ღვიძლისა და ელენთის გადიდება
ამ საკითხზე სასაუბროდ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკას ვესტუმრეთ. ჩვენს შეკითხვებს თერაპევტი ნელი პატაშური უპასუხებს:
- ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ რიგი დაავადების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს ორივე ორგანოს - როგორც ღვიძლს, ასევე ელენთას. მედიცინაში ამ მდგომარეობას ჰეპატოლიენურ სინდრომს, ჰეპატოსპლენომეგალიას უწოდებენ. ჰეპატოლიენური სინდრომი შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიებთან იყოს დაკავშირებული. ესენია ღვიძლის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ღვიძლის, კარისა და ელენთის ვენების სისტემაში, გარკვეული ნივთიერებების ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, სისხლის სისტემის პათოლოგიები, გულის დაავადებები, რომელთა ფონზეც გულის უკმარისობაა განვითარებული.
- რა განაპირობებს ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს პათოლოგიური პროცესის ორივე ორგანოზე გავრცელებას?
- აღნიშნულ გარემოებას აქვს გარკვეული მიზეზები. მათი დეტალური გარჩევა შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვიძლი და ელენთა ფუნქციურად მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. აღნიშნულ ურთიერთკავშირს განაპირობებს სისხლის მიმოქცევის თავისებურებები, საერთო ინერვაცია და ლიმფის მიმოქცევა. გარდა ამისა, ღვიძლი და ელენთა მიეკუთვნებიან ერთიან მონონუკლეური ფაგოციტების სისტემას. ეს არის ორგანიზმის დამცავი სისტემა, რომელიც უცხო ნაწილაკების შთანთქმისა და გადამუშავების უნარის მქონე უჯრედთა ერთობლიობას წარმოადგენს.
- ღვიძლის რომელმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოლიენური სინდრომის განვითარება და როდის შეიძლება ვივარაუდოთ მისი არსებობა?
- ღვიძლისა და ელენთის გადიდების გამომწვევ მიზეზთა შორის ღვიძლის დაავადებები უმთავრესია. ცნობილია, რომ ჰეპატოსპლენომეგალიის შემთხვევათა დაახლოებით 90% სწორედ ღვიძლის დაავადებებთან არის დაკავშირებული. ღვიძლისა და ელენთის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს მწვავე ჰეპატიტის (ღვიძლის მწვავე ანთება), ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, ღვიძლის სიმსივნის შემთხვევაში. თავის მხრივ ჰეპატიტი ან ციროზი შესაძლოა იყოს ვირუსული, ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედების ნივთიერებების ან პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული, იმუნური ფაქტორებით ან ღვიძლში არსებული სანაღვლე გზების დაზიანებით განპირობებული. ჩამოთვლილი დაავადებების დროს პაციენტი შეიძლება აღნიშნავდეს მარჯვენა ფერდქვეშ სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ ტკივილის, დისპეფსიურ ჩივილებს - უმადობას, სიმძიმეს საკვების მიღების შემდეგ, ბოყინს, მუცლის შებერვას და ა. შ. ხშირად თავს იჩენს ასთენიური სინდრომი - სისუსტე, უხალისობა, ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება. არცთუ იშვიათია კანის ქავილი, სიყვითლე. ღვიძლის დაავადებების დროს ხშირად აღინიშნება ეგრეთ წოდებული ღვიძლისმიერი ნიშნები - კანზე კაპილარების ვარსკვლავისებური გაფართოება, რასაც სამედიცინო ტერმინით ტელეანგიექტაზიებს უწოდებენ, სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია), ხელისგულების სიწითლე (პალმარული ერითემა), თმიანი საფარველის გაღარიბება, თითების დეფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, დამახასიათებელია მიდრეკილება სისხლდენებისა და სისხლჩაქცევებისაკენ, რაც ჰემორაგიული სინდრომის გამოხატულებაა. შეიძლება განვითარდეს სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან. ზემოთ აღნიშნული ნიშნები და პაციენტის მიერ ალკოჰოლის ჭარბი მიღების ისტორია, გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი, გარკვეულ ნივთიერებებთან კონტაქტი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდება ღვიძლის დაავადებასთან არის დაკავშირებული.
- როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდების მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ღვიძლის, კარისა ან ელენთის ვენების სისტემაში?
- ღვიძლის ვენების შევიწროება და ობსტრუქცია (დახშობა) ვითარდება ბად-ჩიარის სინდრომის დროს. ეს იშვიათი დაავადებაა, რომლის მიზეზიც უცნობია. ბად-ჩიარის სინდრომს ახასიათებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ხშირად - მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვება ანუ ასციტი. დამახასიათებელია აღნიშნული სიმპტომების სწრაფი განვითარება. დაავადების სიმძიმე და შესაბამისად, სიმპტომების გამოხატულების ხარისხი სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში განსხვავებულია და დამოკიდებულია დაზიანებული ვენების რაოდენობასა და სანათურის ზომაზე. დამახასიათებელია ასციტის მდგრადობა, რეფრაქტერობა მკურნალობის მიმართ, ღვიძლის გადიდება უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე ელენთისა. გარდა ბად-ჩიარის სინდრომისა, ჰეპატოსპლენომეგალიის გამომწვევ სისხლძარღვოვან მიზეზთაგან აღსანიშნავია ელენთის ვენის თრომბოფლებიტი, კარის ვენის და ელენთის ვენის სტენოზი. ამ მდგომარეობების დროს ელენთის გადიდება უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე ღვიძლისა, იშვიათად ვითარდება სიყვითლე, ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, ტკივილი მარცხენა ფერდქვეშ, ხანდახან ტკივილი ძლიერი და შეტევითი ხასიათისაა. როდესაც უეცრად აღმოცენდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სწრაფად ვითარდება ასციტი - სითხის დაგროვება მუცლის ღრუში და ის არ ექვემდებარება მკურნალობას, ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებების სისხლძარღვოვან მიზეზებს. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ტარდება ლაბორატორიული კვლევა, ექოსკოპია, ღვიძლის სისხლძარღვების მდგომარეობის გამოკვლევა კონტრასტული მეთოდით - ანგიოგრაფია. რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, დახმარებას გვიწევს პუნქციური ბიოფსიის - სპეციალური ნემსით აღებული ღვიძლის ქსოვილის კვლევის მონაცემები.
- როგორც აღნიშნეთ, ზოგჯერ ღვიძლისა და ელენთის გადიდება შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული.
- ღვიძლისა და ელენთის გადიდების გამომწვევ ამ დაავადებათა შორის აღსანიშნავია ჰემოქრომატოზი, ვილსონ-კონოვალოვის დაავადება, ამილოიდოზი, გოშეს დაავადება. თითოეულ მათგანს დამახასიათებელი კლინიკა აქვს. ჰემოქრომატოზის შემთხვევაში ნაწლავიდან ჭარბი რაოდენობით რკინა აბსორბირდება და ორგანიზმში გროვდება. უმეტესად ჭარბი რკინის მარაგი ღვიძლში, გულსა და პანკრეასში აკუმულირდება, რაც აღნიშნული ორგანოების ფუნქციის დარღვევას იწვევს. ჩვეულებრივ, დაავადების სიმპტომები სიცოცხლის შუა პერიოდში, უმეტესად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, თუმცა შეიძლება კლინიკური სურათი 20 წლის ასაკისათვისაც ჩამოყალიბდეს. როგორც წესი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება თავს იჩენს მაშინ, როცა დაავადების კლინიკური სურათი სრულადაა გამოვლენილი. ადრეულ ეტაპზე, ჰეპატოლიენური სინდრომის გამოვლინებამდე კი პაციენტს წლების განმავლობაში შეიძლება აღენიშნებოდეს სახსრების ტკივილი, რაც უმეტესად ზემო კიდურების სახსრებს მოიცავს, დაღლილობა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მუცლის ტკივილი. ზოგჯერ თავს იჩენს სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის ბიოქიმიური ტესტების ცვლილება. როგორც ვხედავთ, აღნიშნული სიმპტომები არასპეციფიკურია, რაც ართულებს დაავადების დიაგნოსტიკას. როგორც წესი, იმ ეტაპზე, როცა უკვე ღვიძლისა და ელენთის გადიდება აღინიშნება, ხშირად აღინიშნება შაქრიანი დიაბეტი, გულის რიტმის დარღვევა, გულის უკმარისობა, ვლინდება კანის ბრინჯაოსფერი-მონაცრისფრო შეფერილობა, რაც კანში რკინის ჭარბ აკუმულაციასთან არის დაკავშირებული და დაავადების ერთ-ერთი კარდინალური ნიშანია.
- რომელი კვლევები ტარდება ჰემოქრომატოზის სადიაგნოზოდ, როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდების მიზეზი აღნიშნული დაავადებაა?
- როდესაც ღვიძლისა და ელენთის გადიდებას ერწყმის შაქრიანი დიაბეტი, გულის დაზიანება და კანის შეფერილობის შეცვლა, ექიმი აუცილებლად მიიჩნევს ჰემოქრომატოზის გამორიცხვას. ორგანიზმის რკინით გადატვირთვის დიაგნოსტიკისათვის მოწოდებულია ორი ტესტი - შრატში ფერიტინის (რკინის სამარაგო ფორმა) შემცველობისა და შრატის ტრანსფერინის (რკინის გადამტანი ცილა) გაჯერების განსაზღვრა. ტრანსფერინის გაჯერების და ფერიტინის შემცველობის მატება ჰემოქრომატოზის სასარგებლოდ მეტყველებს. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა გენეტიკური კვლევა, ტარდება ღვიძლის პუნქციური ბიოფსია.
- როგორ ვლინდება ვილსონ-კონოვალოვის დაავადება?
- ვილსონის დაავადება გარკვეული გენის დეფექტთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ხდება სპილენძის ჭარბი დაგროვება ღვიძლში, თავის ტვინში და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ორგანოებში. ჩვეულებრივ სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვების, ძვლების, კოლაგენისა და კანის პიგმენტ მელანინის ჩამოყალიბებაში. ნორმაში ის საკვებთან ერთად შეიწოვება და მისი ჭარბი რაოდენობა ნაღველთან ერთად გამოიყოფა. ვილსონის დაავადების დროს ჭარბი სპილენძის გამოყოფა დარღვეულია, ის ორგანიზმში გროვდება. როდესაც ადამიანს ვილსონის დაავადების გამომწვევი გენეტიკური დეფექტი აქვს, ორგანიზმში სპილენძის დაგროვება დაბადებისთანავე იწყება, თუმცა დაავადების სიმპტომები იშვიათად ვლინდება 5-6 წლის ასაკამდე. ჩვეულებრივ 30 წლისათვის ვილსონის დაავადების სიმპტომები აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაა შესაძლებელი, ყველაზე გავრცელებული მაინც ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი გამოვლინებაა. ღვიძლისა და ელენთის გადიდება, რომელიც ვილსონის დაავადების დროს აღინიშნება, არაფრით განსხვავდება სხვა გენეზის ჰეპატიტის თუ ციროზის დროს აღმოცენებული ჰეპატომეგალიისაგან, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ მასთან ერთად პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედს აღენიშნება ნევროლოგიური დარღვევები - კანკალი, კუნთების სპაზმი, არამყარი სიარული, მეტყველების გაძნელება. ვილსონის დაავადება იწვევს ქცევის დარღვევებსაც. პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშნება რქოვანაზე ოქროსფერი-მოყავისფრო შეფერვა - კაიზერ-ფლეიშერის რგოლი. ის თვალში სპილენძის დაგროვების შედეგია. როდესაც ღვიძლისა და ელენთის გადიდებასთან ერთად აღინიშნება ჩამოთვლილი ნიშნები, ტარდება კვლევა ვილსონის დაავადების დიაგნოზის დასადგენად. ამ მიზნით სისხლში ისაზღვრება სპილენძისა და ცერულოპლაზმინის შემცველობა, განისაზღვრება 24 საათის განმავლობაში შარდით სპილენძის გამოყოფა, ტარდება ოფთალმოლოგიური კვლევა კაიზერ-ფლეიშერის რგოლის გამოსავლენად. დიაგნოზი ზუსტდება ღვიძლის ბიოფსიითა და გენეტიკური კვლევით.
- რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდების მიზეზი ამილოიდოზია?
- ამილოიდი პათოლოგიური ცილაა, რომელიც ძვლის ტვინის უჯრედებში სინთეზირდება და ორგანიზმის ნებისმიერ ორგანოში, მათ შორის ღვიძლსა და ელენთაში შეიძლება ჩალაგდეს. ამ მდგომარეობას ამილოიდოზი ეწოდება. ამილოიდოზისას გარდა ღვიძლისა და ელენთისა შეიძლება დაზიანდეს თირკმელი, გული, ნერვული სისტემა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. შესაბამისად ყურადღებას იპყრობს შარდში ცილის არსებობა - პროტეინურია, ზოგჯერ ვითარდება თირკმლისმიერი შეშუპებები, შორსწასულ სტადიებზე თირკმელების უკმარისობა, გულის დაზიანებისას ხშირია არიტმია, მოგვიანებით - გულის უკმარისობა. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ სისუსტეს, წონის დაქვეითებას, ქოშინს, ყაბზობას ან ფაღარათს, ენის ზომების მატებას (მაკროგლოსია), კანის ცვლილებებს. გარდა ამ სიმპტომებისა, ამილოიდოზის გამოვლინების თავისებურებები დამოკიდებულია თავად ამილოიდოზის ტიპზე. განასხვავებენ აღნიშნული დაავადების ორ ფორმას - პირველად და მეორად ამილოიდოზს. პირველადი ამილოიდოზის ზუსტი მიზეზი უცნობია, ის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს - გულის, თირკმელების, ღვიძლის, ელენთის, ნერვების, ნაწლავების, კანის, ენის, სისხლძარღვების დაზიანებით შეიძლება მიმდინარეობდეს. განსხვავებით პირველადი ამილოიდოზისაგან, მეორეული ამილოიდოზი ქრონიკულ ინფექციურ და ანთებით დაავადებებთანაა დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია ტუბერკულოზი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეომიელიტი (ძვლის ინფექცია). ბუნებრივია, მსგავს შემთხვევებში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ძირითადი დაავადების სიმპტომები. როდესაც ღვიძლისა და ელენთის გადიდების გამომწვევი სხვა მიზეზი (ვირუსული ჰეპატიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი და ა. შ.) არ ვლინდება და აღინიშნება მეორეული ამილოიდოზის გამომწვევი პათოლოგია ან ამილოიდოზის სიმპტომები, იგეგმება კვლევები მისი არსებობის დასადასტურებლად. ტარდება სისხლისა და შარდის გამოკვლევა, რაც ავლენს პათოლოგიური ცილის - ამილოიდის არსებობას. დიაგნოზს ადასტურებს ბიოფსია - დაზიანებული ორგანოს ქსოვილის მცირე ნაწილის მიღება ნემსის მეშვეობით და მისი მიკროსკოპიული გამოკვლევა.
- რა ახასიათებს გოშეს დაავადებას, როდის ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა ჰეპატოსპლენომეგალიის მიზეზი იყოს?
- გოშეს დაავადების მიზეზია ფერმენტ გლუკოცერებროზიდაზას დეფიციტი. ფერმენტი მონაწილეობს ცხიმოვანი ნივთიერების - გლუკოცერებროზიდის მეტაბოლიზმში. მისი დეფიციტისას ხდება აღნიშნული ნივთიერების დაგროვება ტვინსა და სხვა ორგანოებში. განასხვავებენ გოშეს დაავადების სხვადასხვა ტიპს. ღვიძლისა და ელენთის გადიდება ხშირად ასოცირებულია დაავადების I ტიპთან. ის ჰეპატოსპლენომეგალიასთან ერთად ხასიათდება ჩონჩხის განვითარების დარღვევებით, ოსტეოპენიით, ძვლების ტკივილითა და მოტეხილობებით, ანემიით, სისუსტით, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებითა და ცხვირიდან სისხლდენით, თვალში ყვითელი ლაქის - პინგვეკულის არსებობით. აღნიშნული ფორმა ყველაზე ხშირია, შემთხვევათა 90%-ში გვხვდება და სიმპტომებიც შედარებით მცირედაა გამოხატული, არ გვხვდება ნერვული სისტების დაზიანება, მისი დიაგნოსტიკა უმეტესად 30 წლის ასაკისთვის ხდება. ჰეპატოსპლენომეგალია გვხვდება გოშეს დაავადების III ტიპის დროსაც. დაავადების ეს ფორმა უფრო იშვიათია, ჩვეულებრივ ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში იწყება, ღვიძლისა და ელენთის გადიდებასთან ერთად გამოხატულია ნერვული სისტემის დარღვევები. აღწერილი კლინიკური სურათის შემთხვევაში ტარდება ფერმენტული კვლევა და გენეტიკური ანალიზი.
- რომელი ინფექციური დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ღვიძლისა და ელენთის გადიდება და როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მდგომარეობა ინფექციური პათოლოგიითაა განპირობებული?
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს ინფექციური და პარაზიტული დაავადებების დროს. მათგან აღსანიშნავია ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, ლეიშმანიოზი, სიფილისი, ბრუცელოზი, მუცლის ღრუს ორგანოების ტუბერკულოზი, ნებისმიერი მიზეზით განვითარებული სეფსისი და ა. შ. ყოველ დასახელებულ დაავადებას თუ მდგომარეობას მისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება აქვს, მაგრამ არის საერთო სიმპტომებიც. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჰეპატოსპლენომეგალია, რომელიც ცხელების ფონზე ვლინდება. ტემპერატურის ციფრები განსხვავებული შეიძლება იყოს - სუბფებრილურიდან (37-370C) ფებრილურამდე (390C-მდე). ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ხშირია ანემია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. როგორც წესი, ჰეპატოსპლენომეგალიასთან ერთად აღინიშნება ძირითადი დაავადების ნიშნები, რისი გათვალისწინებითაც სადიაგნოზო კვლევები სწორედ ჩამოთვლილი დაავადებების დადგენის თუ გამორიცხვისკენაა მიმართული.
- სისხლის რომელი დაავადების დროს შეიძლება გადიდდეს ღვიძლი და ელენთა და რა თავისებურება ახასიათებს ღვიძლისა და ელენთის გადიდებას სისხლის დაავადებების დროს?
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება დამახასიათებელია ჰემოლიზური ანემიისა და სისხლის სისტემის თითქმის ყველა სიმსივნისათვის. აღსანიშნავია, რომ ჰემატოლოგიური დაავადებებისას ელენთის გადიდება უფრო მნიშვნელოვნადაა გამოხატული, ვიდრე ღვიძლისა. ჰემოლიზური ანემიების რიგ შემთხვევებში სპლენომეგალია შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს. ელენთის მკვეთრი გადიდება დამახასიათებელია ქრონიკული ლიმფოლეიკემიისათვის. სისხლის დაავადებების დროს ხშირად ღვიძლისა და ელენთის გადიდებას თან ახლავს სისუსტე, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, სისხლდენებისაკენ მიდრეკილება, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება. ზოგადად, როდესაც ღვიძლისა და ელენთის გადიდებას ერთვის ანემია, პერიოდულად აღინიშნება ერითროციტების შემცველობის დაქვეითება, რასაც მოსდევს სიყვითლე, ან სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება არსებითი ცვლილებები, ყოველთვის დგება საკითხი, რომ ჰეპატოსპლენომეგალია ჰემატოლოგიურ (სისხლის) დაავადებასთანაა დაკავშირებული. დიაგნოზს ადასტურებს სპეციალური ჰემატოლოგიური კვლევები ანემიის და სისხლის სისტემის სიმსივნის დასადგენად.
- რომელი ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდება გულის უკმარისობით არის გამოწვეული?
- გულის უკმარისობისას დაავადების წამყვანი სიმპტომებია ქოშინი, ტაქიკარდია, გულის რიტმის დარღვევა, პერიფერიული შეშუპებები, სითხის დაგროვება პლევრის, ზოგჯერ პერიკარდიუმის ღრუში. ყურადღებას იპყრობს გულის კონფიგურაციის ცვლილებები, რაც ძირითად დაავადებასთან არის დაკავშირებული, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოსკოპიული მონაცემები. ხშირ შემთხვევაში გულის უკმარისობის წარმატებული მკურნალობისას შეიძლება ღვიძლისა და ელენთის ზომა ნორმასაც დაუახლოვდეს, თუმცა შესაძლებელია შეუქცევადი ცვლილებების განვითარებაც.
- აქვს თუ არა პროგნოზული მნიშვნელობა ღვიძლისა და ელენთის გადიდების ხარისხს, შეიძლება ვივარაუდოთ თუ არა, რომ რაც უფრო მეტადაა გადიდებული აღნიშნული ორგანოები, მით უფრო სერიოზულია პაციენტის მდგომარეობა?
- როგორც მიმოვიხილეთ, ღვიძლისა და ელენთის გადიდება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობებთან თუ დაავადებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, პროგნოზს განსაზღვრავს ჰეპატოლიენური სინდრომის გამომწვევი პათოლოგია და არა ჰეპატოსპლენომეგალიის ხარისხი. ის ყოველთვის არ არის პირდაპირი მაჩვენებელი ძირითადი დაავადების სტადიის თუ სიმძიმისა. უმეტესად არც თავად ღვიძლისა და ელენთის გადიდება ნიშნავს, რომ დაავადების განსაკუთრებულად რთულ ან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი რიგი დაავადებების წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში ღვიძლისა და ელენთის ზომები შეიძლება კვლავ შემცირდეს და ნორმას მიუახლოვდეს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ელენთის გადიდება გარკვეულ პრობლემას ქმნის. მას ზოგჯერ თან სდევს ჰიპერსპლენიზმი - ელენთის ფუნქციის გაუკუღმართება და გაძლიერება სისხლის მიმოქცევიდან თრომბოციტების, გრანულოციტებისა და ერითროციტების მოცილების თვალსაზრისით. შედეგად პერიფერიულ სისხლში ქვეითდება ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შემცველობა. ზოგჯერ აღნიშნული უჯრედების შემცველობის პროგრესული დაქვეითების გამო საჭირო ხდება ელენთის ამოკვეთა - სპლენექტომიის ჩატარება.
- დაბოლოს, შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ჩვენი მკითხველები: რომელი კვლევები უნდა ჩატარდეს ღვიძლისა და ელენთის გადიდებისას დიაგნოსტიკის მიზნით?
- ზოგადად ღვიძლისა და ელენთის გადიდების მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა;
- იმუნოლოგიური კვლევები;
- ღვიძლისა და ელენთის ექოსკოპია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
- ზოგჯერ ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძების, ღვიძლის პუნქტატის გამოკვლევა.
ამას ემატება სპეციფიკური კვლევები, რომელთა შესახებაც კონკრეტული დაავადების განხილვისას ვისაუბრეთ. ბუნებრივია, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის ამ მრავალფეროვან ჩამონათვალში მხოლოდ ექიმი შეიძლება ერკვეოდეს. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო პროცესია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი თუ რეკომენდებული კვლევების სწორად შერჩევა და დაგეგმვა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა.