიდან აცილებასთან ერთად ამცირებს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის აღმოცენების რისკს.