ბრონქოსპაზმი ბავშვებში
რითია იგი საშიში და როდის იჩენს თავს ასთმაში მისი გადაზრდის საფრთხე? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს პედიატრი, პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი ნანა ჟღენტი.
- ობსტრუქციული ბრონქიტი უმეტესად 2-3 წლის ასაკში გვხვდება, ძალზე იშვიათად - სიცოცხლის პირველ წელს. ბრონქული ობსტრუქციის სინდრომი, წესისამებრ, ვირუსული ინფექციის გართულებაა, ვითარდება თანდათანობით, სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციის დაწყებიდან მე-2-3 დღეს და არა შეტევისებურად, როგორც ბრონქულ ასთმას ახასიათებს.
- რას ნიშნავს ბრონქის ობსტრუქცია?
- ობსტრუქცია შევიწროებას ნიშნავს. დაზიანებული, ანთებითი ბრონქების ლორწოვანი გარსი შესამჩნევად შუპდება, ლორწო გაძლიერებულად გამოიყოფა, ხოლო წამწამისებური ეპითელიუმი ზიანდება, რის გამოც მკვეთრად მცირდება ბრონქის სანათურიდან პათოლოგიური სეკრეტის (ლორწოს, ნახველის) გამოძევება. ზოგ შემთხვევაში ბრონქის ნაწილობრივი სპაზმი იწვევს სასუნთქი გზების მკვეთრ შევიწროებას, რაც ჰაერის გავლას აფერხებს. შედეგად, როგორც კომპენსაციური პროცესი, იწყება სუნთქვის გახშირება. შევიწროებულ ბრონქში ჰაერის გავლის შეფერხება იწვევს სპეციფიკურ ფენომენს - მსტვენ ხიხინს. ვინაიდან ამოსუნთქვა გაძნელებულია, ფილტვის ქსოვილში ჰაერის ჭარბი დაგროვების პირობები იქმნება. ყალიბდება ფილტვის შებერვის ფენომენი, რაც უფრო მეტად აქვეითებს ფილტვის ვენტილაციას.
- რას უჩივის ამ დროს ბავშვი?
- ამ დროს შეინიშნება სუნთქვის გახშირება; გახანგრძლივებული, ხმაურიანი, მსტვენი ამოსუნთქვა, რომელიც მანძილზე ისმის; ხველა იშვიათია, უფრო მეტად - მშრალი; გულმკერდი შებერილია; მოსმენისას გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფონზე ისმის მრავლობითი მაღალი, მსტვენი ხიხინი. ხველის შემდეგ ხიხინის ადგილმდებარეობა იცვლება. ეს მონაცემები ორივე ფილტვში ერთნაირია. ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, ობსტრუქციული ბრონქიტის დროს მოხრჩობის ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება თავს არ იჩენს. ავადმყოფთა უმრავლესობას მკაფიოდ გამოხატული ობსტრუქციის დროსაც კი არ ეცვლება საერთო მდგომარეობა. ტემპერატურა ან ნორმალურია, ან ზომიერად მომატებული.
- უქმნის თუ არა ობსტრუქცია საფრთხეს ბავშვის ორგანიზმს?
- ობსტრუქციული ბრონქიტის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა. მისი სიმძაფრე მნიშვნელოვნად მცირდება მე-2-3 დღიდან, მაგრამ გახანგრძლივებული მსტვენი ამოსუნთქვა შეიძლება კიდევ 1-2 კვირა გაგრძელდეს. თუ ობსტრუქციული სინდრომი არ გაქრა, უნდა მოიძებნოს მისი გახანგრძლივების სხვა მიზეზი (საკვების ჩვეული გადაცდენა, ბრონქების განვითარების მანკი, მუკოვისციდოზი). ამ შემთხვევაში საჭიროა ინსტრუმენტული კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენება (რენტგენოდიაგნოსტიკა, ფილტვის ტომოგრაფიული, კომპიუტერული კვლევა).
- როდის იჩენს თავს ბრონქული ასთმის განვითარების საფრთხე?
- თუ ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექციის ფონზე ხშირად აქვს ობსტრუქციული ბრონქიტი, ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა უთუოდ ასთმაში გადაიზრდება. ბრონქული ასთმის არსებობა-არარსებობის დასადგენად გასათვალისწინებელია ავადმყოფის ალერგიული ანამნეზი, სპეციფიკურად დატვირთული მემკვიდრეობა, ობსტრუქციის შეტევის განმეორებითი ხასიათი, იმუნოგბულინ E-ს ტიტრი სისხლში, კანის დადებითი ალერგიული სინჯები და სხვა.
ობსტრუქციის შემთხვევთა სიხშირე ყოველთვის ასთმაზე არ მიანიშნებს. თითოეულ შემთხვევაში საჭიროა ალერგოლოგის კონსულტაცია, საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მაგრამ თუნდაც დაისვას ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი შინ ჩაკეტოთ, იზოლაციაში მოაქციოთ. უბრალოდ უნდა ისწავლოთ და ასწავლოთ თქვენს შვილს ცხოვრება ასთმის ფონზე. ბრონქული ასთმის დიაგნოზი პანიკის საფუძვლად არ უნდა იქცეს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ნერვიულობა პატარასაც გადაედება, მღელვარება კი ავტომატურად გამოიწვევს ბრონქის კედლების კუნთების შეკუმშვას. განსაკუთრებით ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება შეტევის დროს, მაგრამ ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვს ჩამოუყალიბდეს ასთმური სტატუსი - მდგომარეობა, როდესაც ბრონქოსპაზმის მოხსნა შეუძლებელია და სიტუაცია სიცოცხლისთვის საშიში ხდება.
- როდის უნდა გამოვიძახოთ ექიმი ბრონქული ასთმის შეტევის დროს?
- მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ შეტევის დროს, ასევე - ისიც, როდის არის საჭირო ექიმის გამოძახება. ექიმი უნდა გამოიძახოთ, თუ ჩამოთვლილი ხუთი ნიშნიდან ერთმა მაინც იჩინა თავი:
- ხიხინი იმატებს და/ან სუნთქვა გახშირებულია, თუმცაღა რამდენიმე წუთის წინ გამოიყენა ინჰალატორი ან 1-3 საათის წინ მიიღო მედიკამენტი.
- ბავშვს უჭირს სუნთქვა, სუნთქვისას ბერავს ნესტოებს, ჩასუნთქვისას ლავიწზედა არეები, ნეკნთაშუა არეები, გულმკერდის ქვემო კიდე ჩავარდნილია.
- ბავშვმა თამაში მიატოვა და არც კი ცდილობს, სხვა რამით გაერთოს.
- უჭირს სიარული და/ან ლაპარაკი;
- გაფითრდა, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი, ტუჩები და ფრჩხილები გაულურჯდა. ეს ჟანგბადოვან შიმშილზე მეტყველებს, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. აუცილებელია, ბავშვს ვასწავლოთ, როგორ დაძლიოს სტრესი და ბრონქოსპაზმი. მაგალითად, რაც შეიძლება მაგრად შეკრას მუშტი და გაშალოს, ან თავი კუდ წარმოიდგინოს - მხრები აიწუროს, თავი მხრებში ჩამალოს, დაითვალოს ხუთამდე, შემდეგ დაუშვას მხრები და მოდუნდეს. შეიძლება შეასრულოს ელემენტარული სუნთქვითი ვარჯიშები:
- ხელები ასწიოს - ჩაისუნთქოს, დაუშვას - ამოისუნთქოს. ეს მოძრაობა გაიმეოროს რამდენიმეჯერ. ვარჯიში უფრო ეფექტური იქნება, თუ ხელების აწევისას ფეხის თითებზეც აიწევა, ხოლო დაშვებისას ქუსლებით ძლიერად დაეშვება იატაკზე. ამ დროს ის ყურადღებას მოძრაობებზე გადაიტანს და სპაზმზე ნაკლებად იფიქრებს, თანაც ღრმა სუნთქვა მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
- თუ ბავშვი პატარაა და უჭირს სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება, შესთავაზეთ, დალიოს რამდენიმე ყლუპი წვენი ან წყალი, სასურველია ოთახის ტემპერატურისა ან ოდნავ თბილი.
- დაბოლოს, მშობლებს ვურჩევთ, ნუ ჩაკეტავენ ბავშვებს შინ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა გავრისკოთ და ალერგიული ბავშვები სტუმრად გავუშვათ, თუნდაც ბავშვს ჰქონდეს ალერგია ცხოველის ბეწვზე, ხოლო ოჯახში, სადაც სტუმრად მიდიხართ, ჰყავდეთ ძაღლი ან კატა. შინ ჩაკეტვით მიღებული სტრესი შესაძლოა თვითონ გახდეს შეტევის ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი.
- მუდამ თან იქონიეთ ინჰალატორი, ხოლო შინიდან გასვლის წინ შეასხურეთ ბავშვს წამალი თავის დაზღვევის მიზნით.