თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს. მიუხედავად ანატომიური ზომების სიმცირისა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ბევრი მათგანი არა მარტო მედიკოსებისთვის, მკითხველისთვისაც კარგადაა ნაცნობი.

  • მინერალოკორტიკოიდები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ალდოსტერონი;
  • გლუკოკორტიკოიდები - კორტიზოლი და კორტიკოსტერონი;
  • სასქესო ჰორმონები - ანდროგენები, ესტროგენები; მცირე რაოდენობით პროჟესტერონი;
  • კატექოლამინები - ადრენალინი და ნორადრენალინი.

ამ ჩამონათვალის მოსმენისთანავე დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანწილად თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებაზე ყოფილა დამოკიდებული. მისი დაავადებები კი ხშირად ორგანიზმში პაციენტისთვის საბედისწერო ძვრებს იწვევენ. დღეს თირკმელზედა ჯირკვლის ორ პათოლოგიას - ადისონის დაავადებას და კუშინგის სინდრომს განვიხილავთ.

ადისონის დაავადება

ინგლისელმა ექიმმა თომას ადისონმა პირველად აღწერა დაავადება, რომელიც უმთავრესად 20-40 წლის ასაკში ვლინდებოდა. მოგვიანებით ამ პათოლოგიას მისი სახელი უწოდეს.

ადისონის დაავადება ანუ თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა, არის პათოლოგია, რომლის დროსაც მცირდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამომუშავება. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შესაძლოა პირველადი ან მეორეული იყოს. პირველადი უკმარისობის შესახებ მაშინ ლაპარაკობენ, როცა თირკმელზედა ჯირკვლის ზომები მცირდება, რის გამოც ჰორმონები საკმარისი რაოდენობით აღარ წარმოიქმნება. ზოგჯერ ჰიპოფიზში - ჯირკვალში, რომელიც ჩვენი ენდოკრინული სისტემის "დირიჟორია", მცირდება ადრენოკორტიკოტროპული - მარეგულირებელი ჰორმონის წარმოქმნა. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული უკმარისობა ვითარდება, ანუ დაავადებაში "დამნაშავე" თირკმელზედა ჯირკვალი კი არ არის, არამედ მისი ფუნქციის მარეგულირებელი ჰიპოფიზი.

რატომ ვითარდება ადისონის დაავადება?

ადისონის დაავადების ანუ თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევათა დიდი ნაწილი უცნობი რჩება. თუმცა, ბოლო წლებში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დროს ორგანიზმში წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულები. რიგ შემთხვევაში ადისონის დაავადების მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლს დაზიანება ტუბერკულოზის ან აუტოიმუნური დაავადებების დროს, ანუ მაშინ, როცა იმუნური სისტემა ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას იწყებს.

თირკმელზედა ჯირკვალი შეიძლება დაზიანდეს ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებით. ჰიპოფიზის დაავადებები კი თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული პათოლოგიის მიზეზი ხდება.

რა ცვლილებები ვითარდება ორგანიზმში?

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის, ორგანიზმში წყალმარილოვანი ბალანსის დარღვევას. შედეგად კი ვითარდება:

  • ზოგადი და კუნთოვანი სისუსტე, რაც განსაკუთრებით ძლიერდება დღის მეორე ნახევრისთვის;
  • წონის დაქვეითება;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათისა და დიარეის მონაცვლეობა;
  • ხშირი შარდვა ღამით;
  • მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება.

გარეგნული ნიშანი, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს პაციენტის ყურადღებას, არის კანის გამუქება ანუ ჰიპერპიგმენტაცია. ავადმყოფი თითქოს ნამზეურია. კანის ჰიპერპიგმენტაცია პირველ რიგში იმ ადგილებში ვლინდება, სადაც ძლიერია ტანსაცმელთან ხახუნი, მაგალითად იდაყვის, საყელოს, წელის არეში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მუქი შეფერილობა სარძევე ჯირკვლების დვრილებსა და ლორწოვან გარსზე, მაგალითად პირის ღრუში. შემდგომში კანი მთლიანად მუქდება, ზოგჯერ ჰიპერპიგმენტირებული კანის ფონზე ჩნდება თეთრი ლაქები - ვიტილიგო. თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული უკმარისობისას კანის ფერის ცვლილება არ ვითარდება. დაავადების ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი არტერიული წნევის დაქვეითება ანუ ჰიპოტონია გახლავთ. ის ალდოსტერონის, უფრო ნაკლებად გლუკოკორტიკოიდების დეფიციტითაა განპირობებული. წნევა 100/60-80/50 მმ.ვწყ.სვ-ს შორის მერყეობს. თუმცა თუ პაციენტს მანამდე ჰიპერტენზია ჰქონდა, წნევა შეიძლება ნორმალურიც დარჩეს. ჰიპოტენზია კლინიკურად ხშირი გულის წასვლით ვლინდება, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია საწოლიდან წამოდგომისას.

დიაგნოსტიკა

თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზის დასადგენად ატარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

  • სისხლის საერთო ანალიზი - აღინიშნება ანემია ანუ ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითება და ეოზინოფილია - ეოზინოფილების რაოდენობის მატება;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - სისხლში კალიუმისა და კრეატინინის შემცველობა იზრდება, ხოლო ნატრიუმისა მცირდება;
  • სისხლსა და შარდში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დონის განსაზღვრა - კორტიკოსტეროიდების შემცველობა დაქვეითებულია;
  • სპეციალური სინჯები. მათი არსი შემდეგში მდგომარეობს - პაციენტი აბარებს გამოსაკვლევად სისხლს, შემდეგ იღებს განსაზღვრულ პრეპარატს და კვლავ აბარებს სისხლს, რათა დადგინდეს ცვლილებები; თირკმელზედა ჯირკვლის ზომებისა და სტრუქტრის ცვლილება ვლინდება კომპიუტერული ტომოგრაფიით.

როგორ დავეხმაროთ პაციენტს?

მკურნალობა თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების მუდმივ მიღებას ემყარება. პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავსი მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. ჰორმონების დოზის თვითნებური შემცირება ან მათი მიღების შეწყვეტა დაავადების მძიმე გართულების - თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის აღმოცენებას იწვევს. წყალმარილოვანი ცვლის მკვეთრი დარღვევის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სუფრის მარილის ჭარბი მიღება. ადისონის ავადმყოფობით დაავადებულმა უნდა აიცილოს ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვა, არ მიიღოს ალკოჰოლი და საძილე საშუალებები. ჯანმრთელობის გაუარესებისას (მაგალითად, სურდოს დროსაც კი) ან ქირურგიული ჩარევისას ჰორმონების დოზას ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ ადისონის დაავადება სერიოზული პათოლოგიაა, დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობისას ის კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს. დაავადებულმა ქალმა შეიძლება შვილიც გააჩინოს.

ადისონური კრიზი ანუ თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა ანუ ადისონური კრიზი არის კომური მდგომარეობა, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამომუშავების მკვეთრი დაქვეითების შედეგად აღმოცენდება.

რატომ ვითარდება ადისონური კრიზი?

თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა ხშირად ადისონის დაავადების ფონზე ვითარდება, მაშინ, როცა პაციენტი, რომელსაც ჰორმონების დეფიციტი აქვს, თვითნებურად წყვეტს ჰორმონული პრეპარატების მიღებას. შედეგად აღმოცენდება ჰორმონების მკვეთრი დეფიციტი. იგივე სიტუაცია იქმნება ტრავმის, ოპერაციული ჩარევის ან მძიმე ინფექციური პათოლოგიის დროს.

გარდა ამისა, ადისონური კრიზი შეიძლება აღმოცენდეს:

  • თირკმელზედა ჯირკვალში მწვავე სისხლჩაქცევის ან მასში ინფარქტის - ქსოვილის კვდომის განვითარებისას;
  • იმუნური სისტემის მძიმე დაზიანებით მიმდინარე დაავადებებისას, როცა ზიანდება თირკმელზედა ჯირკვალი, უჯრედები (სისტემური წითელი მგლურას ან კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს);
  • მენინგიტის, სეფსისის, ძლიერი სისხლდენისას (ჭრილობის ან მშობიარობის დროს).

რა ხდება ადისონური კრიზის დროს?

თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონების პროდუქცია თითქმის მთლიანად წყდება. შედეგად, ორგანიზმში კატასტროფული ძვრები ვითარდება. პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება. კალიუმის ცვლის დარღვევის გამო გულის მუშაობა მკვეთრად უარესდება. პარალელურად ზიანდება ნახშირწყლოვანი ცვლა - სისხლში გლუკოზის შემცველობა ქვეითდება, უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ გაზრდილია. თირკმელები ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას.

როგორ ვლინდება ადისონური კრიზი?

კრიზის წინა პერიოდში ძლიერდება კუნთოვანი სისუსტე, ჰიპერპიგმენტაცია უფრო მკვეთრი ხდება, ქვეითდება მადა, თავს იჩენს კუნთების ტკივილი, სხეულის მასის დაქვეითება, ჰიპოტონია ანუ დაბალი წნევა. თავად კრიზის დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ცნობიერება შენახულია, მაგრამ პაციენტი მოდუნებულია, უჭირს ლაპარაკი და საწოლში გადატრიალება, ლაპარაკობს ჩუმად, გაუგებრად;
  • კანი მშრალია, მუქად შეფერილი, ელასტიკურობა დაქვეითებულია, სახის ნაკვთები - წაწვეტებული, თვალები - ჩაცვენილი;
  • გამოხატულია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა ლოკალიზაციის შეიძლება იყოს, განავალი თხიერია, ზოგჯერ სისხლის მინარევით;
  • შესაძლოა ტკივილი წელის არეში;
  • არტერიული წნევა მკვეთრად ქვეითდება 60 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალია;
  • შარდის გამოყოფა მკვეთრადაა დაქვეითებული ან წყდება.

ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადისონური კრიზის დროს შესაძლოა თავი იჩინოს რომელიმე სისტემის უპირატესმა დაზიანებამ, რის გამოც კრიზი ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებას ან ქირურგიულ პათოლოგიას მოგვაგონებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დაავადების ნიშნები, სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევებით გამოვლენილი კალიუმისა და კრეატინინის მატება და ნატრიუმის დაქვეითება, შარდსა და სისხლში კორტიკოსტეროიდული ჰორმონების შემცველობის დაქვეითება გვეხმარება ადისონური კრიზის დიაგნოსტიკაში. თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის მკურნალობა რეანიმაციის ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ტარდება. ის ემყარება ინტრავენურად კორტიკოსტეროიდული ჰორმონების საკმარისი დოზების შეყვანას და ინფუზიურ თერაპიას - ე.წ. გადასხმებს. დროული მკურნალობისას პაციენტის გადარჩენა შესაძლებელია. თუ კრიზი მძიმე ინფექციის ფონზეა აღმოცენებული, არ არის გამორიცხული, ის პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ადისონური კრიზის თავიდან ასაცილებლად პაციენტი რეგულარულად უნდა იღებდეს პრეპარატებს, რომლებიც მას თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ აქვს დანიშნული. გახსოვდეთ! ადისონის დაავადებისას დაუშვებელია კორტიკოსტეროიდების მიღების თვითნებური შეწყვეტა ან მათი დოზის შემცირება. აუცილებელია მუდმივი კონტაქტი ენდოკრინოლოგთან, რათა პაციენტის ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდეს დოზის კორექცია.

კუშინგის სინდრომი

ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჰარვეი კუშინგმა გასული საუკუნის 30-იან წლებში აღწერა დაავადება, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. დადგენილია, რომ დაავადების მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებაა. ბუნებრივია საინტერესოა, რატომ გამოიმუშავებს ჯირკვალი ჰორმონს იმ რაოდენობით, რომ ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებები აღმოცენდება. მიზეზი მრავალრიცხოვანია. მათ შორის მნიშვნელოვანია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა ანუ ტვინის იმ სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობა, რომლებიც ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთქმედებასა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. ჰიპოფიზის ადენომა (სიმსივნე), სხვადასხვა ლოკალიზაციის (ბრონქის, პანკრეასის, თიმუსის) სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია ან სიმსივნე გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღება - ასეთია კუშინგის სინდრომის ანუ ჰიპერკორტიციზმის მიზეზების ჩამონათვალი.

რა ცვლილებები ვითარდება ორგანიზმში?

ორგანიზმში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები - კორტიკოსტეროიდები ჭარბად წარმოიქმნება. აღნიშნული ჰორმონები ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესზე მოქმედებენ, რის გამოც მათი სიჭარბე სრული ქაოსის დასაწყისია. დაავადების კლინიკური სურათი საკმაოდ თვალსაჩინოა. პაციენტი აღნიშნავს, რომ შეეცვალა გარეგნობა, გასუქდა, აწუხებს კუნთების და ზოგადი სისუსტე, მუცლის, მკერდის და თეძოების კანზე მოწითალო-მოვარდისფრო ზოლები გაუჩნდა, კანი მშრალია და თმაც სცვივა, მაგრამ სახესა და ტანზე მა-მაკაცივით ეზრდება, ჩნდება ხერხემლის ტკივილი, წყურვილის გრძნობა, ირღვევა ძილი, ვითარდება თავის ტკივილი, ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა, ქალებს ერღვევათ მენსტრუაციული ციკლი. თუ მას, ვისაც კუშინგის სინდრომი აქვს, კარგად დავაკვირდებით, მყისვე მივხვდებით, რომ ზემოთ აღწერილი ჩივილები სულაც არ არის მისი ახირება ან ფანტაზია. შევნიშნავთ, რომ:

  • ცხიმი უპირატესად მკერდზე, მხრის სარტყელზე, მუცელზე, თეძოებზე, კისრის არეში ("კლიმაქტერიული კუზი") ან სახეზე ("მთვარისებრი სახე") გროვდება, კიდურები კი შედარებით წვრილია, რის გამოც კუშინგის დაავადების დროს აღმოცენებულ სიმსუქნეს "ძროხისებრს" უწოდებენ;
  • კანი მშრალია, გათხელებული, მარმარილოსებრი, უხვადაა ჩირქოვანი გამონაყარი - აკნე;
  • სახე ღაჟღაჟა წითელია, ქალებს ეზრდებათ "წვერი", "ულვაში", "ბაკენბარდები";
  • ცხიმის დაგროვების არეში კანზე მოწითალო-იისფერი სტრიებია - კანის გაჭიმვის შედეგი, რაც, ჩვეულებრივი სიმსუქნისგან განსხვავებით, არასოდეს თეთრდება;
  • თავს იჩენს კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სისხლნაღვენთები;
  • თავის არეში თმა გაცვენილია, ქალებს სასქესო ორგანოების არეში მამაკაცური თმიანობა აქვთ;
  • მამაკაცებს აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლების გადიდება, სახეზე წვერის შემცირება და დაკარგვა, სათესლე ჯირკვლების ატროფია.

ამ გარეგნული ნიშნების მიღმა იმალება შინაგანი ორგანოების სერიოზული დაზიანება:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა - გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე და ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება არტერიული წნევის მატების მიზეზია. ვითარდება სიმპტომატური ანუ მეორადი ჰიპერტენზია - წნევის მატება კუშინგის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია. როგორც სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰიპერტენზია, ისიც წნევის მაღალი ციფრებით ხასიათდება, რის გამოც ზიანდება გული, თირკმელი, ნერვული სისტემა. გარდა ამისა, გულის დაზიანებას თავად კუშინგის სინდრომიც იწვევს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბისა და კალიუმის დეფიციტის გამო;
  • სასუნთქი სისტემა - პაციენტები მიდრეკილნი არიან ინფექციებისა და ტუბერკულოზის აღმოცენებისადმი;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა - გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე წყლულის წარმოქმნას იწვევს;
  • საშარდე სისტემა - ვითარდება თირკმლის კენჭები, რაც პიელონეფრიტის მიზეზი ხდება;
  • ძვალ-სახსართა სისტემა - ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია სტეროიდული ოსტეოპოროზი. პირველ ყოვლისა, ხერხემალი ზიანდება, რაც ტკივილს, პათოლოგიურ მოტეხილობებს, ზრდის შეფერხებას იწვევს. ტკივილი აღინიშნება სხვა ძვლებსა და სახსრებშიც.

როგორ მოვიქცეთ?

მიუხედავად მრავალმხრივი გამოვლინებისა, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ კუშინგის სინდრომისას პაციენტთა ნახევარი ანთებითი და ინფექციური დაავადებების გამო იღუპება და გვირჩევენ, თუ აღწერილი ნიშნები შევამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მივმართოთ ენდოკრინოლოგს.

დიაგნოზის დასადგენად ტარდება:

  • სისხლის ჰორმონული კვლევა;
  • ჰორმონული სინჯები - განსაზღვრული პრეპარატების მიღებამდე და მიღების შემდეგ სისხლსა და შარდში ჰორმონებისა და მათი მეტაბოლიტების ანუ გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის განსაზღვრა;
  • თავის ქალას და თურქული კეხის არის რენტგენოგრაფია;
  • ჰიპოფიზისა და მის ირგვლივ მდებარე სტრუქტურების დეტალური შესწავლა შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეშვეობით;
  • ჩონჩხის ძვლების რენტგენოგრაფია ავლენს ოსტეოპოროზს.

მკურნალობა

არსებობს კუშინგის სინდრომის მკურნალობის 3 საშუალება:

  • მედიკამენტური მკურნალობა, რაც გულისხმობს იმ პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც კორტიკოსტეროიდების ჭარბ გამომუშავებას თრგუნავენ;
  • სხივური თერაპია, რაც ჰიპოფიზის ჭარბ აქტივობას სპობს;
  • ქირურგიული მკურნალობა ანუ სიმსივნის ამოკვეთა.

ხშირად სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად, მედიკამენტურსა და ქირურგიულს, მედიკამენტურსა და სხივურს, ერთდროულად იყენებენ. ჰორმონების შემცველობის დაქვეითებასთან ერთად ექიმები დაავადების გამოვლინებებსაც მკურნალობენ. მაგალითად, მაღალი წნევის სამკურნალოდ წნევის დამწევ საშუალებებს ნიშნავენ, არეგულირებენ სისხლში შაქრის შემცველობას, მკურნალობენ წყლულს. ასე რომ, დაავადების მკურნალობა აუცილებელია.