რომელი დაავადებების დროს ვითარდება ხველა და როგორია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
როგორია ხველის განვითარების მექანიზმი და რომელი დაავადებების დროს გვხვდება ეს სიმპტომი, გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ,,ჯეოჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია მინდიაშვილი.
– ქალბატონო ლია, რა შეიძლება იყოს სასუნთქი გზების გამღიზიანებელი აგენტები?
– სასუნთქი გზების გამღიზიანებელ აგენტებად შეიძლება მოგვევლინოს: პათოგენური ფლორა (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვ.), უცხო სხეული, სახლისა თუ გარემოს მტვერი და ალერგენი, ცხელი ან ცივი სასმელი და/ან ჰაერი, მოცულობითი წარმონაქმნი (სიმსივნე, კისტა და სხვ.), თამბაქოს ბოლი, საკვების მცირე ზომის ნარჩენები.
რიგ შემთხვევაში ხველა შეიძლება იყოს სახიფათო მდგომარეობის, დაავადების სიგნალი. ამიტომ ამ სიმპტომის აღმოცენების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
– როგორი შეიძლება იყოს ხველა?
– ხველა თავისი მახასიათებლებით შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად:
- ნახველის არსებობის მიხედვით სასუნთქ გზებში:
- მშრალი (არაპროდუქტიული).
- სველი (პროდუქტიული).
- ხმის მიხედვით:
- „მყეფავი“ – ლარინგიტის დროს, კრუპის დროს – ხორხის სანათურის შევიწროების გამო. ყეფის მსგავს ხმასთან ერთად შესაძლოა იყოს მკვეთრი, უხეში და ხმაურიანი სუნთქვაც – სტრიდორი.
- სპაზმური, შემაწუხებელი და მსტვინავი, შედარებით ნაკლებპროდუქტიული – ალერგიის, ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.
- ყრუ სუსტი, ჩუმი, ხრინწიანი – დიფტერიის დროს განვითარებული კრუპის დროს.
- ჟღერადი.
- ინტენსივობის მიხედვით:
- ჩახველება.
- მსუბუქი ხველა.
- ძლიერი ხველა.
- ხველის აქტის ხანგრძლივობის მიხედვით:
- მოკლე, წყვეტილი, ე.წ. ,,სტაკატოს“ ტიპის – ქლამიდიოზის დროს.
- ხანგრძლივი.
- ხველის აღმოცენების დროის მიხედვით:
- დილის ხველა – დამახასიათებელია მწეველებისა და ბრონქული ასთმით დაავადებულებისათვის.
- ღამის ხველა – ძირითადად დამახასიათებელია ყივანახველას, ტუბერკულოზის, რინოსინუსიტებისათვის.
- არ არის დაკავშირებული დღე-ღამის დროსთან – ფილტვის ანთებითი პროცესების დროს.
- ხველის აღმოცენების მექანიზმის მიხედვით:
- რეფლექსური, რომლის მიზეზიც სასუნთქი ორგანოების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებაა.
- ფსიქოგენური, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის რეფლექტორული გზების აგზნების შედეგად.
- ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა.
- ხანრძლივობის მიხედვით:
- 3 კვირამდე – მწვავე;
- 3-დან 8 კვირამდე – ქვემწვავე (გახანგრძლივებული „პოსტინფექციური“);
- 8 კვირაზე მეტი – ქრონიკული ხველა.
ხველის ყველა სახეობიდან ყველაზე გავრცელებულია გახანგრძლივებული მშრალი ხველა, რომელიც ვითარდება გაციებისა და ფილტვების დაავადებების შემდეგ.
– რა შეიძლება იყოს ხველის მიზეზი? რა მექანიზმით შეიძლება განვითარდეს ხველა, ანუ როგორია ხველის პათოგენეზი?
1. მიკრობების ან მათი ტოქსინების ზემოქმედება სასუნთქი სისტემის ამომფენ ეპითელზე
მწვავე ხველა, როგორც წესი, განპირობებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული და/ან ბაქტერიული ინფექციებით და აღინიშნება ფარინგიტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდი) გამწვავებისას. მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს პირველ დღეებში ბაქტერიები ან ვირუსები სწრაფად მრავლდება სასუნთქი სისტემის ეპითელურ უჯრედებში და აზიანებს მათ თავისი ტოქსინებით. ამ ზემოქმედების პასუხად ღიზიანდება რეცეპტორები – სასუნთქი გზების მგრძნობიარე ნერვული უჯრედები და იწყება ხველა, რომელიც მშრალია დაავადების პირველ 2-3 დღეს, შემდეგ იწყება ნახველის გამოყოფა და ხველა ხდება სველი ანუ პროდუქტიული.
2. სასუნთქ გზებში მექანიკური გამღიზიანებლის არსებობა – ნახველი, მტვერი, საკვები ნაწილაკები, კუჭის წვენის მიკროასპირაცია და ა.შ.
ხველის რეფლექსის დახმარებით სასუნთქი გზები თავისუფლდება ზემოაღნიშნული გამღიზიანებლებისაგან.
3. ბრონქოსპაზმი ხველის ხშირი მიზეზია
ის ვითარდება ბრონქების გლუვი კუნთოვანი შრის სპაზმური შეკუმშვისას, ამ დროს ვიწროვდება მათი სანათური. სპაზმის მიზეზი შეიძლება იყოს სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობა, ანუ მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელზე, რაც სასუნთქი სისტემის ბევრი დაავადების თანმდევი მოვლენაა, თუმცა ყველაზე ხშირია ალერგიული ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და ფქოდ-ის გამწვავებისას. ბრონქოსპაზმი შესაძლოა განვითარდეს ცივი ჰაერის და საკვების ზემოქმედებით, ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური სტრესის ფონზეც.
4. ხორხის და ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპება
ძირითადად ანთებითი გენეზისაა და ანთების მედიატორების ზემოქმედებით ვითარდება, რის შედეგადაც ვიწროვდება მათი სანათური. სასუნთქ სისტემაში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა მცირდება, რის საპასუხოდაც აღმოცენდება ძლიერი ხველა.
5. ტრაქეობრონქული დისკინეზია
ჰიპერრეაქტიულობასთან ერთად ან დამოუკიდებლად ხველის ხშირი მიზეზია. ბრონქების მუკოცილიარული კლირენსის დარღვევის შედეგად ქვემწვავე (პოსტინფექციური) ხველა ვითარდება გადატანილი მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ინფექციის, ყივანახველას შემდეგ, არ ექვემდებარება ხველის საწინააღმდეგო სტანდარტულ თერაპიას და ხანგრძლივდება. იმავე მიზეზითაა განპირობებული ხველა მუკოვისციდოზის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ასთმისა და ფქოდ-ის დროს.
6. სასუნთქ გზებზე მოცულობითი წარმონაქმნების (კისტა, სიმსივნე, ჩირქგროვა და სხვ.) მექანიკური ზეწოლა
მშრალი ქრონიკული ხველის ხშირი მიზეზია, რომელიც გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით (დესტრუქცია, ინფექცია) შესაძლოა პროდუქტიული გახდეს.
7. ხველა (ძირითადად მშრალი და ქრონიკული) შეიძლება უკავშირდებოდეს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებას, უფრო ზუსტად, იყოს მისი გვერდითი მოვლენა
ეს ეხება წნევის დამწევ საშუალებებს, კერძოდ, აგფ-ინჰიბიტორებს, ე.წ. ,,პრილებს“ – კაპტოპრილს, ენალაპრილს, ლიზინოპრილს, პერინდოპრილს, რამიპრილს და სხვ., რის გამოც დგება საკითხი მათი სხვა ჯგუფის მედიკამენტებით ჩანაცვლებისა.
8. შეგუბებითი მოვლენები და მცირე წრის ჰიპერტენზია
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, არითმიები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, გულის სარქვლების მანკი, მიოკარდიტი, კარდიომიოპათია და სხვა, ასევე შეიძლება იყოს ხველის გამომწვევი. ამ დაავადებების ზოგადი გართულებაა გულის ქრონიკული უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის ორივე წრეში ვენური შეგუბება. სისხლის მიმოქცევის უკმარისობა იწვევს ფილტვებში სისხლის შეგუბებას და ფილტვის სისხლძარღვებში წნევის მომატებას. პლაზმის თხევადი ნაწილი იჟონება ალვეოლების კედლებიდან, ფაქტობრივად, ფილტვების შიგნით (ე.წ. ინტერსტიციული შეშუპება), რის შედეგადაც წარმოიქმნება ქოშინი და ხველა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მიზეზი ერთმანეთს უკავშირდება და ხველის განვითარებაც ერთდროულად რამდენიმე მიზეზის თანხვედრის გამო ხდება.
– რომელი დაავადებების დროს აღმოცენდება ხველა?
– მწვავე, ხანმოკლე, არაპროდუქტიული ხველა (3 კვირაზე ნაკლები დროით) შეიძლება იყოს მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის, ახალი კორონავირუსული დაავადების ჩOVID-19-ის, ბრონქიტის, რინიტის, ფარინგიტის, სინუსიტის, ტრაქეიტის შედეგი. ამ დაავადებების დროს ხშირად ხველას თან ერთვის სურდო, ყელის ტკივილისა და ფხაჭნის შეგრძნება, ცხელება, ზოგადი სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
მწვავე არაპროდუქტიული ხველა დამახასიათებელია კარდიალური ასთმისთვის (ზოგჯერ შეტევისას აღინიშნება ქაფიანი მოვარდისფრო ნახველის არსებობა), აღინიშნება ასევე უცხო სხეულის ასპირაციისას. ის აღმოცენდება გამღიზიანებელი ნივთიერებების შესუნთქვისას და შეიძლება იყოს ფიბრობრონქოსკოპიისა და ლარინგოსკოპიის შედეგიც. ზოგჯერ თან ახლავს გულმკერდის ტრავმებს და პნევმოთორაქსს (პლევრის ღრუში ჰაერის არსებობა).
ბრონქული ასთმის გამწვავებისას ხველის სურათი შემდეგია: თავისუფალი ჩასუნთქვა, რომელსაც ცვლის გართულებული ამოსუნთქვა ძლიერი ხველითი ბიძგებით. აღინიშნება ასევე მსტვინავი სუნთქვა და ქოშინი.
მწვავე (ხანმოკლე) პროდუქტიული ხველა აღინიშნება პნევმონიის, მწვავე ბრონქიტის, ფქოდ-ის გამწვავების დროს. შესაძლოა აღინიშნოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროსაც, ზოგჯერ ნახველში აქტიური სისხლის ან მინარევის არსებობით.
ქვემწვავე (გახანგრძლივებული) არაპროდუქტიული ხველა (3-8 კვირა) აღმოცენდება გადატანილი ინფექციის, ყივანახველას, ლორ-ორგანოების ზოგიერთი დაავადების, პლევრიტების დროს.
ქვემწვავე (გახანგრძლივებული) პროდუქტიული ხველა აღინიშნება ფილტვების ქრონიკული დაავადებების დებიუტისას.
ქრონიკული (ხანგრძლივი) არაპროდუქტიული ხველა (8 კვირაზე მეტხანს) წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადება, საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი), ფილტვების ინტერსტიციური დაავადებების, შუასაყრის მოცულობითი პროცესების, სარკოიდოზის, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების (შეგრენის სინდრომი, სისტემური სკლეროდერმია) დროს.
გულის დაავადებებით განპირობებული მშრალი, მტანჯველი ხველა ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს, წოლისას, ხშირად თან ახლავს ტუჩების, სახისა და სხეულის სხვა ნაწილების კანის სილურჯე, ტკივილი გულის არეში და გულისცემის გაძლიერება, კისრის ვენების შებერილობა, ქოშინი.
ხანგრძლივი და არაპროდუქტიული ხველა შეიძლება იყოს ნევროზული (ფსიქოგენური) მიზეზით. ის ვლინდება მოკლე ძლიერი შეტევებით, რომელთა შორის შუალედებშიც პაციენტს აწუხებს წამოხველება, ყელის არეში ფხაჭნის შეგრძნება. ეს სიმპტომი აღინიშნება მხოლოდ დღე, ღამე, საკვების მიღებისა და საუბრის დროს წყდება.
ქრონიკული (ხანგრძლივი) პროდუქტიული ხველა დამახასიათებელია ფქოდ-ის, ბრონქული ასთმის, მუკოვისციდოზის, ქრონიკული აბსცესის, ბრონქოექტაზიური დაავადების, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ახალწარმონაქმნების, ფილტვის ტუბერკულოზისათვის.
– როგორია ხველის დროს დიაგნოსტიკისა და კვლევის მეთოდები?
– დიაგნოზის დასასმელად მწვავე ხველის დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება პაციენტის ჩივილებზე, ანამნეზის სწორად შეკრება, ფიზიკალური გამოკვლევა (ინსპექცია, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია), პირველ რიგში, სისხლის საერთო ანალიზი და გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი კვლევები: ჩ-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა, ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი და სხვ.
მწვავე ხველის დროს, რომელსაც ახლავს მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკური სურათის უეცარი განვითარება, ტაქიპნოე (გახშირებული სუნთქვა), ტკივილი გულმკერდის არეში, სისხლიანი ხველა, გამოსარიცხია ისეთი მნიშვნელოვანი პათოლოგია, როგორიცაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთ დროს აუცილებელია გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით, კოაგულოგრამის, D-დიმერის, არტერიული სისხლის აირებისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი დინამიკაში.
ქრონიკული ხველისას აუცილებლად გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარება, მავნე საწარმოში მუშაობა, ალერგიულობა და ა.შ.
ქრონიკული ხველის დიაგნოსტიკისათვის ინიშნება გულმკერდის ორგანოების და ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია, ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ალერგიული სინჯები, სპირომეტრია სუნთქვის ფუნქციის შესაფასებლად. ფიბრობრონქოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ფიბროგასტროსკოპია.
ლაბორატორიული მეთოდებიდან აღსანიშნავია ნახველის ანალიზი (საერთო, ბაქტერიოსკოპია, ბაქტერიოლოგია), საერთო და სპეციფიკური IგE-ს კვლევა, სისხლის კვლევა ქლამიდიას, სტრეპტოკოკის, პნევმოკოკის, ლეგიონელას, მიკოპლაზმას ანტისხეულების გამოსავლენად, პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია და სწრაფი მოლეკულური კვლევები, მათ შორის Xპერტ MთB/ღIFტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის.
ყივანახველის დიაგნოსტიკისათვის ტარდება ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური კვლევა Bორდეტელლა პერტუსსის-ისა და Bორდეტელლა Pარაპერტუსსის-ის გამოსავლენად.
გულის დაავადებებით განპირობებული ხველის დიაგნოსტიკა მოიცავს ეკგ კვლევას, დატვირთვის ტესტების ჩატარებას, ექოკარდიოგრაფიულ კვლევას, სისხლის კლინიკურ და ბიოქიმიურ ანალიზს, შარდის საერთო ანალიზს.
– რა უნდა გავაკეთოთ ხველის დროს?
– ხველის თერაპია დამოკიდებულია მისი განვითარების მიზეზებზე. უმრავლეს შემთხვევაში მშრალი ხველის დროს ინიშნება ხველის დამაწყნარებელი საშუალებები, საწუწნი აბები, ანტიჰისტამინური საშუალებები, მონტელუკასტი ან კომბინირებული სიროფები, ეს უკანასკნელი ეფექტურია როგორც ნახველიანი, ასევე მშრალი ხველისათვის. ხოლო თუ ხველა ნახველიანია და პაციენტს უჭირს ამოხველება, ან ნახველი სქელი და წებოვანია, მაშინ ინიშნება ამოსახველებელი და მუკოლიზური (ნახველის გამათხელებელი) საშუალებები ტაბლეტების ან სიროფების ფორმით. ეს საშუალებები აძლიერებს ნახველის გამომუშავებას, ათხიერებს მას და აადვილებს ამოხველებას.
ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა, ხორხის შეშუპებისა და გულის დაავადებების დროს განვითარებული უწყვეტი ხველა მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ხველის ეფექტური მართვა დამოკიდებულია დიაგნოზის სიზუსტესა და მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობაზე, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს, პაციენტმა მიმართოს ექიმს.