გულძმარვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულძმარვა

დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.

ამ უკუდენას რეფლუქსი ეწოდება და გულძმარვის მიზეზიც სწორედ ის არის. გულძმარვა საკმაოდ ხშირია. ის ამერიკის მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება. გულძმარვას უჩივის ორსულთა 50%. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს. ქრონიკული გულძმარვა ხშირად გასტროეზოფაგური (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსური დაავადების გამოვლინებაა.

რატომ ვითარდება გულძმარვა

როგორც უკვე მოგახსენეთ, გულძმარვის უმთავრესი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, მისი ღიაობა, ამას კი ორი რამ განაპირობებს - კუჭში მეტისმეტად ბევრი საკვების არსებობა, რაც ჭარბი კვების შედეგია და მუცლის პრესზე გადამეტებული ზეწოლა, უმეტესად - სიმსუქნის ან ორსულობის გამო. დადგენილია, რომ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები - პომიდორი, ციტრუსები, ნიორი, ხახვი, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელი (კოლა), ცხარე და ნოყიერი კერძები.

გულძმარვა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სტრესი ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის ჭარბ პროდუქციას და, შესაბამისად, გულძმარვას, თამბაქოს წევა კი აძლიერებს მჟავა წვენის წარმოქმნას და აქვეითებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.

არის თუ არა გულძმარვა წყლულის სიმპტომი?

დიახ, არის, თუმცა ამ შემთხვევაში გულძმარვას რიგი თავისებურება ახასიათებს:

  • წყლულის დროს გულძმარვა ძლიერდება, როცა კუჭი ცარიელია;
  • გულძმარვისა და წვის შეგრძნება შემაწუხებელია შუაღამისას და ადრიან დილით, რის გამოც ავადმყოფს ხშირად ეღვიძება;
  • წყლულის დროს წვის შეგრძნება ლოკალიზებულია მკერდის ძვლის ქვემოთ, ხოლო რეფლუქსის დროს - მკერდის ძვლის უკან, გულმკერდში;
  • რეფლუქსის დროს წოლისას მდგომარეობა უარესდება, წყლულის დროს არ იცვლება.

გულძმარვის ეპიზოდები ღამით

პირში უსიამოვნო გემო, ქრონიკული ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე... თუ ყოველ დილით ამ ჩივილებით იღვიძებთ, დიდია ალბათობა, ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნებოდეს.

დადგენილია, რომ ღამღამობით რეფლუქსი გულძმარვის მქონე ხუთი ადამიანიდან ოთხს აღენიშნება. ეს არღვევს ძილს და აუარესებს შრომის უნარს. თუ აღწერილი სიმპტომები გეცნოთ, თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება მარტივი ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ღამის გულძმარვის ეპიზოდები გავაიშვიათოთ.


საკვებისა და სასმლის მიღების 12 წესი ღამის გულძმარვის შესამცირებლად

1. ერიდეთ მჟავა რეაქციის საკვებს - ციტრუსებს, პომიდორს, ძმარს.

2. თუ ამჩნევთ, რომ სანელებლები გულძმარვას აძლიერებს, ნუღარ გამოიყენებთ.

3. ნუ დაწვებით ჭამიდან 3 საათის განმავლობაში. როცა ზიხართ, სიმძიმის ძალა ხელს უშლის რეფლუქსის აღმოცენებას.

4. მიირთვით უპირატესად ვეგეტარიანული და უცხიმო საკვები. ცხიმიანი კერძები გულძმარვას აძლიერებს.

5. მაქსიმალურად ერიდეთ შოკოლადს, მენთოლს, ციტრუსებს, პომიდორს, პილპილს, ძმარს, კეტჩუპს, მდოგვს.

6. არ დაივიწყოთ, რომ რეფლუქსს აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები (მათ შორის - კოლა, ჩაი, ყავა).

7. გაითვალისწინეთ, რომ საკვების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიირთვით მცირე ულუფებით.

8. გახსოვდეთ: ალკოჰოლი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.

9. ყოველგვარი გაზიანი სასმელი, სამკურნალო მინერალური წყალიც კი, რეფლუქსის ეპიზოდებს ახშირებს.

10. მიირთვით ნელა, ნუ აჩქარდებით ჭამის დროს.

11. ნურაფერს შეჭამთ ძილის წინ, უბრალო სასუსნავსაც კი.

12. ეცადეთ, ბოლოს საკვები დაწოლამდე, სულ ცოტა, 3 საათით ადრე მიიღოთ.

16 წესი ღამის გულძმარვის შესამცირებლად

1. ნუ იხმართ მოჭერილ სამოსსა და აქსესუარებს - ქამრებს, ბანდაჟებს, საცვლებს. მუცელზე მათი ზეწოლა გულძმარვას აძლიერებს.

2. ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლუქსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო.

3. თუ მსუქანი ბრძანდებით, აუცილებლად დაიკელით წონა. ჭარბი წონა საგრძნობლად ზრდის რეფლუქსის რისკს.

4. თუ გულძმარვის გამო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატს კვირაში ორჯერ და მეტად იღებთ, ესე იგი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება გაქვთ და არა უბრალო გულძმარვა. უნდა მიმართოთ ექიმს.

5. ღამით, დაწოლამდე, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ეს ხელს უწყობს ნერწყვის პროდუქციას, ნერწყვი კი კუჭის სიმჟავეს ანეიტრალებს და რეფლუქსს ამცირებს.

6. გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის გამომწვევი საკვები ყველა ადამიანზე როდი მოქმედებს უარყოფითად. დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში რა აძლიერებს სიმპტომებს და თავად შეიტანეთ კორექცია კვების რეჟიმში.

7. თუ ორსულად ბრძანდებით, რეფლუქსის აღმოცენების დიდი ალბათობა გაქვთ. შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

8. თუ გულძმარვა ძლიერდება ვარჯიშის შემდეგ, სვით სათანადო რაოდენობის წყალი.

9. გაითვალისწინეთ, რომ თუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, გაიზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი, ამიტომ შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

10. აწარმოეთ სპეციალური ჩანაწერები, რათა უკეთ გაიგოთ, რა ახდენს გულძმარვის პროვოცირებას.

11. სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე.

12. გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, კვებიდან ვარჯიშამდე 2 საათი მაინც უნდა გავიდეს.

13. უარი თქვით თამბაქოზე.

14. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები) გულძმარვას იწვევს.

15. თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.

16. გაითვალისწინეთ, რომ წინ დახრისას რეფლუქსის სიმპტომები ძლიერდება.