ჩიყვი - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ
ენდოკრინული ორგანოს - გადიდება. ჩიყვი უმთავრესად ქალებსა და ასაკოვან პირებს შორის გვხვდება. დისკომფორტს იშვიათად იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არ არის, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ იჩინოს თავი.
-
რატომ დიდდება ფარისებრი ჯირკვალი?
არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი. ამერიკელი ავტორები მთავარ ფაქტორად იოდის დეფიციტს მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალურია. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების საკმარისი ოდენობით გამომუშავებისა და სისხლში გადასროლის უნარს.
-
როგორ ვლინდება ჩიყვი?
ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას აღინიშნება:
- გამობერილობა კისრის არეში;
- ყელში ზეწოლის შეგრძნება;
- ხველა;
- ყლაპვის გაძნელება;
- სუნთქვის გაძნელება;
- იმ დაავადების ნიშნები, რომელიც ჩიყვის მიზეზად იქცა.
ამ სიმპტომების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას ვლინდება. სხვა შემთხვევებში ყურადღებას მხოლოდ კისრის არის უმნიშვნელო ცვლილება იპყრობს.
-
როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი?
ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. მას ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი ხელმძღვანელობენ. ჰიპოთალამუსის ზეგავლენით ჰიპოფიზში გამომუშავდება თირეოიდმასტიმულებელი ანუ თირეოტროპული ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.
-
ჰორმონების შემცველობა ჩიყვის დროს
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება იმას არ ნიშნავს, რომ ჯირკვალში ჰორმონების პროდუქცია უთუოდ დაქვეითებული ან მომატებულია. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა შეიძლება იყოს ნორმაზე ნაკლებიც, ნორმალურიც და ნორმაზე მეტიც.
-
ჩიყვის სახეები
როდესაც გადიდებული ჯირკვალი ერთგვაროვანია, დიფუზური ჩიყვის შესახებ ლაპარაკობენ. როცა ფარისებრი ჯირკვალი კვანძების არსებობის გამოა გადიდებული, ჩიყვი კვანძოვანია.
-
ჩიყვის მიზეზები
ჩიყვის ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციისა და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზად იქცევა. გარდა იოდის დეფიციტისა, არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ისინი კლინიკური ნიშნებით, დაავადების მიმდინარეობით თუ პროგნოზით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შევეხებით.
-
გრეივსის დაავადება
აღნიშნული პათოლოგია რუსულ ლიტერატურაში ბაზედოვის დაავადების სახელით არის ცნობილი. გრეივსის დაავადება აუტოიმუნური პათოლოგიაა. ის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატების ანუ ჰიპერთირეოიდიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. დაავადების დროს იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს ასტიმულირებენ და ჰორმონების ჭარბ პროდუქციას იწვევენ. აღნიშნულ ანტისხეულებს ფარისებრმასტიმულირებელ ანტისხეულებსაც უწოდებენ. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა ანტისხეულებს იმისთვის იყენებს, რომ ორგანიზმი ვირუსების, ბაქტერიებისა და უცხო ნაწილაკებისგან დაიცვას, გრეივსის დაავადების დროს კი ანტისხეულები ფარისებრ ჯირკვალს, ზოგჯერ თვალსა და ქვემო კიდურების კანს აზიანებენ. ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უმტკივნეულო, ერთგვაროვანი გადიდება.
-
ჰაშიმოტოს დაავადება
ჰაშიმოტოს დაავადება, რომელსაც ქრონიკულ ლიმფოციტურ თირეოიდიტსაც უწოდებენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ანუ ჰიპოთირეოზის ხშირი მიზეზია. ჰაშიმოტოს დაავადებაც აუტოიმუნური პათოლოგიაა, რომელიც ანთებას იწვევს. შედეგად კი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების სინთეზის უნარს. პასუხად ჰიპოფიზი თირეოტროპულ ჰორმონს ჭარბად გამოიმუშავებს, რაც ჯირკვლის გადიდებას იწვევს.
-
მრავალკვანძოვანი ჩიყვი
მრავალკვანძოვან ანუ მულტინოდულურ ჩიყვს ფარისებრი ჯირკვლის ორივე მხარეს მრავლობითი კვანძის წარმოქმნა ახასიათებს, რაც ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა დაქვეითებული, ნორმალური ან მომატებული იყოს.
-
სხვა ფაქტორები
გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა გადიდდეს ერთეული კვანძის არსებობისას, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ორსულობის ან ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს. ერთეული ანუ სოლიტარული კვანძი შეიძლება ჯირკვლის ნებისმიერ ნაწილში აღმოცენდეს. ასეთი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია და სიმსივნურ გადაგვარებას არ განიცდის. ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო იშვიათია, ვიდრე კეთილთვისებიანი კვანძები. ის ჯირკვლის ცალმხრივი გადიდების მიზეზია.
ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონი, ქორიონული გონადოტროპინი, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელო დიფუზური გადიდების მიზეზი იყოს.
ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება სხვადასხვა ტიპის თირეოიდიტის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთების შედეგია. მის ზოგიერთ ფორმას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ყლაპვის ან ზეწოლისას ძლიერდება. თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულია ჯირკვლის ფუნქციაც - ის ზოგჯერ მომატებულია, ზოგჯერ კი დაქვეითებული.
-
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ამჩნევთ, რომ ფარისებრი ხრტილის საპროექციო არეში კისრის კონფიგურაცია შეიცვალა, მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება უნდა იყოს. ექიმი განსაზღვრავს ჯირკვლის გადიდების ხარისხს, კვანძის არსებობა-არარსებობას და შეარჩევს დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელ გამოკვლევებს.
-
ჰორმონული კვლევა
გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე მსჯელობის მიზნით იკვლევენ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონების - თიროქსინის და ტრიიოდთირონინის, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას მისი ჰორმონების შემცველობა დაბალია, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონისა კი - მომატებული. ჰიპერთირეოზის დროს, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობა დაქვეითებულია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა კი მომატებული.
-
ანტისხეულების განსაზღვრა
რაკი ზოგ შემთხვევაში ჩიყვი ანომალიური ანტისხეულების არსებობით არის გამოწვეული, სისხლში მათი აღმოჩენა ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზების დაზუსტებაში გვეხმარება.
-
ექოსკოპიური კვლევა
ექოსკოპიის მეშვეობით შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ ჯირკვლის ზომები და მასში კვანძის არსებობა-არარსებობა.
-
ფარისებრი ჯირკვლის სკანირება
სკანირებისას სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს. ამ კვლევის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჯირკვლის გადიდების მიზეზისა და მისი ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. სიტყვა "რადიაქტიურმა" არ შეგაშინოთ. კვლევისათვის პრეპარატის იმდენად მცირე დოზა გამოიყენება, რომ დასხივების არავითარი რისკი არ არსებობს.
-
მკურნალობის პრინციპები
ჩიყვის დროს მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან აღსანიშნავია ჯირკვლის ზომა, პაციენტის ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამომწვევი დაავადება. მათი გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:
- დაკვირვება – როცა ჩიყვი დიდი ზომის არ არის, დისკომფორტს არ იწვევს და ჯირკვლის ფუნქციაც ნორმალურია, ექიმმა შეიძლება აირჩიოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდისა და დაკვირვების ტაქტიკა.
- მედიკამენტური მკურნალობა – ჰოპოთირეოზის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას, რის შედეგადაც ხშირად ჩიყვის ზომები მცირდება. თუ ჩიყვს თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ჯირკვლის ჰორმონულ აქტივობას და შედეგად ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. თირეოიდიტის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული და ჰორმონული საშუალებები.
- ოპერაციული მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის მოკვეთა – ტოტალური ან პარციალური თირეოიდექტომია ნაჩვენებია დიდი ზომის ჩიყვისას, რომელიც საგრძნობ დისკომფორტს, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ნაჩვენებია ჰიპერთირეოიდიზმის გამომწვევი კვანძის დროსაც. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში. ტოტალური თირეოიდექტომიის შემდეგ პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი პრეპარატები.
- რადიაქტიური იოდი – ზოგ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას ჩიყვს აღნიშნული მეთოდით მკურნალობენ. რადიაქტიური იოდი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დესტრუქციას (დაშლას). შედეგად ჯირკვლის ზომა და ჰორმონული აქტივობა მცირდება, თუმცა შესაძლოა, პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდეს.
ამრიგად, ჩიყვი ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შესაძლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებების სიმპტომი იყოს, მიზეზის დაზუსტება კი მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. ასე რომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეამჩნიეთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.