რა ემუქრება ვენებს
ზაფხულის დადგომასთან ერთად ამ დაავადებებზე განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, რადგან უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ კიდური არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. ამას ემატება შეშუპება, რომელიც სიცხეში კიდევ უფრო შემაწუხებელი ხდება.
რა იწვევს ვენების გაგანიერებას, რატომ შუპდება ზაფხულში კიდურები?
ამ და სხვა კითხვებით ამჯერად ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ბატონ ზაზა ლაზარაშვილს მივმართეთ.
-
დაგვეთანხმებით, რომ ვენების გაგანიერება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. რა იწვევს მას ან რა გა-ნაპირობებს დაავადების ასეთ სიხშირეს? ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც ხომ არ უსწრებს?
- უფრო მართებული იქნება, თუ ვისაუბრებთ არა ვენების გაგანიერების, არამედ ქრონიკული ვენური უკმარისობის შესახებ. ეს არის სინდრომი, რომელიც ქვედა კიდურების ვენური სისტემის სხვადასხვა დაავადებას აერთიანებს. ქრონიკული ვენური უკმარისობა მართლაც ფართოდ არის გავრცელებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ პათოლოგიათა აღმოცენების ისტორია იმ დროიდან იწყება, როდესაც ადამიანმა ორ ფეხზე სიარული დაიწყო. ორთოსტატიკური მდგომარეობა - ფეხზე დგომა - თავად არის ქრონიკული ვენური უკმარისობის აღმოცენების ერთ-ერთი რისკფაქტორი.
გარდა ამისა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორებიც. მათ შორის უნდა დავასახელოთ ჭარბი წონა, მდედრობითი სქესი (განსაკუთრებით - ორსულობისა და მშობიარობის გამო, ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის კონტრაცეპტივების ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება). მართალია, ისეთი რისკფაქტორის კორექცია, როგორიც არის მდედრობითი სქესი, შეუძლებელია და ქალები ორსულობისა და მშობიარობის გამო წინასწარ არიან განწყობილნი ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების მიმართ, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ამ არამოდიფიცირებად ფაქტორს ხშირად ემატება ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სიმსუქნე, უმოძრაობა, დიდხანს დგომა და დაავადების რისკიც საგრძნობლად იზრდება.
საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ვენური სისხლის მიმოქცევა არტერიულისგან მკვეთრად განსხვავდება. არტერიულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გულია. მისი შეკუმშვა განაპირობებს სისხლის გადატყორცნას აორტაში, მერე კი არტერიებში.
არტერიული სისტემისგან განსხვავებით, ვენურ სისტემაში სისხლის დინებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წვივის კუნთებს. ამის გამო მათ ვენურ გულსაც უწოდებენ. ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევა გრავიტაციის მოქმედების საპირისპიროდ - ქვემოდან ზემოთ ხდება. ასეთ დინებას უზრუნველყოფს წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება და ვენური სისტემის სარქვლოვანი აპარატი. ჰიპოდინამიის, დიდხანს ფეხზე დგომის და სხვა რისკფაქტორების ზემოქმედებით სისხლის უკუდინება ვენური სისტემიდან მცირდება, ვითარდება ვენური შეგუბება, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს სარქვლოვანი აპარატის დეფორმაციას, იწვევს ვენების კედლების შეუქცევად ცვლილებებს. ეს ცვლილებები აძლიერებენ ვენურ შეგუბებას, ხელს უწყობენ ვენურ სისტემაში წნევის ზრდას. ასე იკვრება მანკიერი წრე, რაც დაავადების შემდგომ პროგრესირებას განაპირობებს. ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენაში სისხლის დინებაც - ჰემოდინამიკაც - შეცვლილია, გაძნელებულია.
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს ქრონიკული ვენური უკმარისობის ესა თუ ის ფორმა. საქართველოში დაავადების გავრცელების შესწავლის მიზნით მიმდინარე წელს მსოფლიოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო გამოკვლევა. მისი შედეგების სტატისტიკური დამუშავება დასრულებული არ არის, მაგრამ გამოკვეთილი ტენდენცია და პირველადი მონაცემები საგანგაშოა.
საქართველოში ქრონიკული ვენური უკმარისობის გავრცელება აშკარად უფრო მაღალია. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაავადების პროფილაქტიკისაკენ მიმართული ღონისძიებები ისეთი ნამდვილად არ არის, როგორიც მოწინავე ქვეყნებში.
-
გაგანიერებული ვენები თავისთავად იპყრობს ყურადღებას. კიდევ რას უჩივიან პაციენტები ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს?
- სამწუხაროდ, ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ვარიკოზის არსებობა ერთ-ერთი რგოლია იმ პათოლოგიური პროცესისა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. პაციენტები ხშირად უჩივიან ღამით კრუნჩხვით ტკივილს წვივების არეში, სიმძიმეს ქვედა კიდურებში, ქავილს, წვას, სიმხურვალის შეგრძნებას. ხშირად ვითარდება ქვედა კიდურების გარდამავალი შეშუპება, განსაკუთრებით - კოჭ-წვივის სახსრის არეში, რომლის პიკიც საღამოს საათებში აღინიშნება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები და ცვლილებები უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება - თავს იჩენს კანის ტროფიკული ცვლილებები, კოჭლობა, კანის ეგზემური დაზიანება, ყალიბდება ტროფიკული წყლული.
-
ხომ არ გამოყოფდით ჩივილებს, რომელთა მიზეზადაც პაციენტები ხშირად მიიჩნევენ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, მაგრამ რეალურად სხვა მდგომარეობის გამოვლინებას წარმოადგენს?
- არის შემთხვევები, როცა პაციენტები მოგვმართავენ ზოგიერთი ზემოთ ნახსენები ჩივილით, მაგრამ მათი მიზეზი არა ქვედა კიდურების ვენური უკმარისობა, არამედ ნეიროპათია, სახსრების დაავადებები, კანის პათოლოგია, ზოგჯერ გულის ან სხვა ორგანოთა დაავადებაა. ექიმი აფასებს პაციენტის ზოგად მონაცემებს, ატარებს სათანადო კვლევებს და აზუსტებს პაციენტთა ჩივილების მიზეზებს.
-
ძლიერ დისკომფორტთან დაკავშირებულ კოსმეტიკურ დეფექტთან ერთად ვენების გაგანიერება პაციენტებს თრომბოზის გამოც აშინებთ. რამდენად საშიშია ამ თვალსაზრისით ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
- ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალში საცემი პათოლოგია, მაგრამ დაზიანებულ ვენაში თრომბოზის რისკი ათჯერ მეტია. როცა პაციენტს აქვს დიდი და მცირე საჩინო ვენის ან მათი ტოტების ვარიკოზული გაგანიერება, რასაკვირველია, თრომბოზის რისკი საგრძნობლად იმატებს. ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის ძირითადი ნიშნებია მკვრივი, მტკივნეული, ჰიპერემიული (გაწითლებული) ზონრისებრი წარმონაქმნების გაჩენა კიდურის გასწვრივ. სამწუხაროდ, ვენების გაგანიერებას ბევრი მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევს და ამ საკმაოდ სერიოზულ პათოლოგიას მანამდე არ აქცევს ყურადღებას, სანამ არ განვითარდება მწვავე (თრომბოზული) ან ქრონიკული (კანის ტროფიკული დარღვევები) გართულება.
-
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელსაც პაციენტები ყველაზე ხშირად იტარებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო, არის პროთრომბინის განსაზღვრა. მართლა საშიშია თუ არა მაღალი პროთრომბინი ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას? რის გამოკვლევას გვირჩევენ სპეციალისტები თრომბოზის რისკის დასადგენად?
- პროთრომბინის ინდექსის რეგულარული განსაზღვრა ვენური სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად და თრომბოზის რისკის განსასაზღვრად სრულიად არაინფორმაციულია. მართალია, პროთრომბინის ინდექსი ჰემოსტაზის (სისხლის შედედების) ერთ-ერთი პარამეტრია, მაგრამ მისი მნიშვნელობა მრავალ შინაგან (მაგალითად, სხვადასხვა დაავადება) და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული. პროთრომბინის ინდექსი საკმაოდ ლაბილური მაჩვენებელია, მის მნიშვნელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას თრომბოზის საშიშროების გამოვლენა ემყარება იმ სიმპტომების აღმოჩენას, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. სწორედ მათი არსებობა აძლევს ექიმს დამატებითი გამოკვლევის ჩატარების საფუძველს.
-
ხშირად პაციენტები თავად იწყებენ მომატებული პროთრომბინის დასაქვეითებლად ზრუნვას - მიირთმევენ ლიმონს, ტყემალს, ალუჩას, ზოგჯერ ასპირინსაც სვამენ. მართლა ეფექტურია თუ არა ეს ღონისძიებები? რა საშუალებები აქვს საამისოდ თანამედროვე მედიცინას?
- როგორც აღვნიშნეთ, თვითმკურნალობასა და თვითდიაგნოსტიკას ჯობს მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება სპეციალისტს მივანდოთ, რათა ინდივიდუალურად, ობიექტური მონაცემების და ამასთან ერთად პაციენტის ასაკის, სამუშაოს ხასიათის, დატვირთვის გათვალისწინებით დაიგეგმოს სათანადო ღონისძიებები. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს, მათი მიღება მართლაც მიზანშეწონილია, რადგან თითოეული მათგანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროდუქტებით რაციონის გამდიდრების შემთხვევაში დაავადების სურათის რადიკალურ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ.
ასპირინი ანტიაგრეგანტია. ის ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
თანამედროვე მედიცინა ფლობს თრომბოზის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებებს - პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს, თუმცა მათი დანიშვნა და მოქმედების კონტროლი აუცილებლად სპეციალისტის მიერ უნდა ხდებოდეს. საკუთარი შეხედულებისამებრ ამ პრეპარატების მიღება დაუშვებელია.
-
ზოგჯერ პაციენტი მნიშვნელოვან სიმპტომს ტოვებს უყურადღებოდ, მაგრამ როცა გაგანიერებულ ვენას ხედავს, ცდილობს, ექიმს მიმართოს, რათა დროულად შეაჩეროს დაავადება. ეს უმთავრესად ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალბატონებს ეხება. რა ღონისძიებებია ამ მხრივ ეფექტური და რამდენად მართებულია მხოლოდ მედიკამენტების იმედად ყოფნა?
- ამჟამად ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ვენოპროტექტორული საშუალებები. ისინი აუმჯობესებენ ვენების კედლების ელასტიკურ თვისებებს და ამ გზით ამცირებენ დაავადებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობის დროს კი ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შემაწუხებელ სიმპტომთა შემცირება.
ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმისთვის - ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ცვლილებების ლიკვიდაცია ამ პრეპარატების მეშვეობით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია; ვენოპროტექტორების გამოყენებისას არ უნდა გვქონდეს ვარიკოზული დაავადების შეჩერება-გაქრობის იმედი.
პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად რეკომენდებულია ელასტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის, შრომის პირობების შეცვლა, პროფილაქტიკური რეკომენდაციების შესრულება.
-
რა სახის ქირურგიული ჩარევა ტარდება ზედაპირული ვენების ვარიკოზული დაავადების დროს? როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი და შორეული შედეგები, არსებობს თუ არა დაავადების რეციდივის რისკი?
- როგორც აღვნიშნეთ, ვენების ვარიკოზული დაავადება ფართოდ არის გავრცელებული. ამავე დროს დაავადებულთა უმრავლესობა სწორედ ქალია. ამის გათვალისწინებით დღეს ოპერაციული მკურნალობისთვის მოწოდებულია მინიინვაზიური და მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტის მქონე მეთოდები. მათ შორის აღსანიშნავია სკლეროთერაპია, ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია, მინიფლებექტომია. სულ უფრო დიდი ადგილი ეთმობა მკურნალობის ორგანოშემნარჩუნებელ მეთოდებს. ქირურგიული თუ მინიინვაზიური ჩარევის შედეგად ხდება მხოლოდ დაზიანებული ვენის ლიკვიდაცია, რაც საფუძველს გვაძლევს, შევამციროთ დაავადების პროგრესირების, მისი გართულებების საფრთხე და პაციენტის დაინვალიდების რისკი და სიხშირე.
რაც შეეხება საკითხს დაავადების რეციდივის რისკის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თუ დროულად არ ჩატარდა დაავადების მკურნალობა, მათ შორის - ქირურგიული, ძალიან დიდია რისკი, ვარიკოზული დაავადების პროგრესირების შედეგად დაზიანდეს ღრმა ვენური სისტემაც.
რადიკალურ მკურნალობაზე უარის თქმა დაავადების რეციდივის რისკის შიშით უსაფუძვლო და გაუმართლებელია. ხატოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს იგივეა, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სპორტული ტრავმა, არასოდეს ჩაერთოს სპორტულ შეჯიბრში განმეორებითი ტრავმის შიშით.
საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდის თვალსაზრისით ვარიკოზული დაავადება "ჯანმრთელი" დაავადებაა. ოპერაციული ჩარევა უმეტესად ზოგადი ნარკოზის გარეშე სრულდება, ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად განკურნებულია, რამდენიმე საათში უკვე ფეხზე დგას, დადის... კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ ერთი დღეა.
-
როგორ ვლინდება და რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ღრმა ვენების დაავადებები?
- ზედაპირული ვენების ვარიკოზული დაავადებებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად თვალსაჩინოა, ღრმა ვენების სარქვლოვანი უკმარისობა ნაკლებად მანიფესტირებულია. მისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა გარდამავალი შეშუპება კოჭ-წვივის სახსარში.
ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და ე.წ. მკვლელ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება, ვინაიდან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის შემდეგ.
-
რომელი კვლევები ტარდება ვენების დაავადებათა დიაგნოსტიკის მიზნით?
- ვენების დაავადებათა დიაგნოსტიკა ემყარება სუბიექტური (პაციენტის მიერ წარმოდგენილი ჩივილები) და ობიექტური (ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვით და ინსტრუმენტული კვლევებით მიღებული) მონაცემების ანალიზს.
სადღეისოდ ვენების დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია დუპლექსსონოგრაფია ანუ დუპლექსსკანირება. ამ მეთოდით ვიღებთ ფაქტობრივად ყველა ძირითად პარამეტრს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ვიმსჯელოთ ქრონიკული ვენური უკმარისობის სტადიაზე, ვარიკოზული დაავადების შედეგად მომხდარ ცვლილებებზე.
დუპლექსსონოგრაფიის მეშვეობით ტარდება ვენური სისტემის ეგრეთ წოდებული კარტირება. ის საშუალებას გვაძლევს, სარწმუნოდ შევაფასოთ ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ყველა ვენის მდგომარეობა, ზუსტად დავადგინოთ მათი დაზიანების ხარისხი. მიღებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელია ზუსტად შეირჩეს ოპერაციული ჩარევის მასშტაბი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდეგ დაავადების რეციდივის რისკს.
ვენური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად შესაძლოა ჩატარდეს პლეტიზმოგრაფია. ზოგ შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა ინვაზიური მეთოდის - ანგიოგრაფიის გამოყენება.
-
დაგვეთანხმებით, რომ პაციენტები ვენების დაავადებათაგან ძირითადად მხოლოდ ზედაპირული ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას იცნობენ, თუმცა არსებობს სხვა პათოლოგიებიც. რომელ მათგანს გამოყოფდით?
- პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ შევჩერდეთ მენჯის სისხლსავსეობის სინდრომზე, რომელსაც მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერება განაპირობებს. ქვედა კიდურების ვენური უკმარისობისგან განსხვავებით, მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დიაგნოსტიკა სპეციფიკური სადიაგნოზო ნიშნების არარსებობის გამო საკმაოდ რთულია. დაავადება შეიძლება შეინიღბოს გინეკოლოგიური, ნევროლოგიური, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიათა კლინიკით. ის უპირატესად 20-45 წლის ორჯერ ან მეტჯერ ნამშობიარევ ქალებს შორის გვხვდება - სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, აღენიშნება მათ 8-11%-ს. მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის წამყვანი და ძირითადი კლინიკური სიმპტომი ქრონიკული მენჯისმიერი ტკივილია.
დაავადების სადიაგნოზო კვლევათაგან აღსანიშნავია ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) დუპლექსსონოგრაფია, თუმცა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადებისაგან განსხვავებით, მისი გამოყენებით მკურნალობის ტაქტიკის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს რენტგენოკონტრასტული კვლევა - ვენური სისტემის სურათის მიღება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შედეგად.
-
ზაფხულობით განსაკუთრებით აქტუალურია ქვედა კიდურების შეშუპება პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში. რომელმა სისხლძარღვოვანმა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ქვედა კიდურების შეშუპება და რომელი კვლევები ტარდება მათ აღმოსაჩენად? როგორია მკურნალობის ტაქტიკა ამ შემთხვევაში?
- ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებებთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა განპირობებული იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობით, ლიმფური უკმარისობით (ლიმფოსტაზით). სისხლძარღვოვანი გენეზის შეშუპება უმთავრესად ვენური სისტემის პათოლოგიებთან არის დაკავშირებული, უფრო მეტად შესამჩნევია ზაფხულში და გარდამავალი ხასიათისაა - მცირდება წოლის დროს, დატვირთვის შემცირებისას და დილით.
აღნიშნული შეშუპების მიზეზია სისხლის მომატებული დეპონირება კიდურებსა და ვენურ სისტემაში. წლის ცხელ პერიოდში ადამიანი დიდი ოდენობით სითხეს კარგავს, რის გამოც მკვეთრად იზრდება სისხლის სიბლანტე. ასეთი სისხლის დინება გაძნელებულია, ვითარდება ვენური სტაზი, რაც შეშუპებას განაპირობებს.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს შეშუპების შესაძლო მიზეზებს და გეგმავს სათანადო გამოკვლევებს: დუპლექსსონოგრაფიას, პლეტიზმოგრაფიას, - რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია შეშუპება - სისხლძარღვთა ორგანულმა ცვლილებებმა თუ ფუნქციურმა დეფიციტმა. საუკეთესო სამკურნალო საშუალებებია ფიზიკური ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, ცურვა, რეკომენდებულია ვენოტონური პრეპარატები.
-
როგორც აღვნიშნეთ, ვენების დაავადებების დროს პაციენტებს ხშირად აქვთ თრომბოზის შიში. რომელი სიმპტომებით ვლინდება თრომბოზი და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს დაუყოვნებლივ?
- ღრმა ვენების თრომბოზი ვლინდება მკვეთრი და მდგრადი შეშუპებით, კანის გასადავებით (ქრება კანის ნაოჭები), მიკროცირკულაციის დარღვევით, რაც კანის მოლურჯო-ციანოზური შეფერილობით, ზოგჯერ კი ჰიპერემიითაც (სიწითლით) ვლინდება, წვივის არეში თავს იჩენს მკვეთრი მწვავე გამბჯენითი ტკივილი. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სპეციალისტთან დაუყოვნებლივ მისვლა.
-
როდის არის აუცილებელი მედიკამენტური მკურნალობა თრომბოზის პროფილაქტიკისთვის და რომელი საშუალებებია ამ თვალსაზრისით ეფექტური?
- არსებობენ პაციენტები, რომელთაც ვენური თრომბოზის მუდმივი პროფილაქტიკა უტარდებათ. ეს ის პირები არიან, რომელთაც აქვთ გენეტიკური თრომბოფილური მდგომარეობა. შესაძლოა, თრომბოზის პროფილაქტიკა საჭირო გახდეს ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევის, ამა თუ იმ პათოლოგიის დროს, თრომბოზის შემდგომ პერიოდში... საამისოდ გამოიყენება პირდაპირი (მაგალითად, ჰეპარინი) და არაპირდაპირი მოქმედების (მაგალითად, ვარფარინი) ანტიკოაგულანტები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ პრეპარატებით მკურნალობის წარმართვა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა, მათი თვითნებური მიღება დაუშვებელია.
-
რას ურჩევდით პაციენტებს ვენების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის?
- ვენების დაავადებათა თავიდან ასაცილებლად უნდა მივდიოთ აქტიურ ცხოვრების წესს, მაქსიმალურად ვერიდოთ ჰიპოდინამიას. აუცილებელია სხეულის მასის კორეგირება, მოხერხებული ტანსაცმლის, უფრო მეტად კი ფეხსაცმლის ტარება. ყოველდღიური ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. დაავადების პროფილაქტიკის უმთავრესი პრინციპი მისი დროული გამოვლენა და მართვაა. ეს ნამდვილად შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტმა ექიმს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა.