რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
მემკვიდრეობის სამართლებრივ საკითხებზე საუბრის დროს არაერთი მკითხველი გამოგვეხმაურა. მათ უმრავლესობას აინტერესებს, რა არის სამკვიდრო და როგორი წესით ხდება მისი გახსნა, ამიტომ ამჯერად სწორედ აღნიშნულ საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, სამკვიდროს წარმოადგენს, ამიტომ მემკვიდრეობის სამართალში ყველაზე აუცილებელ კომპონენტად სწორედ სამკვიდრო ითვლება.
იგი არის იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გადადის მემკვიდრეზე. თუ არ არის სამკვიდრო, არ იქნება მემკვიდრეობაც. უფრო კონკრეტულად, სამკვიდრო შეიცავს როგორც ქონებრივ უფლებებს, ანუ
- რა თავისებურებები ახასიათებს სამკვიდრო ქონების დადგენის ფარგლებს?
- სამკვიდრო ქონების ფარგლების დასადგენად მიზანშეწონილია რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება:
- სამკვიდროში შედის მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა მატარებელი სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი. თუ უფლება-მოვალეობა მამკვიდრებლის გარდაცვალების შედეგად წარმოიშვა, მის მემკვიდრეობით გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი უფლება-მოვალეობა მემკვიდრეობით კი არ გადადის, არამედ ახლად წარმოიშობა სულ სხვა საფუძვლებით, თანაც ამისთვის გარდაცვალებასთან ერთად საჭიროა სხვა იურიდიული ფაქტებიც;
- ზოგიერთი უფლება-მოვალეობა არ შეიძლება მემკვიდრეობით გადავიდეს სხვა პირებზე თავისი ბუნების გამო, ან კანონი არ მიიჩნევს შესაძლებლად მემკვიდრეზე მათ გადასვლას;
- მემკვიდრეობით შეიძლება გადავიდეს არა მარტო ქონებრივი, არამედ არაქონებრივი ხასიათის უფლება-მოვალეობებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის სიცოცხლეში წარმოშობილი მისი კუთვნილი ქონებრივი უფლებები: საკუთრების უფლება, აღნაგობის უფლება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და სხვა. სამკვიდროში შედის ის ვალდებულებებიც, რომლებიც მამკვიდრებელს ჰქონდა და არ შეუსრულებია, მაგალითად, გაუსტუმრებელი ვალი და სხვა. სამკვიდროში აგრეთვე შედის მამკვიდრებლის წილი საერთო საკუთრებაში. კანონით მემკვიდრეობის დროს სამკვიდრო ქონება რეალურად უნდა არსებობდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად სამკვიდრო აქტივის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაძლოა მამკვიდრებელს ქონება საერთოდ არ გააჩნდა გარდაცვალების დროს და მხოლოდ ვალები დარჩა. ამ შემთხვევაში სამკვიდრო მასა მაინც არსებობს სამკვიდრო პასივის სახით.
- შეუძლია თუ არა მამკვიდრებელს, ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც მისი შედგენის დროს არ გააჩნდა და შემდგომ შეიძინა?
- ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენის დროს ჯერ კიდევ არ გააჩნდა, მაგრამ გარდაცვალებამდე შეიძლება შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ ყველა სახის ქონებრივი უფლება-მოვალეობა მემკვიდრეობით ურთიერთობებში ერთნაირად არ მონაწილეობს. სამკვიდროში ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ შედის. უპირველეს ყოვლისა, მათ მიეკუთვნება პირადი ხასიათის ქონებრივი უფლება-მოვალეობები. ისინი მამკვიდრებლის პიროვნებასთან ისე ღრმად არიან დაკავშირებულნი, რომ სხვაზე მათი გადასვლა წარმოუდგენელიცაა. ასეთი უფლება-მოვალეობები მამკვიდრებელთან ერთად კვდება. სამოქალაქო კოდექსის 1331-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები და ჩანაწერები, ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენიებელი და სხვა საკულტო საგნები, ასევე საფლავი.