სიმსუქნე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე

- სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ზუსტი სტატისტიკის მოყვანა ძნელია, მაგრამ კარგად არის ცნობილი განვითარებული ქვეყნების მონაცემები. აშკარაა, რომ ამერიკის შეერეთებულ შტატებში სიმსუქნემ უკვე ეპიდემიის სახე მიიღო - ამერიკელთა ერთი მესამედი სიმსუქნით არის დაავადებული. კატასტროფულად იმატებს სიმსუქნის გავრცელება ბავშვთა შორისაც - დადგენილია, რომ ბავშვების 20-25%-ს სიმსუქნე ან ჭარბი წონა აქვს. ავადობა მთელ მსოფლიოში განუხრელად იმატებს - 1991-იდან 1998 წლამდე სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა.

- სიმსუქნეს უმთავრესად გარეგნულ პრობლემად აღიქვამენ, მაგრამ, დაგვეთანხმებით, ეს აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. რა საფრთხეს უქმნის სიმსუქნე ადამიანის ორგანიზმს?

- რა თქმა უნდა, სიმსუქნე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. ის ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევის გამოხატულებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ყოველწლიურად სიკვდილის 300 000 შემთხვევა სწორედ სიმსუქნესთან არის უშუალოდ დაკავშირებული. ამ პაციენტთა 80%-ს სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი აქვს. მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება, სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად მცირდება: მამაკაცებისთვის - 20 წლით, ხოლო ქალებისთვის - 5 წლით. ამასთანავე, სიმსუქნის დროს იზრდება რიგი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში ინსულინრეზისტენტობა უნდა დავასახელოთ.

- რა არის ინსულინრეზისტენტობა და რა კავშირი აქვს მას სიმსუქნესთან?

- ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) კუნთებსა და ცხიმის უჯრედებში გადასატანად, სადაც ის ენერგიის წყაროდ იქცევა. ამასთანავე, უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირება სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნებასაც ემსახურება.

ინსულინრეზისტენტობა კი ის მდგომარეობაა, როდესაც უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირების თვალსაზრისით ინსულინის ეფექტურობა ნაკლებია. ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები ინსულინის მიმართ უფრო რეზისტენტულია, ვიდრე კუნთოვანი უჯრედები, ამის კვალობაზე, სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობას იწვევს. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე რეაგირებს - პანკრეასი უფრო მეტ ინსულინს წარმოქმნის და სისხლში გლუკოზის შემცველობაც ნორმალური რჩება. ასე გრძელდება, ვიდრე პანკრეასს ექნება ინსულინის საკმარისი რაოდენობის გამომუშავების უნარი. ასეთი ინსულინრეზისტენტული მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სისხლში გლუკოზის ნორმალური და ინსულინის მაღალი შემცველობა, შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ უსასრულოდ, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება. დაიწყება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება და განვითარდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

ამრიგად, ინსულინრეზისტენტობა პრედიაბეტური ანუ დიაბეტისწინარე მდგომარეობაა. საყურადღებოა ისიც, რომ, თანამედროვე მონაცემების თანახმად, დიაბეტთან ასოცირებული ათეროსკლეროზი ჯერ კიდევ ინსულინრეზისტენტობის სტადიაზე იწყება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ II ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკი სიმსუქნის ხარისხისა და ხანგრძლივობის პროპორციულად იზრდება. II ტიპის დიაბეტი ასოცირებულია ცენტრალურ სიმსუქნესთან ანუ ცხიმის ჭარბ დაგროვებასთან წელის არეში, რის შედეგადაც სხეულის ფორმა ვაშლს ემსგავსება.

- კიდევ რომელი დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს სიმსუქნის დროს?

- მსუქანთა შორის ძალიან ხშირია არტერიული ჰიპერტენზია. ამასთანავე, ცნობილია, რომ სხეულის მასის მატება არტერიული წნევის მატებას ქალებში უფრო მეტად იწვევს, ვიდრე მამაკაცებში. ცენტრალური, ვაშლის მსგავსი სიმსუქნის დროს მაღალი არტერიული წნევის რისკი უფრო მეტია, ვიდრე მსხლისებრი სიმსუქნის დროს, როდესაც ჭარბი ცხიმი თეძოებისა და ბარძაყების არეში გროვდება.

გარდა მაღალი არტერიული წნევისა, სიმსუქნის დროს ხშირია ჰიპერქოლესტერინემია, ინსულტი, გულის შეტევა. დადგენილია, რომ გულის კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკი 3-4-ჯერ იზრდება, როდესაც ქალს სხეულის მასის ინდექსი 29-ზე მეტი აქვს.

ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგების თანახმად, ყოველი ზედმეტი კილოგრამი 1%-ით ზრდის კორონარული არტერიების დაავადებით სიკვდილის რისკს. იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ გადატანილი სტენოკარდიის შეტევა, სიმსუქნე მისი განმეორების ალბათობას ზრდის. სიმსუქნე ამ დაავადებათა რისკს ზრდის როგორც უშუალო ზემოქმედებით, ასევე არაპირდაპირი ზეგავლენით, ვინაიდან გულის იშემიური დაავადებაც და სიმსუქნეც უკავშირდება ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ჭარბი კვება და ცხოვრების უმოძრაო წესი.

სიმსუქნესთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: უშუალოდ სხეულის დიდი მასის ზემოქმედებასთან დაკავშირებულ დაავადებებად და ისეთ დაავადებებად, რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული.

სხეულის დიდი მასა იწვევს ოსტეოართრიტს, ძილის აპნოეს; ჭარბი წონა პაციენტის სოციალური სტიგმატიზაციის მიზეზად იქცევა; ქალებს ხშირად უვითარდებათ დეპრესია; ცხიმოვანი უჯრედების გამრავლება განაპირობებს დიაბეტს, სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებას, ინსულინრეზისტენტობას, ქმნის ორგანიზმის განწყობას ანთებითი დაავადებებისა და თრომბოზისადმი; მსუქანთა შორის ხშირია გულის ქრონიკული უკმარისობა, ვენების გაგანიერება, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირება, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, პოდაგრა, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, წელის ტკივილი.

სიმსუქნის დროს სახსართა პათოლოგია ერთგვარ მანკიერ წრეს ქმნის: მადეფორმირებელ ოსტეოართროზს მოჰყვება ტკივილი, რის გამოც პაციენტი მოძრაობის შეზღუდვას ცდილობს, ეს კი ხელს უწყობს წონის მატებას.

დადგენილია, რომ სიმსუქნისას მომატებულია სიმსივნის განვითარების რისკი. გამოკვლევათა შედეგების თანახმად, სიმსუქნე ასოცირებულია მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან ორივე სქესის პირებში, სწორი ნაწლავისა და პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან მამაკაცებში, ნაღვლის ბუშტისა და საშვილოსნოს კიბოსთან ქალებში.

გარდა ამისა, მსუქან ქალებს პოსტმენოპაუზურ პერიოდში ხშირად უვითარდებათ სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რადგან ცხიმი მნიშვნელოვანია ესტროგენის პროდუქციისთვის, ხოლო ორგანიზმზე ესტროგენების გახანგრძლივებული ზემოქმედება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

გარდა ამისა, სიმსუქნისას მომატებულია პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს (საკვერცხე, საყლაპავი, ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, სისხლის სისტემა) სიმსივნის აღმოცენების ალბათობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი ვრცელია, ის ჯერ კიდევ არ მოიცავს სიმსუქნით პროვოცირებულ ყველა პათოლოგიას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიმსუქნე პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის დაავადებებთან ასოცირდება. მსუქნები ხშირად უჩივიან დერმატოლოგიურ პრობლემებს - ცელულიტს, ჭარბთმიანობას, გამოყელვას ანუ ინტერტრიგოს, ლიმფის მიმოქცევით გამოწვეულ შეშუპებას, შავ აკანთოზს (კანის ჰიპერპიგმენტაცია), სტრიებს. გარდა ინსულტისა, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, სიმსუქნისას ვითარდება ნერვული სისტემის ისეთი დაავადებები, როგორიც არის შაკიკი, დემენცია, ქალასშიგა წნევის იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით აღმოცენებული) მატება, გაფანტული სკლეროზი, კარპული არხის სინდრომი (მტევნის ნერვზე ზეწოლა), რაც მტევნის არეში პარესთეზიასა და ტკივილს იწვევს. ხშირია პარესთეზია ბარძაყის არეში. მსუქან ქალებს ხშირად აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა, რთული ორსულობა, მამაკაცებში ხშირია ერექციული დისფუნქცია, ჰიპოგონადიზმი, შარდის შეუკავებლობა.

ცხიმის ჭარბი დაგროვება და დიაფრაგმის მაღლა დგომა, ბუნებრივია, რესპირატორულ (სუნთქვის) პრობლემებს იწვევს. ხშირია ძილის აპნოეს ეპიზოდები (ძილის დროს სუნთქვის ხშირი შეჩერება), ჰიპოვენტილაციის სინდრომი, რაც ვლინდება დღის განმავლობაში ძილის დაუძლეველი სურვილითა და უეცარი ჩაძინებით, ოპერაციული ჩარევისას კი ხშირად იჩენს თავს ნარკოზთან დაკავშირებული გართულებები.


- რას შეიძლება უჩიოდეს მსუქანი პაციენტი?

- ნებისმიერ იმ სიმპტომს, რომელიც კი ზემოხსენებულ დაავადებებსა თუ მდგომარეობებს ახასიათებს, თუმცა შეიძლება გამოვყოთ უშუალოდ სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემებიც. ესენია:

  • ძილის დარღვევა, ხვრინვა, ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები);
  • სახსრებისა და წელის ტკივილი;
  • ჭარბი ოფლიანობა, მუდმივი სიცხის შეგრძნება;
  • კანის გამონაყარი და ინფექციები;
  • ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას;
  • სისუსტე და ძილიანობა დღის საათებში;
  • დეპრესია.

- "არაფერს ვჭამ, მაგრამ მაინც ვსუქდები", - ხშირად ამბობენ სიმსუქნით დაავადებულები. რეალურად რა ფაქტორები განაპირობებს სიმსუქნის აღმოცენებას?

- ამ საკითხზე საუბარი უნდა დავიწყოთ ტრივიალური ფრაზით: ადამიანის წონა მიღებული კალორიებისა და დახარჯული ენერგიის ბალანსზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი კვებისას იღებს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავს, ზედმეტ ენერგიას ორგანიზმი ცხიმად აქცევს და მარაგად ინახავს. აქედან გამომდინარე, სიმსუქნის მთავარი მიზეზი მაინც ჭარბი კალორიების მიღება და ჰიპოდინამიაა.

გარდა ამისა, ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს სიმსუქნეს. ზოგიერთი მათგანი გენეტიკურია. დადგენილია, რომ ადამიანს, რომლის ერთი ან ორივე მშობელიც მსუქანია, სიმსუქნის განვითარების რისკი უფრო მეტი აქვს. გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს იმ ჰორმონებზე, რომლებიც ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანი ფაქტორია საკვების ჭარბი მიღებაც. საყოველთოდ ცნობილია, რომ ჭარბი კვება წონის მატებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვები მდიდარია ცხიმითა და შაქრით, უფრო ზუსტად, მარტივი ნახშირწყლებით. მართალია, ამ უკანასკნელთა როლი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგრამ მათი ზემოქმედების მექანიზმი დაახლოებით ასე შეიძლება აღვწეროთ: ნახშირწყლების მიღებისას იზრდება სისხლში გლუკოზის შემცველობა, რაც პანკრეასის მიერ ინსულინის პროდუქციას ასტიმულირებს, ინსულინი კი, თავის მხრივ, იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას და წონის მატებას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მარტივი ნახშირწყლები (შაქარი, ფრუქტოზა, ტკბილეული, ტკბილი სასმელები, ლუდი, ღვინო) იმით არის საშიში, რომ სისხლში უფრო ადვილად იწოვება, ვიდრე რთული ნახშირწყლები (მარცვლეული, ბოსტნეული, ცოცხალი ხილი და ასე შემდეგ) და, შესაბამისად, ინსულინის უფრო ინტენსიურ გამოყოფას იწვევს, ვიდრე რთული ნახშირწყლები, ინსულინის მაღალი დონე კი წონის მატებას განაპირობებს.

როგორც თავად აღნიშნეთ, მსუქანი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ცოტას ჭამენ. სინამდვილეში ისინი გულისხმობენ იშვიათად კვებას. დადგენილია, რომ კვების სიხშირესა და წონას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ მსუქნები უფრო იშვიათად ჭამენ, ვიდრე ისინი, ვისაც სხეულის ნორმალური მასა აქვს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მას, ვინც მიირთმევს მცირე ულუფებით და დღეში 4-5-ჯერ, ქოლესტერინის უფრო დაბალი დონე და სისხლში შაქრის უფრო სტაბილური და დაბალი შემცველობა აქვს, ვიდრე მას, ვინც დღეში 2-3-ჯერ დიდ ულუფას იღებს. ამ კანონზომიერების ერთ-ერთი ახსნა ისიც არის, რომ ხშირი წილადობრივი კვების დროს სისხლში ინსულინის დონე უფრო სტაბილურია, ხოლო დიდი ოდენობის საკვების იშვიათი მიღება ჭამის შემდეგ ინსულინის შემცველობის მკვეთრ პიკებს იწვევს.

წონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია მეტაბოლიზმის სისწრაფე. ცნობილია, რომ ქალებს კუნთოვანი მასა უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს, კუნთოვანი ქსოვილი კი მეტ კალორიას წვავს, ვიდრე სხვა ქსოვილები. ამის გამო ქალებს უფრო ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, გასუქებისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი და წონის დაკლებაც უფრო მეტად უჭირთ. აღსანიშნავია, რომ ქალები ხშირად იმატებენ წონას ორსულობისას და მენოპაუზის პერიოდში. ასაკის მატებასთან ერთად კუნთოვანი ქსოვილის მასა მცირდება, ხოლო მეტაბოლიზმი ნელდება. ამიტომ არის, რომ ხანშიშესული ადამიანი ადვილად იმატებს წონას, თუ მიღებული საკვების კალორაჟი არ შეამცირა.

სიმსუქნის აღმოცენებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტიურობის სიმცირე. დადგენილია, რომ ჰიპოდინამია ორივე სქესის პირებში მჭიდროდ უკავშირდება ჭარბ წონას. არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ფსიქოლოგიური ფაქტორების როლზე. დადგენილია, რომ მრავალ ადამიანს ემოციური სტრესის ფონზე მკვეთრად ეცვლება საკვების მიღების რეჟიმი. იმ პაციენტთა 30%-ს, ვინც ექიმს სიმსუქნის გამო მიმართავს, სტრესის დროს უზომოდ ჭამის მოთხოვნილება უჩნდება.

მნიშვნელოვანია ძილის დარღვევაც. დადგენილია, რომ როცა ადამიანს ღამით 7 საათზე ნაკლები სძინავს, ორგანიზმში მადის გამაძლიერებელი ჰორმონების შემცველობა იცვლება. გარდა ამისა, უძილობა მაღალკალორიული და ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისადმი სწრაფვას იწვევს.

ზოგჯერ სიმსუქნის მიზეზი განსაზღვრული სახის მედიკამენტების მიღებაა. ასეთია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, დიაბეტისას გამოსაყენებელი საშუალებები (ინსულინი, სულფოშარდოვანას პრეპარატები, თიაზოლიდინდიონები), ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი, მათ შორის - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და პრედნიზოლონი, თუმცა თანამედროვე კონტრაცეპტივები ესტროგენების მცირე დოზას შეიცავს, რის წყალობითაც აღნიშნული ეფექტის რისკიც მცირდება.

წონის მატება აღინიშნება არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი საშუალებისა და ზოგიერთი აჰტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატის მიღებისას.

სიმსუქნის აღმოცენების ასაკსა და პროგრესირების სისწრაფეზე გავლენას ახდენს ეთნიკური ფაქტორიც. დადგენილია, რომ აფროამერიკელი და ესპანელი ქალები წონას უფრო ადრე იმატებენ, ვიდრე კავკასიელები და აზიელები, ესპანელ მამაკაცებს კი სიმსუქნე უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე აფროამერიკელებსა და კავკასიელებს.

მოზრდილ ასაკში სიმსუქნის განვითარებაზე გავლენას ახდენს ბავშვობის წონაც. როცა ადამიანს 20 წლისთვის ჭარბი წონა აქვს, მოსალოდნელია, 35 წლისთვის გასუქდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლებიც სიმსუქნეს უჩივიან.

არის შემთხვევები, როცა სიმსუქნე ენდოკრინული დაავადების სიმპტომია. ასეთი გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები, კუშინგის სინდრომი, საკვერცხის პოლიკისტოზი, თუმცა ამ დაავადებების დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას სხვა სიმპტომებიც იპყრობს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის დაქვეითებას, რომელიც სიმსუქნეს მეტაბოლიზმის ინტენსივობის მკვეთრი დაქვეითების გამო იწვევს, სიმსუქნესთან ერთად ახასიათებს ზოგადი სისუსტე, მცივანობა, შეშუპებისკენ მიდრეკილება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სხვა.

კუშინგის სინდრომის დროს სიმსუქნე უპირატესად ტორსზეა ლოკალიზებული, კიდურები შედარებით გამხდარია, მთვარისებური, სახე - მოწითალო, ტანზე ჩნდება ვარდისფერი სტრიები. ამ სიმპტომების არსებობისას პაციენტის კვლევასა და მკურნალობას ენდოკრინოლოგები ატარებენ. საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას იპყრობს ჭარბთმიანობა, რეპროდუქციული პრობლემები და ანდროგენების სხვა ეფექტები.


- პაციენტთა დიდ ნაწილს წონის დაქვეითება, სიმსუქნისგან განსხვავებით, ახარებს და საჭიროდ არ მიაჩნია, ამ დროს ექიმს მიმართოს ან ცვლილების მიზეზი ეძებოს. როგორია მედიკოსთა პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით?

- აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყოველგვარი მცდელობის გარეშე რამდენიმე კილოგრამის დაკლება ხშირად დაავადების სიმპტომია. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ადამიანის წონა დამოკიდებულია მიღებული საკვების კალორიულობაზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე და რიგ სხვა ფაქტორზე. ცხოვრების შუა პერიოდისთვის მოზრდილი ადამიანის წონა შედარებით სტაბილურია და, ჩვეულებრივ, მკვეთრად არ მერყეობს (რა თქმა უნდა, 1-2 კილოგრამის ფარგლებში წონის მერყეობა მხედველობაში არ მიიღება). ზოგჯერ წონის დაქვეითება დროებითია და მოკლე ხნის შემდეგ სხეულის მასა საწყის მაჩვენებელს უბრუნდება. ეს მღელვარების საფუძველი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ადამიანმა ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში დაკარგა დაახლოებით 5 კილოგრამი ან სხეულის მასის 5% და მეტი, მით უმეტეს, თუ წონის კლება გრძელდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

- რა შეიძლება იყოს წონის ერთი შეხედვით უმიზეზო კლების მიზეზი?

- უპირველეს ყოვლისა - კვების რეჟიმისა და ფიზიკური აქტიურობის შეცვლა. კვების გამოტოვება, მცირე ავადმყოფობა, ჩქარი კვება, ნაკლები ცხიმის მიღება ის მიზეზებია, რომლებიც პაციენტს შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ წონის დაქვეითება გამოწვიოს. სხეულის მასა მცირდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც ენერგიის დანაკარგი არ არის კომპენსირებული კალორიული საკვების მიღებით ან დატვირთვის მომატებას თან არ ახლავს მადის გაძლიერება. ეს წონის დაქვეითების ფიზიოლოგიური მექანიზმებია.

ახლა დაავადებებით გამოწვეულ წონის კლებაზე ვისაუბროთ. წონის უმიზეზო კლება ხშირია ხანშიშესულთა შორის და დაკავშირებულია ყნოსვის ან გემოვნების დარღვევასთან, გულისრევასთან, დეპრესიასთან, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (ცნობილია, რომ მადას მრავალი მედიკამენტი აქვეითებს).

წონის კლებას იწვევს ასევე მღელვარება, სტრესი და დეპრესია. ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნესა და სიმსივნის მკურნალობას ხშირად სდევს თან წონის კლება. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები უმადობას ან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას და, ამის კვალობაზე, წონის დაქვეითებას იწვევს. საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევისას წონა ჩვეული ან უფრო მეტი ოდენობის საკვების მიღების შემთხვევაშიც იკლებს.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები, რომლებიც ზოგჯერ სიმსუქნის მიზეზად გვევლინება, ზოგჯერ წონის კლებას იწვევს. ამის მაგალითია წონის კლება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერთირეოიდიზმის, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობისას.

წონის აუხსნელი კლება აღინიშნება ტუბერკულოზის, სოკოვანი დაავადების, პარაზიტული ინვაზიის და სხვა ინფექციების დროს. წონის კლება გულის ან ფილტვის შორსწასულ დაავადებათა ერთ-ერთი გართულებაა. ამის მაგალითია წონის პროგრესული დაქვეითება გულის ქრონიკული უკმარისობის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. წონის კლება ნევროლოგიური დაავადებების - ინსულტის, გაფანტული სკლეროზის, დემენციის ან პარკინსონის დაავადების - მეორეული სიმპტომია. თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას წონა იკლებს გულისრევის, ღებინების ან შარდით ცილის კარგვის გამო.

- როგორია ექიმის ტაქტიკა, როცა პაციენტი წონის უმიზეზო დაქვეითებას აღნიშნავს?

- წონის უმიზეზო კლება არის სიმპტომი, რომლის მიზეზსაც ექიმი განსაკუთრებული ყურადღებით იკვლევს. პაციენტს გულდასმით გამოკითხავენ, გასინჯავენ, უტარებენ სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის გამოკვლევას გლუკოზის შემცველობაზე, ბიოქიმიურ გამოკვლევებს ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობის შესაფასებლად, ჰორმონულ კვლევებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული აქტიურობის დასადგენად, რენტგენოლოგიურ, ჩვენებისამებრ - ენდოსკოპიურ გამოკვლევას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კბილების მდგომარეობის შეფასებას, რადგან ზოგჯერ პაციენტი ვერც კი აცნობიერებს, რომ პირის ღრუს პრობლემების გამო სათანადოდ ვეღარ იკვებება. მას შემდეგ, რაც გამოირიცხება წონის დაქვეითების გამომწვევი სერიოზული პათოლოგია, ხდება ენერგიის დანახარჯის შეფასება და კვების რეჟიმის კორექცია, რათა პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს კალორიების სათანადო რაოდენობით.

- მკითხველს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ადამიანისთვის საზიანოა როგორც წონის სიჭარბე, ასევე მისი დაქვეითება. მაინც რა ჯობს, სიმსუქნე თუ სიგამხდრე?

- ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, სხეულის ნორმალური წონა შევინარჩუნოთ. ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად არ შეიძლება შეფასდეს არც წონის უმნიშვნელო მატება და არც სიგამხდრე. ბოლო ხანს მედიცინაში ცნობილი გახდა მოვლენა, რომელსაც სიმსუქნის პარადოქსს უწოდებენ: მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობაზე სიმსუქნის გავლენა აშკარად უარყოფითია, განსაზღვრულ დაავადებათა პროგნოზი უფრო უკეთესია სხეულის მასის მაღალი ინდექსის დროს. ეს ცნობილი გახდა 1999 წელს, როცა შეამჩნიეს, რომ ჰემოდიალიზზე მყოფ ჭარბი წონის მქონე და მსუქან პაციენტებს უკეთესი პროგნოზი ჰქონდათ. შემდგომ იგივე კანონზომიერება გამოვლინდა გულის უკმარისობისა და პერიფერიული არტერიების დაავადებების შემთხვევაშიც. იმ პაციენტებს შორის, ვისი სხეულის მასის ინდექსიც 30-სა და 34,9-ს შორის მერყეობს, გულის უკმარისობისას სიკვდილიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ნორმალური მასის პაციენტებს შორის. მედიკოსები ამ მოვლენას ამგვარად ხსნიან: როგორც ჩანს, პაციენტები წონას კარგავენ დაავადების პროგრესირებისა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებისას. იგივე კანონზომიერება ახასიათებს გულის სხვა დაავადებებსაც I ხარისხის სიმსუქნის შემთხვევაში, უფრო მაღალი ხარისხის სიმსუქნისას კი პროგნოზი უარესდება.


- ზემოთ ჩვენ სხვადასხვა ტიპის სიმსუქნე ვახსენეთ. აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების თავისებურებას?

- ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ტიპის სიმსუქნე არახელსაყრელია, მაგრამ ცნობილია, რომ სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ხშირად აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ცხიმის უპირატესი განაწილება წელისა და მუცლის არეში - ეგრეთ წოდებული ვაშლისებური, მამაკაცებისთვის დამახასიათებელი სიმსუქნე.

- ჩვენი საუბრიდან ცხადია, რომ სიმსუქნე არის დაავადება, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ. როგორია სიმსუქნის მკურნალობის პრინციპი?

- სიმსუქნის მკურნალობა და სხეულის ნორმალური წონის აღდგენა მართლაც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის პრობლემათა რისკის შესამცირებლად. ამისთვის საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა მედიკოსებთან და მათი მითითებების შესრულება.

წესისამებრ, სიმსუქნის მკურნალობას ენდოკრინოლოგები წარმართავენ. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, საწყისი მიზანია 6 თვის განმავლობაში სხეულის მასის შემცირება საწყისი წონის 5-10%-ით. დადგენილია, რომ ადამიანის თვითშეგრძნება და ჯანმრთელობა გაუმჯობესებას იწყებს წონის 5-15%-ით შემცირებისას. რეკომენდებულია, წონის კლება ნელი და მუდმივი იყოს, პაციენტი კვირაში 0,5-1 კილოგრამს უნდა კარგავდეს, რადგან საკვების მკვეთრი შეზღუდვისა და წონის უეცარი კლებისას ძალიან მცირეა ალბათობა, რომ პაციენტი მიღწეულ შედეგს დიდხანს შეინარჩუნებს.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ნორმალური წონის მისაღწევად?

დღეს წონის შესამცირებლად რეკომენდებულია დიეტა, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა და ვარჯიში, ცხოვრების წესის შეცვლა, მედიკამენტების გამოყენება და ქირურგიული ჩარევა. რა თქმა უნდა, ბოლო ორი მეთოდი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება.

არსებობს სიმსუქნის დიეტური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. არჩევანს ექიმი აკეთებს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, თუმცა პრინციპი ერთიანია: მიღებული კალორიების შემცირება, - კალორიების შემცირება კი ნაკლებად კალორიული საკვებით, საკვების ოდენობისა და ულუფების შემცირებით არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, კალორიებს ნებისმიერი საკვები შეიცავს, მაგრამ ხილსა და ბოსტნეულში, უცხიმო რძის ნაწარმში მათი შემცველობა მცირეა. ამის წყალობით შესაძლებელია მივიღოთ დაბალკალორიული საკვების დიდი ულუფა და ამით თავი დავაღწიოთ დიეტასთან დაკავშირებული შიმშილის შემაწუხებელ შეგრძნებას.

იმ შემთხვევაში, როცა გარკვეული მოსაზრებით აუცილებელია წონის სწრაფი დაქვეითება, შეიძლება დაინიშნოს ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეები, მაგრამ გადაწყვეტილება ამის თაობაზეც ექიმმა უნდა მიიღოს.

მნიშვნელოვანია, პაციენტი პერიოდულად კი არ იცავდეს დიეტას, არამედ ზოგადად გამოიმუშაოს ჯანსაღი კვების ჩვევა, რათა დაკარგული კოლოგრამები უეცრად არ აღიდგინოს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიმსუქნის მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ვარჯიში. ცნობილია, რომ იმ პაციენტთა დიდი ნაწილი, ვინც მიღწეული წონის შენარჩუნებას ახერხებს, არა მარტო ფეხით დადის, არამედ რეგულარულადაც ვარჯიშობს. ვარჯიშის მიზანი უფრო მეტი კალორიის დახარჯვაა. შედეგი უშუალოდ არის დამოკიდებული ვარჯიშის სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. ცხიმის კარგვას ხელს უწყობს რეგულარული აერობული ვარჯიში - სიარული, ველოსიპედის ტარება, კიბეზე ასვლა, ცურვა.

სპორტული მედიცინის ამერიკის კოლეჯის რეკომენდაციის თანახმად, მსუქნები კვირაში სულ ცოტა 150 წუთის განმავლობაში უნდა ასრულებდნენ საშუალო ინტენსივობის დატვირთვას, რათა თავიდან აიცილონ წონის შემდგომი მატება ან ზომიერად დაიკლონ წონა, ხოლო წონის მნიშვნელოვანი კლებისთვის ვარჯიშის ხანგრძლივობა კვირაში 250-300 წუთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ვარჯიშის ინტენსივობა თანდათან უნდა იზრდებოდეს. შეიძლება ვივარჯიშოთ დღეში რამდენიმე წყებად, 5-5 წუთის განმავლობაში. ვარჯიშთან ერთად მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის ზრდაც.

არის შემთხვევები, როცა სიმსუქნის სამკურნალოდ ინიშნება სპეციალური პრეპარატები. ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი არ ცვლიან დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას, პირიქით, მხოლოდ მათთან ერთად გვაძლევენ შედეგს. თანაც ასეთი საშუალებების მიღების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა შეიძლება მიიღოს. ჩვეულებრივ, მედიკამენტები ინიშნება მაშინ, როცა სხვა მეთოდები უეფექტოა, სხულის მასის ინდექსი 27-ზე მაღალია და ამავე დროს პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა ან ძილის აპნოე.

სიმსუქნის მედიკამენტური მკურნალობისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო კონტროლი. ზოგჯერ სიმსუქნის სამკურნალოდ ტარდება ოპერაცია. ასეთი ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებას უმეტესად მაშინ იღებენ, როცა სხეულის მასის ინდექსი 40 და მეტია ან ეს მაჩვენებლი 35-სა და 39,9-ს შორისაა, მაგრამ პაციენტს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად, დიაბეტი ან მაღალი წნევა.

- თავადაც ბრძანეთ, რომ არცთუ იშვიათად პაციენტები წონას იკლებენ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ იმატებენ. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?

- სამწუხაროდ, დაკარგული კილოგრამების აღდგენა ხშირია სიმსუქნის მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემდეგ. ამის გათვალისწინებით, პაციენტი წინასწარ უნდა განეწყოს საიმისოდ, რომ სიმსუქნის მკურნალობა იდეალური წონის მიღწევით არ მთავრდება. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა რეგულარული ვარჯიში, რომელსაც უნდა დაემატოს ჯანსაღი კვება. ამ წესების დაუცველად წონამ შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგაც კი მოიმატოს.