როგორ ავიცილოთ თავიდან დიაბეტის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან დიაბეტის გართულებები

დიაბეტით შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ სრულფასოვანი, აქტიური ცხოვრებით, თუ გვეცოდინება, როგორ ავიცილოთ თავიდან ამ დაავადების გართულებები.

დაგეგმეთ თქვენი ნახშირწყლოვანი მენიუ

თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ თქვათ უარი ნახშირწყლებზე. უბრალოდ, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ისეთი ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს, რომლებიც ნელა გადამუშავდება. ასეთებს კი შეიძლება მივაკუთვნოთ პარკოსნები, ნიგოზი, ახალი ხილი და ბოსტნეული.

ეცადეთ, მოიშოროთ ჭარბი წონა

ზედმეტი ერთი-ორი კილოგრამის დაკლებაც კი გააუმჯობესებს ორგანიზმის მიერ ინსულინის ათვისების უნარს. სხეულის მასის ნორმაში მოყვანა არტერიული წნევის მოწესრიგების საწინდარია. ეს ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის დაქვეითებას.

მოიწესრიგეთ ძილი

იმის მიხედვით, ბევრი გძინავთ თუ ცოტა, შეიძლება გაგიძლიერდეთ მადა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებისადმი ლტოლვა, ამან კი შესაძლოა ჭარბ წონასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან მიგვიყვანოს. ჯანმრთელი ძილი დღე-ღამეში 7-8 საათი გრძელდება.

ფიზიკურად მეტად იაქტიურეთ

სიარულმა, ცეკვამ, ველოსიპედით სეირნობამ, ადგილზე სიარულმაც კი შეიძლება დასწიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკი, შეამციროს ქოლესტერინის დონე და წონა, ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს არტერიული წნევა.

დღეში ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას. ეს მოგიხსნით სტრესს და დიაბეტის გამოც იმდენი მედიკამენტის მიღება აღარ მოგიწევთ.

ყოველდღე გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე

ეს გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, დააკვირდებით, როგორ მოქმედებს თქვენზე ესა თუ ის პროდუქტი და ფიზიკური აქტივობა და როგორ მუშაობს თქვენთვის დანიშნული სამკურნალო სქემა.

სისხლში შაქრის დონის ყოველდღიური კონტროლისთვის გირჩევთ შაქრის გასაზომი აპარატის შეძენას.

აკონტროლეთ სტრესი

დიაბეტის დროს სტრესმა შესაძლოა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება გამოიწვიოს. თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს და ეცადეთ, აითვისოთ რელაქსაციის მეთოდები. სუნთქვითი ვარჯიშები, გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა განსაკუთრებით ეფექტურია ტიპი 2 დიაბეტის დროს.

უთხარით მარილს “არა”

მარილის მოხმარების შემცირება დააქვეითებს არტერიულ წნევას და დაიცავს თირკმელებს. ეცადეთ, ნაკლებად მარილიანი კერძები მოამზადოთ, ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს, მიეძალეთ ნატურალურ სურსათს. მარილი ჩაანაცვლეთ სანელებლებით.

დიაბეტი და გულის დაავადებები

დიაბეტის დროს შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მათი პრევენციისთვის საჭიროა:

  • სისტემატურად გაიზომოთ სისხლში შაქრის დონე;
  • ეცადოთ, არტერიული წნევის ციფრები არ აღემატებოდეს 130/80 მმ ვწყ სვ-ს.
  • სისტემატურად აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე.

ერიდეთ სხეულის დაზიანებას

დიაბეტი ზრდის ინფიცირების რისკს და აფერხებს ჭრილობის შეხორცებას, ამიტომ უბრალო ნაკაწრსაც კი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ. დაუყოვნებლივ უნდა გავიწმინდოთ ჭრილობა, დავიმუშაოთ ანტიბაქტერიული საშუალებით და შევიხვიოთ. თუ შეხორცება მეტისმეტად ნელა მიმდინარეობს, მიმართეთ ექიმს.

რეგულარულად დაითვალიერეთ ფეხები, ხომ არ გაქვთ ნაკაწრი, შეწითლება, შესივება ან ბებერა.

ნუ მოსწევთ!

დიაბეტიან მწეველებს გართულების რისკი ორჯერ მაღალი აქვთ. თამბაქოსთვის თავის დანებება დადებითად მოქმედებს ფილტვებისა და გულის მუშაობაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, ნერვების დაზიანებასა და თირკმელების დაავადებებს.

სწორად შეარჩიეთ საკვები

ყურადღებით წაიკითხეთ მზა პროდუქტის ეტიკეტი. ერიდეთ ნაჯერ ცხიმებსა და ტრანსცხიმებს. უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც მონო- და პოლიუჯერ ცხიმებს შეიცავს (მაგალითად, ზეითუნის ზეთს). სასარგებლოა თევზი. მასში შედის ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები. მიირთვით მეტი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი.

როგორც ცნობილია, შაქრიანი დიაბეტის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, მათ შორის - ვიტამინმინერალური ცვლაც, ამიტომ შაქრიანი დაიბეტით დაავადებული პაციენტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ ვიტამინებისა და მინერალური მარილების რეგულარულად მიღების საკითხს. მხოლოდ საკვებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, რამდენადაც ამ პაციენტების კვება რთული სისტემაა მრავალრიცხოვანი შეზღუდვით, ამრიგად, ორგანიზმის ვიტამინებით მომარაგება განსაკუთრებულ პროფილაქტიკურ მნიშვნელობას იძენს. ამ შემთხვევაში ვიტამინების სეზონური მიღების პრინციპი არ მოქმედებს; გართულებების თავიდან ასაცილებლად - მეტადრე ისეთებისა, როგორიც არის ნეიროპათია (ნერვული ბოჭკოების დაზიანება) - ავადმყოფმა ვიტამინები მთელი წლის განმავლობაში უნდა მიიღოს. თანაც ყოველგვარი კომპლექსი როდია მისაღები; ყურადღება უნდა გავამახვილოთ პრეპარატის არა მარტო აქტიურ კომპონენტებზე, არამედ თანმხვედრ ნივთიერებებზეც, რამდენადაც ბევრი ვიტამინური კომპლექსი შეიცავს შაქარს და მის შემცვლელებს. სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანს, რომელიც აკონტროლებს გლიკემიის დონეს და რეგულარულად იღებს ვიტამინებს, დიაბეტის საშიში გართულებები გაცილებით იშვიათად ემართება.

რა სარგებლობა მოაქვთ ვიტამინებსა და მინერალებს?

  • თუთია - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პრაქტიკულად ყველა სახეობაში და, რაც განსაკუთრებით ფასეულია, ორგანიზმს სისხლში შაქრის რეგულაციაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, ჭრილობების შეხორცებას.
  • ქრომი - მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციისთვის, ხოლო მისი უკმარისობა საშიშია ინსულინრეზისტენტობის განვითარების კუთხით.
  • ვიტამინი B1 (თიამინი) - ასრულებს გადამწყვეტ როლს ენერგეტიკული ცვლისა და ნახშირწყლების დაშლის პროცესში, აჩქარებს ნერვული იმპულსების გადაცემას.
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, სისხლის წარმოქმნის პროცესში. აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - აწესრიგებს ცილოვან და ლიპიდურ ცვლას, მონაწილეობს ცნს-ის ზოგიერთი მედიატორის სინთეზში.
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) - აუცილებელია ცილების, ნუკლეინის მჟავების სინთეზისთვის, ნერვების მიელინური გარსის პროდუქციისთვის. აფერხებს ღვიძლის უჯრედების ცხიმოვან გადაგვარებას და ხელს უწყობს მასში გლიკოგენის მომატებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუცილებელია დიაბეტური ნეიროპათიის პროფილაქტიკისთვის.
  • ვიტამინი A - აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს თვალის ბადურაში მხედველობის პიგმენტის სინთეზში, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დონის მომატებას. შაქრიანი დიაბეტის დროს მნიშვნელოვანია მისი ანტიოქსიდანტური აქტივობა.
  • ვიტამინი E - მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში, გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციაზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს კორონარული დაავადების განვითარების რისკს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს ტიპი 2 დიაბეტის დროს, ამცირებს რეტინოპათიის განვითარების რისკს.
  • ვიტამინი C - შეუცვლელია იმუნური სისტემისთვის, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ახდენს თირკმლის უკმარისობის პრევენციას.
  • ნიაცინი - მონაწილეობს უჯრედულ სუნთქვაში, ცხიმებისა და ცილების სინთეზში.
  • ბიოტინი - აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება, მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში, ცხიმოვანი მჟავების სინთეზში.
  • ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და ცილების სინთეზში, სისხლის წარმოქმნის, რეგენერაციის პროცესში, აუმჯობესებს დაზიანებული ქსოვილების კვებას.
  • პანტოთენის მჟავა - მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობასა და ცხიმოვან ცვლას.

ხშირად მოინახულეთ თქვენი ექიმი

აუცილებლად მიმართეთ ექიმს წელიწადში 2-4-ჯერ. თუ ინსულინს იღებთ, მაშინ ექიმთან ვიზიტი უფრო ხშირად მოგიწევთ. წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ ორგანიზმის სრული გამოკვლევა, კერძოდ, გამოიკვლიეთ თვალების, თირკმელების, სისხლძარღვების, ნერვული სისტემის მდგომარეობა.

წელიწადში ორჯერ მიმართეთ სტომატოლოგს. არსებობს მონაცემები, რომ იმის შესახებ დიაბეტით დაავადებულები ცოცხლობენ უფრო მეტხანს, ვიდრე ამ დაავადების არმქონე ადამიანები, იმიტომ, რომ ისინი მეტი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. მოუარეთ თქვენს ორგანიზმს, დაეხმარეთ მას დაავადებასთან ბრძოლაში და იცხოვრეთ გართულებების გარეშე.