როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ცხოველებს

მათ მზრუნველობა, მოვლა, პატრონობა და იმ სიყვარულის უკან დაბრუნება სჭირდებათ, რომელსაც თავად გვჩუქნიან. ცხოველთა მოვლის ნიუანსებზე გვესაუბრება "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნათია ნატროშვილი.
ქალბატონო ნათია, საქართველოში რომელი ჯიშის ძაღლი უფრო ჰყავთ ოჯახში?
- ადრე დიდ ძაღლებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ახლა, უფრო მეტად - ქალბატონები, ამჯობინებენ ჩიხუახუას, იორკშირულ ტერიერს, ბოოს. ძაღლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამიტომ მომავალ პატრონებს ვურჩევდი, ცხოველის შეძენამდე კონსულტაცია ექიმ ვეტერინართან გაევლოთ. ყველა ჯიშს აქვს ესა თუ ის თავისებურება, რომლის შესახებაც პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მზად იყოს წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად. ჩემი დაკვირვებით, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხშირად ჰყავთ დიდი ძაღლები. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძაღლიც და პატრონიც მძიმე სიტუაციაში არიან. ძაღლს დღეში 2-ჯერ მაინც, საზოგადოდ კი - რაც შეიძლება ხშირად, სჭირდება გასეირნება. ოთხ კედელში ის ძალიან ცოდოა და იჩაგრება.
რატომ არის აუცილებელი გასეირნება?
- სეირნობა აუცილებელია კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის. გულისა და ყველა სხვა ორგანოს ფუნქციობისთვის საჭიროა ჰაერის ცვლა და სიარული. პატრონებს ეს ავიწყდებათ, ამიტომ ძაღლებს უჩნდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, წონის, ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები.
როგორ შევარჩიოთ ძაღლის ჯიში? ბოლო ხანს მოდური გახდა ისეთი ჯიშები, რომლებიც ჩრდილოეთის სარტყლისთვის არის დამახასიათებელი და ჩვენი გეოგრაფიული ზონისთვის უჩვეულოა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- მათ უჭირთ საქართველოში ადაპტაცია, სიცხის გადატანა და სხვა. ძაღლის ჯიშის შერჩევისას პატრონმა, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს, რათა ძაღლი არ დაიჩაგროს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველა ჯიშის ძაღლს სჭირდება გასეირნება, მოვლა და მზრუნველობა. მაინც რა კრიტერიუმებით მივანიჭოთ უპირატესობა ამა თუ იმ ჯიშს?
- უწინარესად, მნიშვნელოვანია თავად მფლობელის სურვილი. შეიძლება ვურჩიოთ რომელიმე ჯიში, მაგრამ მას სულ არ მოსწონდეს იგი. ჯერ უნდა გაარკვიონ, თავად რა სურთ, მერე კი გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, შეაჯერონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვრონ, შეძლებენ თუ არა პრობლემებთან გამკლავებას და ცხოველის მოვლას. პატარა ძაღლი უფრო ადვილი მოსავლელია, იოლი გადასაყვანია და მისი წაყვანა ყველგან შეიძლება. თუ ძაღლი მოწესრიგებული, აღზრდილი და პატრონის მიერ გაფუჭებული არ არის, მან იცის, როგორ მოიქცეს და პრობლემებს არ ქმნის. მაგრამ საქართველოში ძაღლის აღზრდის საკითხი რამდენადმე პრობლემურია, ამიტომ პატრონებს ვურჩევ, ლეკვობიდანვე მიაჩვიონ წესრიგს, მოაქციონ ჩარჩოში და პატარა ბავშვივით აღზარდონ.
სირთულეები უმეტესად თავს იჩენს ლეკვობის ასაკში, სანამ აცრების ჩატარებაა აუცილებელი. ამის შემდეგ ძაღლის მოვლა სულაც აღარ არის რთული. მივედით იმ საკითხამდე, რომელიც დაკავშირებულია ძაღლის ჯანმრთელობასთან, რაზეც გარკვეულწილად ოჯახის ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული. მთავარია, ლეკვს სათანადოდ მოუარონ, ექიმის დანიშნულება შეასრულონ: დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია, მისცენ ჭიების წამალი თუ ანტიპარაზიტული წვეთები. თუ ცხოველი ჭიებზე დამუშავებულია, პატრონიც მშვიდად იქნება.
საქართველოში არის ადგილები, სადაც ძაღლმა უმჯობესია არ იბანაოს, რადგან შესაძლოა დასნებოვნდეს სოკოთი, კანქვეშა ტკიპით, ლეიშმანიოზით, თუმცა ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ აცრაც ტარდება და საყელოთი დაცვაც არის შესაძლებელი. სოკოს საწინააღმდეგო აცრაც არსებობს, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რათა პრობლემა არ შეგვექმნას.
სახელდობრ როდის ტარდება აცრები?
- 20 დღის ლეკვს უნდა ჩაუტარდეს ჭიის საწინააღმდეგო დამუშავება; მეთხუთმეტე დღეს პროცედურა განმეორდეს, რათა ლეკვის ორგანიზმი გასუფთავდეს, 6 თვემდე - თვეში 1-ხელ, 6 თვის შემდეგ - 3 თვეში 1-ხელ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარაზიტი მთელ ორგანიზმში მიგრირებს; თუ კუჭის კედელი გაიხვრიტა, სისხლის საშუალებით მთელ ორგანიზმში მიმოდის და შეიძლება მოხვდეს გულში, თავის ტვინში, ფილტვში, ღვიძლში. ამიტომ სასურველია, ლეკვობიდანვე მივხედოთ და მოვაწესრიგოთ ძაღლი ამ თვალსაზრისით.
თვე-ნახევრიდან ვიწყებთ აცრებს: ორკვირიანი შუალედით 4 კომპლექსური აცრა უნდა ჩატარდეს და ერთი - ცოფის საწინააღმდეგო 3 თვის ასაკში. ამით ლეკვის იმუნიზაცია სრულდება. ძირითადი აცრების დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ ტარდება ლეიშმანიოზისა და სოკოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2-3-კვირიანი შუალედით. მომდევნო წლებში კეთდება თითო აცრა წელიწადში 1-ხელ.
თქვენ კანქვეშა ტკიპა ახსენეთ. ადამიანისთვის თუა გადამდები და როგორ დავიცვათ ცხოველი?
- კანქვეშა ტკიპაც და სოკოც ადამიანისთვის გადამდებია, მაგრამ პროფილაქტიკური ღონისძიებებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თავს ვიზღვევთ. გარდა ამისა, ძაღლი წელიწადში 2-ჯერ კონსულტაციისთვის უნდა მივიყვანოთ ვეტექიმთან. რაც შეეხება რწყილებსა და ტკიპებს: თვეში 1-ხელ, განსაკუთრებით - მზიან პერიოდში, მარტის თვიდან, აუცილებლად უნდა მოხდეს ძაღლის დამუშავება ანტიპარაზიტული წვეთებით და ანტიპარაზიტული საყელოთი. ტკიპები სისხლის პარაზიტების გადამტანები არიან და ბევრ პრობლემას ქმნიან. კანქვეშა ტკიპა ყველა ძაღლს აქვს. იმუნიტეტის დასუსტებისას, ასევე - სტრესულ ვითარებაში, მან შესაძლოა თავი იჩინოს.
ცხოველთა კვების საკითხიც მნიშვნელოვანია. რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ ძაღლს? რაზეა დამოკიდებული საკვების რაოდენობა - წონაზე?
- ლეკვს ხშირად უნდა ვაჭამოთ მცირე ულუფებით. ზრდის პროცესში კვების რაციონი ცხოველის წონის გათვალისწინებით დგება, ზრდასრულ ასაკში კი ძაღლი 2-ჯერ იკვებება და ავტომატურად გადადის ამ რეჟიმზე. თუ ძაღლი მაკედაა, მისი რაციონი თვითნებურად არ უნდა შევარჩიოთ, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მას დამატებითი სპეციფიკური კვება სჭირდება, ის კი ექიმთან კონსულტაციით უნდა დაიგეგმოს, რათა ძაღლი ჯანმრთელი იყოს, კარგად იმშობიაროს და ჯანსაღი და ხალისიანი ლეკვები დაბადოს. კვების რაციონში შეიძლება დავამატოთ შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეულის უცხიმო და უმარილო წვნიანი.
ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?
- არ არის სასურველი. ჩვენი საკვები მეტად კალორიული და ცხიმიანია, ცხოველს ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს უზიანებს. არ არის სასურველი კვერცხის, შემწვარ-მოხრაკულის მიცემა. არ შეიძლება ნამცხვარი, შოკოლადი, სხვა ტკბილეული - ძაღლს გაუჩნდება კარიესი და კბილებს დაკარგავს. თუ ძაღლს კბილებზე ნადების წარმოქმნისკენ აქვს მიდრეკილება, აუცილებელია გაწმენდა, თორემ პაროდონტოზს და კბილების დაცვენას გამოიწვევს. ხშირად ძაღლი მაშინ მოჰყავთ, როდესაც პირიდან სუნი საგრძნობი ხდება. ასეთ დროს კი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე კბილის ამოღებაც კი გვიხდება ხოლმე.
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი "მათხოვრობას"?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიაჩვევს და გაზრდის პატრონი. ხშირად ეს პატრონის ბრალია.
ალბათ ჯობს, ჯერ ცხოველი დავაპუროთ და მერე მივუსხდეთ მაგიდას...
- ეს არ არის გადამწყვეტი. ძაღლი თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, რომ ჭამის დროს არ მოგვეკაროს, ანდა რაიმე ნუგბარი მივცეთ, რომელზეც გადაიტანს ყურადღებას.
რამდენადაც ვიცი, ცხოველებისთვის დელიკატესებიც არსებობს.
- ძალიან ბევრი: შოკოლადები, კანფეტები, ჩხირები... არსებობს ისეთი ჩხირებიც, რომლებიც კბილების გაწმენდას უწყობს ხელს.
როგორ ჩავუტაროთ პირის ღრუს ჰიგიენა?
- სპეციალური ჯაგრისით, თანაც თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, იმიტომ, რომ მერე ამის გაკეთება ძნელია.
ფრჩხილების ჰიგიენა როგორ ტარდება?
- როდესაც ცხოველს ხშირად ასეირნებენ ასფალტიან გზაზე, ფრჩხილი ავტომატურად იქლიბება და პრობლემა აღარ წარმოიშობა. თუ არადა ფრჩხილები სპეციალური მაკრატლით უნდა დაიჭრას, თორემ შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ თათის ბალიშში შეერჭოს და დაუზიანოს.
რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის გარეთ გაყვანა?
- მეორე აცრიდან 1 კვირის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 თვის ასაკს შეესაბამება, თუ აცრებს შორის შუალედები ზუსტად არის დაცული. საზოგადოდ, რა ასაკისაც უნდა იყოს ლეკვი, პირველი აცრის შემდეგ, სასურველია, გარეთ არ გაიყვანოთ, რადგან ამ დროს ძალიან სუსტადაა.
როგორ შევაჩვიოთ ჰიგიენას, რათა სახლში არ მოისაქმოს?
- სასურველია, შემოვსაზღვროთ ერთი ადგილი. ზაფხულში ეს შეიძლება იყოს აივანი, ზამთარში კი ლეკვი, რა ჯიშისაც უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიყვანოთ აივანზე. ჭამიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლი იწყებს წრიალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაქმება სურს. უნდა მიიყვანოთ და დასვათ იმ ადგილას. ასე რამდენიმეჯერ, რათა იქ მოსაქმების ჩვევა გამოუმუშავდეს.