უარი სამკვიდროს მიღებაზე, სამკვიდროს გაყოფა, დაცვა და კრედიტორთა დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში განვმარტავთ:
* როგორი წესით ხდება სამკვიდროს გაყოფა და დაცვა;
* არის თუ არა კანონით სავალდებულო სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორთა დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ;
* ვის უნდა მიმართოს მემკვიდრემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და სხვა.
1. უარი სამკვიდროს მიღებაზე
როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც შეიტყობს ან უნდა შეეტყო სამკვიდროს
- არის თუ არა კანონით გათვალისწინებული რაიმე გამონაკლისი იმ საერთო წესიდან, რომ სამკვიდროს მიღებაზე ან მის ნაწილზე უარის თქმა არ დაიშვება?
- დიახ, ამ შემთხვევაში კანონი უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს:
ა) მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე; ეს არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;
ბ) თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე. მაგალითად, თუ ანდერძით მემკვიდრეს ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონებიდან ეკუთვნის წილი როგორც კანონით მემკვიდრეს, მას შეუძლია მიიღოს ერთი და უარი თქვას მეორეზე, მაგრამ ეს უარი არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;
გ) მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად. მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. მაშასადამე, მემკვიდრეს უფლება არ აქვს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე ასეთ პირთა სასარგებლოდ, მაშინ უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.