ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან
სტომატოლოგის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ხელოვნურ კბილებზე ფიქრი აღარ მოგვიხდება. ესეც არ იყოს, დაავადებული კბილი ხომ ჯანმრთელობასაც ვნებს და გარეგნობასაც.
რედაქციაში ბავშვთა სტომატოლოგიური პრობლემების შესახებ უამრავი შეკითხვა მოვიდა. მათზე კომპეტენტური პასუხის გასაცემად თსსუ-ის № 1 სტომატოლოგიურ კლინიკას ვეწვიეთ და ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგს თამარ კოჭლაშვილს ვესაუბრეთ.
-
ქალბატონო თამარ, როდის და რომელ ყბაზე უნდა ამოუვიდეს პატარას პირველი კბილი?
- პატარას პირველი კბილი 6-დან 8 თვემდე ასაკში ამოსდის. ის, წესისამებრ, ქვედა ყბაზე ამოიჭრება. სხვა შემთხვევები ნორმიდან გადახრაა. დროებითი ანუ სარძევე კბილების ამოჭრა სიცოცხლის 30-ე თვემდე გრძელდება ამგვარი თანმიმდევრობით: I, II, IV, III, V. 1,5-2 წლის ბავშვს 8 კბილი უნდა ჰქონდეს. 2-3-თვიანი შუალედის შემდეგ ამოიჭრება პირველი დროებითი მოლარები (საღეჭი კბილები), შემდეგ - ეშვები და ბოლოს - მეორე მოლარები.
-
რა შეიძლება იქცეს სარძევე კბილის დაგვიანებული ან ნაადრევი ამოჭრის მიზეზად? რა შეიძლება მოჰყვეს ამას და როგორ მოვიქცეთ?
- კბილის ამოჭრის ვადა ნორმის ფარგლებში ინდივიდუალურია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დარღვევა რომელიმე დაავადებით არის განპირობებული. დაგვიანება ყველაზე ხშირად რაქიტის, ინფექციის, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევის ბრალია. კბილის ამოჭრა პატარებისთვის მძიმე პროცესია, ავადმყოფი ბავშვებისთვის - განსაკუთრებით. მას თან სდევს საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, უძილობა, მოუსვენრობა, გამონაყარი. ამ პერიოდში მცირდება ორგანიზმის სენშეუვალობა და პატარები ადვილად ავადდებიან ინფექციური სნეულებებით. მუდმივი კბილების ამოჭრა შესაძლოა დააჩქაროს სარძევე კბილების ნაადრევმა დაკარგვამ. ცნობილია სხვა მიზეზებიც. მაგალითად, მზარდი სიმსივნის უბანში შესაძლოა კბილები ნაადრევად ამოიჭრას. ნაადრევი ან დაგვიანებული ამოჭრისას უნდა გაირკვეს ანომალიის მიზეზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. საზოგადოდ კი სასურველია, პატარას მივცეთ კალციუმის შემცველი პრეპარატები, უზრუნველვყოთ სრულფასოვანი, რძის პროდუქტებით მდიდარი რაციონი.
-
სულ რამდენი კბილი უნდა მოიცვალოს ბავშვმა?
- ბავშვს სულ 20 დროებითი კბილი ამოსდის და ოცივეს იცვლის. კბილების მოცვლა 6-8 წლის ასაკიდან იწყება და ამოჭრის შესატყვისი თანამიმდევრობით მიმდინარეობს.
-
რატომ იგვიანებს კბილების მოცვლა და რა ვიღონოთ ასეთ დროს?
- მუდმივი კბილების ამოჭრა შესაძლოა რომელიმე დაავადებამ შეაფერხოს. არის შემთხვევები, როდესაც სარძევე კბილი მუდმივით არ იცვლება. ამის მიზეზი, წესისამებრ, არის მუდმივი კბილების სრული ან ნაწილობრივი ადენტია ანუ ჩანასახების არარსებობა. ამის დადგენა რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება. აუცილებელია მოსაცვლელი კბილის დროული ამოღება, რათა მუდმივი კბილი არასწორად, რკალგარეთ ან რკალშიგნით არ ამოიჭრას და თანკბილვა არ დაირღვეს.
-
აუცილებელია თუ არა, პატარას მოსაცვლელი კბილი ექიმმა ამოუღოს?
- სასურველია, პატარას კბილი სტომატოლოგმა ამოუღოს. თუ კბილის ამოღება სახლის პირობებში მოხდა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ვეცადოთ, ჭრილობა არ დაბინძურდეს. კარგი იქნება, თუ ბავშვი 2 საათის განმავლობაში არ მიიღებს საკვებს. მომდევნო დღის განმავლობაში პატარას უნდა მივცეთ რბილი, გრილი პროდუქტები. შეგვიძლია, გამოვავლოთ გვირილის ან სალბის თბილი ნახარში.
-
რა გართულებაა მოსალოდნელი კბილის ამოღების შემდეგ და როგორ დავიცვათ ბავშვი ამისგან?
- კბილის ამოღებას შესაძლოა მოჰყვეს ჭრილობის ინფიცირება, მოგვიანებით - ირგვლივ მდებარე ლორწოვანი გარსის შეშუპება და ტკივილი. თუ სარძევე კბილის ფესვი სათანადოდ არ არის გაწოვილი, სახლის პირობებში კბილის ამოღებისას შესაძლოა ფესვი ან მისი ნაწილი პირის ღრუში დარჩეს, ხოლო როცა კბილს სტომატოლოგი იღებს, პატარა გართულებებისგან დაზღვეულია.
-
არცთუ იშვიათად პატარებს მოსაცვლელ კბილებზე შავი ლაქები უჩნდებათ. რისი ბრალია ეს? როგორ შეიძლება პროფილაქტიკა? აუცილებელია თუ არა მკურნალობა?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რას ვუწოდებთ ლაქებს. ხშირად ეს არის ნადები, რომლის მოცილებაც სირთულეს არ წარმოადგენს. ამას სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისების საშუალებით აკეთებს. თუ ლაქების მიზეზი კბილის კარიესული დაზიანებაა, აუცილებელია მისი მკურნალობა და დაბჟენა. პროფილაქტიკის ერთადერთი გზა ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა. ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი. არ არის სასურველი, ბავშვი მხოლოდ რბილ სურსათს იღებდეს. აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ჭამა - ისინი კბილების ერთგვარ მექანიკურ გაწმენდას ახდენენ. მეტად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და პერიოდულად სტომატოლოგთან სიარული პროფილაქტიკური დათვალიერებისთვის.
-
რა საჭიროა დროებითი კბილის მკურნალობა? ის ხომ მაინც მოსაცვლელია?
- მოსაცვლელი კბილის მკურნალობა, თუ ფესვები ჯერ არ არის გაწოვილი, აუცილებელია. საქმე ის არის, რომ, ჯერ ერთი, კარიესული კბილი ინფექციის წყაროს წარმოადგენს. მეორე - საკვების სრულფასოვანი ღეჭვისა და გადამუშავებისათვის ჯანმრთელი კბილები აუცილებელია. გარდა ამისა, სარძევე კბილი ფიზიოლოგიური მოცვლის ასაკამდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა შემდგომში თანკბილვა არ დაირღვეს - ნუ დაგვავიწყდება, რომ სარძევე კბილის ქვეშ, ალვეოლურ მორჩში, არის მუდმივი კბილის ჩანასახი. ასე რომ, კარიესული სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია, ხოლო თუ მისი გადარჩენა შეუძლებელია, უნდა ამოვიღოთ.
-
რა აზიანებს სარძევე კბილებს?
- კარიესს მიზეზთა მთელი წყება იწვევს. დავიწყებ იმით, რომ კბილების ჩანასახის ფორმირება ემბრიონის განვითარების მე-6-7 კვირიდან იწყება. ორსულობის მეორე ნახევარში ხდება დროებითი კბილების მინერალიზაცია, ყალიბდება მინანქრის სტრუქტურები. კბილების სრულყოფილი ფორმირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, მემკვი-დრეობით თუ გარეგან ფაქტორებს. მინანქრის არასრულყოფილი მინერალიზაცია ხშირად ორსულთა ტოქსიკოზით არის განპირობებული. მუცლადყოფნის პერიოდში ჩამოყალიბებულ არასრულფასოვან სტრუქტურას ბავშვი მთელი სიცოცხლე ინარჩუნებს. კბილების ფორმირება გრძელდება სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. ამავე დროს ხდება მუდმივი კბილების მინერალიზაცია. კარიესის ერთ-ერთი მიზეზია ნახშირწყლების სიჭარბე. ისინი უხვად არის საკონდიტრო ნაწარმში, პურ-ფუნთუშე-ულში. ასეთი პროდუქტის ჭარბი მიღებისას პირის ღრუში მჟავაწარმომქმნელი მიკროფლორის განვითა-რებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. ამის თავიდან ასაცილებლად ბავშვს ნახშირწყლები ხილის, ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების სახით უნდა მივაწოდოთ. კბილების კარიესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს არა მარტო მიღებული მინერალების ოდენობა, არამედ პირის ღრუში მათი დაყოვნების ხანგრძლივობაც, ამიტომ ტკბილეულის მიღების შემდეგ სასურველია კბილების გამოხეხვა.
კარიესის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია რაციონალური კვება, უწინარეს ყოვლისა, ორსულებისა და ბავშვებისთვის. მათთვის აუცილებელია კალციუმი, ფტორი, ფოსფორი და სხვა მიკროელემენტები.
-
როდის და როგორ უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების მოვლა?
- კბილების მოვლა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი ბავშვს პირველი სარძევე კბილები ამოეჭრება. კბილების მოვლას თავიდან თამაშის სახეს ვაძლევთ. როცა პატარა კბილების წმენდას მიეჩვევა, შეგვიძლია, გამოვიყენოთ საბავშვო კბილის პასტაც.
-
საჭიროა თუ არა გარდატეხის ასაკში დამატებითი ღონისძიებები ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად?
- ზოგიერთი ბავშვი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ კალციუმი ძვლებში ჩალაგებას ვერ ასწრებს, სხვაგვარდ რომ ვთქვათ, მინერალიზაციის ტემპი ზრდისას ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია სრულფა-სოვანი კვება, რძის ნაწარმის მიღება, კალციუმის შემცველი პრეპარატების სმა და, რაღა თქმა უნდა, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, სტომატოლოგთან სიარული.
-
მოუვლელი კბილების გამო პირის ღრუში ხშირად უსიამოვნო სუნი დგება. როგორ მოიქცნენ ასეთ დროს მშობლები?
- მშობლებს ვურჩევ, დიდი გულისყურით მოეკიდონ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენას. აუცილებელი როდია, ველოდოთ, როდის ასტკივდება პატარას კბილი; სასურველია, სტომატოლოგთან ვიზიტი წესად ვაქციოთ. თავდაპირველად შეიძლება, პატარას, უბრალოდ, გავაცნოთ ექიმი, მომდევნო ვიზიტზე სტომატოლოგი მხოლოდ დაათვალიერებს პირის ღრუს... ბავშვი თანდათან შეეჩვევა ასეთ ვიზიტებს და ექიმის აღარ შეეშინდება. ეს იქნება ჯანსაღი კბილების და, ამის კვალობაზე, ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნების საწინდარი.
-
რას გვეტყვით საღეჭ რეზინზე?
- საღეჭი რეზინის მრავალი სახეობა დიდი ოდენობით შეიცავს შაქარს, მისი კარიესოგენული მოქმედება კი დიდი ხანია დადგენილია. დასაშვებია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება, ისიც - ჭამის შემდეგ და მცირე ხნით.
-
დაბოლოს, ქალბატონო თამარ, რა აზრის ბრძანდებით კვერცხის ნაჭუჭის სასარგებლო თვისებებზე?
- კვერცხის ნაჭუჭი ძალიან კარგია კარიესის პროფილაქტიკისთვის. იგი დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს. მისი მიღების წესი ასეთია: კვერცხის ნაჭუჭი უნდა გავრეცხოთ, მოვაცილოთ აპკი, გავაშროთ და დავნაყოთ (სასურველია, ფაიფურის როდინში). ფხვნილს უნდა დავაწვეთოთ ლიმონის წვეთი და მივცეთ პატარას ჩაის კოვზით.