რას ემსახურება ელენთა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ემსახურება ელენთა

ანტიკურ ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ელენთას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა ადამიანის ფსიქოემოციური სფეროს მართვაში, გუნება-განწყობის რეგულირებაში (სწორედ ამ ორგანოს უკავშირდება სიტყვა იპოქონდრია, რომელიც ბერძნულდან წარმოდგება და ნეკნთა რკალის ქვეშ მდებარეს ნიშნავს). ძველი ბერძნები და რომაელები მარათონელებს ელენთას კვეთდნენ, რათა მათ უფრო თავისუფლად და სწრაფად ერბინათ.

ამჟამად დადგენილია, რომ ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა. ამ მნიშვნელოვან ფუნქციას ელენთა პარენქიმისა და სისხლძარღვების უნიკალური სტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს - ხანდაზმულ და არაჯანსაღ ერითროციტებს დეფორმირების უნარიც დაქვეითებული აქვთ, რის გამოც ელენთის სისხლძარღვებში მოძრაობისას იშლებიან. ელენთის თეთრ პულპაში ანტისხეულების სინთეზი ხორციელდება. ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას. ჩამოთვლილი ფუნქციებიდან თუნდაც ერთის უფრო ინტენსიური შესრულება ელენთის გადიდებას ანუ სპლენომეგალიას იწვევს.

როგორ ვლინდება ელენთის გადიდება

ელენთის გადიდებისას ადამიანი ყველაზე ხშირად მარცხენა ფერდქვეშ ყრუ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას უჩივის. მეტისმეტად გადიდებულმა ელენთამ შესაძლოა ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი შემაწუხებელი სიმაძღრის შეგრძნება გამოიწვიოს. ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ ელენთის ზომა და სტრუქტურა. ორგანოს მდგომარეობის შესაფასებლად ზოგჯერ საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი. არცთუ იშვიათად სპლენომეგალია შემთხვევით ვლინდება ექოსკოპიის ან პროფილაქტიკური გასინჯვის დროს.

 

რატომ დიდდება ელენთა

ელენთა უნიკალური და, ცოტა არ იყოს, უცნაური ორგანოა იმ თვალსაზრისით, რომ მისი გადიდება უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება იშვიათია. იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია, თუმცა მათი ზემოქმედებით ორგანოში უმთავრესად სამი ტიპის პროცესები ვითარდება, რომელთა შორის უწინარეს ყოვლისა ელენთის ჰიპერპლაზია და ჰიპერტროფია უნდა აღვნიშნოთ. თავის მხრივ,  ჰიპერპლაზია და ჰიპერტროფიაც (გადიდება) სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს. როგორც ვთქვით, ელენთაში ხდება ხანდაზმული და ფუნქციურად შეცვლილი ერითროციტების დაშლა. არსებობს მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელთა დროსაც შეცვლილია ერითროციტების ფორმა, მათი მემბრანების აღნაგობა. ეს ერითროციტების გაძლიერებულ დაშლას ანუ ჰემოლიზს იწვევს. სწორედ აღწერილი პროცესები უდევს საფუძვლად ჰემოლიზურ ანემიებს, რომელთა ერთ-ერთი ნიშანია ელენთის გადიდება, რაც აღნიშნული დაავადებების დროს ამ ორგანოს ჰიპერპლაზიითა და ჰიპერტროფიით არის გამოწვეული. გარდა ჰემოლიზური ანემიისა, ელენთის ჰიპერპლაზია და ჰიპერტროფია შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე ინფექციური პროცესების, მაგალითად, სეფსისის, ინფექციური მონონუკლეოზის, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის შედეგი იყოს. ამავე მექანიზმით იწვევს ელენთის გადიდებას იმუნური დაავადებები – იმუნური თრომბოციტოპენია, სისტემური წითელი მგლურა და სხვა. ელენთის გადიდების გამომწვევი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია მასში სისხლის შეგუბება, რაც კარის ვენის სისტემაში წნევის მომატების შედეგია, მაგალითად, ღვიძლის ციროზის ან გულის უკმარისობის გამო. სპლენომეგალიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ელენთის დაზიანება ინფილტრაციული პროცესების ანუ მასში სხვადასხვა უჯრედის გამრავლების ან განსაზღვრული ნივთიერებების დაგროვების შედეგად. მსგავსი ცვლილებები ხდება სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის, ელენთაში სიმსივნის მეტასტაზების განვითარების, ამილოიდოზის დროს. ამ ყველაფერთან ერთად გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომელსაც მკვლევარები აღიარებენ – ელენთის გადიდება ყოველთვის როდი ნიშნავს დაავადებას; იშვიათად სპლენომეგალია შესაძლოა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც აღმოაჩნდეს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ელენთის გადიდებისას

როგორც ვხედავთ, ელენთის გადიდებას მრავალი პათოლოგიური მდგომარეობა უდევს საფუძვლად. გარკვეული მონაცემები მისი მიზეზის დადგენაში გვეხმარება.

  • ბოლო წლებში გადატანილი ტრავმა ან დარტყმა მუცლის არეში ზრდის ელენთის ფარული გახეთქვის, ტრავმული კისტის ან ელენთის კაფსულის ქვეშ სისხლჩაქცევის – ჰემატომის არსებობის ალბათობას.
  • ბოლო ხანს მუცლის მარცხენა ნახევრის მწვავე ტკივილი ბადებს ელენთის ინფარქტის (მისი მკვებავი არტერიის თრომბოზის გამო) ან აბსცესის (ჩირქგროვის) არსებობის ეჭვს.
  • მცირე ხნის წინ გადატანილი ცხელება, რასაც ელენთის გადიდება მოჰყვა, გადატანილ ვირუსულ, ბაქტერიულ ან სხვა ინფექციას გვაეჭვებინებს.
  • თუ პაციენტს ჰემოლიზური, ანუ ერითროციტების ან ჰემოგლობინის დაშლის შედეგად აღმოცენებული ანემია აქვს, დიდია ალბათობა, ელენთის გადიდება ერითროციტების დაშლის შედეგად ორგანოს ჰიპერტროფიასთან იყოს დაკავშირებული.
  • ქრონიკული ჰეპატიტის ან ღვიძლის ციროზის შემთხვევაში ელენთის გადიდება აღნიშნული პათოლოგიების ერთ-ერთი კლინიკური სიმპტომია.
  • კისრის არეში ლიმფური კვანძების გადიდება (როგორც ხალხში უწოდებენ, `ჯირკვლები~) ელენთის ზომების მატებასთან ერთად შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზით ან სისხლის სისტემის დაავადებით (ლიმფოგრანულომატოზით, ლეიკემიით და ა. შ.) იყოს გამოწვეული.
  • თუ ელენთის გადიდებას ერწყმის სახსრების (განსაკუთრებით - მტევნის) დეფორმაცია, ტკივილი და დილის საათებში შებოჭილობა, სავარაუდოა რევმატოიდული ართრიტის არსებობა.
  • სახის არეში არაბუნებრივი სიწითლე, სისხლში მაღალი ჰემოგლობინი და დიდი ოდენობით ერითროციტები ერითრემიაზე (სისხლის სიმსივნეზე) მეტყველებს.
  • პანკრეატიტის გადატანის შემდეგ ელენთის გადიდება შესაძლოა ელენთის ვენის თრომბოზით იყოს განპირობებული.

სპლენომეგალიის გამომწვევი დაავადებები

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ელენთის ზომების მატება მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. ყოველი მათგანის კლინიკური სურათის განხილვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ შეიძლება, მოკლედ არ მიმოვიხილოთ ის პათოლოგიები, რომლებიც სპლენომეგალიას ყველაზე ხშირად იწვევს.

  • ღვიძლის ციროზი – გარდა ელენთის გადიდებისა, ყურადღებას იპყრობს ღვიძლის გადიდება, მუცლის ღრუში სითხის დაგროვება ანუ ასციტი, სისხლდენისკენ მიდრეკილება. მუცლის წინა კედლის ვენები გაგანიერებულია, ექოსკოპია ავლენს კარის ვენის გაფართოებას, მასში სისხლის ნაკადი შეცვლილია. ღვიძლის ციროზი უმეტესად ალკოჰოლის ჭარბი მიღების, C ან B ჰეპატიტის შედეგია.
  • ჰემოლიზური ანემია – კანი ფერმკრთალია, პერიოდულად აღმოცენდება სიყვითლე (კანს ლიმონისფერი ელფერი დაჰკრავს). წესისამებრ, სიყვითლე მოსდევს ჰემოლიზურ კრიზს, რომელსაც მუცელში ან მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი, ზოგჯერ ტემპერატურის მიმატებაც ახასიათებს. პაციენტი უჩივის სისუსტეს, ყურებში ხმაურს, გულის ფრიალს. აღნიშნული ჩივილები ანემიით ანუ სისხლნაკლებობით არის გამოწვეული.
  • ლიმფოგრანულომატოზი ანუ ჰოჯკინის დაავადება სისხლის სისტემის სიმსივნეა. ელენთის გადიდებასთან ერთად მას ლიმფური კვანძების გადიდებაც ახასიათებს. გადიდებული კვანძები მკვრივია, უმტკივნეულო და კანთან არ არის შეხორცებული. გარდა ამისა, ვითარდება ცხელება, კანის ქავილი, ოფლიანობა, სისუსტე. გადიდებული ლიმფური კვანძიდან ქსოვილის ამოკვეთისა და მისი აგებულების მიკროსკოპიული შესწავლით ადგენენ დაავადებისთვის დამახასიათებელი უჯრედების არსებობას.
  • სეფსისის დროს პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა, ორგანიზმში არსებობს ინფექციის კერა, სისხლში მომატებულია ლეიკოციტების რაოდენობა.

რა საჭიროა ელენთის ამოკვეთა

ელენთის ქირურგიული ამოკვეთა ანუ სპლენექტომია რამდენიმე მიზნით შეიძლება ჩატარდეს. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • ელენთის ამოკვეთა სამკურნალო მიზნით ელენთის გახეთქვის დროს;
  • ჰემატოლოგიური ანუ სისხლის დაავადებების წყების, ასევე - იმუნური დარღვევებით მიმდინარე პათოლოგიების, საზოგადოდ, ყველა ინ მდგომარეობის დროს, რომელმაც შეიძლება ელენთაში სისხლის მნიშვნელოვანი შეგუბება და ორგანოს გადიდება გამოიწვიოს. აღნიშნული მდგომარეობები შესაძლოა ელენთაში სისხლის სხვადასხვა (ზოგჯერ - ყველა) ფორმიანი ელემენტის გაძლიერებული დაშლის მიზეზად იქცეს, რის გამოც სისხლში ერითროციტების, თრომბოციტების, ზოგჯერ - ყველა უჯრედის შემცველობა მცირდება. ამას, შესაბამისად, ანემიას, თრომბოციტოპენიას ან პანციტოპენიას უწოდებენ. ელენთის ამოკვეთა ანუ სპლენექტომია ამ უჯრედების შემცველობის ნორმალიზაციის საწინდარია.
  • მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში არსებული ძლიერი დისკომფორტისა და ტკივილის მოსახსნელად, რაც ზოგიერთი დაავადებისას ელენთის გადიდებას მოსდევს. სპლენექტომიის ჩვენებაა ელენთის მეტისმეტი გადიდებაც, რაც უმნიშვნელო ზეწოლის შედეგადაც კი მისი გახეთქვის საშიშროებას ქმნის.
  • ზოგჯერ სპლენექტომია დიაგნოსტიკური მიზნითაც ტარდება (უმთავრესად - სისხლის დაავადებების დროს), თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

სპლენექტომიის შემდეგ

ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ელენთის – ამ საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციის მქონე ორგანოს - ამოკვეთის შემდეგ პაციენტები არა მარტო ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან, არამედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი მდგომარეობა უმჯობესდება კიდეც. კერძოდ, იკლებს და ქრება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, წყდება ერითროციტებისა და თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა, ავადმყოფს აღარ ემუქრება ელენთის გასკდომა. სპლენექტომიის შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შემცველობა მკვეთრად იმატებს, თუმცა 2-3 კვირაში ნორმას უბრუნდება. შესაძლოა, დიდხანს შეცვლილი დარჩეს ერითროციტების ზომა და ფორმა, თუმცა პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე ეს არ აისახება. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია, ორგანოს ამოკვეთამ ადამიანის ორგანიზმს არავითარი კვალი არ დაატყოს. სპლენექტომიის შემდეგ თავს იჩენს ბაქტერიული ინფექციებისა და პარაზიტული დაავადება ბაბეზიოზისადმი მიდრეკილება, ამიტომ ადამიანმა, რომელსაც ელენთა აქვს ამოკვეთილი, ტემპერატურის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.