სისხლძარღვთა პროთეზები

შეიძლება, მაგრამ თუ მათ მაინც ვერ გადავურჩით, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად საქმეში სისხლძარღვთა ქირურგიაც ერთვება. ამჯერად ხელოვნურ სისხლძარღვებსა და სისხლძარღვთა პროთეზირებაზე გესაუბრებით. "ოჯახის მკურნალის" კითხვებზე პასუხის გაცემაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი, ბატონი კონსტანტინე ყიფიანი.
ბატონო კოტე, გთავაზობთ, მცირე ისტორიული ექსკურსი მოვაწყოთ თემის ირგვლივ. სად და ვინ გამოიყენა სისხლძარღვების პირველი პროთეზები?
- სისხლძარღვთა ქირურგიის ეპოქა უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ძველ ბერძნულ ფრესკებზეც კია აღბეჭდილი სისხლძარღვების გადაკვანძვის, მოწვისა და კიდურთა ამპუტაციის (მისი ერთ-ერთი ეტაპი სისხლძარღვების გადაკვანძვას მოითხოვს) ოპერაციები. ბოლოს და ბოლოს, ომის დროს დაჭრილის პირველი დახმარება სისხლდენის შეჩერებას ითვალისწინებდა, რაც არტერიებისა და ვენების ანატომიის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვდა.
თანამედროვე სისხლძარღვთა ქირურგიამ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი-ორმოციანი წლებიდან დაიწყო აღმავლობა. სისხლძარღვთა პროთეზირების საკითხზე რენე ლერიში მუშაობდა, თუმცა მსოფლიოში ამ საქმის პიონერად ითვლება დიდი ექიმი და მეცნიერი დებეკი, რომელიც, სხვათა შორის, სამიოდე თვის წინ გარდაიცვალა ასი წლისა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ხელოვნური სისხლძარღვების ეპოქის დასაწყისი. ჩვენში პროთეზირება სამოციან-სამოცდაათიან წლებში დაიწყო. დიდი შრომა გასწია ამ მხრივ პროფესორმა ბოხუამ, რომელიც უმთავრესად ცხოველებისგან იღებდა სისხლძარღვს და ამუშავებდა ხელოვნურ პროთეზებს. სისხლძარღვთა ქირურგიის მამამთავრებს შორის იხსენიებიან გ. ნაცვლიშვილი, ჯ. კანდელაკი...
რა განსხვავებაა შუნტირებასა და პროთეზირებას შორის?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- საჭიროების შემთხვევაში პროთეზირება შეიძლება პაციენტისავე სისხლძარღვით, უმეტესად - ვენით, ჩატარდეს. არსებობს ხელოვნური პროთეზებიც. შუნტირებასა და პროთეზირებას შორის კი, აი, რა განსხვავებაა: ვთქვათ, ორგანიზმში არსებობს თრომბით დახშული და დაზიანებული სისხლძარღვი. ამ ჩაკეტილი მიდამოს შემოვლითი გზით საკუთარი ან ხელოვნური სისხლძარღვის ჩაკერება შუნტირებაა, ხოლო როცა ამ დაზიანებულ ადგილს ამოკვეთ და მის მაგივრად ჩასვამ ხელოვნურ ან პაციენტისავე სისხლძარღვს - ეს უკვე პროთეზირებაა. რა თქმა უნდა, აორტასა და სისხლძარღვთა დიდ მაგისტრალებზე საკუთარი ვენის ჩაკერება ვერ მოხერხდება, აქ მხოლოდ ხელოვნურ პროთეზებს იყენებენ. შედარებით წვრილ - ერთ სანტიმეტრამდე დიამეტრის სისხლძარღვისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აუტოვენა ("autos" - ლათ. საკუთარი) და გაკეთდეს პროთეზირება ან შუნტირება, ერთ სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის სისხლძარღვებითვის კი მხოლოდ ხელოვნური მასალის პროთეზები გამოიყენება.
რა მასალისგან ამზადებენ პროთეზებს? უვნებელია თუ არა ისინი ორგანიზმისთვის?
- პროთეზებს პოლიმერული ძაფებისგან წნავენ. ხელოვნური პროთეზები ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელია. პროთეზირება უკვე აღარ არის ისეთი პრობლემა, როგორიც წარსულში იყო, მაგალითად, წინათ ჩააკერებდი პროთეზს და იწყებოდა გართულებები. ახლა პროთეზირება უმტკივნეულოა, პროთეზიც გაცილებით მეტხანს ძლებს. მასზე არც აუტოიმუნური პროცესები მოქმედებს (ანუ ორგანიზმის მიერ მისი მოცილება არ ხდება), არც თრომბები წარმოიქმნება მის შიგნით.
რომელი დაავადებების დროს ხდება სისხლძარღვების პროთეზირება?
- სისხლძარღვთა პროთეზირებას მიმართავენ უმთავრესად მაობლიტირებელი დაავადებების (სისხლძარღვთა შეზრდის, დახშობის) დროს. ასეთ დროს სისხლძარღვის შიგნით ჩნდება ათეროსკლეროზული ბალთები და სისხლძარღვი ვიწროვდება. საჭირო ხდება მისი პროთეზირება ხელოვნური ან საკუთარი ვენით, იშვიათად - არტერიით. პროთეზირება აუცილებელია ლერიშის სინდრომის დროს, ანუ მაშინ, როცა აორტა და მისი ტერმინალური (ბოლო) ნაწილი ობლიტერაციას განიცდის, ასევე - მუცლის აორტის ანევრიზმის დროს.
ქვედა კიდურის მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებისას ბარძაყ-მუხლქვეშა არტერიის შუნტირებაც ტარდება, თუმცა თუ დაზიანება მუხლის ზემოთაა, პროთეზები მუშაობს კარგად, მუხლს ქვემოთ კი პაციენტის საკუთარ ვენას ვაკერებთ.
ტრავმის დროს პროთეზის გამოყენება არ ვარგა, რადგან ტრავმის მიდამო ყოველთვის ინფიცირებულია და არსებობს გართულების უდიდესი რისკი. რატომ ცდილობენ ქირურგები, უმეტესად პაციენტის საკუთარი ვენა გამოიყენონ? იმიტომ, რომ ინფექცია მას ნაკლებად აზიანებს, ხოლო თუ ხელოვნურ პროთეზზე ინფექციამ მოიკიდა ფეხი - ეს კატასტროფაა. პროთეზი გამოსაცვლელი გახდება.
ხშირად ხდება ასეთი რამ?
- ერთხელ ჩაყენებული პროთეზი სამუდამოდ რჩება, თუ, რა თქმა უნდა, ინფექცია არ განვითარდა და პაციენტმა დაიცვა ცხოვრების ჯანსაღი წესი. საზოგადოდ, მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ პროთეზირება და შუნტირება წამალი არ არის და ავადმყოფობას არ არჩენს; ეს მხოლოდ ნაწილობრივი გამოსავალია, რომელსაც დაავადების გართულებისას მივმართავთ. პროთეზირების (შუნტირების) მთავარი მიზანია, აღადგინოს თავის ტვინისთვის, ქვემო კიდურებისთვის, გულისთვის, თირკმელებისთვის, მუცლის ღრუს ორგანოებისთვის სისხლის ნორმალური მიწოდება.
სისხლძარღვების ქირურგია მეტად ფაქიზი სფეროა. ხელოვნური პროთეზირება უმთავრესად მაღალორგანიზებული ტექნოლოგიების მქონე საავადმყოფოებში ტარდება. რაიონულ საავადმყოფოებში მას ვერ გააკეთებენ. ამ სახის ოპერაციებს სჭირდება იდეალური სტერილურობა. ანტიბიოტიკების ეპოქამ, ძლიერმა ანტიბიოტიკებმა დიდი როლი შეასრულა გართულებების პროფილაქტიკაში. მათი დამსახურებაა, რომ დღეს პროთეზირების შემდგომი ინფექცია მეტად იშვიათია. არადა, მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში გართულებათა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. ძლიერი ანტიბიოტიკების წყალობით ეს პროცესები მართვადი გახდა. გარდა ამისა, დაიხვეწა ტექნოლოგიაც. მაგალითად, გაჩნდა ერთჯერადი იარაღები, უფრო ნატიფი გახდა აპარატურა.
როდის ხდება პროთეზირება? რა ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს ამ ტიპის ოპერაციებს?
- ყველამ, ექიმმაც და პაციენტმაც, უნდა იცოდეს, - რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება, - რომ ქირურგიული ჩარევა არის, ასე ვთქვათ, გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან. ის მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა ან პაციენტს ხელს არ აძლევს ცხოვრების ხარისხი. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ. ვთქვათ, პაციენტი მწერალია და უმეტესად ზის. მას კონსერვატიული მკურნალობა შვებას ჰგვრის და ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ სხვა პროფესიის მქონე ავადმყოფს, რომელიც ფიზიკურად აქტიურია და ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ საშინელი ტკივილები ეწყება, მედიკამენტური მკურნალობა არ ჰყოფნის, ცხოვრების ხარისხი მისთვის დათრგუნულია. აი, ასეთ დროს ტარდება ოპერაცია. ხოლო აბსოლუტური ჩვენებაა ვითარება, როცა რომელიმე ორგანოს სიკვდილი ემუქრება.
სტატისტიკური მონაცემებით, პროთეზირება ან შუნტირება ავადმყოფთა 15-20 პროცენტს სჭირდება. დანარჩენი მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სამედიცინო განათლებას, მის კულტურას ანუ იმას, რამდენად მალე მივა ადამიანი ექიმთან. კონსერვატიულ მკურნალობასა და ქირურგიულ მკურნალობას შორის დიდი ზღვარია. თუ პაციენტი ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას და ხელს აძლევს ცხოვრების ასეთი წესი, უმჯობესია, მედიკამენტურ მკურნალობაზე დათანხმდეს, - მოგეხსენებათ, ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევას გარკვეული რისკიც ახლავს, მაგრამ თუ ოპერაციის გარეშე მოსალოდნელ გართულებათა ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე თვითონ ოპერაციის გართულებებისა, რასაკვირველია, ოპერაცია უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს: ოციოდე წლის წინათ ხანდაზმული ასაკი პროთეზირების უკუჩვენება გახლდათ, მაგრამ ახლახან სამოცდათვრამეტი წლის ქალბატონმაც გაიკეთა ოპერაცია.