პროთეზირება სტომატოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროთეზირება სტომატოლოგიაში

 - ქალბატონო ირინა, ლოგიკური იქნება, პირველად ის გკითხოთ, რა სახის სტომატოლოგიური პროთეზები არსებობს დღეს.

- სტომატოლოგიაში იყენებენ როგორც მთლიან, ისე ნაწილობრივ მოსახსნელ ფირფიტოვან პროთეზებს. თვითონაც მიხვდებით, მთლიანი პროთეზი სრულიად ცვლის როგორც ზედა, ისე ქვედა ყბის კბილებს, ნაწილობრივი კი მხოლოდ რომელიმე ფრაგმენტის შესაცვლელად გამოიყენება.

შესაძლოა, პირის ღრუში ერთი კბილიღა იყოს ბუნებრივი, მაგრამ პროთეზს მაინც ნაწილობრივი ჰქვია.

მთლიანი მოსახსნელი პროთეზია ფირფიტოვანი პროთეზი, რომელიც კეთდება მაშინ, როცა პაციენტს პირის ღრუში არც ერთი კბილი აღარ აქვს.

ნაწილობრივ პროთეზებს მიაკუთვნებენ ნაწილობრივ მოსახსნელ: ფირფიტოვან, ბიგელისებურ და სილიკონურ - პროთეზებს. ამავე ჯგუფში შედის მიკროპროთეზებიც.

ნაწილობრივი ფირფიტოვანი მოსახსნელი პროთეზების საფიქსაციოდ საჭიროა პირის ღრუში დარჩენილი ზოგიერთი კბილის გასწორება, გაქლიბვა და გვირგვინების გადაკვრა, რათა პროთეზი მყარად მოერგოს მათ და კარგად დაფიქსირდეს. თუ პაციენტს დარჩენილი კბილები მორყეული აქვს, ისინი არ იქლიბება, შესაბამისად, ნაწილობრივი ჩასასმელი პროთეზების ჩასმა ვერ ხერხდება

ბიგელისებურია პროთეზი, რომელშიც დეფექტის ადგილების დამაკავშირებელი ფირფიტა ორივე ყბაზე შეცვლილია ლითონის კარკასით. ასეთი პროთეზი ფირფიტოვანზე გაცილებით კომფორტულია, რადგან სასას ოდნავ ედება და ქვედა ყბასაც ნაკლებად აწვება. ბიგელისებური პროთეზის ჩასასმელად აუცილებელია, პირის ღრუში დარჩენილი იყოს რამდენიმე მყარი (და არა მორყეული!) კბილი.

სილიკონური პროთეზი რბილი, ელასტიკური მასალისგან არის დამზადებული, ამიტომ ყველაზე კომფორტულია, თუმცაღა საკმაოდ ძვირია, ამიტომ ჯერჯერობით მასობრივად მაინც ფირფიტოვან და ბიგელისებურ მოსახსნელ პროთეზებს ვსვამთ.

ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზის ერთგვარი ნაირსახეობაა მიკროპროთეზიც. ის მაშინ ისმება, როცა ადამიანს 1, 2 ან 3 კბილი აკლია.

- რა მასალისგან მზადდება პროთეზები?

- უმთავრესად - უცხოური მასალისგან, განსაკუთრებული ხარისხის პლასტმასისგან, სილიკონისგან. პლასტმასის პროთეზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ფასით, კბილების ფერით, ფორმით, ხარისხითა და გამძლეობით. პაციენტი იმას ირჩევს, რისი შეძენის საშუალებაც აქვს. არსებობს პლასტმასის კბილები, რომლებსაც ბუნებრივისგან ვერ განასხვავებ.

ყოველთვის ვცდილობთ, პაციენტს ფორმითაც და ფერითაც ბუნებრივი კბილების მსგავსი პროთეზი შევურჩიოთ. ხშირად ძველი ფოტოებიც კი მოაქვთ. გასაგებიც არის - როდესაც ადამიანს არც ერთი საკუთარი კბილი აღარ აქვს შერჩენილი და მოსახსნელ პროთეზს იკეთებს, ყველაზე მეტად სწორედ ის სურს, პროთეზი თვალში საცემი არ იყოს.

პროთეზი ფაიფურის კბილებით არ მზადდება.

- პროთეზირებას ალბათ მომზადება სჭირდება. რას ითვალისწინებს სტომატოლოგიაში წინასაპროთეზო მომზადება?

- მთლიან ფირფიტოვან პროთეზს, როგორც გითხარით, მაშინ ვსვამთ, როდესაც პაციენტს პირის ღრუში არც ერთი კბილი აღარ აქვს, ამიტომ პროთეზის ჩასმამდე ხშირად გვიწევს პირის ღრუში დარჩენილი, დაავადებისგან გამოუსწორებლად დაზიანებული კბილების ამოღება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროთეზირების დაწყება.

კბილების ამოღებიდან ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რათა ღრძილები მოშუშდეს და დაჯდეს.

როდესაც პაციენტს პაროდონტოლოგიური დაავადება აქვს, მისი კბილები მკურნალობას აღარ ექვემდებარება და ისიც ყველას იღებს. ამის შემდეგ ხშირად ვითარდება ეგზოსტოზი - ამოღებული კბილების ადგილას ყბის ძვალი გარეთ გამოდის. პროთეზირებამდე ის აუცილებლად უნდა ჩასწორდეს.

ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზის ჩასმამდე ღრძილებს ხშირად პაროდონტოლოგიური მკურნალობა სჭირდება. აუცილებელია კარიესული კბილების მკურნალობა, ხოლო თუ ისინი მორყეულია და არ ვარგა - ამოღება.

- რაიმე უკუჩვენება ხომ არ გააჩნია პროთეზირებას?

- პროთეზირებისთვის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს.


- პროთეზი, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს, მაინც უცხო სხეულია პირის ღრუში, რომელთან შეგუებაც პაციენტთა უმრავლესობას ძალიან უჭირს. რას ურჩევდით მათ, როგორ მოიქცნენ, რომ მინიმალური დისკომფორტი განიცადონ?

- პროთეზირების შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი თან ახლავს როგორც მთლიან ფირფიტოვან, ისე ბიგელისებურ და სილიკონურ პროთეზებსა და მიკროპროთეზებსაც, თუმცა პაციენტებს ყველაზე მეტად მაინც მთლიან მოსახსნელ პროთეზებთან შეგუება უჭირთ.

მორგების შემთხვევაში პაციენტს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ პირველი სამი დღე მწვავე პერიოდია, როდესაც დისკომფორტი იმდენად ძლიერია, რომ არ არის გამორიცხული, პროთეზი მოიხსნან კიდეც.

მწვავე პერიოდში პაციენტები უჩივიან გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, რადგან სასაზე გამღიზიანებელი ედებათ, ღეჭვის გაძნელებას - როცა პირის ღრუში არც ერთი კბილი აღარ არის, ღეჭვითი ძალა ისე გადანაწილდება, რომ მის 30 პროცენტს ხელოვნური კბილები იღებს, 70 კი ღრძილებზე მოდის. დროა საჭირო, რომ ღრძილები გარქოვანდეს და ღეჭვა სრულფასოვანი გახდეს.

აღსანიშნავია ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, ვინაიდან თავდაპირველად პროთეზი სანერწყვე ჯირკვლებს აწვება და აღიზიანებს. ბევრი ყლაპვის გაძნელებასაც უჩივის.

მწვავე პერიოდის შემდეგ დგება ნახევრად მწვავე პერიოდი, რომელიც ასევე სამ დღეს გრძელდება. ამ დროს დისკომფორტი თანდათან იხსნება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ იწყება სრული შეგუება, რომელიც მაქსიმუმ 35-40 დღეს გასტანს.

პირველ დღეებში უნდა მივიღოთ ფაფისებური საკვები. მაშინვე მყარი საკვების დაღეჭვა არ შეიძლება, პროთეზი ლორწოვანზე თანდათანობით უნდა დაჯდეს.არ არის გამორიცხული, პირველ ხანებში პაციენტს 2-3-ჯერ მოუხდეს პირის ღრუს შესაბამისად პროთეზის ჩასწორება.

- რამდენი წელი შეიძლება ემსახუროს პროთეზი ადამიანს, ანუ როგორია მისი ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების წესები?

- საზოგადოდ, მოსახსნელი პროთეზები 4-5 წელზეა გათვლილი. პროთეზით ღეჭვისას, როგორც გითხარით, უდიდესი ძალა ღრძილებს ადგება, რის შედეგადაც ისინი თანდათან განილევა, იცვლის ფორმასა და ზომას, პროთეზიც ძველებურად ვეღარ არის მორგებული და ალვეოლურ მორჩებს აზიანებს, ამიტომ თუ ადამიანს საშუალება აქვს, სასურველია, პროთეზი 4-5 წელიწადში ერთხელ გამოიცვალოს.

პროთეზის ექსპლუატაციას აადვილებს საფიქსაციო წებოს გამოყენება.

პროთეზს მოსახსნელი იმიტომ ჰქვია, რომ, განურჩევლად იმისა, მთლიანი ფირფიტოვანია თუ ნაწილობრივი, დღეში ერთხელ უნდა მოიხსნას და კბილის პასტით გაიწმინდოს. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული პირის ღრუს სიჯანსაღე და თვით პროთეზის ვარგისობა. არსებობს სპეციალური საწმენდი აბებიც, რომელთა წყალხსნარში მოთავსებისას პროთეზი იწმინდება ყოველგვარი საკვები და მიკრობული ნადებისაგან. რეკომენდებულია ამ აბების ორ კვირაში ერთხელ გამოყენება.

- აქვს თუ არა საფუძველი პაციენტების შიშსა და მღელვარებას, როდესაც მათ მოსახსნელ ფირფიტოვან პროთეზებს სთავაზობენ?

- გარწმუნებთ, დღეს მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზების მიმართ უნდობლობა და შიში სავსებით უსაფუძვლოა. თუკი ყბის ძვალი განლეული არ არის, პროთეზი იდეალურად თავსდება პირის ღრუში და რამდენიმე დღეში ადამიანს არავითარ დისკომფორტს აღარ უქმნის. მასალაც, რომლისგანაც ის მზადდება, უწინდელთან შედარებით ნაკლებტრავმულია, მსუბუქია, არც პირის ღრუს ლორწოვან გარსს აზიანებს და არც რაიმე გართულებებს იწვევს.

- რას გვეტყვით მეტალოკერამიკის კბილებზე, რა უპირატესობა აქვთ მათ და როგორი უნდა იყოს იდეალური მეტალოკერამიკის კბილი? 

- მეტალოკერამიკული კბილების მთავარი ღირსება და უპირატესობა მათი სიმაგრე და ესთეტიკური მიმზიდველობა გახლავთ. აუცილებელია, ფაიფურს მაქსიმალურად ცოცხალი შესახედაობა ჰქონდეს, არ განსხვავდებოდეს დანარჩენი კბილებისგან, ბუნებრივად გამოიყურებოდეს. მეტად მნიშვნელოვანია კბილის ღრძილთან გადასვლის ადგილი - ის გლუვი უნდა იყოს და არა კიბისებური. კბილების საღეჭი ზედაპირები მჭიდროდ უნდა ეხებოდეს მოპირდაპირე კბილების ზედაპირებს.

- რას გვეტყვით დენტალურ იმპლანტაციაზე?

- იმპლანტაცია ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს აკლია რამდენიმე კბილი, ოღონდ ეს არ არის გამოწვეული მორყევით ან რომელიმე პაროდონტოლოგიური დაავადებით.

დენტალური იმპლანტაცია ხელოვნური ფესვის შექმნას ნიშნავს. ამისთვის იყენებენ ნივთიერებას, რომელიც მოლეკულური თვალსაზრისით ყველაზე მეტად ჰგავს ძვლის ქსოვილს და რომელსაც ორგანიზმი არ გამოდევნის. ასეთი მასალაა ტიტანი, ასე რომ, ტიპური იმპლანტანტი ტიტანისგან დამზადებული მაღალხარისხიანი კონსტრუქციაა, რომელიც პირდაპირ ყბის ძვალში იხრახნება და რომელზეც შემდეგ მაგრდება ხელოვნური კბილების გვირგვინები.

ხელოვნური ფესვის იმპლანტანტის ზედა ყბასთან სრულ შეხორცებას 4-5 თვე სჭირდება, ქვედასთან - შედარებით ნაკლები ხანი, 2-3 თვე, ამ ხნის შემდეგ უკვე შესაძლებელია მასზე სასურველი მასალის გვირგვინის მორგება.

ხელოვნური ფესვების შექმნა შესაძლებელია როგორც მოუხსნელი ფაიფურის ხიდებისთვის, ისე მოსახსნელი პროთეზების უკეთ დასამაგრებლად.

- რა მოსამზადებელი პროცედურები უნდა ჩატარდეს იმპლანტაციამდე?

- იმპლანტაციამდე აუცილებელია პაციენტის შემოწმება. იმპლანტაციის ნაწილობრივი და დროებითი უკუჩვენებები გახლავთ პირის ღრუს ლორწოვანისა და კიბოსწინარე დაავადებები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენური მდგომარეობა და თავად ყბების არასწორი ანატომიური აგებულება.


 მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება ინფორმაცია იმ ხელოვნურ მასალათა შესახებ, რომლებსაც პრაქტიკაში ყბა-სახის ქირურგები იყენებენ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რომელი ხელოვნური მასალებით აღადგენენ ყბა-სახის დეფექტებს და როდის არის რეკომენდებული მათი გამოყენება.

ყბა-სახის ქირურგიაში ხელოვნური მასალები ყველაზე ხშირად დაკარგული ძვლოვანი ქსოვილის აღსადგენად გამოიყენება. საამისოდ არსებობს მრავალი მეთოდი, რომლებსაც საერთო სახელწოდება - ძვლის პლასტიკა აერთიანებს. ეს ტერმინი ძვლის მოცულობის გაზრდასა და მის ხარისხობრივ გაუმჯობესებას გულისხმობს.

ძვლის პლასტიკისათვის აუტო-, ალო- და ქსენოტრანსპლანტაციასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნური გზით მიღებული ძვლის შემცვლელი სატრანსპლანტაციო მასალების - ალოპლასტების ჩანერგვას. ეს კერამიკული, კალციუმის ფოსფატის ფუძეზე დამზადებული ბიომასალებია, ჰიდროქსიაპატიტისა და მისი წარმოებულების სახით. მათ ადამიანის ქსოვილებისადმი საკმაოდ მაღალი ბიოთავსებადობა ახასიათებთ და ხელს უწყობენ ძვლის ზრდისთვის საჭირო მატრიცის წარმოქმნას.

ალოპლასტებს ყველაზე ხშირად ყბის ძვლის განლევისას წარმოქმნილი დეფექტების დასახურად, ძვალსა და კონსტრუქციას შორის დარჩენილი სიცარიელის ამოსავსებად, კბილის ამოღებისთანავე ჩატარებული იმპლანტაციისას და, რაც მთავარია, ძვლის მოგვიანებითი იმპლანტაციისთვის მოსამზადებლად იყენებენ.

ძვლის შემცვლელ ხელოვნურ მასალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყბის ძვლის განლევისას, ვინაიდან ეს პათოლოგია შეუძლებელს ხდის დენტალურ იმპლანტაციას.

- რატომ იწყებს ძვალი განლევას და რატომ არ შეიძლება ატროფირებულ ყბის ძვალში იმპლანტანტის მოთავსება?

- ძვლის განლევის უმთავრესი მიზეზი კბილების ნაადრევად დაკარგვაა. დაკარგული კბილის ადგილას ალვეოლურ მორჩსა და ყბის ნაწილს ფუნქცია ეკარგება და განილევა. უნდა ვახსენოთ კბილის ტრავმული ამოღებაც: ამოღებული კბილის ადგილას 2-3 თვის შემდეგ იწყება ყბის ძვლის ატროფიული ცვლილებანი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული ატროფია და ის დაავადებები, რომლებიც, საზოგადოდ, ძვლოვანი ქსოვილის ატროფიით მიმდინარეობს.

დენტალური იმპლანტაცია წარმატებით რომ განხორციელდეს, აუცილებელია სათანადო სიმაღლისა და სიგანის ალვეოლური მორჩი. გარდა ამისა, ესთეტიკურად ფასეული შედეგი რომ მივიღოთ, საჭიროა, იმპლანტანტის როგორც გარეთა, ისე შიგნითა მხარეს 1 მმ ძვლოვანი ქსოვილი მაინც იყოს. განლეული ძვალი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მასზე ხელოვნური ფესვების შექმნა არ შეიძლება.

- განლეული ყბის ძვლის რეკონსტრუქციის რომელი მეთოდები გვაძლევს ასეთ ყბაზე იმპლანტაციის განხორციელების საშუალებას?

- ყბის ძვლის რეკონსტრუქციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია კომბინირებული ტრანსპლანტაცია, როცა პაციენტს გადაუნერგავენ თავისივე ძვლოვანი ქსოვილის დაქუცმაცებულ, ჰიდროქსიაპატიტში ან მის რომელიმე წარმოებულში არეულ ნაწილებს. ძვლის პლასტიკის ასეთი ოპერაციებია ძვლოვანი ბლოკის გადანერგვა, ზედა ყბის წიაღის ფსკერის აწევა და ყბის ძვლის ესთეტიკური იმპლანტაცია.

ძვლოვანი ბლოკის გადანერგვა მიზნად ისახავს ძვლის შემცვლელი ქსოვილის მოთავსებას ყბის ძვლის იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით იმპლანტაცია იგეგმება. ის უმთავრესად მაშინ ტარდება, როცა ყბა მეტისმეტად წვრილი და იმპლანტაციისთვის შეუფერებელია.

ზედა ყბის წიაღის აწევა - ოპერაციის მიზანია ზედა ყბის წიაღის ფსკერის აწევა ზედა ყბის ძვლის გაზრდით. ძვალი იმ სიმაღლემდე იზრდება, რომელიც კერძო შემთხვევაშია საჭირო. ამისთვის წიაღის ფსკერზე იდება ძვლის შემცვლელი ქსოვილი, რომელიც სპეციალური დამცავი კოლაგენური მემბრანით იფარება და ისე შეეზრდება ძვალს, რომ 6-9 თვის შემდეგ ამ ადგილას თამამად შეიძლება ოპერაციის ჩატარება.

ყბის ძვლის ესთეტიკური იმპლანტაცია - ოპერაციის დანიშნულებაა ყბის ძვალზე არსებული რამდენიმე დეფექტის ერთდროული გამოსწორება გადანერგილი ძვლის შემცველი ქსოვილით. დეფექტურ ადგილებში ადებენ ძვლის შემცველ ქსოვილს, რომელიც დამცავი მემბრანით იფარება.

ესთეტიკური იმპლანტაცია მოწოდებულია ყბის ძვალზე არსებული მცირე და საშუალო ზომის დეფექტების აღმოსაფხვრელად. 6 თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია მასში დენტალური იმპლანტანტის შეყვანა. ყბის ძვლის სარეკონსტრუქციო ყველა მანიპულაცია ითვალისწინებს, რომ გადანერგილი მასალა განიცდის რეზორფციას. წარმატებული პლასტიკის შემდეგ ახალწარმოქმნილი ძვლის რეზორფცია პირველ წელს არ უნდა აღემატებოდეს 1,49 მმ-ს, ხოლო მომდევნო წელს - 0,1 მმ-ს.

სარეკონსტრუქციო ოპერაციები 1-2 საათს გრძელდება, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ოპერაციისას ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს, თუმცა მანიპულაციის დასრულებისთანავე თავს იჩენს დისკომფორტი, რომელიც ადვილად ემორჩილება ტკივილგამაყუჩებელ თერაპიას და რამდენიმე დღეში გაივლის.

პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკრძალება თამბაქოს წევა, 7-10 დღეს - ფიზიკური შრომა, 3-4 კვირის განმავლობაში არ შეიძლება ღეჭვა ნაოპერაციევ მხარეს. ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ არის სასურველი სამოგზაუროდ წასვლა და გარემოს ცვლა. აკრძალულია ყვინთვა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძვლის რეკონსტრუქციის შემდგომ ჩადგმული და ყბის ძვლის ჯანმრთელ უბნებში ჩანერგილი იმპლანტანტები შესახედაობითა და მედეგობით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.