რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ბრონქული ასთმა, ბრონქიტი და სიცივე - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ბრონქული ასთმა, ბრონქიტი და სიცივე

    გარკვეულ ღონისძიებათა დაცვით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის მედიკამენტურ თერაპიას, ასთმითა და ქრონიკული ბრონქიტით მოავადეები მაინც ახერხებენ ცივ ამინდებში ჩვეული წესით ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა მათ გარკვეული პრობლემები მაინც ექმნებათ. რატომ რთულდება და მწვავდება ზედა სასუნთქი გზების დაავადებები ზამთარში – ამ საკითხებში გარკვევას ოჯახის ექიმ ნინო მეტრეველთან ერთად შევეცდებით.

    - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თავად სიცივე ნაკლები პრობლემაა, ასთმიანი ადამიანისთვის ცივ ამინდში იმ ჰაერის შესუნთქვა ქმნის პრობლემებს, რომელიც დაბინძურებულია დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი მტვრითა და მავნე ნაერთებით. პრობლემას ამწვავებს ხშირი გაციება. რა ხდება წელიწადის ამ პერიოდში?

    - ცივ ამინდში ასთმიანი ადამიანის მდგომარეობის გართულების მიზეზი არის არა ალერგია სიცივეზე, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ზედა სასუნთქი გზების მომატებული მგრძნობელობა შესუნთქული ცივი ჰაერისადმი. ამ შემთხვევაში გამოშრობას იწყებს ზედა სასუნთქი გზები და შემდგომ მათი სანათური ვიწროვდება. ზოგჯერ ძლიერ ცივ ამინდში ცხვირით სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდება. პირით სუნთქვა კი სასუნთქი გზების დამატებით შევიწროებას იწვევს, რადგან პირით შესუნთქული ჰაერი ფილტვებამდე ისე ჩადის, გათბობას ვერ ასწრებს.

    ასთმის მქონე პაციენტებისგან ხშირად გვსმენია, საკმარისია ტემპერატურა დაეცეს, რომ გარეთ სეირნობა სულ უფრო უძნელდებათ, სიცივეში სულ მცირე დატვირთვის შემდგომ კი, შესაძლოა, ხველამ და ქოშინმა იჩინოს თავი.

    ასთმიანი ადამიანის სასუნთქი გზები შეშუპებული და ანთებითია, კუნთები კი გამღიზიანებლებისადმი მოჭარბებულ რეაქციას ავლენენ. შეშუპებულ და შევიწროებულ ჰაერგამტარ გზებში ვერ გაედინება საჭირო რაოდენობის ჰაერი. სწორედ ამიტომ ადამიანებს უჭირთ სუნთქვა.

    გარეთ სიარულის, სეირნობისა და ვარჯიშისას კი ორგანიზმი გაძლიერებული რაოდენობით ჟანგბადს მოითხოვს, ამიტომ სუნთქვა ძლიერდება და ხშირდება, რათა უზრუნველყოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადზე. ბრონქული ასთმით მოავადეებისთვის ცივ ამინდში ცხვირით სუნთქვა ვერ უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადით მომარაგებას, ამიტომ ადამიანები გადადიან პირით სუნთქვაზე, პირით ჩასუნთქული ცივი ჰაერი კი ზრდის ბრონქული ასთმის შეტევის განვითარების ალბათობას.

    - რომელი ფაქტორები იწვევს ცივ ამინდში ბრონქული ასთმის შეტევას?

    - შეტევას რამდენიმე ფაქტორის ერთიანობა განაპირობებს.

    1. ცივი ჰაერი მშრალია, სასუნთქ გზებს ამოფენს სპეციალური ნივთიერების თხელი შრე, რომელიც მშრალი ჰაერის შესუნთქვისას იმაზე სწრაფად ორთქლდება, ვიდრე მისი ახალი ფენა წარმოიქმნება, სიმშრალე კი აღიზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს მათ შეშუპებას და ამწვავებს ასთმის სიმპტომებს.

    2. მშრალი ჰაერის გავლენით ბრონქებში წარმოიქმნება ნივთიერება, სახელად ჰისტამინი, სწორედ ის გამომუშავდება ჩვენი ორგანიზმის ალერგენთან კონტაქტისას და იწვევს ხიხინსა და ასთმის სიმპტომების განვითარებას.

    3. სიცივე ზრდის სასუნთქი გზების დამცავი ლორწოს გამომუშავებას, მისი საშუალებით სასუნთქ გზებში კავდება და გამოიდევნება შესუნთქულ ჰაერში არსებული მავნე და საშიში მიკრობები, სიცივეში გამომუშავებული ლორწო მართალია რაოდენობრივად ბევრია, მაგრამ სქელია, ჩვეულებრივზე მწებავია, ჭარბი ლორწო კი ბრონქებს კიდევ უფრო მეტად სენსიტიურს ხდის გაციებისა და სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ინფექციებისადმი.

    4. სიცივეში ადამიანები მეტ დროს შენობებში ატარებენ. გაციება, გრიპი და სხვა ტიპის რესპირატორული ინფექციები, ჩვეულებრივ, ზამთრის თვეებშია გავრცელებული, ისინი ასევე განაპირობებენ ასთმურ შეტევებს, შენობაში ხომ მეტი მტვერი, სოკოს სპორები და შინაური ცხოველების ბეწვი და ნაწილაკებია. ესენი კი ბრონქული ასთმის ჩვეული ალერგენებია.

    არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ასთმური შეტევის პროვოცირება, მათ მიეკუთვნება:

    • თამბაქოს კვამლი;
    • ძლიერი არომატები;
    • ტიპური ალერგენები, სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა, ცხოველთა ბეწვი ან მათი ქერტლი;
    • ფიზიკური დატვირთვა;
    • სტრესი;
    • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

    - რა სიმპტომები ახასიათებს ასთმურ შეტევას?

    - სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხველა, ხიხინი, გულმკერდის არეში ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, მეტყველების გაძნელება.

    - უსაფრთხოებისა და თავდაცვის რა ღონისძიებების გატარებას ურჩევდით სიცივეში, ზამთარში ბრონქული ასთმით მოავადეებს?

    - დარწმუნდით, რომ ზამთრის დადგომისას თქვენი დაავადება კონტროლდება. მიმართეთ ექიმს, რათა მან შეგიმუშაოთ ზამთარში ასთმის კონტროლის გეგმა, შემდეგ კი მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტები.

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხანგრძლივი კონტროლის, ისე სწრაფი მოქმედების პრეპარატები.

    ხანგრძლივი კონტროლის მედიკამენტებს, ჩვეულებრივ, პაციენტები იღებენ ასთმის სიმპტომებთან ბრძოლისას, მაგალითად, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-ანტაგონისტები, სწრაფი მოქმედების მედიკამენტს კი პაციენტი იღებს მხოლოდ აუცილებლობისას, მაგალითად, სიცივეში ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე.

    - რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა იმ შემთხვევაში, თუ მას სიცივეში ასთმური შეტევა მაინც დაეწყო?

    - შეტევის დაწყებისას აუცილებელია პაციენტმა ექიმის მიერ შემუშავებული საკონტროლო გეგმის მიხედვით იმოქმედოს, მსუბუქი სიმპტომებისას, თუ ყოველივე გამოწვეულია ცივი ჰაერის შესუნთქვით, შეტევა მიწყნარდება, როგორც კი პაციენტი შენობაში შევა და საჭირო მედიკამენტს მიიღებს.

    თუ სიმპტომები საკმაოდ ძლიერია, უნდა მიიღოს სწრაფი მოქმედების მედიკამეტები.

    თუ შეტევა იმდენად ძლიერია, რომ მეტყველების უნარს უკარგავს, აუცილებელია მიმართოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რათა სუნთქვა ბოლომდე დაუსტაბილურდეს.

    თუ მსგავსი შეტევები ხშირია და მისი ხარისხი ძლიერდება, აუცილებელია ვიზიტი მკურნალ ექიმთან, რათა გადაიხედოს დანიშნულება, შესაძლოა საჭირო გახდეს დაავადების მართვის სტრატეგიის გადახედვა და სამკურნალო პრეპარატების შეცვლა.

    - რამდენად შესაძლებელია სიცივეში ბრონქული ასთმის შეტევის კუპირება?

    - ასთმის გამწვავების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ დარჩეთ შენობაში მაშინ, როდესაც ტემპერატურა გარეთ მინუს მაჩვენებელზეა, ან ქუჩაში გასვლის წინ აიფარეთ ცხვირსა და პირზე შარფი.

    კარგია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებაც:

    • ზამთარში მიიღეთ მეტი რაოდენობით სითხე, ის ათხელებს ლორწოს ბრონქებში და შესაბამისად, მავნე აგენტებიც უკეთ გამოიდევნება სასუნთქი გზებიდან;
    • თავი არიდეთ ისეთ ადამიანებთან კონტაქტს, რომელთაც გაციებისა თუ სხვა ტიპის რესპირატორული ინფექციების დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ;
    • საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
    • მუდმივად დაასუფთავეთ სახლი სველი წესით და მტვერსასრუტით, მოაცილეთ სხვა შესაძლო და პოტენციური ალერგენი თქვენი საცხოვრებელი გარემოდან.

    - რა რეკომენდაციას მოგვცემთ მათთვის, ვინც ცივ ამინდში გარეთ რეგულარულად ვარჯიშობს?

    - გაიარეთ რეკომენდაცია მკურნალ ექიმთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე 15-30 წუთით ადრე გამოიყენოთ ინჰალატორი. მისი დახმარებით იხსნება ბრონქოსპაზმი და სუნთქვაც მნიშვნელოვნად ადვილდება.

    ვარჯიშისას აუცილებელია მუდამ თან იქონიოთ ინჰალატორი, სიცივეში ასთმური შეტევა შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაიწყოს.

    გაზარდეთ ვარჯიშისწინა მოთელვის დრო, სულ მცირე, 10-15 წუთამდე, დაიხურეთ ნიღბისმაგვარი ქუდი ან შარფი, რათა ჰაერმა მოასწროს გათბობა.

    - ცნობილია, რომ ზამთარში ხშირად მწვავდება ქრონიკული ბრონქიტიც, ამას რით ხსნიან სპეციალისტები?

    - ბრონქიტი ბრონქების გარსის ანთებითი დაავადებაა, რომელიც, პირველ ყოვლისა, ვლინდება ხველით და სუნთქვითი პროცესის თანმდევი დარღვევებით. მისი ძირითადი სიმპტომია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალია და არა პროდუქტიული, მოგვიანებით კი სველდება და ნახველის გამოყოფა იწყება. ყოველივე ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებით, შეშუპებითაა გამოწვეული.

    დასაწყისში ბრონქული ხის შეშუპება პაციენტში იწვევს დისკომფორტს, ხველას, შემდეგ ბრონქის სანათურის სპაზმური შევიწროების გამო ძნელდება სუნთქვა, შეშუპებული ლორწოვანი გარსი იწყებს ლორწოს გაძლიერებულ პროდუცირებას და ნახველის კიდევ უფრო გაძლიერებულ გამოყოფას. ეს პროცესები ბრონქულ ხეში განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ზამთარში, როდესაც ორგანიზმის იმუნური ძალები დასუსტებულია და ინფექციურ აგენტებს ლორწოვან გარსებში შეღწევა გაცილებით უმარტივდებათ.

    საწყისი ეტაპი ძალიან წააგავს ბანალურ გაციებას. ბრონქიტის განვითარებაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მშრალი ხველა პროდუქტიული ხდება და გამოყოფილი ნახველის რაოდენობაც იმატებს. როდესაც სეკრეტი მოთეთრო ან მოყვითალოა, ეს დაავადების კატარულ ფორმაზე მიგვითითებს, მწვანე შეფერილობა კი უკვე აქტიური ინფექციური პროცესისა და ჩირქოვანი ფორმის მანიშნებელია.

    - კონკრეტულად რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებას?

    - ძლიერი შეტევისმაგვარი ხველა, გუმლკერდის არეში დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნება, განსაკუთრებით - სუნთქვისას, ხიხინი, ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი და ზოგჯერ მშვიდად ყოფნისასაც. სისუსტე, მოთენთილობა, აპათია, მომატებული დაღლილობა, თავის ტკივილი, შემცივნება, გაძლიერებული ოფლდენა, სხეულის ტემპერატურის მატება 38 და 38,5-ზე მეტად. სიმპტომების პიკი გამწვავებიდან მე-3-4 დღეს ვითარდება, შემდეგ დროულად დაწყებული მკურნალობით 7-10 დღის შემდეგ მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

    ქრონიკულ ბრონქიტს რემისიის სტადიაზეც ახასიათებს უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვებისას გამოხატული ქოშინი, რომელიც ბრონქების ლორწოვანი გარსის მუდმივი შეშუპებისა და შევიწროების შედეგია, და კიდევ იმის, რომ მათში საჭიროზე ნაკლები ჰაერი ტარდება - ასეთ მდგომარეობას ქრონიკულ ობსტრუქციულ ბრონქიტს ვუწოდებთ.

    - რა კონკრეტული მიზეზები იწვევს ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებას:

    - გამწვავების ყველა მიზეზი შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ:

    1. ინფექციური პროცესები, ასეთ დროს გამომწვევები შესაძლოა იყოს ვირუსები (ადენოვირუსი, გრიპის ვირუსები), ბაქტერიები (ყველაზე ხშირად სტრეპტო-, პნევმო- და სტაფილოკოკები), ატიპური მიკროორგანიზმები, როგორებიცაა მიკოპლაზმა ან ქლამიდია. სოკოვანი ინფექციები.

    2. ქიმიური ფაქტორების ზემოქმედება, მათ მიეკუთვნება სამეწარმეო და დიდი სამრეწველო ქალაქების ატმოსფერულ ჰაერში არსებული ტოქსიკური ნაერთები, სასუნთქ ჰაერში კვამლის ან მტვრის მოჭარბებული კონცენტრაცია, პროფესიული მავნეობანი, თამბაქო და მისი კვამლი.

    3. შინაგანი ფაქტორები: უპირველესად ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე ნივთიერებისადმი, რომლის მიმართაც ორგანიზმი ავლენს მოჭარბებულ რეაქციას ალერგიის სახით და ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას. დაავადების პროვოცირება შეუძლია ასევე გულს-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებებს, პირის ღრუში, ცხვირ-ხახასა და ნუშურა ჯირკვლებზე არსებულ ქრონიკულ ინფექციებს.

    - რას ითვალისწინებს ბრონქიტის მართვის თანამედროვე სტრატეგიები?

    - მკურნალობის სტრატეგიების განსაზღვრისას სპეციალისტები ვხელმძღვანელობთ, უპირველესად, პათოლოგიური პროცესის ხასიათითა და გამომწვევი მიზეზით, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციით პროვოცირებული პროცესისას საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, სისტემური პრეპარატები აბების სახით უპირატესად, ან ზოგჯერ ადგილობრივი გამოყენების საინჰალაციო შეყვანის გზას ვარჩევთ.

    4. თუ პროცესი ვირუსის მიერაა პროვოცირებული, მაშინ მიზანშეწონილია იმუნოსტიმულატორები და ზოგადი ადაპტოგენური თვისებების მქონე პრეპარატებით დატვირთული მკურნალობის კურსი.

    5. თუ პათოლოგია გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების ან რომელიმე მათგანისადმი ინდივიდუალური აუტანლობით, მაშინ აუცილებელი პირობაა ამ ნივთიერებასთან ან ალერგენებთან კონტაქტის შეწყვეტა.

    6. რაც შეეხება ნებისმიერი ფორმისას ჩატარებულ მიზნობრივ სიმპტომურ თერაპიას, ის ითვალისწინებს ანესთეტიკებს, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, სხეულის ტემპერატურის კონტროლს და სითხის გაძლიერებულ მიღებას.

    ფართოდ ვიყენებთ ბრონქების კუნთების მოსადუნებელ, მათი სანათურის გამაფართოებელ, ნახველის გამათხელებელ ე.წ. მუკოლიზურ პრეპარატებს და ლორწოს გამოდევნის მასტიმულირებელ საშუალებებს, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ხდება ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებაც.

    7. გამწვავებული ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობის მიზანი ორგანიზმში არსებული ყველა ინფექციური კერის გამოვლენა და ლიკვიდაციაა, ამავე მიზნით ვატარებთ პირის ღრუს სანაციას და იმუნური სისტემის სტიმულაციას.

    - დაბოლოს, რას ითვალისწინებს ბრონქიტის პროფილაქტიკა, რამდენად შესაძლებელია მოსალოდნელი გამწვავების თავიდან აცილება?

    - ბრონქიტის პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია პირველად და მეორეულ ღონისძიებებად იყოფა, პირველადია ის ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს საზოგადოდ დაავადების განვითარება ავირიდოთ, მეორეული კი მიზნად ისახავს ქრონიკული პროცესის მართვას ისე, რომ დაავადების გამწვავება და მოსალოდნელი გართულებანი ავიცილოთ თავიდან.

    პირველადი პროფილაქტიკა იმ ყველა შესაძლო ფაქტორის მოცილებას გულისხმობს, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს ზრდიან, ასეთებია:

    • თამბაქოს მოწევა;
    • ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება;
    • იმ ქმედებებისგან თავშეკავება, რომელთა დროსაც მოსალოდნელია ქიმიური ტოქსინების აირთა შესუნთქვა;
    • ორგანიზმში ქრონიკული ინფექციის კერათა მკურნალობა, ისეთების, როგორებიცაა ქრონიკული ტონზილიტი, სინუსიტი და ა.შ.;
    • ზამთარში და ეპიდემიისას ხალხმრავალი და თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება;
    • გადაციებისგან თავდაცვა;
    • იმუნიტეტის გაძლიერება გაზაფხულსა და ზაფხულის სპერიოდში, ორგანიზმის გაკაჟება;
    • კვების, დატვირთვისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმის შედგენა;
    • საჭიროების შემთხვევაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
    • საცხოვრებელ ადგილებში ზამთრის პერიოდში გამათბობლებისგან გამომშრალი ჰაერის დატენიანება და ხშირი განიავება;
    • აქტიური ცხოვრების წესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

    რაც შეეხება მეორეულ პროფილაქტიკას, ის ითვალისწინებს პირველადი პროფილაქტიკის ყველა რეკომენდაციას და დამატებით მწვავე ბრონქიტისას აუცილებელ დროულ დიაგნოსტიკას, მწვავე რესპირატორული დაავადებების, ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკას, სპეციალისტის დანიშნულების შესრულებას და ყოველი გამწვავების პერიოდში დროულად ჩატარებულ კომპლექსურ და სრულფასოვან მკურნალობას.