ტუბერკულოზი - მკურნალობა და პროფილაქტიკა
.
ტუბერკულოზს კაცობრიობა ქრისტეს შობამდე კარგა ხნით ადრე იცნობდა. წინათ მას ჭლექსაც უწოდებდნენ. აქედან წარმოდგება მისი შემსწავლელი დარგის სახელი - ფთიზიატრია ("ფთიზის" - ჭლექი, "იატროს" - ექიმი, მკურნალობა). ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულში, ხამურაბის მმართველობის დროს, ბაბილონში კანონით ნებადართული იყო ჭლექიან ქალთან განქორწინება.
ყველა დროისა და ხალხის უდიდესმა ექიმმა ჰიპოკრატემ სრულყოფილად აღწერა ფილტვის ტუბერკულოზის კლასიკური ნიშნები, მაგრამ დაავადების მიზეზი ვერ ამოიცნო. მას ტუბერკულოზი მემკვიდრეობით დაავადებად მიაჩნდა, რომელიც ორგანიზმში ლორწოს არათანაბარი გადანაწილების გამო წარმოიქმნებოდა. მხოლოდ მისი აღმოსავლელი კოლეგა ავიცენა მიხვდა, რომ ტუბერკულოზი ადამიანისგან ადამიანს სხვა გზით გადაეცემოდა და ისიც აღნიშნა, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენა გარემოსაც შეეძლო მოეხდინა.
-
რასთან გვაქვს საქმე?
ტუბერკულოზი გადამდები სნეულებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოში, უმეტესად - ფილტვის ქსოვილში, ერთი ან რამდენიმე ანთებითი კერის წარმოქმნა. ამ დაავადების ინფექციური ბუნება გერმანელმა მეცნიერმა კოხმა დაამტკიცა 1882 წელს. სწორედ მან აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია, რომელსაც უბრალოდ კოხის ჩხირი დაარქვა. სხვა მიკრობებისგან განსხვავებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერია განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა: კარგად გრძნობს თავს მიწაშიც და თოვლშიც, გამძლეა სპირტის, მჟავასა და ტუტისადმი, იღუპება მხოლოდ მზის პირდაპირი სხივების, მაღალი ტემპერატურისა და ქლორშემცველი ნივთი-ერებების ზემოქმედებით. ამჟამად მსოფლიოში ტუბერკულოზით 20 მილიონამდე ადამიანია ავად. ამასთანავე, ერთი ავადმყოფი წლის განმავლობაში თითქმის ას კაცს აინფიცირებს, რომელთაგან ათი ავად ხდება.
-
მიზეზები
ადამიანი რომ დაავადდეს, მის ორგანიზმში ტუბერკულოზის მიკობაქტერია უნდა მოხვდეს, თუმცა ეს არ კმარა. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად მძლავრია, რომ უბრალოდ ანადგურებს ავადმყოფობის გამომწვევს, თუმცა ასეთი რამ შედარებით იშვიათია. იმუნიტეტი მეტწილად მხოლოდ თრგუნავს ბაქტერიის აქტიურობას და დიდხანს აკონტროლებს, მაგრამ თუ იმუნური სისტემა დასუსტდა, მთვლემარე კოხის ჩხირი ძალას იკრებს, აქტიურად მრავლდება და დაავადებას იწვევს.
ფაქტორები, რომლებიც ტუბერკულოზით დაავადებას უწყობს ხელს:
- არადამაკმაყოფილებელი სოციალური და ეკოლოგიური პირობები;
- არასრულფასოვანი კვება;
- ალკოჰოლიზმი, თამბაქოს წევა, ნარკომანია;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- სტრესები;
- ფონად - სხვა დაავადებები (დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ფილტვის პათოლოგიები).
ტუბერკულოზით დასნებოვნება ავადმყოფისგან ხდება, რომელიც ლაპარაკის, ცემინებისა თუ ხველების დროს ირგვლივ დიდი რაოდენობით კოხის ჩხირს ავრცელებს. იშვიათად ინფექციის წყაროდ იქცევა ტუბერკულოზით დაავადებული ცხოველის რძე და მისი ნაწარმი.
-
რა და როგორ ხდება
კოხის ჩხირი ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იმუნურ სისტემას ცვლის. გარდა ამისა, მიკობაქტერიები ფილტვებსა და ლიმფურ კვანძებში მცირე ანთებით კერებს აჩენს.
დროთა განმავლობაში ეს კერები პირს იკრავს, იკირება ან ნაწიბურდება, თუმცა მათში არსებული ბაქტერიები ყოველთვის არ იხოცებიან. ხშირად ისინი ე. წ. მთვლემარე მდგომარეობაში გადადიან, ხელსაყრელ პირობებში იღვიძებენ და განმეორებით ანთებას იწვევენ, ალღობენ ძველი კერის გარშემო არსებულ დამცავ კაფსულას და გარეთ გამოდიან.
ტუბერკულოზის აქტიური ფორმის დროს ავადმყოფის ფილტვებში კოხის ჩხირი სწრაფად მრავლდება. იკვებება ადამიანის ქსოვილებით, შლის ფილტვებს და საკუთარი ცხოველქმედების პროდუქტებით წამლავს ორგანიზმს. სისხლსა და ლიმფასთან ერთად ბაქტერიას შეუძლია, მთელ ორგანიზმში გავრცელდეს. ასე წარმოიქმნება მეორეული ტუბერკულოზი. ზოგ შემთხვევაში იგივე პროცესი ვითარდება ტუბერკულოზის ბაქტერიით ხელახალი ინფიცირებისას. ტუბერკულოზმა შეიძლება დააზიანოს სხვადასხვა ორგანო და ქსოვილი: თვალები, ძვლები, კანი, საშარდე სისტემა, ნაწლავები და სხვა. ასეთ შემთხვევაში ტუბერკულოზს არაფილტვისმიერს უწოდებენ, თუმცა ყველაზე ხშირი მაინც ფილტვის ტუბერკულოზია (83-88%).
-
როგორ ამოვიცნოთ?
ფილტვების ტუბერკულოზის ძირითადი სიმპტომებია:
- სწრაფი დაღლა და სისუსტის შეგრძნება;
- მადის დაქვეითება ან უმადობა, სხეულის წონის 5-10 კილოგრამით შემცირება;
- ოფლიანობის მომატება, განსაკუთრებით - ღამით;
- მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი ქოშინი;
- სხეულის ტემპერატურის მცირედი - 37-37,5 გრადუსამდე - მომატება;
- ხველება (მუდმივად ან დროდადრო), ნახველის (ზოგჯერ სისხლიანის) გამოყოფით;
- სპეციფიკური (ე. წ. ციებისმაგვარი) ელვარება თვალებში.
დაავადების მიმდინარეობა და შედეგი ორგანიზმის იმუნური სისტემის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
-
დიაგნოსტიკა
თუ ინფიცირებული მაშინვე არ დაავადდა, ის ინფექციის მატარებელი ხდება. ამის გამოვლენა მხოლოდ მანტუს რეაქციით არის შესაძლებელი. სამი კვირის მანძილზე ზემოთ ხსენებული თუნდაც ერთი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ ფთიზიატრს, რომელიც დიაგნოზის დასაზუსტებლად სპეციალურ ანალიზებს: ნახველის გამოკვლევას, ფილტვების რენტგენოსკოპიას დანიშნავს. კოხის ჩხირის აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია გამონაყოფის დათესვა წამლებისადმი ბაქტერიის მგრძნობელობის გამოსარკვევად, რათა პრეპარატი სწორად იქნეს შერჩეული.
-
მკურნალობა
პირველად აღმოჩენილი ტუბერკულოზით დაავადებული თითქმის ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი, მთავარია, ყველაფერი სწორად გაკეთდეს. მკურნალობა უწყვეტად და, ამასთანავე, ერთდროულად რამდენიმე ანტიტუბერკულოზური პრეპარატით უნდა მიმდინარეობდეს.
თითოეული იმ 4-5 წამლიდან, რომლებსაც ადამიანი ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე იღებს, თავისებურად მოქმედებს კოხის ჩხირზე და მხოლოდ მათი ერთდროული გამოყენებით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს - გავანადგუროთ დაავადების გამომწვევი.
სრული გამოჯანმრთელებისთვის წამლები საკმარისი არ არის. ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეთ ფიზიოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, დაენიშნოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატებიც.
არასწორი მკურნალობით დაავადების იოლად განკურნებადი ფორმა ძნელად სამკურნალო, წამლების მიმართ მედეგი ტუბერკულოზით იცვლება.
ცნობისათვის: წამლების მიმართ მედეგი ტუბერკულოზი ტუბერკულოზის ის ფორმაა, რომელიც სტანდარტული პრეპარატებით მკურნალობას არ ემორჩილება და განისაზღვრება როგორც პირველი ხაზის ძირითადი პრეპარატების - იზონიაზიდისა და რიფამპიცინისადმი მედეგი ტუბერკულოზი. ასეთი ტიპის დაავადების მკურნალობა ჩვეულებრივზე ათასჯერ უფრო ძვირი ჯდება.
ქირურგიულ მკურნალობას - ფილტვის ნაწილის ამოკვეთას - მიმართავენ მხოლოდ ტუბერკულოზის მიშვებული შემთხვევების დროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს ტუბერკულოზის მოკლევადიან მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობით, რომელსაც DOTS პროგრამის სახელწოდებით იცნობენ. ამ დროს გამოიყენება პაციენტთა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ახალი მაღალეფექტური მეთოდები. ეს ახალი სტრატეგია ბაქტერიოსკოპიის მეშვეობით დაავადების ადრეულ გამოვლენას უზრუნველყოფს. ამ მეთოდით ათი პაციენტიდან რვის განკურნებაა შესაძლებელი. DOTS სტრატეგია ჯანმომ 1995 წელს მიიღო. მას შემდეგ ამ მოკლევადიანი კურსით მკურნალობა 22-მა მილიონმა კაცმა გაიარა. მკურნალობის გარეშე აქტიური ტუბერკულოზის გამო სიკვდილიანობა ერთი-ორი წლის მანძილზე 50%-ს აღწევს. დანარჩენ 50%-ს არანამკურნალევი ტუბერკულოზი ქრონიკულ ფორმაში გადაეზრდება. ქრონიკული ავადმყოფი უფრო მეტხანს ცოცხლობს, ავრცელებს მიკობაქტერიებს და ასნებოვნებს ირგვლივ მყოფებს.
-
პროფილაქტიკა
გარშემო მყოფების დასნებოვნების შანსი რომ შეამციროს, აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულმა ადამიანმა განსაზღვრული წესები უნდა დაიცვას:
- ხველების დროს პირი იბრუნოს და პირზე ცხვირსახოცი აიფაროს;
- ქაღალდის ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დაწვას;
- ისარგებლოს საკუთარი ჭურჭლით და არ მისცეს სხვას იმავე ჭურჭლით სარგებლობის საშუალება.
დეზინფექციის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქლორშემცველი ხსნარები. უვნებელყოფის კარგი და მარტივი მეთოდია განიავება, ტანსაცმლის, ლოგინის გადასაფარებლების, შალეულის და სხვა საგნების მზეზე გაფენა, რადგან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას კოხის ჩხირი 5 წუთში იღუპება.
-
პროფილაქტიკური მკურნალობა
პროფილაქტიკური მკურნალობისთვის, მაგალითად, აშშ-ში, ჩვენებად ითვლება:
- იმ პირებთან ახლო კონტაქტი, ვისაც ცოტა ხნის წინ ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (დამატებით: ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც ბოლო სამი თვის მანძილზე ავადმყოფთან კონტაქტი ჰქონდათ, მანტუს უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, უნდა უმკურნალონ 12 კვირის განმავლობაში, მანტუს რეაქციის განმეორებით ჩატარებამდე);
- პაციენტები მანტუს დადებითი რეაქციითა და ფილტვების ტუბერკულოზის მოგვიანო კვალით, რომელსაც რენტგენოგრაფიით (ფლუოროგრაფიით) აღმოაჩენენ;
- პაციენტები მანტუს დადებითი რეაქციით და იმ ფაქტორებით, რომლებიც ზრდის ტუბერკულოზის განვითარების შანსს (შიდსი, შაქრიანი დიაბეტი);
- აივ-ით ინფიცირებულები;
- ნარკომანები, წარსულში მანტუს დადებითი რეაქციის მქონე პირები;
- იმ რეგიონებიდან ჩამოსულები, სადაც მაღალი იყო ტუბერკულოზით დაავადების რისკი, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები, რომელთაც მანტუს დადებითი რეაქცია გამოუვლინდათ.
ახალი პრობლემა - ტუბერკულოზი და შიდსი
ჯანმოს მონაცემებით, 4,4 მილიონი ადამიანი ერთდროულად შიდსსა და ტუბერკულოზს დაავადების გამომწვევით არის ინფიცირებული. ტუბერკულოზი პირველი დაავადებაა, რომელსაც აივ-ის მატარებელი ხვდება. შიდსით დაავადებული ადვილად ინფიცირდება ტუბერკულოზით და სწორედ ამ უკანასკნელის გამო კვდება. აფრიკის მაგალითზე დავრწმუნდით, რომ შიდსით ავადობის მატებასთან ერთად მაღლა იწევს ტუბერკულოზით ავადობის მრუდიც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შიდსის დამარცხება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდა, ტუბერკულოზთან ბრძოლა ამაოდ ჩაივლის.