ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ
სიმრავლე მოწმობს, რომ ჩვენს მკითხველს აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ დაავადების მართვა, როგორი უნდა იყოს დიაბეტიანის კვების რეჟიმი და, საზოგადოდ, ცხოვრების წესი. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმ ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის წევრს ლალი ნიკოლეიშვილს:
- ქალბატონო ლალი, მკითხველი გვწერს: "დიაბეტით დაავადებულებს სისხლში შაქრის დასაწევად ენიშნებათ შემდეგი დასახელების აბები: დიაბეტონი, მეპრილი, გლუკოტონი, მანინილი, ამარილი და სხვა. რა ღირსება და რა ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს ან რის მიხედვით ინიშნება? მაგალითად, როგორც ამბობენ, მეპრილს მრავალი უკუჩვენება აქვს. იქნებ ამის შესახებაც გვითხრათ რამე".
- ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანების რიგს. სულფონილშარდოვანები შაქრის დამწევი პრეპარატების ყველაზე დიდი ჯგუფია და ფართოდ გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
არსებობს სულფონილშარდოვანას პრეპარატების სამი თაობა. პირველს მიეკუთვნება გლიბენკლამიდი (მანინილი), მეორეს - გლიკლაზიდი (დიაბეტონი, გლუკოტონი), მესამეს - გლიმეპირიდი (ამარილი, მეპრილი). ეს პრეპარატები ხანგრძლივი მიღებისთვის არის განკუთვნილი და ტაბლეტთერაპიაზე მყოფი თითქმის ყველა პაციენტის მკურნალობის სქემაში ირთვება.
რაც უფრო ახალი თაობისაა პრეპარატი, მით უფრო ნაკლები თანმხლები ეფექტი აქვს მას. თანმხლები ეფექტებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ჰიპოგლიკემიის რისკი, რომელიც გლიბენკლამიდს ყველაზე მეტად ახასიათებს. სულფონილშარდოვანებს შორის ამ კუთხით ყველაზე ნაკლებად სახიფათოა გლიმეპირიდი, მაგრამ მისი გამოყენებისას საჭიროა დოზის ტიტრაცია (თანდათანობითი გაზრდა) ჰიპოგლიკემიის თუნდაც ამ მცირე რისკის თავიდან ასაცილებლად. ამ პრეპარატების დანიშვნა არ შეიძლება კეტოაციდოზის, ასევე - პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობის დროს. გლიმეპირიდი ეკრძალებათ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის მქონე პაციენტებს, რადგან ჰემოლიზურ ანემიას იწვევს.
- როგორ უნდა შეადგინოს დიაბეტით დაავადებულმა კვების რაციონი და დღის მენიუ?
- შაქრიანი დიაბეტის ნებისმიერი ფორმისა და დიაბეტისწინა მდგომარეობის (პრედიაბეტის) დროს აუცილებელია სამედიცინო დიეტათერაპია. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ზოგადი რეკომენდაციები სამედიცინო დიეტათერაპიის შესახებ, მაგრამ ისინი სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან რეალურად მხოლოდ პაციენტის გამოკვლევის შედეგად ირკვევა ის ნიუანსები, რომელთა საფუძველზეც ინიშნება ინდივიდუალური დიეტა. ამრიგად, დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური და შეეფერებოდეს მკურნალობის იმ მიზანს, რომელიც ექიმმა დაგისახათ.
საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპის მკურნალობაში დიეტათერაპიას პირველი ადგილი უჭირავს და მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, მარტივად მიმოვიხილოთ, რა როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინი და რა კავშირი აქვს მას დიეტასთან.
ადამიანის ყველა ორგანო უამრავი უჯრედისგან შედგება. უჯრედი ადამიანის ორგანიზმის პატარა ელექტროსადგურია, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს. ჩვენი მოძრაობა, აზროვნება, კვებისა თუ ნებისმიერი მოქმედების უნარი და, საზოგადოდ, ცხოველმყოფელობა სწორედ იმის წყალობით არის შესაძლებელი, რომ ამისთვის საჭირო ენერგიას უჯრედი გვაძლევს.
ენერგიის გამოსამუშავებლად უჯრედი გლუკოზას იყენებს. როგორ ხვდება უჯრედში ან რას წარმოადგენს თავად გლუკოზა? ეს ის შაქარია, რომელსაც ყოველდღე მივირთმევთ. შაქარს ორი სახით ვიღებთ: მარტივი, ანუ ჩვეულებრივი საკვები შაქრის და რთული - პურის, ცომეულის, ბურღულეულის, ბოსტნეულის, რძის პროდუქტების - სახით. ჩამოთვლილი პროდუქტები შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას იშლება და ჩვეულებრივ მარტივ შაქრად ანუ გლუკოზად გარდაიქმნება.
- როგორ ხვდება შაქარი ორგანოთა უჯრედებში?
- ადამიანის ორგანიზმი დაფარულია სისხლძარღვების მსხვილი და წვრილი მილოვანი ქსელით. ამ ქსელში მოძრაობს სისხლი. ყოველი უჯრედი გარემოცულია ძალიან წვრილი სისხლის მილებით - კაპილარებით. კაპილარები უჯრედს მჭიდროდ ეკვრის, ამიტომ შესაძლებელი ხდება კაპილარსა და უჯრედს შორის შემადგენლობის გაცვლა-გამოცვლა. უჯრედში არსებული ნივთიერებები შეიძლება კაპილარებში გადავიდეს და სისხლს შეერიოს, ისევე, როგორც სისხლში არსებული ნივთიერებები კაპილარის კედლის გავლით შეიძლება გადავიდეს უჯრედში. ამავე გზით სისხლში გადადის ყველა ის ნივთიერება, რომელიც კი გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში ან საკვებთან ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავში, მათ შორის - გლუკოზაც. ამრიგად, გლუკოზა ნაწლავებიდან ხვდება სისხლში და სისხლიდან უჯრედში გადადის, უჯრედი კი მას ცხოველმყოფელობისთვის საჭირო ენერგიის წყაროდ იყენებს.
ახლა გავარკვიოთ, რა არის ინსულინი და რა როლი აკისრია მას ამ პროცესებში. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც კუჭუკანა ჯირკვალი სისხლში გამოყოფს. რა საჭიროა ის? ინსულინი გლუკოზას კაპილარებიდან უჯრედში გადასვლაში ეხმარება. ზოგიერთ ქსოვილში ინსულინის მოლეკულის გარეშე გლუკოზა უჯრედში საერთოდ არ გადადის. ამრიგად, ინსულინს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება პრაქტიკულად საკვების მიღების ადეკვატურად ხდება: დიდი ოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში ინსულინიც დიდი ოდენობით გამოიყოფა და პირიქით. შესაბამისად, სისხლში ხვდება იმდენი ინსულინი, რამდენიც საჭიროა სისხლში არსებული გლუკოზის უჯრედში გადასატანად.
- რა ხდება I ტიპის დიაბეტის დროს და როდის ვითარდება იგი?
- ზოგჯერ კუჭუკანა ჯირკვალი მიზეზთა გამო ზიანდება და ნაწილობრივ კარგავს ინსულინის გამომუშავების უნარს. როცა ინსულინის გამომუშავების უნარი 40-60%-ით არის შემცირებული, ჰორმონი იმ რაოდენობით ვეღარ წარმოიქმნება, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის არის საჭირო. ამ მდგომარეობას ვუწოდებთ I ტიპის შაქრიან დიაბეტს. რა ხდება ამ დროს?
ადამიანი საკვებს ჩვეულებრივ მიირთმევს და გლუკოზაც ჩვეულებრივ გადადის სისხლში, მაგრამ იქ საჭიროზე ნაკლები ინსულინი ხვდება, ანუ ჰორმონი საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ გლუკოზა უჯრედში გადაიყვანოს. რაკი გლუკოზა უჯრედში ვერ გადადის, სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება, ანუ ვითარდება ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დაგროვება), ხოლო უჯრედში გლუკოზის ანუ ენერგიის წყაროს დეფიციტი წარმოიშობა.
ინსულინის დეფიციტის გამო I ტიპის დიაბეტის მკურნალობა გულისხმობს ინსულინის შეყვანას გარედან, ინექციების სახით. ინსულინის მოლეკულის აღმოჩენამდე ასეთი პაციენტები დაავადების განვითარებიდან მოკლე ხანში იღუპებოდნენ. ამჟამად არსებობს ინსულინის ანალოგები. ინსულინის ანალოგი ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინის მოლეკულის იდენტური ნივთიერებაა, რომელიც I ტიპის დიაბეტის ხარისხიანი მკურნალობის საშუალებას იძლევა.
რაზეა დამოკიდებული I ტიპის დიაბეტის დროს მკურნალობის მიზანი? იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმი მიღებული საკვების ადეკვატურად ინსულინის გამომუშავებას ვერ ახერხებს და იძულებული ვართ, ის გარედან მივაწოდოთ, ადამიანმა კუჭუკანა ჯირკვლის მაგივრად თვითონ უნდა "იაზროვნოს", კერძოდ, იცოდეს, რამდენი საკვების მოსანელებლად რამდენი ინსულინია საჭირო, რამდენი ნახშირწყლის მიღება შეუძლია დღის განმავლობაში, რომელი კვების დროს რამდენი მიიღოს და როგორ შეუხამოს დიეტა და ინსულინთერაპია ფიზიკურ დატვირთვას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, I ტიპის დიაბეტის მკურნალობის მიზანია:
- ნორმოგლიკემიის (შაქრის ნორმალური მაჩვენებლების) მიღწევა დღის განმავლობაში გლიკემიის (სისხლის გლუკოზის) მაჩვენებლების ნაკლები მერყეობით;
- ნორმოგლიკემიის მიღწევა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის) გარეშე;
- ჰიპო- და ჰიპერგლიკემიური (მაღალი შაქრის) მდგომარეობების თავიდან აცილება;
- დიაბეტის გართულებათა წარმოშობის ან პროგრესირების თავიდან აცილება.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სწორად დანიშნული დიეტა და მისი სწორად დაცვა. მაგალითად, იმისთვის, რომ ნორმოგლიკემიას მივაღწიოთ, საჭიროა ინსულინთერაპიის რეჟიმის სწორად განსაზღვრა. ინსულინის რა დოზა დასჭირდება, ანუ რა რაოდენობის ინსულინს მოიხმარს ადამიანი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების დღიურ მოხმარებაზეა დამოკიდებული.
რამდენი ნახშირწყალი დასჭირდება ადამიანს დღის განმავლობაში, ორგვარად განისაზღვრება. ერთი ხერხი მარტივია და მისი გამოყენება ყველას შეუძლია სხეულის ანთროპომეტრიული და ფიზიკური აქტივობის ხარისხის მაჩვენებლების მოშველიებით, ხოლო მეორე ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრის არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდია. გამოკვლევა ხდება სპეციალური აპარატით, განისაზღვრება მოსვენებისას ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯი. ეს უკანასკნელი სიზუსტით გამოირჩევა, რადგან ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება მისი ძირითადი ცვლის განსაზღვრა.
მკითხველმა ეს ინფორმაცია უფრო უკეთ რომ გაიგოს, ავხსნათ მარტივად: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს გლუკოზას ანუ ნახშირწყალს, რომელსაც საკვებთან ერთად იღებს. დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს მინიმალური ფიზიოლოგიური პროცესების განსახორციელებლად განსაზღვრული ოდენობის ნახშირწყლის მიღება სჭირდება. სწორედ ნახშირწყლის ამ ოდენობის გამოთვლა ხდება ზემოაღწერილი მეთოდით.
დიეტათერაპიის მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორია კვების სწორად განაწილება. ოპტიმალური ვარიანტია სამი ძირითადი და ორი-სამი დამატებითი კვების დანიშვნა, კვების საათების დაცვა და ყოველი კვებისას თანაბარი ოდენობის ნახშირწყლის მიღება. თანაბარი ოდენობის ნახშირწყლის მიღების გასაადვილებლად შემოღებულია პურის ერთეულის ცნება.
I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტმა დიეტა უნდა დაიცვას პურის ერთეულების მიხედვით და ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას შეუხამოს. ეს თავიდან აგვაცილებს გლიკემიის ციფრების მერყეობას დიდ დიაპაზონში. გარდა ამისა, პირველი ტიპის დიაბეტის დროს პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური აქტიურობა ორგანიზმში იწვევს ენერგიის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გლუკოზის (შაქრის) ხარჯვას (წვას), ესე იგი ფიზიკური აქტიურობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია, ანუ შაქრის დონემ სისხლში დაბლა დაიწიოს.
როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური აქტიურობის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად ყოველ 30 წუთში ერთხელ დამატებით უნდა მიიღოს 1 პურის ერთეული.
II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ჭარბი წონისა და მსუქანი პირების მკურნალობის მიზანი გლიკემიის ნორმალური ციფრების მიღწევა და დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებაა.
ამ პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული წონის დაკლებაზე, ამიტომ II ტიპის დიაბეტის მქონე ჭარბწონიანი და მსუქანი პაციენტების დიეტა უმთავრესად წონის დაკლებისკენ არის მიმართული. წონის დაკლება საკმაოდ ძნელია, წონის სწორად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად დაკლება კი ძალიან ძნელი და აბსოლუტურად ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
დაბალკალორიული დიეტა მორგებული უნდა იყოს ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, კალორაჟის გამოთვლა უნდა მოხდეს აპარატის საშუალებით არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. დღეისთვის მიღებული შეხედულების თანახმად, წონის დასაკლებად შეუცვლელია ნახშირწყლებისა და ცხიმების დაბალი შემცველობის 1 წლამდე ხანგრძლივობის დიეტა, რომელიც შესულია ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ გამოცემულ დიაბეტის მართვის გაიდლაინში. პაციენტებისთვის, რომლებიც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტას იცავენ, საჭიროა ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა კი აუცილებელია დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის, განურჩევლად ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებისა.
დიეტის კონკრეტიზაციის მიზნით საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა, ხოლო ნეფროპათიის მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ სპეციალური დიეტა ცილების რაოდენობის სპეციალური გაანგარიშებით. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დიეტათერაპიით თავიდან იქნეს აცილებული ჰიპოგლიკემია, რაც განსაკუთრებით მოსალოდნელია I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებთან, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ნებისმიერ იმ პაციენტთან, რომელიც ინსულინთერაპიაზე იმყოფება. მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს დიაბეტი, მაგრამ აქვს მისი განვითარების მაღალი ალბათობა, აუცილებელია დიეტათერაპია ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რასაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაკლებული წონის შესანარჩუნებლად. ცხოვრების წესის შეცვლა გულისხმობს წონის ზომიერ (7%-მდე) დაკლებას და რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას (150 წთ კვირაში) დიეტათერაპიასთან ერთად, რომელიც კალორიებისა და ცხიმის შემცირებას გულისხმობს, რაც საერთო ჯამში ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებისთვის ასევე რეკომენდებულია საკვები ბოჭკოებით მდიდარი დიეტა (14გ/1000კკალ), დაცეხვილი ხორბლის პურის გამოყენება. რაც შეეხება დიეტაში ცხიმის ოდენობას, უჯერი და პოლიუჯერი ცხიმები უნდა შეადგენდეს საერთო კალორაჟის 7%-ზე ნაკლებს. რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს რაციონში მონოუჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა. აუცილებელია ნახშირწყლების მიღების მონიტორინგი სპეციალური გამოსათვლელი ცხრილით.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ზრდასრული ქალისთვის ნებადართულია დღეში 1 ჭიქა, ხოლო მამაკაცისთვის - 1-2 ჭიქა.
- რას გვეტყვით შაქრის შემცვლელებსა და მათ გამოყენებაზე?
- ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ნებადართულია შემდეგი დამატკბობლების: ასპარტამის, ნეოტამის, სახარინის, სუკრალიზისა და აცესულფამ კალიუმის - გამოყენება. დაბალკალორიული და არაკალორიული დამატკბობლები შეიცავ შაქრის სპირტებს (პოლიოლებს), მათი გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ყველაზე უსაფრთხო შაქრის შემცვლელია სტევია, თუმცა იგი არ მიეკუთვნება ხელოვნური დამატკბობლების რიგს. ხელოვნურ დამატკბობლებს თავ-თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ. ბაზარზე მათი გამოჩენის შემდეგ დიაბეტიან პაციენტებს საშუალება მიეცათ, მიირთვან ნაყინი, ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები.
რაც შეეხება წონის დასაკლებ პროგრამებში არაკალორიული ხელოვნური დამატკბობლების გამოყენების იდეას, მას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, ხელოვნური დამატკბობლებით დამზადებული პროდუქტები ცხიმით არის მდიდარი და, ამდენად, მათი გამოყენება წონის დასაკლებად მიზანშეწონილი არ გახლავთ.
აცესულფამ-კალიუმი შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, შედის მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში, შეიძლება მისი ადუღება. მის უვნებლობას 90-ზე მეტი გამოკვლევა ასაბუთებს.
ასპარტამი 180-200-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი. მისი ადუღება არ შეიძლება. აკრძალულია მათთვის, ვისაც ფენილკეტონურია აქვს, ასევე - ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისათვის. ზოგ ადამიანში ასპარტამი თავის ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევვაში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. ერთხანს ასპარტამი ტვინის კიბოს რისკის ფაქტორად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ასპარტამის მიღება ნებადართულია 40 მგ/კგ დღიური დოზით. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ბევრია ასპარტამის შემცველი სასმელი თუ ტკბილეული. 1 ლიტრი დიეტური კოკა-კოლა 100 მგ ასპარტამს შეიცავს. ასპარტამის შემცველი გაზიანი სასმელები ბავშვებისთვის აკრძალული არ არის, მაგრამ მაინც აჯობებს, მოვარიდოთ.
დიეტური კანფეტები და უშაქრო საღეჭი რეზინები უმთავრესად სორბიტოლსა და მანიტოლზეა დამზადებული, ორგანიზმში ძალიან ნელა შეიწოვება და იწვევს გვერდით მოვლენებს - გულისრევასა და აირების დაგროვებას. თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ, იმოქმედეთ გამორიცხვის მეთოდით, შეწყვიტეთ დიეტური კანფეტების მიღება და თუ სიმპტომები გაქრა, ჩათვალეთ, რომ დამნაშავე შაქრის შემცვლელები ყოფილა.
სუკრალოზა შაქარზე 600-ჯერ ტკბილია. მას საკვებისა და სასმელების დასამზადებლად იყენებენ.
სახარინი შაქარს სიტკბოთი 400-ჯერ აღემატება. ტოვებს ოდნავ არასასიამოვნო, მომწარო გემოს. შეიძლება მხოლოდ ტაბლეტების სახით გამოყენება. გამოკვლევებმა არ დაადასტურა მოსაზრება, რომ სახარინი შარდის ბუშტის სიმსივნეს იწვევს.
ციკლამატი არაკალორიული დამატკბობელია. ვერ უძლებს გაცხელებას. ეს დამატკბობლები, თუ ზომიერად, ნებადართული ოდენობით მივიღებთ, უვნებელია.
ყველა პროდუქტზე მითითებულია შაქრის შემცვლელების დასაშვები ოდენობა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. საქართველოში დიეტური პროდუქტების ფართო არჩევანია. ისწავლეთ სურსათის ეტიკეტის წაკითხვა. უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტს, რომელიც ფრუქტოზაზეა (ხილის შაქარი) დამზადებული, თუმცა ისინიც შეზღუდვით მიირთვით.