რა აწუხებთ მამაკაცებს
დღე-ღამეში ადამიანი 50-დან 150-მდე თმის ღერს კარგავს, ამიტომ თმის ნორმალური საფარველის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ჩამოცვენილი და ამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როცა უფრო მეტი თმა ცვივა, ვიდრე ამოდის, საქმე გვაქვს ალოპეციასთან ანუ გამელოტებასთან.
ალოპეცია მხოლოდ მამაკაცების ხვედრი არ გახლავთ, ის შეიძლება დაემართოთ ქალებსა და ბავშვებსაც. მართალია, გამელოტება სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის, მაგრამ იწვევს ფსიქიკურ დისკომფორტს, რაც საზოგადოებისგან ადამიანის იზოლაციას უდებს სათავეს.
განასხვავებენ ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან ალოპეციას. პირველი გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით, ხოლო მეორეს მიეკუთვნება გამელოტების ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ფორმები.
ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა. მას ახასიათებს თმის ცვენა უპირატესად თავსა და სახეზე, თანაც ერთობ სპეციფიკურად - ლოკალურად, ცალკეულ უბნებში (კერებში). დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. გამელოტებული უბნები წრიული ან ოვალურია. მათ პერიფერიებზე თმის ძირები სუსტდება და ღერი სუსტი მოქაჩვითაც ძვრება. ამის გამო მელოტი უბნები თანდათან იზრდება და ბოლოს ერთმანეთს უერთდება. ამგვარად ყალიბდება კეროვანი ალოპეციის სუბტოტალური ფორმა.
სუბტოტალური ალოპეცია ნელა პროგრესირებს. ავადმყოფს მსხვილი თმა სცვივა და მხოლოდ ბუსუსები და მოკლე ღერები რჩება. არცთუ იშვიათად უთხელდება წარბებიც. ზოგჯერ წამწამების ცვენაც შეინიშნება. რაც შეეხება ტოტალურ გამელოტებას, ამ დროს ავადმყოფს თავსა და სახეზე თმა მთლიანად აქვს გაცვენილი. თუ თმა მთელ სხეულზე ცვივა, ალოპეციას უნივერსალურს უწოდებენ. ამას შეიძლება დაერთოს ფრჩხილების დაზიანება - მსხვრევადობა და დეფორმაცია.
დაზიანებული უბნის ფართობის მიხედვით, გამოყოფენ კეროვანი ალოპეციის რამდენიმე სტადიას: მსუბუქს (დაზიანებულია 25%), საშუალოს (25-50%) და მძიმეს (50%-ზე მეტი).
ალოპეციის უმთავრეს მიზეზებად მიჩნეულია სტრესი, ფიზიკური ტრავმა და მწვავე დაავადებები. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობაც.
ბუდობრივი ალოპეციის მკურნალობა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და მიზეზის დადგენას. თუ გამელოტება სქესობრივ მომწიფებამდე დაიწყო, მკურნალობა უფრო რთულია. არის შემთხვევები, როდესაც ალოპეციის კერა სპონტანურად იხურება, მაგრამ რჩება რეციდივის საშიშროება. პაციენტთა ნახევარს პერიოდულად გამელოტების ახალ-ახალი კერები უჩნდება. 5-10%-ში დაავადება ტოტალური ან უნივერსალური გამელოტებით სრულდება.
ანდროგენული ალოპეცია შეიძლება აღმოცენდეს სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმთავრესად მაინც 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის გვხვდება. გამელოტების ეს ტიპი გამოწვეულია თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედებით. იგი ხშირად ემართებათ გენეტიკურად განწყობილ ადამიანებს. ასეთი ტიპის ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია. მამაკაცების 70-72%-ს ფოლიკულების მემკვიდრეობითი თავისებურებები დედისგან გადაეცემა, რის შედეგადაც ყალიბდება მამაკაცური ჰორმონების, ანდროგენების, ერთ-ერთი ქვესახეობის - დიჰიდროტესტოსტერონის - სიჭარბე, თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა ჰორმონის მიმართ.
ანდროგენების გავლენით თავის თმის ფოლიკულები გადაგვარდება და იწყება უფრო მოკლე და თხელი, ბუსუსისებრი ღერების წარმოქმნა. შემდგომ ეს ფოლიკულები თანდათანობით საერთოდ ატროფირდება. ბუსუსისებრი თმის ფოლიკულებში კი მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი - მათგან ტერმინალური ღერები იზრდება. ამის შედეგად ძლიერდება სახის, ბოქვენის, იღლიის გათმიანება.
როგორ ვლინდება დაავადება?
დაზიანების უბანში თმის ღერები ჯერ მოკლდება და თხელდება, მერე მათ ადგილს თანდათანობით ღინღლი იკავებს, ბოლოს კი ისიც ცვივა. გამელოტებულ არეში კანი გლუვი და პრიალაა. ხშირად გამელოტებას თან ახლავს თავის თმიანი ნაწილის ცხიმოვანი სებორეა და სებორეული დერმატიტი.
მამაკაცებს გამელოტება შუბლისა და თხემის ნაწილიდან ეწყებათ. საფეთქლებისა და კეფის არეში თმის შეთხელება ანდროგენული ალოპეციის მძიმე მიმდინარეობის დროსაც კი არ შეიმჩნევა.
განასხვავებენ ანდროგენული ალოპეციის 5 სტადიას:
- I სტადია - თმის ცვენა შეიმჩნევა თავის თმიანი ნაწილის წინა ზღვარზე;
- II სტადია - აღინიშნება ორმხრივი გამელოტება შუბლზე, ხოლო თხემის არეში - თმის შეთხელება;
- III, IV, V სტადიები - შუბლსა და თხემის არეში თმის ცვენა პროგრესირებს და გამელოტებული უბნები ერთდება, რაც შუბლ-თხემის არეში სრული სიმეტრიული გამელოტებით სრულდება.
ქალების 80%-ში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ანდროგენების დონის მატებისა და გენეტიკური განწყობის გამო, მცირედ შეინიშნება თმის დიფუზური შეთხელება. ათიდან 2 შემთხვევაში მენოპაუზის შემდეგ ეს პროცესი ვრცელდება თხემის მიდამოზე, მაგრამ მამაკაცებთან შედარებით უფრო სუსტად არის გამოხატული. რაც უფრო ადრე დაიწყება ალოპეციის მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი.
ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ შემუშავებულია ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების მქონე ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.
არსებობს ალოპეციის მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც. ხელოვნური თმის გადანერგვამ, რომელიც წლების განმავლობაში უალტერნატივო მეთოდად მიიჩნეოდა, არ გაამართლა. ამჟამად ახდენენ საკუთარი თმის ტრანსპლანტაციას - თმის ცვენისგან გენეტიკურად დაზღვეული უბნებიდან ფოლიკულებს გამელოტებულ უბნებში გადანერგავენ.
ნაწიბუროვანი ალოპეცია გამელოტების ის ფორმაა, რომელსაც თმის ფოლიკულის დესტრუქცია და კანის დანაწიბურება იწვევს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს განვითარების დეფექტი და მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა (დამწვრობა, სხივური დერმატიტი), ფოლიკულების დაზიანება სპეციფიკური ინფექციით ან სიმსივნური წარმონაქმნით, თავის თმიანი არის სკლეროდერმია, ფურუნკული, ფავუსი, წითელი მგლურა, სარკოდიოზი და სხვა სახის დერმატოზი.
რა ხდება ამ დროს?
თავის თმიანი ნაწილის კანზე წარმოიქმნება უხეში ნაწიბური ან ვითარდება კანის ნაწიბუროვანი ატროფია. ამის შედეგად თმის ფოლიკულები იღუპება. გასინჯვისას თავის კანი დაჭიმულია, შეინიშნება გამელოტების კერები.
სებორეული ალოპეცია იწყება გარდატეხის ასაკში და უმთავრესად მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც - ყალიბდება ე.წ. ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ წყდება და ყალიბდება მყარი სებორეა, რომელიც სებორეულ ალოპეციაში გადაიზრდება.
სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება.
მკურნალობისას მთავარია დაავადების მიზეზის დადგენა - ძირითადი პრობლემის აღმოფხვრისას ალოპეცია ხშირად თავისთავად გაივლის, ამიტომ თმის ცვენის ფარმაკოლოგიურ მკურნალობას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
ჭარბთმიანობა
მამაკაცის სხეულზე თმის განვითარებასა და განლაგებას განსაზღვრავს გენეტიკური თავისებურებანი, ეთნიკური წარმომავლობა და სისხლში მამაკაცური ჰორმონების არსებობა. მამაკაცის სხეულზე ხშირი და მუქი თმა უხსოვარი დროიდან მამაკაცურობისა და ძლიერების სიმბოლოდ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ახალგაზრდა მამაკაცთა ნაწილს სხეულზე ხშირი და მუქი თმა არ სიამოვნებს, ამიტომ ქალების კვალდაკვალ სულ უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს თმის ხელოვნური მოცილების მეთოდებს - გაუფერულებას, პარსვას, ამოქნას, ქიმიურ, ბიო-, ელექტრო-, ფოტო- და ლაზერულ ეპილაციას.
ქალური ტიპის გასუქება მამაკაცებში
სიმსუქნე ცხიმოვანი ქსოვილის გადიდების ხარჯზე სხეულის მასის მნიშვნელოვანი მომატებაა. მამაკაცებში სიმსუქნედ მიიჩნევა სხეულის მასის 25%-ით მომატება. გასუქებისას ცხიმი სხეულზე სხვადასხვანაირად ნაწილდება. ამის კვალობაზე, გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის სიმსუქნეს, მათ შორის - მამაკაცთა ქალური ტიპის გასუქებას, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი წელსა და თეძოებზე ჭარბობს და მამაკაცის სხეული მსხლის ფორმას იღებს.
ანდროიდული ანუ მამაკაცური ტიპის სიმსუქნის დროს ცხიმი უპირატესად მხრებზე, მკერდსა და მუცელზე გროვდება. გაცილებით ნაკლებია დუნდულებსა და თეძოებზე. ამ ტიპის სიმსუქნის დროს არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვა ტიპების დროს.
გინოიდური ანუ ქალური ტიპის სიმსუქნის დროს სხეულის ზედა ნაწილი შეიძლება საშუალო სისქისა იყოს და ცხიმი უპირატესად დუნდულებზე, მუცლის ქვემოთ და თეძოებზე გადანაწილდეს, ხოლო წვივები გამხდარი დარჩეს. ზოგჯერ ცხიმი დიდი რაოდენობით არის დაგროვილი მკერდზე.
ამრიგად, ქალური ტიპის სიმსუქნის დროს ცხიმი უშუალოდ ქალური სასქესო ორგანოების გარშემო გროვდება, რასაც ქალური ჰორმონი ესტროგენი იწვევს. თეძოებისა და დუნდულების ძლიერი გაცხიმოვნება ხერხემლის, ქვედა კიდურთა ვენების, სახსართა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.
ცელულიტიც უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელია, რომლებსაც ქალური ტიპის სიმსუქნე აქვთ.
ევნუქოიდური სიმსუქნე გვხვდება მამაკაცებში, რომლებსაც არ ეზრდებათ წვერი. ამ დროს ცხიმი გროვდება მუცელზე, თეძოებზე და სარძევე ჯირკვლების მიდამოში. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის ან სათესლე ჯირკვლების დაზიანება.
თუ სიმსუქნე სქესობრივ მომწიფებამდე განვითარდა, სასქესო ორგანოები განუვითარებელი რჩება, ხმა კი - მაღალი. ქალური ტიპის სიმსუქნის მქონე მამაკაცებს ემუქრებათ უნაყოფობა და სქესობრივი ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება იმპოტენციის ჩათვლით.
ჭარბი კვება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ჭარბი წონის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ამიტომ ერთადერთი პრინციპი, რომელიც გასაჩივრების გარეშე უნდა შესრულდეს, არის სადღეღამისო რაციონის ცხიმიანობის მკვეთრი შემცირება. სადღეღამისო რაციონს ადგენს და მის კალორაჟს გამოთვლის ექიმი დიეტოლოგი.
გარდა ამისა, მამაკაცებმა, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ, ბევრი უნდა იმოძრაონ, ფეხით დიდხანს ისეირნონ სუფთა ჰაერზე, ატარონ მოხერხებული ფეხსაცმელი ვენების ვარიკოზული გაგანიერების თავიდან ასაცილებლად. კარგია სპორტული დატვირთვა ველოტრენაჟორზე, ვარჯიშები მჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაში, რათა ხერხემალს დიდი დატვირთვა თავიდან ავაცილოთ.
თუ დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით წონის დაკლება ვერ მოხერხდა, მკურნალობაში ჩაერთვება მედიკამენტები. პრეპარტები შეირჩევა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდი ქალური ტიპის სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში მიზნად ისახავს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვების ადგილებიდან ცხიმის მოშორებას. ეს შეიძლება გაკეთდეს ლიპოსაქციის დახმარებით. სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს აგრეთვე კუჭის დიდი ნაწილის ამოკვეთას, რათა ავადმყოფს საკვების უფრო ნაკლები ულუფა ეყოს. ასევე შესაძლებელია კუჭში ბალონის ჩადგმა, რომელიც აწვება კედლებს და აჩენს კუჭის სისავსის შეგრძნებას.
კიდევ ერთი მეთოდია ნაწლავის მარყუჟების ამოკვეთა. მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია ფსიქოთერაპია, რათა მამაკაცმა საკუთარი ძალა ირწმუნოს. კარგი იქნება, თუ მამაკაცთან ერთად მთელი ოჯახი შეიცვლის ცხოვრების ნირს და შეძლებისდაგვარად გადავა ავადმყოფისთვის შერჩეულ კვებისა და ცხოვრების რეჟიმზე.
ნებადართული საკვები
- სასურველია პროდუქტი, რომელიც მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
- ხილი და ბოსტნეული უმი ჯობს.
- ტკბილეულიდან შეიძლება მხოლოდ ჩირი და იშვიათად - თაფლი.
- სასურველია, საკვები შეიცავდეს ადვილად ასათვისებელ ცილებს. ასეთია კეფირი, უცხიმო ხაჭო, პარკოსნები, უცხიმო თევზი.
- რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, გაზიანი სასმელები. სვით სუფთა წყალი, ახალგამოწურული წვენები. ერიდეთ ალკოჰოლს.
- საკვები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ.
- მიირთვით ნელა. ლუკმები კარგად დაღეჭეთ.
- სცადეთ, აწარმოოთ დღიური, სადაც რეგულარულად ჩაიწერთ მირთმეული საკვებისა და ფიზიკური დატვირთვის ოდენობას.
- აწონა საჭიროა ყოველ დილით. ეს მონაცემებიც დღიურში ჩაიწერეთ.
- რაც მთავარია, დაისახეთ სწორი მიზანი: წონის თვეში 30 კგ-ით შემცირება არარეალურია, 6-8 კგ-ის დაკლება კი სავსებით შესაძლებელია.
ასე რომ, ძლიერი სიმსუქნეც კი ექვემდებარება მკურნალობას, თუ გონივრულად შეიცვლით კვებისა და ცხოვრების რეჟიმს.