მედიკამენტური ალერგია

გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ამგვარი გართულება შემთხვევათა მხოლოდ 0,5-1%-ს შეადგენდა, თუმცა სულფანილამიდების გამოყენების შემდეგ სიტუაცია სწრაფად გაუარესდა. დღეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
არსებული კვლევების თანახმად, მედიკამენტური ალერგია უფრო ხშირია ქალაქის მაცხოვრებელთა შორის, განსაკუთრებით კი 30-40 წლის ქალებში.
მედიკამენტური ალერგია ის პრობლემაა, რომელიც აქტუალურია ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც. სწორედ ექიმია პასუხისმგებელი ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნისას. ამავე დროს თითქმის შეუძლებელია, წინასწარ განვსაზღვროთ ალერგიული რეაქციის აღმოცენების ალბათობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ყველამ იცის, რომ ხშირად პაციენტები მედიკამენტებს თვითნებურად იღებენ. ამის მიზეზი ახლობლების რჩევები, მომრავლებული რეკლამა და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებების ურეცეპტოდ გაყიდვაა. მედიკამენტი, რომელსაც მეზობელი თუ ახლობელი დიდი ხნის განმავლობაში იღებს და კმაყოფილიცაა, შეიძლება საბედისწერო გართულების მიზეზი გახდეს. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მედიკამენტურ ალერგიას ხშირად იწვევს სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ასპირინი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიული რეაქციის აღმოცენებისთვის ხშირად მედიკამენტის უმცირესი დოზაც კი საკმარისია. ზოგჯერ ალერგიული რეაქცია მედიკამენტის არა პირველი, არამედ განმეორებითი მიღებისას ვითარდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მედიკამენტი ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთადაც შეიძლება მოხვდეს.
რამდენად ხშირია მედიკამენტური ალერგია
ალერგიულ რეაქციათა ჭეშმარიტი სიხშირის დადგენა ძნელია. ეს იმიტომ, რომ პაციენტები ხშირად ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე უწოდებენ საკუთარ თავს “ალერგიულს”, ალერგიულ რეაქციად მიიჩნევენ ისეთ სიმპტომებს, რომელთაც რეალურად სულ სხვა საფუძველი აქვთ. მაგალითად, ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ წამლის მიღების შემდეგ აღმოცენებული თავის ტკივილი, თავბრუ ან არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში სწორედ ალერგიაა და არა სხვა რამ.
მედიკამენტური მკურნალობისას შეიძლება შემდეგი ტიპის რეაქციები აღმოცენდეს:
ტოქსიკური - დაკავშირებულია მედიკამენტის დასაშვები დოზის გადაჭარბებასთან. ტოქსიკური რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს, როცა პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია. ამ დროს უარესდება მედიკამენტის გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც სისხლში მისი კონცენტრაციის მატების მიზეზია.
გვერდითი ეფექტები - მაგალითად, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა და სხვა. შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის ანოტაციაშია მითითებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გვერდითი ეფექტები იშვიათია.
მეორეული ეფექტები - მაგალითად, ლორწოვანების სოკოვანი დაზიანება ან ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება ანტიბიოტიკების მიღებისას.
მოხსნის რეაქცია - ვითარდება ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას და ხასიათდება დაავადების სიმპტომების გაუარესებით.
ალერგიული რეაქციის ტიპები
აღმოცენების დროის მიხედვით ალერგიული რეაქციები ორ ჯგუფად იყოფა. დაუყოვნებელი - აღმოცენდება მედიკამენტის შეყვანის ან მიღებისთანავე. მისი მაგალითებია ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. ყველაზე ხშირად ასეთი რეაქციები დაკავშირებულია ანტიბიოტიკებთან.
ანტიბიოტიკებიდან ალერგიის თვალსაზრისით ყველაზე საყურადღებოა პენიცილინის ჯგუფი. ვინაიდან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ანალოგიური ქიმიური სტრუქტურა აქვთ, ხშირად ერთი პრეპარატის მიმართ ალერგიისას თავი უნდა ვარიდოთ ამ ჯგუფის სხვა საშუალებების და ცეფალოსპორინების გამოყენებას.
ანტიბიოტიკების შეყვანიდან რამდენიმე წუთში ნაჭინჭრის მსგავსი, კანიდან წამოწეული, ქავანა მოწითალო ელემენტების გაჩენა კანზე სულაც არ ნიშნავს, რომ ალერგიული რეაქცია ამით დასრულდა და უფრო საშიში გამოვლინება მოსალოდნელი აღარ არის.
დაყოვნებული - რამდენიმე დღის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ჭინჭრის ციებით, სახსრების ტივილით, სისხლის ანალიზის ცვლილებით.
ალერგია ყველაზე ხშირად მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზია.
ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება
ურტიკარია არის კანის მოწითალო, კარგად შემოფარგლული გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს ქავილი. ის ზეწოლისას ქრება, თუმცა მაშინვე აღდგება. გამონაყარის ზომა შეიძლება 1-2 მმ-დან 10 სანტიმეტრამდე იყოს. აღნიშნული გამოვლინება რამდინიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. კვინკეს შეშუპება კი კანის და ლორწოვანების ღრმა შრეების შეშუპებაა. ორივე მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი და წლობით გაგრძელდეს.
ურტიკარია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, კვინკეს შეშუპება კი, როცა ზემო სასუნთქ გზებს მოიცავს, დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.
ბრონქული ასმის შეტევა
ბრონქული ასთმის შეტევა, რომელსაც ახასიათებს ამოსუნთქვის გაძნელება, ხიხინი, შესაძლოა აღმოცენდეს პენიცილინის და სხვა ანტიბიოტიკების, ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატების, ასპირინის, B ჯგუფის ვიტამინების მიღებისას.
ალერგიული რინიტი (სურდო)
ალერგიული ანუ ატოპიური რინიტი ვლინდება ცხვირის გაჭედვით, წყლისებრი გამონადენით, რაც უეცრად ჩნდება, ცემინებით. ალერგიული რინიტი, რომელიც ხშირად მცენარეების ყვავილობასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა გარკვეული მედიკამენტების მიღებისას აღმოცენდეს.
კანის ალერგიული დაზიანება
მედიკამენტების შედეგად კანის ალერგიული დაზიანება, უპირველეს ყოვლისა, გამონაყარით ვლინდება. გამონაყარი შეიძლება გამოიწვიოს სულფანილამიდებმა, ბარბიტურატებმა, სედაციურმა საშუალებებმა, ანტიბიოტიკებმა, ასპირინმა და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა. ის შეიძლება გაჩნდეს მედიკამენტების მიღებისთანავე ან რამდენიმე დღის შემდეგ.
ალერგიულ გამონაყარს თან ახლავს ქავილი. მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღის შემდეგ გამონაყარი, ჩვეულებრივ, ქრება, მის წინააღმდეგ ეფექტურია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.