ჰორმონები და მათი კვლევა
კონცენტრაციის ცვლილება სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ამიტომ ჰორმონთა დონის განსაზღვრასა და დროულად შესწავლას დიდი სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს. ჰორმონების კვლევებზე, მათი კონცენტრაციების ცვლილებებსა და სადიაგნოსტიკო მნიშვნელობებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის ექიმი-იმუნოლოგი მარიამ დეკანოსიძე:
- ქალბატონო მარიამ, პაციენტებს ხშირად უნიშნავენ ამა თუ იმ ჰორმონის გამოკვლევას. საჭიროებს თუ არა ჰორმონული ანალიზი განსაკუთრებულ მომზადებას, როგორ ტარდება ის და რომელი ფაქტორების გავლენა აისახება მასზე?
- ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვსმენია ჰორმონული დარღვევების, ჰორმონების დეფიციტის ან სიჭარბის შესახებ. ჰორმონები წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდებიან და სამიზნე ორგანოსა თუ სისტემაზე მიმართულ გავლენას ახდენენ. ნეირომექანიზმებთან ერთობლივი მოქმედებით ჰორმონები უზრუნველყოფენ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების მოწესრიგებულ მიმდინარეობას. ნებისმიერი რგოლის გაუმართაობა სერიოზული შედეგებით აისახება მთელ ორგანიზმზე. ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ცვლილებები ერთბაშად არ ხდება, ისინი თანდათანობით ყალიბდება, ამიტომ ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადებების სწორად მართვაში. პაციენტებს ჰორმონებზე კვლევებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმები უნიშნავენ.
ლაბორატორიაში ჰორმონული კვლევები იმუნოლოგიურ მოდულში ტარდება. საკვლევ მასალად ძირითადად მოწოდებულია ვენური სისხლის შრატი ან პლაზმა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სათანადო მომზადებას. სისხლის აღება უნდა მოხდეს დილის საათებში, უზმოზე, უნდა გამოირიცხოს ფიზიკური და ემოციური აქტივობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება. ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობა იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, ახასიათებს ცირკადული (დღეღამური) ან სეზონური რიტმულობა. მაგალითად, კორტიზოლის გამოყოფა დღისით უფრო ინტენსიურად მიდის, ვიდრე ღამით. ტრიიოდთირონინის (თ3) კონცენტრაცია ზაფხულში დაახლოებით 20%-ით ნაკლებია სხვა პერიოდებთან შედარებით. დაბალკალორიული კვება ან შიმშილი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის შემცირებას, სიგარეტის მოწევა ანალიზის აღებამდე ერთი საათის პერიოდში ზრდის კორტიზოლისა და პროლაქტინის კონცენტრაციას, პაციენტის ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს პროლაქტინისა და კორტიზოლის კონცენტრაციების განსაზღვრაზე. სასქესო ჰორმონების კვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ასაკს, რეპროდუქციული ასაკის ქალების მენსტრუალური ციკლის პერიოდს, ორსულობის ვადას. ეს ფაქტორები გათვალისწინებულია თითოეული ტესტის შედეგის შეფასებისას და ამის შესაბამისადაა მოწოდებული ნორმის საზღვრები.
ლაბორატორიები კვლევის განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ, ამიტომაც, ერთი და იმავე ტესტისათვის მოწოდებული რეფერალური საზღვრები შეიძლება განსხვავდებოდეს. განსხვავება შეიძლება იყოს გაზომვის ერთეულშიც. მაგალითად, ინსულინის შედეგი შეიძლება გამოისახოს პმოლ/ლ-ში (პიკომოლი ლიტრში) ან მკსე/მლ-ში (მიკროსაერთაშორისო ერთეული მილილიტრში). ძირითადად გვხვდება შემდეგი შემოკლებული აღნიშვნები:
პრეანალიტიკაში გასათვალისწინებელია სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენაც, ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა მისცეს ლაბორანტს ინფორმაცია მიღებული პრეპარატების შესახებ. კვლევაზე მოქმედებს საკვლევი მასალის - სისხლის შრატის ან პლაზმის ჰემოლიზურობა, იქტერულობა, ლიპემიურობა, ნიმუშის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები.
ჩვენს ლაბორატორიაში ჰორმონებს ვიკვლევთ ღოცჰე-ს ფირმის მოდულარულ სისტემაზე ჩობას 6000 (EჩLIA მეთოდი) და Abbott-ის ფორმის ანალიზატორებზე Aრცჰიტეცტ ი1000 და ი2000 (ჩMIA მეთოდი). ნორმებს ამ მწარმოებლების მიხედვით მოგაწვდით.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი
- მოდი, დავიწყოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებელი ტესტებით. რომელი ჰორმონების კვლევაა მნიშვნელოვანი?
- პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ. პირველი რიგის კვლევა თირეოტროპული ანუ თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) განსაზღვრაა. სკრინინგულ ტესტად ზოგჯერ თავისუფალი თიროქსინის (FT4) განსაზღვრაც განიხილება.
TSH გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების რეგულატორია, ასტიმულირებს რა მის მიერ ჰორმონების - თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის გამოყოფას. TSH განსაზღვრა ხდება ჰიპო- და ჰიპერთირეოზის გამოსარიცხად, ჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის შესაფასებლად. TSH მაღალია აუტოიმუნური თირეოიდიტის, იოდდეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიების, ჰორმონის სინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტების, ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ოპერაციული ამოკვეთის შემდგომი მდგომარეობის, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის, ჰიპოფიზის ადენომის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისადმი რეზისტენტობის სინდრომის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, სხვადასხვა პრეპარატის (ბეტა-ადრენობლოკატორები, რენტგენკონტრასტული ნივთიერებები, ფუროსემიდი, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ლითიუმის პრეპარატები) მიღებისას. TSH დაბალია პირველადი ჰიპერთირეოზის (დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი, ტოქსიკური ადენომა), სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის, ტრანზიტორული თირეოტოქსიკოზის, აუტოიმუნური თირეოიდიტის, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის უკმარისობის, ჰიპოფიზის სიმსივნის დროს, ასევე შიმშილის, სტრესისა და რიგი პრეპარატების გავლენით (კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ბეტა-ადრენომიმეტიკები, ჰიპერპროლაქტინემიის პრეპარატები, ჰეპარინი, აცეტილსალიცილის მჟავის პრეპარატები და სხვა).
TSH ნორმის საზღვრები (ღოცჰე)
მოზრდილები: 0,27-4,2 mIU/მლ
ბავშვები: 3 თვემდე: 0,72-11,0 mIU/მლ
3 თვიდან 1 წლამდე: 0,73- 8,35 mIU/მლ
1-6 წწ.: 0,7-5,97 mIU/მლ
7-11 წწ.: 0,6-4,84 mIU/მლ
ორსულობის პირველი ტრიმესტრი: 0,33-4,59 mIU/მლ
ორსულობის მეორე ტრიმესტრი: 0,35-4,1 mIU/მლ
ორსულობის მესამე ტრიმესტრი: 0,21-3,15 mIU/მლ
ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს. ტრიიოდთირონინის კონცენტრაცია სისხლში თიროქსინთან შედარებით დაბალია, თუმცა მისი ბიოლოგიური აქტივობა - გაცილებით მაღალი. თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის ძირითადი ნაწილი შეკავშირებულია ცილასთან (პრეალბუმინთან, თიროქსინშემაკავშირებელ გლობულინთან ან ალბუმინთან). შეკავშირებული ცილების კონცენტრაცია შეიძლება რიგი ენდო- და ეგზოგენური ფაქტორებით შეიცვალოს (თირკმლის პათოლოგიები, ორსულობა), ამიტომ საერთო კონცენტრაციის განსაზღვრა შეიძლება არასწორად ასახავდეს ბიოლოგიურ აქტიურობას და უმჯობესია განისაზღვროს თავისუფალი თიროქსინი FT4 და თავისუფალი ტრიიოდთირონინი Fთ3. თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება ჰიპო- და ჰიპერთირეოზული მდგომარეობების დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე TSH სუპრეს-თერაპიის მონიტორინგის დროს. საერთო ტრიიოდთირონინის კონცენტრაციის განსაზღვრას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკის გარდა, მიმართავენ იზოლირებული თ3 ტოქსიკოზის შეფასებისას. ჰიპერთირეოიდული მდგომარეობების 90%-ში თიროქსინის კონცენტრაცია მაღალია, ჰიპოთიროიდოზის 85% შემთხვევებში კი - დაბალი.
მოზრდილთა საერთო თიროქსინის ნორმალური მაჩვენებელი - 66-181 ნმოლ/ლ, საერთო ტრიიოდთირონინის კონცენტრაცია ნორმისას - 1,3-3,1 ნმოლ/ლ-ია. (ღოცჰე)
FT4 დასაშვები საზღვრებია (ღოცჰე)
მოზრდილებისთვის: 0.93-1.7 ნგ/დლ
ბავშვები 3 თვემდე: 0,88-2,2 ნგ/დლ
3 თვიდან 1 წლამდე: 0,92-1,99 ნგ/დლ
1-6 წწ.: 0,96-1,77 ნგ/დლ
7-11 წწ.: 0,97-1,67 ნგ/დლ
Fთ3 დასაშვები საზღვრებია (ღოცჰე)
მოზრდილებისთვის: 2-4.4 პგ/მლ
ბავშვები 3 თვემდე: 1,95-6,04 პგ/მლ
3 თვიდან 1 წლამდე: 2,15-5,83 პგ/მლ
1-6 წწ.: 2,41-5,5 პგ/მლ
7-11 წწ.: 2,53-5,22 პგ/მლ
ჰორმონები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესახებ გვაძლევენ ინფორმაციას; ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კი საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება: სისხლში თიროიდული ანტისხეულების (ანტი-თG და ანტი-თPO), თირეოგლობულინის, კალციტონინის, ანტი-TSH-ღ-ის და პარათირეოიდული ჰორმონის კონცენტრაციების განსაზღვრა.
პაციენტის გამოკვლევა თირეოგლობულინის და თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე (ანტი-თG და ანტი-თPO) მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში. მათი მომატება ახასიათებს გრეივსის დაავადებას, ჰაშიმოტოს თიროიდიტს, იდიოპათიურ მიქსედემას. ღოცჰე-ს მიხედვით ანტი-თG დასაშვები საზღვრებია <115 სე/მლ, ხოლო ანტი-თPO < 34 სე/მლ. Abbott მიხედვით ანტი-თG დასაშვები საზღვრებია < 4,1 სე/მლ, ხოლო ანტი-თPO < 5,6 სე/მლ.
თირეოგლობულინი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ცილაა. ის თირეოიდული ჰორმონების წინამორბედი ნივთიერებაა. ფარისებრი ჯირკვლის სრულად ამოკვეთის შემდეგ ეს ცილა სისხლში აღარ უნდა ცირკულირებდეს. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის მას ონკომარკერად იყენებენ. თG-ს განსაზღვრით მსჯელობენ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმესა და ოპერაციის წარმატების ხარისხზე. თG კვლევა ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობით და მგრძნობელობით, მაგრამ ანტი-თG-ს მომატებული კონცენტრაცია სისხლში ხელს უშლის რეაქციას და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ, ამიტომაც მივმართავთ თირეოგლობულინის განსაზღვრის კონფირმაციულ მეთოდს. ჯანმრთელ ადამიანებში თG-ს ნორმაა 3-78 ნგ/მლ (ღოცჰე), ტოტალური თირეოიდექტომის შემდგომ მისი კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 1 ნგ/მლ-ს.
თირეოტოქსიკოზის ეტიოლოგიის დიფერენციული დიაგნოსტირებისა და გრეივსის დაავადების კლინიკურად საეჭვო შემთხვევებში დიაგნოზის დადასტურებისთვის მიმართავენ Aნტი-TSHღ (TSH რეცეპტორის საწინააღდეგო ანტისხეულების) რაოდენობის განსაზღვრას. ტესტი მნიშვნელოვანია გრეივსის დაავადებით დიაგნოსტირებული ორსულებისთვის ნაყოფში თირეოტოქსიკოზის რისკის შესაფასებლად. თიროიდის მემბრანის TSH რეცეპტორის ანტისხეულები G კლასის იმუნოგლობულინებია, მათ შეუძლიათ გადალახონ პლაცენტის ბარიერი და გამოიწვიონ ახალშობილთა ნეონატალური თირეოტოქსიკოზი. ნორმისას TSH რეცეპტორის საწინააღდეგო ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი 1,5 ერთ/მლ-ს არ აღემატება.
ფარისებრი ჯირკვლის პარაფოლიკულური ეპითელიუმის ჩ-უჯრედები გამოიმუშავებენ კალციტონინს, ნორმის დროს მისი ფუნქციაა კალციუმის ცვლის რეგულაცია, ის პარათჰორმონის ანტაგონისტია. კალციტონინის სინთეზი რეგულირდება სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მიხედვით. სისხლში კალციტონინის კონცენტრაცია მკვეთრად იმატებს ჩ-უჯრედების ჰიპერპლაზიისა და ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს დროს. წარმატებით მკურნალობის შემთხვევაში, კალციტონინის დონე იკლებს, მაგრამ თუ მისმა დონემ ისევ დაიწყო ზრდა, ეს შესაძლო რეციდივზე მიანიშნებს. კალციტონინის კონცენტრაცია - ქალებს < 14 ნგ/ლ, ხოლო მამაკაცებს <19 ნგ/ლ (ღოცჰე).
ჰიპერ- და ჰიპოკალციემიის მდგომარეობების დიაგნოსტიკის, ასევე ძვლოვანი ქსოვილის დაავადებებისა და ქრონიკული თირკმლის უკმარისობის დროს მიმართავენ სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის ანალიზს. ჰორმონის მომატებული მაჩვენებლის მიზეზია პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ახალწარმონაქმნები ამ ჯირკვალში, კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, რაქიტი, D ვიტამინის დეფიციტი. პარათჰორმონი დაბალია ჰიპომაგნიემიის, D ჰიპერვიტამინოზის, ჰიპოპარათირეოზის დროს. PთH-ს ნორმა 15-68 პგ/მლ-ია.
სასქესო ჰორმონების ანალიზი
- რას გვეტყვით სასქესო ჰორმონების კვლევაზე. რომელი ჰორმონების ანალიზი ტარდება უხშირესად და რომელი პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ?
- ჰორმონების მეორე დიდი ჯგუფია სასქესო ჰორმონები. ყველაზე აქტიური ბუნებრივი ესტროგენია ესტრადიოლი (E2), რომელიც სინთეზირდება ფოლიკულების უჯრედებში, ყვითელ სხეულსა და პლაცენტაში. ის მამაკაცებს მცირე რაოდენობით გამოუმუშავდებათ თირკმელზედა ჯირკვლების, სათესლე ჯირკვლებისა და პერიფერიული ქსოვილების მიერ ანდროგენების გარდაქმნის შედეგად. E2 უზრუნველყოფს სასქესო სისტემის ქალური ტიპის განვითარებას, მოქმედებს მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებაზე, პროგესტერონთან ერთად ხელს უწყობს ენდომეტრიუმის ზრდას და ამზადებს მას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის. ესტრადიოლის დონე სისხლში დამოკიდებულია ფოლიკულის მომწიფების ხარისხზე. კვლევას მიმართავენ მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიფერენციალური დიაგნოსტიკის, ენდოკრინული უნაყოფობისა და მისი მკურნალობის, ინიცირებული ოვულაციის კონტროლის მიზნით, მამაკაცთა ესტრადიოლის მაღალი ციფრები, შემცირებულ ტესტოსტერონთან ერთად, შეიძლება თან ახლდეს ჰიპოგონადიზმის სხვადასხვა გამოვლინებას. ღოცჰე-ს მიერ მოწოდებულია შემდეგი ნორმები (პკგ/მლ)
ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ, FშH) და მალუთეინირებელი ჰორმონები (მჰ, LH) წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილში. FშH ასტიმულირებს ესტრადიოლის სინთეზს, აკონტროლებს ფოლიკულების განვითარებასა და მომწიფებას ოვულაციის პერიოდამდე. მამაკაცებთან ზეგავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე. ქალებში LH-ის სამიზნეებია საკვერცხის გარსის უჯრედები, ინტერსტიციული ქსოვილი და ყვითელი სხეული. მამაკაცებში LH ასტიმულირებს ლეიდიგის უჯრედებში ტესტოსტერონის სინთეზს. ესტრადიოლისა და FშH-ის განსაზღვრა რეპროდუქციული ასაკის ქალებთან ციკლის მეორე-მესამე დღეს ხდება.
რეპროდუქციული ასაკის არაორსულ ქალებთან ციკლის 21-23 დღეს იკვლევენ პროგესტერონის კონცენტრაციას. ეს ჰორმონი გამომუშავდება უმეტესად ყვითელი სხეულისა და პლაცენტის, შედარებით მცირე ოდენობით თირკმელზედა ჯირკვლის მიერ. ორსულობის დროს თუ იმპლანტაცია არ ხდება, ყვითელი სხეული დეგრადირებს და პროგესტერონის დონე მცირდება. ორსულობის პირველი ტრიმესტრის ბოლოს პროგესტერონი სეკრეტირდება პლაცენტის მიერ და მისი კონცენტრაცია მატულობს, რაც ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას ყველა სტადიაზე: თრგუნავს რა საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის აქტივობას, ინარჩუნებს საშვილოსნოს ყელის ტონუსს, ბლოკავს საკვერცხეში ფოლიკულების განვითარებას. პროგესტერონი ასევე ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების სეკრეტორული ნაწილის საბოლოო ფორმირებას. ტესტის ჩვენებაა სხვადასხვა სახის ამენორეის დიაგნოსტიკა, უნაყოფობა, ყვითელი სხეულის ფუნქციის შეფასება, პროგესტერონჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგი, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან, ორსულობის შეწყვეტის რისკების შეფასება ადრეულ ეტაპზე.
Roche-ს მიერ მოწოდებულია შემდეგი რეფერალური საზღვრები (ნგ/მლ)
პროლაქტინის სინთეზი უმეტესად ჰიპოფიზის წინა წილში ხდება. მცირე ოდენობით იგი ენდომეტრიუმშიც წარმოიქმნება. სამიზნე ორგანოა სარძევე ჯირკვალი, რომლის სტიმულირება მშობიარობის შემდგომ ლაქტაციის პროცესს განაპირობებს. ჰორმონის განსაზღვრას მიმართავენ ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევის, რეპროდუქციული პრობლემების, მასტოპათიის, ანოვულაციის, სიმსუქნის, უნაყოფობის, გალაქტორეის და სხვა შემთხვევებში. ჰორმონის გამოყოფა პულსირებადი პროცესია, მატულობს ძილის დროს, გაღვიძებისას იკლებს და მინიმუმამდე დადის დილის გვიან საათებში, შუადღის პერიოდში ისევ იმატებს. სტრესი მნიშვნელოვნად ზრდის მის კონცენტრაციას, ამიტომ ანალიზი პროლაქტინზე მშვიდ ემოციურ მდგომარეობაში უნდა ავიღოთ. პროლაქტინი იმატებს ჰიპოფიზის სიმსივნეების, პროლაქტინომის, ჰიპოფიზის ადენომის, პირველადი ჰიპოთირეოზის, საკვერცხეების პოლიკისტოზის, ღვიძლის ციროზის, ზოგიერთი პრეპარატის (ნეიროლეპტიკების, ესტროგენების, ფუროსემიდის და სხვ.) მიღების შემთხვევაში. იკლებს რენტგენოთერაპიის, დოფამინერგული საშუალებების (ბრომკრიპტინი), დექსამეტაზონის და სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენით. ღოცჰე-ს მიხედვით ნორმები (ნგ/მლ):
ორსულობის დადგენის, მისი ნორმალური მიმდინარეობის, ასევე სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ქორიოგონადოტროპული ჰორმონის ბეტა ფრაქციის (β-HCG) კონცენტრაციის განსაზღვრას. ამ ტესტის კლინიკური მნიშვნელობა მაღალია მამაკაცებთან სემინომებისა და ტერატომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისას. არაორსულ ქალებს და ჯანმრთელ მამაკაცებს მისი ნორმა <5 მკსე/მლ აქვთ. ორსულებთან მისი კონცენტრაცია განსხვავებულია ვადების მიხედვით და გარკვეულ ეტაპზე 200 ათასამდეც ადის.
მამაკაცების მნიშვნელოვან სასქესო ჰორმონს ტესტოსტერონი წარმოადგენს. ის ძირითადად სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება და მამაკაცების სქესობრივ განვითარებაზე მოქმედი ძირითადი ანდროგენია. ჰორმონის უმეტესი წილი სისხლში ცირკულირებს ბეტა და ტესტოსტერონმაკავშირებელ გლობულინთან შეკავშირებულ ფორმაში. ქალის ორგანიზმში ანდროგენები ესტროგენების წარმოსაქმნელი სუბსტრატია, ასტიმულირებენ ლუთეოტროპული ჰორმონის გადმოსროლას ოვულაციის წინა პერიოდში. ნორმები (Abbott):
ტესტოსტერონის თავისუფლად მოცირკულირე ფრაქცია ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს. თავისუფალი ტესტოსტერონის განსაზღვრას მიმართავენ მამაკაცებთან - ჰიპოგონადიზმის, ქალებთან კი - ჰირსუტიზმისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის შემთხვევებში.
ანდროგენული პროდუქციის კარგი მახასიათებელია დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატი (DHEA-შ). უმეტესად ალბუმინთანაა დაკავშირებული, მკვეთრი დღეღემური ცვალებადობა არ ახასიათებს და სტაბილური მარკერია. კვლევა ჰირსუტიზმის სკრინინგტესტია. ასევე გამოიყენება ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნეების დიაგნოსტირებისათვის.
თირკმელზედა ჯირკვალში ხდება 17 ჰიდროქსიპროგესტერონის (17 OH Pროგესტერონე) წარმოქმნაც. ის პროგესტერონის წარმოებულია და კორტიზოლის წინამორბედი. სისხლში მისი კონცენტრაცია დამოკიდებულია ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონეზე, მენსტრუალური ციკლის ფაზაზე, ასევე გააჩნია სეკრეციის სადღეღამისო რიტმი. მკვეთრად იმატებს ორსულობის დროს. კლინიკურ პრაქტიკაში 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა შეუცვლელი ტესტია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დიაგნოსტირებაში, ასევე გამოიყენება მენსტრუალური ციკლის დარღვევის, უნაყოფობის, ჰირსუტიზმისას. რეპროდუქციული ასაკის ქალთა მენსტრუალური ციკლის ფოლიკულურ ფაზაში 17 ჰიდროქსი-პროგესტერონის კონცენტრაცია 1-1,5 ნგ/მლ-ს არ აღემატება, ორსულობის დროს კი - 20 ნგ/მლ-ს აღწევს.
* * *
თირკმელზედა ჯირკვლის მნიშვნელოვანი ჰორმონია - კორტიზოლი. კორტიზოლის მოქმედების ძირითადი ფუნქცია ნივთიერებათა ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის რეგულაციაა. ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტირებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კორტიზოლი სტრესული ჰორმონია და მის დონეზე მოქმედებს პაციენტის საერთო ფსიქოსომატური მდგომარეობა (სტრესი, დეპრესია, მძიმე თანმხლები დაავადებები, ინტოქსიკაცია), ამიტომ, უკეთესი იქნება, შარდში განსაზღვრით შეფასდეს მისი დღიური ექსკრეცია. კორტიზოლის ტესტი ინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, როდესაც პაციენტს ამ ჰორმონის ჭარბი ან არასაკმარისი პროდუქციის ნიშნები აქვს. მაგალითად, კუშინგის სინდრომის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმაოდ დიდი რაოდენობით კორტიზოლს, ადისონის დაავადების დროს კი - კორტიზოლის არასაკმარისი პროდუქციაა. დასაშვები საზღვრები (Abbott მიხედვით):
შრატი: დილის 7- 10 სთ-მდე 101,2-535,7 ნმოლ/ლ
საღამოს 16-20 სთ-მდე 79,0-477,8 ნმოლ/ლ
შარდი: მოზრდილები - 11.8-485.6 ნმოლ/24სთ
3-8 წლის ბავშვები 7.73-110.4 ნმოლ/24სთ
9-13 წლის ბავშვები 14.35-204.2 ნმოლ/24სთ
14-17 წლის ბავშვები 11.8-485.6 ნმოლ/24სთ
ორგანიზმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლუკოზის ცვლას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ჰორმონია ინსულინი, რომელიც პანკრეასის მიერ გამომუშავდება. მისი დანიშნულებაა, დაეხმაროს ორგანიზმს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან აითვისოს და გამოიყენოს გლუკოზა ენერგიის წარმოსაქმნელად და შექმნას მისი მარაგი შემდგომი გამოყენებისთვის. ინსულინის კვლევის ჩვენებებია ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების დიაგნოსტიკა, ეჭვი ინსულინომაზე, საკვერცხის პოლიკისტოზი, მეტაბოლური სინდრომი. ინსულინის დეფიციტი აღინიშნება ინსულინწარომქმნელი უჯრედების აუტოიმუნური დაზიანებისას (პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი). ქსოვილების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატებას (ინსულინდამოუკიდებელი, ანუ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი). ინსულინი მაღალია სიმსუქნის, საკვერცხეების პოლიკისტოზის, ინსულინომების დროსაც. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ინსულინის დასაშვები კონცენტრაციაა 17,8-173 პმოლ/ლ. სისხლში პროინსულინიდან ინსულინის წარმოქმნასთან ერთად გამოდის ცილოვანი ფრაგმენტი ჩ პეპტიდიც. ინსულინი და ჩ პეპტიდი ეკვიმოლარულად წარმოიქმნება, მაგრამ რადგან ჩ პეპტიდის ნახევარდაშლის პერიოდი უფრო მეტია, ამიტომ ის უფრო სტაბილური მაჩვენებელია. ინსულინი ღვიძლის მიერ მეტაბოლიზდება, ჩ პეპტიდის მეტაბოლიზმი და გამოყოფა კი თირკმლის მიერ ხდება. ამიტომ მათ ერთობლივ განსაზღვრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებისას. ჩ პეპტიდის ნორმაა 1,1-4,4 ნგ/მლ (ღოცჰე).
ამრიგად, ჰორმონები ძალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე - ნივთიერებათა ცვლაზე, ზრდა-განვითარებაზე, რეპროდუქციაზე, ძილის ციკლზე, სტრესული მდგომარეობების მართვაზე. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ენდოკრინული სისტემის მდგომარეობის შესწავლას უდიდესი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ კვლევებში. დაავადებების ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტირება საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, დროულად დაიწყონ პაციენტების მკურნალობა, რაც საიმედო პროგნოზების საწინდარია.