დიაბეტი რომ არ გართულდეს

- ქალბატონო მარიამ, რა არის შაქრიანი დიაბეტი?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, I ტიპის დიაბეტი (ადრე მას ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებდნენ) ვითარდება, როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს, მთლიანად ან თითქმის მთლიანად ნადგურდება.
ამის მიზეზად აუტოიმუნურ პროცესს მიიჩნევენ: იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს, პათოლოგიურად რეაგირებს ბეტა-უჯრედებზე და ანადგურებს მათ. აუტოიმუნური პროცესი "ირთვება" ერთი ან მეტი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით იმ ადამიანებში, რომლებსაც განსაზღვრული განწყობა აქვთ მის მიმართ. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება:
- ვირუსული ან სხვა ინფექციური დაავადებები;
- ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება;
- მძიმე სტრესი.
I ტიპის დიაბეტი უმთავრესად ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ, თუმცა ბოლო ხანს ამ დიაგნოზს ხშირად უსვამენ ასაკოვან ადამიანებსაც.
II ტიპის დიაბეტს წინათ ინსულინდამოუკიდებელ ან ხანდაზმულთა დიაბეტს უწოდებდნენ, ვინაიდან უმეტესად 40 წლის შემდეგ ვითარდება. ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის გამოყოფას განაგრძობს, მაგრამ ის ან საკმარისი არ არის, რაც ბეტა-უჯრედების დეფექტის ბრალია, ან ორგანიზმი სათანადოდ არ რეაგირებს საკუთარ ინსულინზე, ვერ ახერხებს გლუკოზის ათვისებას. ამ უკანასკნელ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.
- რომელია განსაკუთრებით საყურადღებო II ტიპის დიაბეტის გამომწვევ ფაქტორებს შორის?
- II ტიპის დიაბეტის განვითარებაში (უფრო ხშირად, ვიდრე I ტიპის დიაბეტისა) დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი - მისი განვითარების ალბათობა იზრდება, როცა სისხლით ნათესავებს აქვთ II ტიპის დიაბეტი. მნიშვნელობა აქვს ასევე ასაკსა და ჭარბ წონას.
- როგორია შაქრიანი დიაბეტის ადრეული და გვიანი გართულებები?
- შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებებია ჰიპო და ჰიპერგლიკემია, დიაბეტური კეტოაციდოზი. გვიანი გართულებებიდან საყურადღებოა მაკროანგიოპათია (რეტინოპათია, დიაბეტური ტერფი, ერექციის დისფუნქცია), ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ნეიროპათია.
- რა არის და რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია?
- დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტით დაავადებულთა 50%-ზე მეტს აღენიშნება. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პერიფერიული ნეიროპათია. ამ დროს ზიანდება ნერვები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ტვინს) არ ეკუთვნის.
პერიფერიული ნეიროპათია ტერფების დაზიანებას და დაინფიცირებას იწვევს. საქმე ის არის, რომ ტერფის ნერვების დაზიანებისას ადამიანმა შესაძლოა ტერფი გაიჭრას და ვერ იგრძნოს, მოუვლელი ჭრილობა კი გაიზარდოს და დაინფიცირდეს. დიაბეტური ნეიროპათიის დროს შესაძლოა იმ ნერვების დაზიანებაც, რომლებიც არეგულირებს სისხლის წნევას, გულის რიტმს, საოფლე ჯირკვლების, შარდის ბუშტის მუშაობას, ნაწლავების პერისტალტიკას, ერექციას (აუტონომიური ნეიროპათია).
დიაბეტის დროს ნეიროპათიის უშუალო მიზეზი ჰიპერგლიკემიაა. ჰიპერგლიკემიის დროს იზრდება გლუკოზის ფერმენტდამოკიდებული დაკავშირება თავისუფალ ამინომჟავებთან, რაც მრავალ ცილას, მათ შორის ფერმენტებსაც მოიცავს. ამის შედეგად ირღვევა უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, რაც ნეირონების დეგენერაციისა და აქსონოპათიის მიზეზად იქცევა.
- როგორია ნეიროპათიის სიმპტომები?
- თავდაპირველად - ფეხის თითებზე, მერე კი მთელ ტერფებზე, კოჭებსა და ხელებზეც თავს იჩენს მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც დროდადრო ძლიერდება და ისევ სუსტდება. დროთა განმავლობაში მცირდება ტემპერატურის, ტაქტილური და ვიბრაციის შეგრძნება, დაზიანებული კიდური სუსტდება, ბუჟდება, რაც ვლინდება ფეხების მწველი ტკივილით, ძირითადად მოსვენებისას ან ღამით დაბუჟებით, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით, მომატებული წნევის ზონებში გარქოვანებული კანის არსებობით. ამის შედეგად ხდება ტერფების ტრავმირება და წყლულოვანი დეფექტების, განგრენის განვითარებაც კი.
აუტონომიური ნეიროპათია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამ დროს თავს იჩენს ქრონიკული გულისრევა, უმადობა, მუცლის შებერვა, ცუდი მონელება, ნაწლავების მოუწესრიგებელი პერისტალტიკა. გულისრევა, გონების დაკარგვა, თავბრუხვევა (ფეხზე სწრაფად ადგომისას) და სისხლის დაბალი წნევა აღენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გულის კუნთის ნეიროპათია.
- რა უნდა გაკეთდეს ნეიროპათიის თავიდან ასაცილებლად? საზოგადოდ, შესაძლებელია თუ არა ამ გართულების პრევენცია?
- სისხლში შაქრის კონტროლით დიაბეტური ნეიროპათიის განვითარების რისკი შეიძლება 40-60%-ით შევამციროთ.
- ალბათ, ყველას გაუგონია ტერმინი "დიაბეტური ტერფი". რა არის ეს?
- სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, როგორც გითხარით, ნერვის დაზიანებას იწვევს, რის გამოც ადამიანმა შესაძლოა ტკივილი ვერ იგრძნოს, ჭრილობა, დამწვრობა ან მოყინულობა შეუმჩნეველი დარჩეს და გაუმიზეზდეს.
მეორე პრობლემა, რომელიც დიაბეტური ტერფის ჩამოყალიბებას განაპირობებს, სისხლის მიწოდების დარღვევაა, რის გამოც წყლული ძნელად ხორცდება. თამბაქოს წევა სისხლის მიდენას კიდევ უფრო ამცირებს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფეხზე კოჟრები, ბებერები და სხვა. თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ეს წარმონაქმნები შეიძლება დაჩირქდეს.
- რა არის საჭირო ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად?
- უპირველეს ყოვლისა, სისხლში შაქრის დონის ლაბორატორიული შემოწმება არანაკლებ 2 თვეში ერთხელ;
- შემდეგ - რეგულარული სიარული ექიმთან დაწყებული გართულებების (ქვედა კიდურების ტკივილი, ვიბრაციული, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობის შეცვლა) გამოსავლენად;
- ფეხების მოვლის წესების მკაცრი დაცვა;
- თავჩენილი გართულებების დროული მკურნალობა.