რატომ მწვავდება წყლული
რატომ მწვავდება ეს დაავადება გაზაფხულზე? რა ვიღონოთ ამის თავიდან ასაცილებლად? როგორ მკურნალობენ მას? ამ და სხვა კითხვებზე თერაპიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი იგორ სიმონიშვილი გვიპასუხებს.
- ბატონო იგორ, რა არის წყლულოვანი დაავადება?
- წყლულოვანი დაავადება ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. მისთვის დამახასიათებელია დეფექტის განვითარება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის ლორწოვან გარსზე.
- რა განსხვავებაა წყლულსა და ეროზიას შორის?
- ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან. ეროზია ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტია, წყლული კი ღრმა, იგი მოიცავს როგორც ლორწოვანს, ასევე ლორწქვეშა შრესაც.
- როგორც ცნობილია, გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყლულოვანი დაავადება მწვავდება. როგორ ავიცილოთ თავიდან მისი რეციდივი?
- წყლულოვან დაავადებას მართლაც ახასიათებს სეზონურობა - როგორც წესი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. დაავადების სეზონური გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რაც მოიცავს გამოკვლევებსა და მკურნალობის შესაბამის კურსს.
- რას გულისხმობს თავად წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა?
- წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს უწინარესად ცხოვრების ჯანსაღ წესს - კვების ნორმალურ რეჟიმს, ალკოჰოლიან სასმელებზე უარის თქმას, თამბაქოზე უარის თქმას, ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.
- რა სიხშირით გვხვდება ეს დაავადება, რა ასაკში ვითარდება და როგორია მისი "გენდერული" გადანაწილება?
- სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს წყლულისწინარე მდგომარეობა - გასტრიტი ან დუოდენიტი, ხოლო 7-15%-ს წყლულოვანი დაავადება აქვს. დაავადება დიდ ქალაქებში უფრო ხშირია, ვიდრე პროვინციებში; 3-ჯერ ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კუჭისა. ეს დაავადება 40 წლამდე გაცილებთ უფრო ხშირია მამაკაცებში, სამაგიეროდ, მენოპაუზის შემდეგ - ქალებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო ხანს შეიმჩნევა წყლულოვანი დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია - დაავადებულთა 75% 40 წლამდე ასაკისაა.
- გვხვდება თუ არა ეს პათოლოგია ბავშვებში?
- სამწუხაროდ, წყლულოვანი დაავადება ბავშვებშიც გვხვდება. 6-დან 10 წლამდე ბიჭებსა და გოგონებში - ერთნაირი სიხშირით, 10 წლიდან კი ბიჭებში უფრო მეტად.
- რა ქნას ადამიანმა, რომელსაც უკვე აქვს წყლულოვანი დაავადება?
- ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია, არ დავუშვათ მისი გამწვავება და რაც შეიძლება მეტად გავახანგრძლივოთ რემისიის (ჩაცხრობის) ფაზა. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, მასზე ფიქრი მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ იგი თავს შეგვახსენებს, ანუ გამწვავების ფაზაში გადავა. ეს კი, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის და/ან შემოდგომის დადგომისთანავე დავიწყოთ დაავადების პროფილაქტიკა.
- რა იწვევს წყლულს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
- ავსტრალიელმა მეცნიერებმა რ. უორენმა და ბ. მარშალმა XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ ქრონიკული ანტრალური გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევია ბაქტერია - ჰელიკობაქტერ პილორი (Helikobaqter pylori). იგი გამოიმუშავებს ფერმენტებს (ურეაზა, პროტეაზა), რომლებიც აზიანებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. ბაქტერია კარგად გრძნობს თავს მაღალი მჟავიანობის გარემოში, რაც წყლულის წარმოშობის წინაპირობაა. ამასთან ერთად არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც:
- უარყოფითი ემოციები - შფოთვა, დეპრესია, ასთენია (ნერვული სისტემის ზოგადი გამოფიტვა), გონებრივი გადაძაბვა, სტრესი, რომლითაც ასე მდიდარია თანამედროვე ქალაქის ცხოვრება. არსებობს სტრესული წყლული, რომელიც სტრესულ სიტუაციაში აღმოცენდება. ამ დაავადებამ ბოლო ხანს განსაკუთრებით იმატა. ის შეიძლება განვითარდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ფონზე, თუმცა უფრო მეტად, რასაკვირველია, უარყოფით მოვლენებს უკავშირდება. ასეთი წყლული, არ არის გამორიცხული, წარმოიშვას ქირურგიული ოპერაციის, დამწვრობის, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როცა მთელი ორგანიზმი ძლიერ სტრესულ მდგომარეობაშია.
სტრესული წყლული რამდენიმე წუთშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, შესაძლო გართულებასთან ერთად. უმეტესად ეს გართულება სისხლდენაა.
- კვების რეჟიმის დარღვევა;
- მავნე ჩვევები. ნიკოტინი აძლიერებს მარილმჟავას გამოყოფას, არღვევს საკვების გადამუშავებას და აზიანებს კუჭის კედელს. ალკოჰოლიც უარყოფითად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე და აქვეითებს მის თავდაცვით ფუნქციას, ამიტომ წყლულისწინარე მდგომარეობები, გასტრიტი და დუოდენიტი, ალკოჰოლის მოყვარულთა ხშირი თანამგზავრია.
- მედიკამენტები - წყლულის აღმოცენებას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ზოგიერთი პრეპარატის უკონტროლო მიღებამ. ასეთი პრეპარატები გახლავთ კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (სტეროიდული წყლული), ასპირინი (ასპირინული წყლული), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ბუტადიონი, ვოლტარენი) და სხვა. ამ პრეპარატების თვითნებური და უკონტროლო მიღება იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას, ხოლო ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა წყლულიც ჩამოყალიბდეს.
- სეზონურობა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყლული თავს გვახსენებს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, თუმცა გაჩენით შესაძლოა წლის ნებისმიერ დროს გაჩნდეს.
- გენეტიკური განწყობა - იმ არასასურველი ფაქტორებიდან, რომლებიც ზრდის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს, აღსანიშნავია გენეტიკური განწყობა. დავაზუსტებ: ინდივიდს გენეტიკურად გადაეცემა არა დაავადება, არამედ განწყობა მის მიმართ და თუ ამ განწყობას ცხოვრების არაჯანსაღი წესიც დაერთო, წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბების ალბათობა დიდია. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ წყლული ხშირად ემართებათ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს.
- ბოლო ხანს ძალიან გახშირდა საღეჭი რეზინის მოხმარება ყველა ასაკის ადამიანში. საშიში ხომ არ არის ეს?
- საღეჭი რეზინი რეფლექსურად აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, და ხელს უწყობს ჰელიკობაქტერის გააქტიურებას.
- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომელსაც სხვა დაავადების გამო უწევს იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც თავად იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს? ერთი საქმის გაკეთებით ხომ არ გავაფუჭებთ მეორეს?
- მართალი ბრძანდებით, წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებს, თუ ასეთი პრეპარატების მიღება დასჭირდათ, ამ წამლების მიღებას, პირველ რიგში, ჭამის შემდეგ ვურჩევთ. გარდა ამისა, საჭიროა კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალებების გამოყენება, მაგალითად, ფოსფალუგელისა, მაალოქსისა, ალმაგელისა.
- როგორია წყლულოვანი დაავადების დროს მჟავიანობა, ყოველთვის მომატებულია თუ არა?
- ეს დაავადება უმეტესად მაღალი მჟავიანობით მიმდინარეობს.
- რას უჩივის ავადმყოფი?
- ერთ-ერთი ტიპური ჩივილი ტკივილია. იგი გამოწვეულია წყლულოვანი დეფექტის გაღიზიანებით, მასში მიმდინარე ანთებითი პროცესებით, გლუვი კუნთების ადგილობრივი სპაზმით, ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით. ტკივილი ლოკალიზდება კუჭის თავთან, გადაეცემა მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში. ტკივილის ინტენსივობა დამოკიდებულია წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტკივილის წარმოშობასა და საკვების მიღებას ან არმიღებას, დღე-ღამის მონაკვეთს.
ტკივილი უშუალოდ საკვების მიღებისთანავე ან 10-30 წუთის შემდეგ დამახასიათებელია კუჭში არსებული წყლულისათვის.
ტკივილი საკვების მიღებიდან 1,5-3 საათის შემდეგ (მას გვიან ტკივილს უწოდებენ) ძირითადად ახასიათებს კუჭის ანტრალური ნაწილისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს.
არსებობს "მშიერი" ტკივილიც, რომელიც ვითარდება უზმოზე და ჭამიდან დიდი ხნის შემდეგ და "ღამის" ტკივილიც, რომელიც აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი იძულებით პოზას იღებს.
- რატომ ეშინიათ კუჭის მიდამოში აღმოცენებული ტკივილისა და რატომ უკავშირებენ მას გულის პათოლოგიას?
- მიუხედავად იმისა, რომ წყლულოვან დაავადებას სპეციფიკური სიმპტომატიკა აქვს, აუცილებელია გულის დაავადებებისგან მისი დიფერენცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილი ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან და კუჭის თავთან. ამ დროს აუცილებელია ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა გამოირიცხოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ყურადსაღებია ასევე ანტაციდური ტესტი. ტუტე ხსნარების, ანტაციდური პრეპარატების მიღებისას ტკივილის ინტენსივობა იკლებს და ეჭვი სტენოკარდიულ ტკივილზე ქრება.
- კიდევ რა ახასიათებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს?
- გარდა ტკივილისა, როგორც წესი, ვითარდება დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, რომელიც ხშირად ავადმყოფს შვებას ჰგვრის, შეკრულობისკენ მიდრეკილება.
- რით შეიძლება გართულდეს ნებაზე მიშვებული ან არასწორად ნამკურნალევი წყლული?
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისათვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები:
სისხლდენა წყლულიდან
სისხლდენა წყლულის ყველაზე ხშირი გართულებაა. განასხვავებენ ფარულ და მანიფესტირებულ სისხლდენებს. ამ დროს ავადმყოფი აღებინებს ყავის ნალექის მსგავს მასებს, ვითარდება კოლაფსური მდგომარეობა, ცივი ოფლი, საერთო სისუსტე, ზოგჯერ კუპრისფერი ხდება განავალი.
პერფორაცია
პერფორაცია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტაა. ვლინდება ძლიერი ტკივილით ეპიგასტრიუმის მიდამოში, წყლულოვანი დეფექტი არღვევს კედლის სამივე შრეს და შიგთავსი დეფექტიდან მუცლის ღრუში ჩაიღვრება. პერფორაციას უეცარი და ძლიერი, ხანჯლის ჩარტყმის მაგვარი ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს მუცლის ძლიერი დაჭიმულობა, პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები. ეს მდგომარეობა გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
პენეტრაცია
პენეტრაცია გახლავთ წყლულის ჩაზრდა კუჭის ან თორმეტჯოგა ნაწლავის მეზობელ ორგანოებში. წყლული უმეტესად კუჭქვეშა ჯირკვალში (პანკრეასი) და ღვიძლში ჩაიზრდება.
დეფორმაცია და პილოროდუოდენური სტენოზი
დეფორმაცია და პილოროდუოდენური სტენოზი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის მდებარე სფინქტერის შევიწროებაა, რის შედეგადაც ირღვევა კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების გადასვლა. ავადმყოფს აწუხებს კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, ბოყინი. მძიმე შემთხვევაში იწყება ღებინება საკვების ნარჩენი მასებით. შვება რომ იგრძნოს, ბევრი ხელოვნურად იწვევს პირღებინებას. ავადმყოფი იკლებს წონას, ხშირია კახექსიური მდგომარეობაც.
მალიგნიზაცია
მალიგნიზაცია წყლულის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარებაა. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი წყლული შემდგომ კიბოდ გარდაიქმნება, თუმცა პირველადი კიბოსგან მისი დიფერენცირება ძალზე ძნელია.
- მაშასადამე, ყოველგვარი წყლული არ განიცდის მალიგნიზაციას...
- რასაკვირველია, არა, მაგრამ ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი. ანატომიურად კუჭი ორ ნაწილად იყოფა: პროქსიმულად, რომელიც საყლაპავს მოსდევს, და დისტალურად, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავთან მდებარეობს. კუჭის დისტალურ ნაწილსა და თორმეტგოჯა ნაწლავში მდებარე წყლულები ავთვისებიან სიმსივნედ იშვიათად გადაგვარდება, რადგან მათ უმეტესად მაღალი მჟავიანობა ახასიათებს. რაც შეეხება პროქსიმულ ნაწილში მდებარე დაბალი მჟავიანობის წყლულებს, მათი სიმსივნედ გადაგვარების ალბათობა ძალიან დიდია.
გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამ ნაწილში მდებარე წყლულებიდან აღებული ბიოპტატის დეტალური ჰისტოლოგიური შესწავლა.
- როგორ ისმება წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი?
- დიაგნოზის დასადგენად ტარდება ფიბროგასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ბიოფსია და ჰელიკობაქტერ პილორის გამოსავლენი სპეციფიკური ტესტები. პრიორიტეტულია ფიბროგასტროდუოდენოსკოპია. მისი საშუალებით ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერება, მცირე დეფექტების დაფიქსირებაც კი, რომელთა აღმოჩენა რენტგენოლოგიური გამოკვლევით ხშირად შეუძლებელია.
ენდოსკოპიური გამოკვლევით შესაძლებელია მჟავიანობის განსაზღვრა, ბიოფსიური მასალის აღება და ჰელიკობაქტერ პილორის გამოვლენა. ჰელიკობაქტერიის აღმოსაჩენად არსებობს მრავალი სპეციალური ტესტიც. ჩვენ ურეაზის ტესტს ვიყენებთ, რომლის მეშვეობითაც კუჭში მიკროორგანიზმის არსებობასა და კონცენტრაციას ვადგენთ.
- ზოგიერთ პაციენტს გასტროსკოპის გადაყლაპვა უჭირს. შეცვლის თუ არა გასტროსკოპიას ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიური გამოკვლევა?
- ბარიუმის ფაფით კონტრასტული რენტგენოსკოპია, რასაკვირველია, ენდოსკოპიურ გამოკვლევას ვერ შეცვლის, მაგრამ ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ფსიქონევროლოგიური დაავადებები და სხვა, გასტროსკოპია უკუნაჩვენებია. ამ შემთხვევაში განსაზღვრულ ინფორმაციას გვაწვდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
- შესაძლებელია თუ არა ექოსკოპით კუჭის გამოკვლევა?
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შესწავლა ულტრაბგერითი გამოკვლევით არ ხდება. ექოსკოპია დიდ დახმარებას გვიწევს ისეთი ორგანოების გამოკვლევისას, როგორიც არის ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი...
- როგორ მკურნალობენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას?
- არსებობს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მეთოდები. თერაპიული მკურნალობა კომპლექსურია და უმთავრესად მჟავიანობის დამაქვეითებელ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მოტორული ფუნქციის აღმდგენ პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებს მოიცავს. მკურნალობის აუცილებელი პირობაა რეჟიმული კვება, რადგან მხოლოდ მედიკამენტებით, რაოდენ რაციონალურადაც უნდა იყოს ისინი დანიშნული, წყლული ვერ განიკურნება.
ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ხშირად (4-5-ჯერ) და მცირე ულუფებით. სამკურნალო კვების დროს ავადმყოფს ენიშნება (დიეტა #1ა; #1ბ; #1) თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე. საკვები უნდა იყოს დამზოგველი, აუცილებლად ახალი, თბილი, უცხიმო, ნაკლებად კალორიული, მოხარშული და არა შემწვარი.
- შესაძლებელია თუ არა წყლულოვანი დაავადებისგან საბოლოოდ განკურნება?
- როგორც აღვნიშნეთ, უკვე ცნობილია, რომ წყლულოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევია ჰელიკობაქტერ პილორი. თუ მკურნალობის სქემა მოიცავს სათანადო პრეპარატებს, სრული განკურნების ალბათობა 90%-ია. როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა ან ვითარდება გართულება, მკურნალობა ტარდება ქირურგიული მეთოდით.
ქირურგიული ჩარევის აბსოლუტური ჩვენებებია:
- წყლულის პერფორაცია;
- პროფუზიული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
- სტენოზი გამოხატული ევაკუაციური დარღვევით;
- ანამნეზში - ხშირი სისხლდენა;
- მალიგნიზაცია;
- წყლულის შეუხორცებლობა 4 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში.
გახსოვდეთ: ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანი უშვებს კუჭის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნების გაჩენისას, თვითმკურნალობაა. მართალია, სოდის ან რომელიმე ანტაციდური საშუალების მიღება ხსნის ტკივილს, მაგრამ დაავადება ამით არ იკურნება და მომდევნო რეციდივი შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, თვით ლეტალური შედეგის ჩათვლითაც კი.