ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?
ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა?
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.- დედები თუ ბებიები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებონ თავიანთი პატარა. ბავშვი წონას რომ იმატებს, ოჯახში ყველას უხარია, მაგრამ ეს როდია ჯანმრთელობის კრიტერიუმი. ჭარბწონიანობა დღეს მსოფლიო პრობლემად იქცა და მასთან ბრძოლა უკვე ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჭარბ წონას მრავალი უსიამოვნება მოაქვს, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
-
როგორია წონის მატების ასაკობრივი ნორმები?
- დაბადების მასას (საშუალოდ, იგი 3500 გრამია) ბავშვი, ჩვეულებრივ 4-4,5 თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. მომდევნო წლებში წონის წლიური მატება დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კგ-საც კი მიაღწიოს. 6-7 წლისათვის ერთი წლის ასაკში არსებული წონა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია:
-
- 1-6 წლის ბავშვის მასა = ასაკი (წლებში)X2+8
- 7-12 წლის ბავშვის მასა = (ასაკი(წლებში)X7-5)/2
თუმცა ბავშვობის ასაკში სიმაღლისა და წონის მატება თანაბრად არ ხდება. 2-4 და 8-10 წლის ასაკს ჩამრგვალების პერიოდს უწოდებენ. ამ დროს წონა უფრო ინტენსიურად იმატებს. 5-7 და სქესობრივი მომწიფების ხანას კი აჭიმვის პერიოდს უწოდებენ. ამ დროს სიმაღლის მატება უფრო შესამჩნევია. ეს ყოველივე მხოლოდ საშუალო და სქემატური მაჩვენებლებია. ბუნებრივია, წონის ნორმის თუ სიჭარბის დადგენისას ასაკთან ერთად სქესსა და სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ექიმები ამ მონაცემების შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს იყენებენ.
-
როგორ გავიგოთ, ბავშვს ნორმალური წონა აქვს თუ ჭარბი?
- სიმსუქნედ ითვლება სხეულის მასის მატება 10%-ით და მეტით სიმაღლის, სქესისა და ასაკის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
-
- წონის 10-25%-ით მატება I ხარისხის სიმსუქნეს შეესაბამება;
- 26-49%-ით - II ხარისხისას;
- 50-99%-ით - III ხარისხისას;
- 100% და მეტით - IV ხარისხისას.
ალბათობა იმისა, გაიყოლებს თუ არა ბავშვი ჭარბ კილოგრამებს მოწიფულ ასაკში, დამოკიდებულია ასაკზე, როდესაც ბავშვს სიმსუქნე პირველად დაუდასტურდა, სიმსუქნის ხარისხზე და იმაზე, მსუქნები არიან თუ არა ბავშვის მშობლები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა კავშირი დედის ხაზთან. სამ წელზე უმცროსი ასაკის ბუთხუზებს, რომელთა მშობლებსაც სიმსუქნე არ აღენიშნებათ, ზრდასრულ ასაკში სიმსუქნის განვითარების არც ისე დიდი ალბათობა აქვთ, მაგრამ თუ ბავშვს ექვს წლამდე გაჰყვა სიმსუქნე, მოწიფულ ასაკში ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკი 80%-ს შეადგენს. თუ, ამასთანავე, ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ჭარბწონიანი ან მსუქანია, ეს მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება.
საშიში სტატისტიკა
ზედმეტი კილოგრამები კი ლამის ეპიდემიად იქცეს და მსოფლიო წალეკოს. სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ხოლო ამერიკელებს 75 მლრდ დოლარი უჯდებათ. ჭარბი წონა და სიმსუქნე დღეს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს არა მარტო აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში, არამედ ეთნიკურად ისეთ განსხვავებულ ქვეყნებშიც, როგორებიცაა მექსიკა, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა. განვითარებული ქვეყნის მოზარდთა 15%-ს სიმსუქნე აღენიშნება, 25%-ს - ჭარბი წონა. აშშ-ში ბავშვთა ასაკში სიმსუქნის გავრცელება 25-30%-ია. ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა.
-
რით არის საშიში ჭარბი წონა?
- მედიცინის მუშაკთა შეშფოთება მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას არ გამოუწვევია. ჭარბი წონა ისეთ საშიშ დაავადებებს უკავშირდება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები. სულ ცოტა ხნის წინ ისინი მხოლოდ მოზრდილთა სნეულებებად მიიჩნეოდა, დღეს კი პედიატრიულ პრაქტიკაშიც გამოჩნდა და თანდათან ხშირდება. სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტი.
დიაბეტის შემთხვევათა 90% ტიპი-2-ს მიეკუთვნება და მათი განვითარების ძირითად მიზეზად ჭარბი წონა ან სიმსუქნეა მიჩნეული. ადრე ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 40-45 წლის შემდეგ გვხვდებოდა, დღეს კი დიაგნოზს უკვე 11-19 წლის მოზარდებსაც ვუსვამთ. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, დედისთვის, მოქალაქისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საერთო პოპულაციასთან შედარებით 20-25 წლით ნაკლებია.
ამავე დროს, უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით შესაძლებელია ტიპი 2 დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება.
-
სიმსუქნის რისკფაქტორები თუ არსებობს და როგორ შეიძლება თავიდან ავაცილოთ იგი ბავშვს?
- ენერგიის დაგროვებისა და ხარჯვის ინტენსივობა, რომლის დარღვევა საბოლოო ჯამში სიმსუქნეს განაპირობებს, გენეტიკურად არის დეტერმინირებული. მემკვიდრეობით გადაეცემა ორგანიზმში ცხიმის განაწილების ხასიათიც (ჭარბი ცხიმი, უპირატესად, თეძოებზე, დუნდულებსა და მუცელზე იყრის თავს). მაგრამ გენები ბედისწერა არ გახლავთ. სწორი კვებისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვისას ყველა ბავშვს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა (განსაკუთრებით - სიმსუქნის სინდრომული გენეტიკური ფორმებისა და ენდოკრინული დაავადებების ფონზე), შეუძლია დაიბრუნოს და შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა.
სამწუხაროდ სწორედ კვება და ფიზიკური დატვირთვაა თანამედროვე ბავშვების აქილევსის ქუსლი. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, ჩვენი შვილები დამალობანასა და დაჭერობანას კომპიუტერულ თამაშებს რომ ამჯობინებენ, მათ მენიუში კი ვაშლი და სტაფილო ჩიპსებმა და კოკა-კოლამ შეცვალა. ამ პრობლემას ერთი და ორი ადამიანისა თუ ოჯახის ძალისხმევა ვერ გადაჭრის, ეს მთელი საზოგადოების ამოცანაა. როცა ოჯახს მოვუწოდებთ, რომ ბავშვი ფიზიკურად აქტიური აღზარდოს, სახლის ახლოს კი არც სარბენი ბილიკია, არც სპორტული მოედანი და არც აუზი, ბუნებრივია, ჩვენი მოწოდება დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ყურადღება უნდა მიექცეს საკვებისა თუ არაალკოჰოლური სასმელების რეკლამირებასაც. მოგეხსენებათ, მრავალი მათგანი იმდენად მადის აღმძვრელი და მიმზიდველია, რომ ცდუნების გაძლება მოზრდილებსაც უჭირთ, ბავშვებს კი მით უმეტეს არ შესწევთ უნარი, გააცნობიერონ ეს და გააკეთონ სწორი არჩევანი. მრავალ ქვეყანაში ბავშვებზე გათვლილი არაჯანსაღი საკვების რეკლამების გაშვება საერთოდ აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ სიმსუქნე საერთო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა.
-
როგორი უნდა იყოს მსუქანი ბავშვების დიეტა?
- დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის მიერ შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან ამოღება, თუმცა კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე - შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე.
დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში კალციუმის პრეპარატების მიღება. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ბავშვები მოზრდილებთან შედარებით ადვილად იკლებენ წონას, ოღონდ მნიშვნელობა აქვს სწორ ფსიქოლოგიურ მიდგომას, ბავშვის მოტივირებას.
პუბერტატული ასაკის გოგონასთან შეიძლება გარეგნობის გაუმჯობესებაზე გავაკეთოთ აქცენტი, ბიჭებთან კი მამაკაცურ თვისებებზე - თუ სწორი ფსიქოლოგიური გასაღები მოიძებნა, წონის კორექცია ძნელი არ იქნება. მინდა მივმართო ბებიებსა და ბაბუებს, რომელთა გვერდით დგომა აუცილებელია დადებითი შედეგის მისაღებად: ენდეთ პროფესიონალების რჩევას, კანფეტები, ტორტები და სხვა ტკბილეული თუ საკონდიტრო ნაწარმი თქვენს შვილიშვილს სარგებლობას ნამდვილად არ მოუტანს!
-
რა ზომები შეიძლება მივიღოთ მცირე ასაკიდანვე, რომ შემდეგ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა არ მოგვიხდეს?
- მოსაზრება, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობს, ჭარბ წონასთან მიმართებითაც მართებულია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმალური დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად აქციეთ. ნებისმიერ ქადაგებას და ნოტაციას სჯობს შვილებისათვის თვითონ იქცეთ მაგალითად. დართეთ ნება, თავიანთი წვლილიც შეიტანონ ჯანსაღი საკვების დაგეგმვასა და მომზადებაში, მიეცით არჩევანის საშუალება. ხშირად ბავშვებს მავნე ჩვევებს ჩვენ თვითონვე ვუყალიბებთ, ამიტომაც გირჩევთ:
- ნუ დააჯილდოებთ ბავშვს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის, ნუ შეეცდებით კანფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა.
- ნუ მოსთხოვთ, კერძი ბოლომდე შეჭამოს, მიაჩვიეთ, მხოლოდ მაშინ ჭამოს, როცა მოშივდება.
- ბევრს ნუ ილაპარაკებთ "მავნე საკვებზე", ნურც საყვარელ ტკბილეულს გამორიცხავთ ბავშვის რაციონიდან - აკრძალული ხილი, ხომ იცით, გემრიელია, ბავშვებს კი პროტესტი სჩვევიათ.
- თუ შესაძლებელია, ბავშვს აუცილებლად აწოვეთ ძუძუ. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ბუნებრივი კვება წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს.
- რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. მცირე ასაკიდანვე შესთავაზეთ ბავშვს მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი.
- ზოგჯერ ათი ცდაც კი არ კმარა, ბავშვი ახალ გემოს რომ მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
- ყოველდღე ასაუზმეთ.
- ეცადეთ, მთელმა ოჯახმა ერთად ისადილოთ. ყოველდღიურად მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.
- არ მისცეთ ბავშვს უფლება, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან.
- გადააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას!
- ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ, შეარჩიოს სპორტის სახეობა, რომელიც შეუყვარდება და არ მიატოვებს. ნუ აიძულებთ მაინცდამაინც თქვენ მიერ ამორჩეულ სექციაში იაროს.
- თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად მოიმატა წონა, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები, დაერღვა სქესობრივი მომწიფების ვადები - აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
- ყველაზე მთავარი: აგრძნობინეთ პატარას, რომ განურჩევლად იმისა, რამდენს იწონის, ძალიან გიყვართ და გინდათ დაეხმაროთ, იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.
- ნუ მიაჩვევთ ბავშვს ბეკონს, შებოლილ ხორცს, ასევე - სოსისს, ძეხვს და სხვა დელიკატესებს. ისინი ასოცირებულია გულის დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მომატებულ რისკთან, რომელიც არ არის დადასტურებული ახალი ხორცის (ძროხის, ღორის, ბატკნის) მომხმარებლებში.
- ნუ ამოიღებთ მენიუდან ფაფას. მართალია, ის ერბოკვერცხივით გემრიელი არ არის, მაგრამ აუცილებელია. 10000 ბავშვსა და მოზარდზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათ, ვინც ყოველ დილით მიირთმევდა ფაფას, უფრო მეტი ბოჭკო და საკვები ნივთიერება ჰქონდა, ვიდრე სხვა ტიპის საუზმის მოყვარულებს. მეორე მხრივ, ბავშვებისთვის, რომლებიც არ საუზმობენ, ყოველდღიურად ბევრ შაქარს იღებენ და ჭარბწონიანები ან მსუქნები არიან, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ფაფის იმ სახეობებს, რომლებიც ნაკლებ შაქარს და მეტ ბოჭკოს შეიცავს.
- ნუ აუკრძალავთ ბავშვებს თხილეულს! თხილი, კაკალი, ნუში, გოგრის თხილი, მზესუმზირა ამცირებს ორგანიზმში "ცუდი" ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც თავისთავად აქვეითებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. ნაჯერი ცხიმების ნაცვლად თხილის მიღება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მათი შეცვლა ზეითუნის ზეთითა და ნახშირწყლებით. ოღონდ ეცადეთ, ეს ყველაფერი ბავშვმა მიიღოს მოუხალავი და ზომიერად.