რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას

რისი ბრალია, როგორ უნდა ვიმკურნალო? ხელები სულ დაბუჟებული მაქვს და, რაც მთავარია, ხშირად მეკრუნჩხება, იქნებ მირჩიოთ რამე, ვარ 52 წლის ქალი.
კრუნჩხვა კუნთების უნებლიე უკონტროლო შეტევითი ხასიათის შეკუმშვაა. ის ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში და, ჩვეულებისამებრ, რამდენიმე წუთში თავისით გაივლის. ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ კუნთისა და მყესების დაზიანებას იწვევს, თუმცა ასეთი შემთხვევა შედარებით იშვიათია, ჩვეულებრივ კი კუნთების კრუნჩხვა ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგიურ ასპექტებს: ტკივილი და განმეორებითი კრუნჩხვის მოლოდინი დიდი ხნით უფუჭებს ადამიანს გუნება-განწყობას.
კუნთების კრუნჩხვა ორი სახისაა: მიოტონური და მიოკლონური.
ტონური კრუნჩხვა კუნთის მტკივნეულ შეკუმშვას წარმოადგენს. ამ დროს კუნთი შეხებისას ისეთი მაგარია, თითქოს გაქვავდაო, ძნელად ექვემდებარება მოდუნებას და მწველ ტკივილს იწვევს.
კლონური კრუნჩხვა კუნთის ან კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვაა, შერხევის, თრთოლის ტიპისა. ზოგჯერ მას ტიკსაც უწოდებენ. მიოკლონური კრუნჩხვები, როგორც წესი, უმტკივნეულოა.
კუნთების კრუნჩხვას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ალბათ ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმები ემხრობიან სხვადასხვა თეორიას მისი განვითარების მექანიზმის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ეხება ფაქტორთა კომპლექსს, თუმცა არსებობს ზოგადი ფაქტორებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაში კრუნჩხვის განვითარების შანსი იმატებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება გაუწყლოება, მინერალური ნივთიერებებისა (განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) და ვიტამინების ნაკლებობა, კუნთების გადაძაბვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მათ შორის - მეტისმეტად მოჭერილი და მოუხერხებელი ტანსაცმლის გამო და სხვა.
სტატისტიკა მოწმობს, რომ ფეხების კრუნჩხვას მსოფლიოს მოსახლეობის 75% უჩივის. ზოგს ის ხშირად ახსენებს თავს, ზოგს კი შედარებით იშვიათად. ფეხების კრუნჩხვას უმეტესად ძლიერი ტკივილი ახლავს თან, ხოლო თუ კრუნჩხვა ღამით აღმოცენდა, როგორც წესი, უძილობას იწვევს.
კუნთების კრუნჩხვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მას, როგორც ითქვა, სხვადასხვა მიზეზი აქვს:
- კრუნჩხვა ზოგჯერ სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონზე აღმოცენდება. მისი მიზეზი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაც იყოს.
- არსებობს ე. წ. სოფლის კრუნჩხვა, როდესაც ადამიანი დიდხანს არის ჩაცუცქული და გამუდმებით ფეხის წვერებს ეყრდნობა, მაგალითად, დარგვის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას. ასეთ დროს ქვედა კიდურების, კერძოდ, წვივის კუნთები გადაიძაბება და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავა გროვდება.
- კრუნჩხვა ხშირად უვითარდებათ მკერავებს, მუსიკოსებს, ოფისში კომპიუტერთან უმოძრაოდ მომუშავეებს და სხვა ისეთი პროფესიების წარმომადგენლებს, რომელთაც ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა უწევთ. წვივის კუნთების კრუნჩხვას ხშირად უჩივიან ფეხბურთელები, ხელის მტევნისას კი - მევიოლინეები. წვივის კუნთების კრუნჩხვა სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს ცივ წყალში ბანაობისას ან ღამის ძილში. ეს უბრალო სპაზმი კი არ არის, არამედ აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით პერიფერიიდან წამოსული იმპულსის საპასუხოდ.
- ფეხების კრუნჩხვა შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა.
- კრუნჩხვების პროვოცირებას ზოგჯერ ჰორმონული ან ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის ხელშემწყობი შარდმდენი პრეპარატებიც ახდენს. ღებინებისა და ფაღარათის დროს მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვამ, გაძლიერებულმა ოფლდენამ და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს კრუნჩხვებს.
- კრუნჩხვის მიზეზად შესაძლოა იქცეს თავის ტვინის მამოძრავებელი უბნის აღგზნება. ასეა, მაგალითად, თავის ტვინის ინფექციური პათოლოგიების, მაგალითად, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების დროს, ინსულტის საწყის სტადიაზე და მის შემდგომ აღდგენით პერიოდში.
- ჯანმრთელ ადამიანებს კრუნჩხვა აღენიშნებათ სტრესის დროს, ასევე - გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად და სხვა.