პაროდონტიტი და მისი მკურნალობის მეთოდები
საკუთრივ პაროდონტს ქმნის ღრძილი, პერიოდონტი, ალვეოლების ძვლოვანი ქსოვილი, კბილის იოგოვანი აპარატი ანუ ყველა ის ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს კბილს და კბილბუდეში მის ფიქსაციას უზრუნველყოფს.
პაროდონტის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შორის აღსანიშნავია გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი. ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება პაროდონტიტსა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე შევაჩეროთ. ჩვენი სტუმარია სტომატოლოგიური კლინიკა "დენტოკლუბის" ექიმი, პირის ღრუს ქირურგი, იმპლანტოლოგი გალაქტიონ მახვილაძე.
- ბატონო გალაქტიონ, რას წარმოადგენს პაროდონტიტი და როგორია მისი კლინიკური სურათი?
- პაროდონტიტი კბილის ირგვლივი ქსოვილის - პაროდონტის ანთებითი დაავადებაა. თუ გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი მხოლოდ ღრძილს ანუ მხოლოდ ლორწოვან გარსს მოიცავს, პაროდონტიტის შემთხვევაში ანთება უფრო ღრმად ვრცელდება და ლორწოვან გარსთან ერთად კბილის იოგოვან აპარატს, ალვეოლას ანუ კბილბუდეს და ხშირად ყბის ძვლოვან ქსოვილსაც კი ითრევს.
პაროდონტიტის შემთხვევაში ანთებით პროცესში ფაქტობრივად კბილის ირგვლივი ყველა ქსოვილია ჩართული. დაავადების პროგრესირებისდა კვალად, ადამიანმა შესაძლოა სავსებით ჯანსაღი კბილებიც კი დაკარგოს: კბილბუდეში მიმდინარე ანთებითი პროცესი აზიანებს კბილის საფიქსაციო აპარატს, დაავადების გაღრმავების გამო ჩვეულებრივი ანატომიური ჯიბე პაროდონტულ პათოლოგიურ ჯიბედ ყალიბდება, იოგოვანი აპარატი, რომელიც კბილს ურყევად ამაგრებდა კბილბუდეში, ეშვება, კბილები ირყევა და ცვივა (ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც პათოლოგიური ჯიბის სიღრმეს 10 მმ-მდე და მეტი სიღრმისთვისაც კი მიუღწევია).
პაროდონტის ყველა დაავადებას ხშირად ერთი ტერმინით - პაროდონტოზით მოიხსენიებენ. მინდა აღვნიშნო, რომ პაროდონტიტი სულ სხვა რამ არის - ეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, პაროდონტის ანთებითი დაავადებაა, მაშინ როცა საკუთრივ პაროდონტოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, პაროდონტში მიმდინარე დისტროფიულ-დეგენერაციული ცვლილებებით განპირობებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღესდღეობით პაროდონტოლოგიური პრობლემები მოსახლეობის დაახლოებით 90-95%-ს აწუხებს. ამასთან, გინგივიტი დაახლოებით 10%-ს აღენიშნება, პაროდონტოზი - 15%-ს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ესა თუ ის დაავადება - დაახლოებით 10%-ს, დანარჩენი 65% კი პაროდონტიტის წილად მოდის. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რაოდენ აქტუალური პრობლემაა პაროდონტიტი. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი, არანამკურნალები ეს დაავადება მეტად მძიმე შედეგებს იწვევს.
ასე რომ, თუ ადამიანს აწუხებს სისხლდენა ღრძილებიდან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ნადები კბილებზე, ღრძილების შესივება, კბილის ყელის გაშიშვლება და სხვა სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტომატოლოგს.
- რა იწვევს უმეტესად პაროდონტიტს?
- ერთი მიზეზის დასახელება არ იქნება მართებული, რადგან პაროდონტიტი მულტიფაქტორული დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს ცუდად ჩასმულმა ბჟენმა, ცუდად გაკეთებულმა ხელოვნურმა გვირგვინმა, თანკბილვის ანომალიამ, კბილთა მწკრივში რომელიმე კბილის არასწორმა დგომამ, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობამ, კბილებზე გაჩენილმა ჭარბმა ნადებმა, განსაკუთრებით - ყავის მოყვარულებსა და მწეველებში.
მოგეხსენებათ, პირის ღრუს მდგომარეობა მთელ ორგანიზმში, მის ცალკეულ ორგანოებსა თუ ორგანოთა სისტემებში მიმდინარე პროცესების ანარეკლია. აქედან გამომდინარე, არ უნდა გამოვრიცხოთ პაროდონტიტის კავშირი შინაგანი ორგანოების დაავადებებთან, ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ დარღვევასთან, შაქრიან დიაბეტთან, გასტროენტეროლოგიურ პრობლემებთან და სხვა.
- დიაგნოსტიკის მეთოდებზე რას გვეტყვით?
- დიაგნოსტიკა ანამნეზის შეკრებითა და ობიექტური დათვალიერებით იწყება. გამოცდილი სპეციალისტის თვალი გამოკვლევების გარეშე, ვიზუალურადაც შეაფასებს, რა მდგომარეობაშია პაციენტის პირის ღრუ, კბილბუდეები. პირველადი დიაგნოზის დასმა უმთავრესად ასე ხდება. ამის შემდეგ ინიშნება დამატებითი გამოკვლევები - ვიზიოგრაფია, ორთოპანტომოგრამა.
დენტალური ვიზიოგრაფიის (რენტგენოგრაფიის) საშუალებით შესაძლებელია კბილისა და მის ირგვლივი ძვლოვანი ქსოვილების შეფასება ერთიდან სამ კბილამდე ფართობზე. ორთოპანტომოგრამა (პანორამული რენტგენოგრაფია) მოიცავს ყბა-კბილთა სისტემის მთლიან გამოსახულებას, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მთელი პირის ღრუსა და მის ირგვლივ მდებარე მაგარი ქსოვილების (კბილების, ყბის ძვლების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის) მდგომარეობა.
კლასიკური მეთოდით უნდა მოხდეს პირის ღრუდან ნაცხის აღება, განისაზღვროს მიკროფლორა, შედგეს ანტიბიოტიკოგრამა, მით უმეტეს, რომ თბილისში არსებული ბაქტერიოფაგის წყალობით სამკურნალოდ შესაბამისი ფაგების გამოყენებაც შეგვიძლია. თუმცა დღეს, ამერიკელების მიერ მოწოდებული სქემით, პათოლოგიური მიკროფლორის გამოკვლევაზე ზოგჯერ შეიძლება უარი ვთქვათ და ისე დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას ანტიბიოტიკებით მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებთან კომპლექსში.
- ცნობილია, რომ ხშირად პაციენტებს მიკროფლორის გამოკვლევის გარეშე, ღრძილებში ლინკომიცინის ინექციებით მკურნალობდნენ. რამდენადაც ვიცი, დღეს პაროდონტიტის მკურნალობისადმი მიდგომა სულ სხვანაირია. რას გულისხმობს ამ დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
- ღრძილებში ლინკომიცინის ინექციები წარსულს ჩაბარდა, ჰეპატოტოქსიკურობის გამო მას დღეს აღარ იყენებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია მეორე მომენტიც: ქსოვილებში დეპონირების გამო ლინკომიცინი თავდაპირველად კარგ ეფექტს ავლენს, ანთებითი პროცესი თითქოს ჩერდება, სამაგიეროდ, მომდევნო პერიოდში ორმაგად აქტიურდება. ამის გამო ეს მეთოდი აღარ გამოიყენება. თუმცა არ მინდა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი პროცედურები (სხვადასხვა მალამოს აპლიკაცია, ტამპონადა და სხვა) უეფექტოა.
პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია. ის სანაციითა და პირის ღრუს პროფესიული წმენდით იწყება, რაც გულისხმობს რბილი და მყარი ნადების მოცილებას, ქვებისგან გაწმენდას, პირის ღრუს ჰიგიენას. ამის შემდეგ ტარდება ლოკალური პროცედურები - მალამოების აპლიკაცია, ამა თუ იმ მედიკამენტის შეყვანა შესაბამის პათოლოგიურ პაროდონტულ ჯიბეში ვექტორის აპარატით და, რაც მთავარია, ლაზეროთერაპია.
თანამედროვე დიოდური ლაზერი პაროდონტიტის მკურნალობისას ძალზე ეფექტიანია. მისი წყალობით პათოლოგიური ჯიბის აბსოლუტური სტერილიზაცია მიიღწევა. გარდა იმისა, რომ ანთების გამომწვევი ბაქტერიები იღუპება, სცილდება გრანულაციური ქსოვილიც. ლაზერის სხივის თერაპიული ეფექტი მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით კი არ გამოიხატება, არამედ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებითა და ქსოვილთა რეგენერაციის (განახლების) სტიმულირებითაც.
ლაზეროთერაპიული სეანსის შემდეგ ლორწოვანი გარსი მჭიდროდ ეკვრის კბილს, კბილის ირგვლივი ქსოვილები საგრძნობლად მყარდება. მკურნალობის ეს მეთოდი სტომატოლოგიის ფართო სპექტრს მოიცავს. წარმატებით გამოიყენება ქირურგიაშიც. მისი წყალობით შესაძლებელია, მარტივად და უმტკივნეულოდ განხორციელდეს პაროდონტოპლასტიკა. კლასიკური ქირურგიული ჩარევის დროს ხდება ყბის ძვლიდან ლორწოვანი გარსის აშრევება, პათოლოგიური ქსოვილების მოცილება, ხელოვნური თუ ბუნებრივი ძვლების, ბიოლოგიური მემბრანებისა და სხვა ქსოვილების გადანერგვა, მასტიმულირებელი საშუალებების შეტანა ქსოვილთა ღრმა ფენებში, შემდეგ აშრევებული ლორწოვანის უკან დაბრუნება ანუ მიკერება - პლასტიკა. ყოველივე ეს საკმაოდ შრომატევადი და ფართო ქირურგიული სამუშაოა. აი, ეს ურთულესი ოპერაცია უმტკივნეულოდ და, რაც მთავარია, მაქსიმალური ეფექტით ჩაანაცვლა ლაზერულმა თერაპიამ.
პაროდონტიტის მკურნალობაში კი დიოდის ლაზერით თერაპია პრაქტიკულად შეუცვლელია. წარმოიდგინეთ, ადამიანი ჩაისვამს კბილებს, გაიკეთებს გვირგვინებს, დახარჯავს უამრავ თანხას, აღარაფერს ვამბობ უძილო ღამეებსა და ნერვიულობაზე, რომელიც ექიმთან სიარულს, პროცედურების გაძლებას და, რაც მთავარია, სასურველი შედეგის მოლოდინს ახლავს თან. ყველაფერი დასრულდება, ჰოლივუდის ღიმილიც თითქოს მიღწეულია და ამ დროს იწყება პაროდონტიტით განპირობებული პრობლემები. როგორია, ამის შემდეგ პაციენტს უთხრა - ასე წვალებით ჩასმული გვირგვინები ან ხიდები მოიხსენიო. ეს არც დაგვჭირდება, თუ პროფილაქტიკის კულტურას ავიმაღლებთ, საკონსულტაციოდ მივაკითხავთ ექიმს, ხოლო მძიმე შემთხვევებში საწყის ეტაპზე - თვეში ერთხელ, ზოგადად კი წელიწადში ორჯერ ჩავიტარებთ ლაზეროთერაპიულ პროცედურას. მით უმეტეს, რომ მკურნალობის ამ მეთოდს უკუჩვენება არ გააჩნია, ნებადართულია როგორც ორსულებისთვის, ასევე ონკოლოგიური პაციენტებისთვის, უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ანესთეზიას, არ ახლავს გართულებები, მოკლე ხანში იძლევა შესამჩნევ ეფექტს და არც კოლოსალურ დანახარჯს მოითხოვს - ყოველდღიურ სეანსებზე სიარული და ცალკეული პროცედურების ჩატარება ხშირად უფრო დიდ თანხებს უკავშირდება.
დიოდური ლაზერით პათოლოგიური პაროდონტული ჯიბეების სტერილიზაცია, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, 40 წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება. ზოგჯერ საჭირო ხდება მისი ერთ კვირაში განმეორება, ჩვეულებრივ კი, საპროფილაქტიკოდ, მას თვეში ერთხელ, სამ ან ექვს თვეში ერთხელ მიმართავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ 2-3 წელიწადში დასაკარგი კბილები 10-15 წელიწადიც კი შეიძლება შევინარჩუნოთ. რამხელა მიღწევაა ეს, თავად განსაჯეთ!