სტომატოლოგიური სიახლენი
სტომატოლოგთა არსენალი ისეთი საშუალებებით გამდიდრდა, რომლებსაც დიდი უპირატესობა აქვს ადრინდელ ანალოგებთან შედარებით და ერთნაირად მისაღებია როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვისაც.
სტომატოლოგიურ სიახლეებზე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტ-ლაინის” ექიმი სტომატოლოგი ქეთევან მაისურაძე გვესაუბრება.
-
პირველი კითხვა, რომელიც პაციენტს სტომატოლოგის სავარძელში მოკალათების შემდეგ ებადება, ბუნებრივია, ასეთია: “რომელ ბჟენს მიკეთებთ?” ჩვენც ამ თემით დავიწყოთ საუბარი. რა შეიცვალა უკანასკნელ წლებში ამ კუთხით?
- შუახნის ადამიანებს ეხსომებათ ბჟენები, რომლებიც სწრაფად იცვლიდა ფერს, ადვილად ცვდებოდა და 2-3 წლის შემდეგ შესაძლოა ამოვარდნილიყო კიდეც. დღეს, სინათლის ამრეკლავი ბჟენების, ე.წ. ჰელიობჟენების, ფართოდ დანერგვის შემდეგ, ასეთი რამ აღარ არის მოსალოდნელი.
ჰელიობჟენი სპეციალური კომპოზიტია, რომლის გამოყენების მექანიზმიც მარტივია: ულტრაიისფერი სხივის ზემოქმედებით იწყება პოლიმერიზაციის რეაქცია, რის შედეგადაც მასალა მყარდება და ექიმი მას სასურველ ფორმას აძლევს.
საბჟენი მასალა შეირჩევა კბილის ბუნებრივი ფერის მიხედვით. ფერთა გამა საკმაოდ მდიდარია და ნებისმიერი ფერის კბილისთვის შესაფერისი ბჟენის შერჩევის საშუალებას იძლევა. უნდა ითქვას ისიც, რომ საბჟენი მასალა სიმტკიცით არ ჩამოუვარდება კბილის ქსოვილს. ჰელიობჟენი სრულიად უვნებელია და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. მასალა იმით არის უნიკალური, რომ მისი ჩასმის შემდეგ კბილსა და ბჟენს შორის იწყება დაკავშირების ქიმიური რეაქცია, რომელიც ბჟენის მყარ ფიქსაციას იწვევს.
ჰელიობჟენების დანერგვამ, თამამად შეიძლება ითქვას, აღმოფხვრა კბილის ფერის შენარჩუნების პრობლემა. დაბჟენილ კბილს დანარჩენებისგან ფაქტობრივად ვერ განასხვავებთ. ასევე საინტერესო სიახლეა ფერადი ჰელიობჟენები ბავშვებისთვის - მათი წყალობით პატარა ძლევს სტომატოლოგთან ვიზიტის თანმხლებ სტრესს, უჩნდება დაზიანებული კბილების მკურნალობის ინტერესი.
-
არცთუ შორეულ წარსულში ხშირი იყო მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებსაც სტომატოლოგიაში გამოყენებული საანესთეზიო ნივთიერებები იწვევდა. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მათი ნეგატიური გავლენის გამო ზოგს კბილის მკურნალობაზე უარის თქმაც კი უწევდა. ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე?
- უკვე არსებობს საანესთეზიო საშუალებები, რომელთა გამოყენებაც თამამად შეიძლება როგორც ალერგიისკენ მიდრეკილ პირებთან, ისე ორსულებთან, ჰიპერტონიით დაავადებულებთან, პაციენტებთან, რომელთა გულსისხლძარღვოვანი სისტემაც ადრენალინისადმი ძლიერ მგრძნობიარეა. ცნობილი თეზისი “სტომატოლოგია ტკივილის გარეშე” რეალობად იქცა. დღეს სტომატოლოგიურ პროცედურებს მცირე დისკომფორტიც კი არ ახლავს თან.
მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევა ლიდოკაინის პრეპარატებიდან ართიკაინის ჯგუფის პრეპარატებზე გადასვლა. ამ უკანასკნელთა უპირატესობაა, უწინარესად, თავად პრეპარატის გამოშვების ფორმა, რომელსაც კარპულას უწოდებენ. წამალი მოთავსებულია სპეციალურ ინსტრუმენტში, რომელიც ანესთეზიის ზუსტი თანამიმდევრობით ჩატარების გარანტიას იძლევა. ჩვეულებრივი ამპულისგან განსხვავებით, რომლიდანაც წამალს შპრიცით ვიღებდით, კარპულა თავად შეიცავს შპრიცს, რომელზეც ერთჯერადი ნემსი მაგრდება, ასე რომ, პაციენტები ინფიცირებისგან დაზღვეულნი არიან. მთავარი კი ის არის, რომ კარპულაში ზუსტად გათვლილი და დოზირებულია ვაზოკონსტრიქტორი - სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტის მქონე ნივთიერება.
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ანესთეზიის დროს აუცილებელი იყო ადრენალინის დამატება ეფექტის ხანგრძლივობისა და ძალის გასაზრდელად. სწორედ ეს იწვევდა გონის დაკარგვას და კოლაფსს, რადგან შეუძლებელი გახლდათ ადრენალინის უსაფრთხო დოზის ინდივიდუალურად შერჩევა. კარპულების გამოყენებისას ასეთი რამ გამორიცხულია. თითოეული პრეპარატისთვის გათვლილია ზუსტი შემცველობა და ექიმს შეუძლია, ზუსტად ის აარჩიოს, რომელიც მოცემულ კლინიკურ სიტუაციაშია აუცილებელი.
დიდი სიახლეა საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ადრენალინს და შესაძლებლობას გვაძლევს, ორსულებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებს ყოველგვარი რისკის გარეშე ჩავუტაროთ ანესთეზია.
-
სტომატოლოგიური მკურნალობა წარმოუდგენელია პირის ღრუს სანაციის გარეშე, რომელიც მიზნად ისახავს კბილებიდან ქვების და რბილი ნადების მოცილებას...
- ამ კუთხითაც არის სიახლე - ულტრაბგერითი სკალერი, რომელიც ქვებსა და რბილ ნადებს უმტკივნეულოდ და ტრავმის გარეშე აცილებს კბილს. ეს არის მრავალფუნქციური აპარატი, რომელსაც იყენებენ პაროდონტოლოგიაში, ენდოდონტოლოგიაში და ენდოპროთეზირებისას. ამ აპარატით შეიძლება ნადებისა და ქვის მოცილება, კბილის ზედაპირის გაპრიალება, ხიდებისა და გვირგვინების დამუშავება, პირის ღრუს დამუშავება სპეციალური მადეზინფიცირებელი საშუალებებით.
ხელსაწყო მუშაობს ულტრაბგერით, როგორც წყლის რეჟიმზე, ასევე მის გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება წყლისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ხსნარების შესხურება პირის ღრუში პაროდონტოლოგიური და ენდოდონტიური ოპერაციების დროს. აპარატს აქვს სხვადასხვა ტიპისა და ფორმის ბუნიკები, რომლებიც ენდოპროთეზირებისას ყოველი დეტალის სათანადოდ დამუშავების საშუალებას იძლევა.
-
კბილების მექანიკური წმენდის მეთოდი კარგა ხანია მოძველდა...
- თანამედროვე სტომატოლოგიაში იყენებენ გაცილებით დახვეწილ, ეარ ფლოუ-დ წოდებულ მეთოდს, რომელიც არც ღრძილს აზიანებს და არც კბილის მინანქარს. პროცედურისთვის იყენებენ წყლისა და სპეციალური სამკურნალო ნივთიერების ნარევს. ხელსაწყო კბილის ზედაპირზე ჰაერის წნევით, წყლის ჭავლითა და სპეციალური ქვიშით ზემოქმედებს და საგულდაგულოდ წმენდს მას. ზოგიერთი აპარატი საჭმელ სოდასაც იყენებს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვს. მისი კრისტალები მეტისმეტად პატარაა საიმისოდ, რომ მინანქარი დააზიანოს. სამაგიეროდ, მშვენივრად აცლის კბილებს ნადებს. პროცედურა სრულიად უვნებელია. მის შემდეგ პაციენტი ვერ გრძნობს ვერავითარ დისკომფორტს.
გარდა ნადებისა, ხელსაწყოს შეუძლია მოაცილოს მკვრივი ნადები და კბილის სიღრმეში ბაქტერიებით დასახლებული ბიოფირფიტა. შესაძლებელია ღრძილების ჯიბეებიდან პათოლოგიური გრანულაციების მოცილება, კბილის ზედაპირის გაპრიალება. პროცედურა გრძელება დაახლოებით 30 წუთი. მისი დასრულების შემდეგ კბილებზე ედება სპეციალური დამცავი ფენა, რომელიც ახანგრძლივებს წმენდის ეფექტს. პროცედურის შემდეგ 2-3 საათი იკრძალება ყავის, ჩაისა და საღებავების შემცველი სხვა საკვების მიღება, აგრეთვე თამბაქოს მოწევა. ეს დრო საჭიროა იმ ორგანული დამცავი ფენის აღსადგენად, რომელიც წმენდისას დაზიანდა. ბევრი ამ პროცედურას კბილების გათეთრებას უწოდებს. ეს შეცდომაა.
ეარ ფლოუ არა გათეთრებას, არამედ კბილების ბუნებრივი ფერის დაბრუნებას ისახავს მიზნად.
-
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების დაავადებათა მკურნალობაში თუ შეიცვალა მიდგომები?
- არის სიახლეები ღრძილების მკურნალობის მეთოდიკაშიც. წინათ პაროდონტიტისა და პაროდონტოზის სამკურნალოდ წამალი ინექციით შეჰყავდათ ღრძილებში. ეს ერთობ უსიამოვნო პროცედურა გახლდათ, თანაც დამატებით ტრავმას აყენებდა დაზიანებულ ღრძილებს. დღეს თავდაპირველად ტარდება კბილის ნადების ბაქტერიოლოგიური კვლევა, ადგენენ, სახელდობრ რომელი მიკროორგანიზმების დამსახურებაა პათოლოგია და ამის შემდეგ ატარებენ ანტიმიკრობულ მკურნალობას სპეციალური მალამოებით, რაც სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და არც ეფექტით ჩამორჩება წინამორბედს.
-
უკანასკნელ ხანს დიდია საზოგადოების ინტერესი ახალი ლითონის გამჭვირვალე ბრეკეტების მიმართ. რამდენად ეფექტიანია ეს სიახლე და რა უპირატესობა აქვს?
- ლითონისა და ელასტიკური ლიგატურებისგან შექმნილი ბრეკეტები არ იწვევს დისკომფორტს, არ საჭიროებს კბილების ამოღებას დამატებითი ადგილის შესაქმნელად, ყბები ადვილად და თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, მკურნალობა გაცილებით ხანმოკლე და კომფორტულია, რადგან კბილების გადასაადგილებლად დიდი ძალა არ არის საჭირო. ასეთი ბრეკეტები პაციენტს საშუალებას აძლევს, ზედმიწევნით დაიცვას პირის ღრუს ჰიგიენა, რადგან არ შეიცავს ლითონის ლიგატურებს, რომელთა ირგვლივ ხშირად ნადები გროვდებოდა.
-
კბილების პროთეზირებაშიც არის სიახლე - ცირკონის ოქსიდზე დამზადებული კბილის გვირგვინები. ბევრს ისინი ყველაზე ესთეტიკურად და გამძლედ მიაჩნია. მართლა ასეა?
- ცირკონის ოქსიდს “სტომატოლოგიის თეთრ ოქროსაც” უწოდებენ, რადგან იგი ოქროსავით მტკიცე და საიმედოა, თანაც შესანიშნავი გარეგნული თვისებები აქვს. ამ გვირგვინების მთავარი ნიშანი ის არის, რომ მასალა თავიდანვე საკმაოდ მყარია, მისი ხელით დამუშავება შეუძლებელია, ამიტომ მისგან გვირგვინის დასამზადებლად აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა. ამ მეთოდით შესაძლებელია როგორც იმპლანტების, ისე პროთეზების დამზადება, როგორც გვერდითი, ისე წინა კბილების აღდგენა. მნიშვნელოვანია მასალის მაღალი ესთეტიკურობა - ცირკონის ოქსიდის გვირგვინს კიდევ უფრო ბუნებრივი შესახედაობა აქვს, ვიდრე კერამიკულს. გარდა ამისა, მყარია - 12-15 წლამდე ძლებს, არ იცვლის ფერს საღებავის შემცველი პროდუქტების ან სასმელების ზემოქმედებით, არ იწვევს ალერგიას, გაღიზიანებას და ქსოვილების ანთებას. ცირკონის გვირგვინები დაკარგული კბილების აღდგენის ყველაზე თანამედროვე მეთოდია, რომელსაც ნაკლი პრაქტიკულად არ გააჩნია. სამწუხაროდ, ის საკმაოდ ძვირად ღირებულია, რაც მასალის სიძვირითა და მისი დამუშავების სირთულით აიხსნება.
-
ბევრი პაციენტი უკვე იცნობს კოფერდამს. ვფიქრობ, ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, რას წარმოადგენს იგი.
- თავდაპირველად პაციენტებს უკვირდათ, როდესაც ექიმი მკურნალობის დაწყებამდე აფარებდა ერთგვარ ლურჯ ან მწვანე ხელსახოცს. ეს არის კოფერდამი, რომელიც იმისთვის კეთდება, რომ სამკურნალო კბილი კარგად გამოიყოს დანარჩენებისგან. ის ექიმს ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება. გარდა ამისა, კოფერდამი 100%-ით ეწინააღმდეგება კბილის ღრუში ნერწყვის მოხვედრას. ნერწყვი ყოველთვის ინფიცირებულია, ამიტომ მისი სრული იზოლაცია კბილის ღია არხისგან ან კარიესული ღრუსგან ექიმს სამუშაოს გაცილებით ხარისხიანად შესრულების საშუალებას აძლევს, პაციენტს კი თავიდან აცილებს მეორეულ კარიესსა და პულპიტს.
კოფერდამი ხელს უშლის, ერთი მხრივ, ჩასუნთქვისას ორთქლის სარესტავრაციო მასალაზე მოხვედრას, რაც, თავის მხრივ, რესტავრაციის გამძლეობას ზრდის, მეორე მხრივ კი პირის ღრუში და ლორწოვან გარსზე იმ სითხეებისა და პრეპარატების მოხვედრასაც, რომლებსაც ექიმი მკურნალობისას იყენებს. მრავალი მათგანი ქიმიურად აქტიურია. მათ შორის არის ქლორზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც ძლიერ აგრესიულად მოქმედებს ლორწოვან გარსზე. ამრიგად, კოფერდამი პაციენტს თავიდან აცილებს ლორწოვანი გარსის დამწვრობასა და ნეკროზს. დაბოლოს, მისი წყალობით გამორიცხულია პირის ღრუში წვრილი სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მოხვედრაც.
-
დღეს ბევრი კლინიკა თავს იწონებს ვიზიოკონტრასტული აპარატით - ვიზიოგრაფით. რა არის ეს?
- სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და სამკურნალო პროცედურათა კონტროლი ამჟამად ხორციელდება ახალი თაობის ციფრული რენტგენოგრაფიული აპარატით - ვიზიოგრაფით, რომელიც გამოსახულების მყისიერი მიღების საშუალებას იძლევა, ამცირებს რადიაციის დოზას, გამორიცხავს ხარვეზებს. მისი წყალობით შესაძლებელია კომპიუტერში გამოსახულების შენახვა, თანაც მკურნალობის ყველა ეტაპი თვალსაჩინოა როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვისაც.
ვიზიოგრაფის საშუალებით ხორციელდება ყველაზე ზუსტი და ეფექტიანი დიაგნოსტირება. აპარატი მცირე ზომისაა და მოხერხებული გადასაადგილებელია. მგრძნობიარე სენსორის მეშვეობით მონიტორზე მყისვე მიიღება მაღალი ხარისხის ციფრული გამოსახულება ყველა კონდიციასა და მდგომარეობაში. ამ აპარატით შესაძლებელია პირის ღრუს დეტალური დათვალიერება, ნებისმიერი კბილის მდგომარეობის ზედმიწევნით გაცნობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი შედეგისთვის.
პროცედურა სრულიად უვნებელია, რამდენადაც სხივური დატვირთვა თანამედროვე ვიზიოგრაფებში 90%-ით ნაკლებია, ვიდრე ძველი მოდელის რენტგენის აპარატებში. ყოველი კბილის შესახებ მიღებული ინფორმაცია იდება პაციენტის პირად ფაილში და ინახება არქივში, რაც შესაძლებელს ხდის კბილების მდგომარეობის მუდმივ კონტროლს და საბოლოოდ საგრძნობლად აუმჯობესებს სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხს.