ცხოველთა საზაფხულო პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოველთა საზაფხულო პრობლემები

ძაღლი

თუ ძაღლი გყავთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიმახსოვროთ სპეციალისტების ერთი მითითება - არასოდეს დატოვოთ ცხოველი დახურულ ავტომობილში. შესაძლოა, ძაღლი სხეულის გადახურების გამო რამდენიმე წუთში დაიღუპოს.

ზაფხულის პაპანაქებაში ძაღლს ისევე ესიამოვნება ცივ წყალში ბანაობა, როგორც თქვენ, ოღონდ აუცილებლად უნდა დაიცვათ ერთი პირობა: ტბაში, მდინარეში ან წყალსაცავში ბანაობისას დარწმუნებული უნდა იყოთ წყლის სისუფთავეში. თქვენი ოთხფეხა მეგობარი შხაპითაც ნასიამოვნები დარჩება, ოღონდ შემდეგ არ მისცეთ აბაზანის ქვის ფილებზე ან ორპირ ქარში დაწოლის უფლება - შესაძლოა, გაცივდეს.

ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს ცივი წყალი. სასმელი წყალი ჭურჭელში დღეში სამჯერ მაინც უნდა შეიცვალოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებს. ნარჩენი დროზე უნდა გადავყაროთ - როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, საკვებში მიკრობები ძალიან სწრაფად მრავლდება და შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციის მიზეზი გახდეს.

თუ ძაღლს მოულოდნელად მოთენთილობა შეატყვეთ, თავს ნუ დაიმშვიდებთ, სიცხის ბრალიაო, - დიდია ალბათობა, მიზეზი გაცილებით სერიოზული იყოს. მაგალითად, მწერის ნაკბენი.

კატა

ჩაკეტილ ავტომობილში კატის დატოვებაც დაუშვებელია. კალათა, რომელშიც კატას სძინავს, სიცხეში სახლის ყველაზე გრილ კუთხეში დადგით. თუ კატამ ბინის რომელიმე კუნჭული თვითონვე აირჩია და იქ წამოწვა, ნუ დაუშლით და ნურასოდეს გააგდებთ სასურველი ტერიტორიიდან. გრძელბეწვიანი კატა საზაფხულოდ შეგიძლიათ გაკრიჭოთ - ასე მას სიცხის ატანა გაუადვილდება, თქვენ კი - სახლში სისუფთავის დაცვა.

კატისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი წყალი. არც საკვების ნარჩენების დროულად გადაყრა დაგავიწყდეთ.

თევზები

გულდასმით აკონტროლეთ აკვარიუმში წყლის ტემპერატურა. მისი მკვეთრი მატება შესაძლოა თევზების დაღუპვის მიზეზად იქცეს. წყლის ტემპერატურის უეცარი მატებისას ყოველთვის გქონდეთ ცივი წყლის მარაგი. არ დაგავიწყდეთ აკვარიუმიდან საკვების ნარჩენების ამოღება.

თუთიყუშები და სხვა ფრინველები

ხშირად შეცვალეთ გალიაში წყალი. დადგით საბანაო ჭურჭელიც. ფრინველს არც ”ცივი შხაპი” ავნებს - შეიძინეთ პულვერიზატორი და დღეში ერთი-ორჯერ ”წვიმა” მოუწყვეთ.

ხმელეთის კუ

ნუ იფიქრებთ, რომ სტეპისა და უდაბნოს ცხოველი ნებისმიერ სიცხეს ადვილად იტანს. სიცხეში ხმელეთის კუსაც სჭირდება ”აუზი”, ოღონდ ის მეტისმეტად ღრმა არ უნდა იყოს. მეტი უნდა მივცეთ სითხით მდიდარი ბოსტნეულიც.

შვებულების დროს

ხანგრძლივი შვებულება ქალაქგარეთ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ დადებითი ემოცია ერთბაშად გაუფერულდება, თუ შინ დაბრუნებისას ოთახის მცენარეების ნაცვლად ქოთნებში გამხმარი ტოტები დაგხვდებათ. არსებობს ოთახის მცენარეების მორწყვის ავტომატიზებული სისტემები, თუმცა მათზე ყველას როდი მიუწვდება ხელი, ამიტომ დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელთა წყალობითაც მცენარეებს წყალი არასდროს მოაკლდება.

კარგა ხანია ცნობილია შალის ქსოვილის მეშვეობით ყვავილების მორწყვის მეთოდი: ქოთნის ზემოთ წყლით სავსე ჭურჭელი უნდა მოათავსოთ, შემდეგ აიღოთ შალის ნაჭერი და მისი ცალი ბოლო წყლიან ჭურჭელში ჩაუშვათ, ხოლო მეორე ქოთანში, ნიადაგზე მოათავსოთ. ქსოვილის მეშვეობით წყალი ნელ-ნელა ქოთნისაკენ გადაინაცვლებს და მცენარეც სითხისა და ტენის დეფიციტისგან დაზღვეული იქნება. რამდენი წყალი მიეწოდება მცენარეს, ქსოვილის თვისებებზეა დამოკიდებული. რაც უფრო სქელი და ფართოა შალის ნაჭერი, მით მეტია წყლის ოდენობა.

იმავე პრინციპს ემყარება წყლის მიწოდება შეწოვით: შალის ნაჭერს ქოთანში ისე დებენ, რომ მისი ბოლო ქოთნის ფსკერზე არსებული სადრენაჟო ხვრელიდან გამოდიოდეს, ქოთანს წყლიანი ჭურჭლის ზემოთ დგამენ, ნაჭრის ბოლოს კი წყალში ათავსებენ. მცენარე ნაჭრის მეშვეობით შეიწოვს საჭირო ოდენობის წყალს.


შეიძლება, მცენარე ჩავრგოთ სველი ტორფით სავსე თიხის ქოთანში და გადარგვის დასასრულს კიდევ ერთხელ უხვად მოვრწყოთ. გაითვალისწინეთ: ეს მეთოდი კერამიკული ქოთნისთვის არის შესაფერისი და არა პლასტიკისთვის.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ქოთნების ჩრდილში გადატანა.

მართალია, ეს ხერხები მცენარეებს გახმობისგან დაიცავს, მაგრამ ყოველდღიურ მოვლას ვერ შეუცვლის, ამიტომ ყველაფერს მაინც ძველი, ნაცადი მეთოდი სჯობს; მოძებნეთ სანდო ადამიანი და სთხოვეთ, თქვენი არყოფნისას მცენარეებზე იზრუნოს.

ძაღლის მფლობელებს შვებულება დილემის წინაშე აყენებს: უნდა გადავწყვიტოთ, თან წავიყვანოთ თუ დავტოვოთ საყვარელი ცხოველი. რა თქმა უნდა, ერთიც შეიძლება და მეორეც, მაგრამ ორივე შემთხვევაში თავს იჩენს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სულაც არ გახლავთ მარტივი.

უმეტესად იძულებულნი ვართ, ძაღლი ქალაქში დავტოვოთ. სიტუაცია გაცილებით მარტივია, თუ ოჯახის რომელიმე წევრი შინ რჩება, თუმცა რამდენიმე მოულოდნელობის გათვალისწინება ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს.

რა სჯობს, თუ თქვენს მეგობრებს ან ნათესავებს ცხოველები ისე უყვართ, რომ უყოყმანოდ შეგიძლიათ, ძაღლი ანდოთ, მაგრამ მაინც იქნება საჭირო დეტალური მითითებების მიწოდება, თანაც, სასურველია, წერილობით.

შეგიძლიათ, ცხოველი შვებულების პერიოდში სპეციალურ ვეტერინარულ დაწესებულებაში დატოვოთ, იმ ხალხთან, ვისაც საამისო ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც.

მაშ ასე, ქალაქიდან გამგზავრებისას:

  • წინასწარ დარეკეთ ყველა ვეტერინარულ დაწესებულებაში, რომლებიც ზაფხულში ცხოველების მოვლას გთავაზობენ, დააზუსტეთ ფასები, ცხოველთა საცხოვრებელი პირობები, კვების საკითხები და სხვა დეტალები.
  • შესაფერისი ვარიანტის შერჩევისას არ დაიზაროთ მითითებულ მისამართზე მისვლა და პირადად დარწმუნდით, რომ შემოთავაზებული პირობები რეალურია.
  • შეადგინეთ წერილობითი ინსტრუქტაჟი, სადაც მითითებული იქნება თქვენი ძაღლის მოვლისა და კვების ინდივიდუალური თავისებურებები. ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცხოველს არა ვეტერინარებთან, არამედ ახლობლებთან ტოვებთ.
  • არ დაგავიწყდეთ ახლობლებისთვის თქვენი კოორდინატების დატოვება. აუცილებლად მიუთითეთ ცხოველის მკურნალი ვეტერინარისა და იმ ვეტერინარული კლინიკის მისამართი, სადაც ცხოველი დაგყავთ.
  • დატოვეთ აფთიაქი პირველი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებით და მათი გამოყენების ინსტრუქცია.

ჩანთაში წინასწარ ჩაალაგეთ ყველაფერი, რაც თქვენი არყოფნისას ცხოველს შეიძლება დასჭირდეს.

მაშ ასე, დადგა დროებით სამყოფელში ცხოველის გადაყვანის დღეც. ამ დროს თქვენს ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კატეგორიულად გეკრძალებათ ფუსფუსი, ნერვიულობა, მოთქმა-გოდება და ცრემლების ფრქვევა. თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა არც კი უნდა იგრძნოს, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. პირიქით, ის საერთოდ ვერ უნდა მიხვდეს, რომ რაიმე იცვლება.

უცხო გარემოში ძაღლმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ჯობს, დაუტოვოთ საკუთარი ჯამი, სათამაშო და თუ შესაძლებელია, საფენი. თუ შეგიძლიათ, მის სიმშვიდეს შესწირეთ თქვენი ძველი მაისური ან სხვა სამოსი, რათა ცხოველი თქვენს სუნს გრძნობდეს და ჰქონდეს რწმენა, რომ იქვე ხართ ან მალე დაბრუნდებით. ურიგო არ იქნება, განშორებისას წყნარად, ზედმეტი ემოციის გარეშე თქვათ, რომ მალე დაბრუნდებით. არ არის გამორიცხული, ცხოველმა თქვენი სიტყვები სწორად გაიგოს.

თუ მოსავლელად პატარა ცხოველს, მაგალითად, ზაზუნას ტოვებთ, საქმე გაცილებით მარტივადაა - შეგიძლიათ, ის მომვლელს თავისივე გალიით ჩააბაროთ. ამგვარად პატარა ნაცნობ გარემოში დარჩება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ის პატრონის არყოფნას ვერ შეამჩნევს, ეს კი მისთვისაც ისეთივე სტრესი იქნება, როგორიც დიდი ძაღლისათვის. თქვენი ტანსაცმლის ნაკუწი აქაც ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.

თუ შვებულებიდან დაბრუნებისას შეამჩნიეთ, რომ პატარა მეგობარი განშორების გამო ნაწყენია, ნუ დაღონდებით. ზოგიერთი ადამიანისაგან განსხვავებით, ცხოველები წყენას იოლად ივიწყებენ. სულ ცოტა დრო გაივლის და ძველი მეგობრობა აღდგება.