ლორწოვანი გარსის ქავილი
ცხვირის ქავილი
უპირატესად გაციების, სოკოვანი ინფექციების, მტვრიანი ჰაერის შესუნთქვის და ალერგიული რეაქციებისას იწყება, რასაც ზოგჯერ თან დაერთვის:
- ცემინება – ერთეული ან შეტევისმაგვარი;
- ცრემლდენა – დროებითი ან კონიუნქტივიტის შემდგომი;
- ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან;
- ცხვირის ნესტოებისა და წვერის შეწითლება;
- გაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: სხეულის ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, ხველა;
- ცხვირის ირგვლივ კანზე გამონაყარი.
ცხვირის ქავილის თანმდევი სიმპტომების განსაზღვრა დიაგნოსტიკის და შემდგომი მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს, მოდი, განვიხილოთ ვარიანტები:
გაციება
გაციებისას დაწყებული ქავილი გრძელდება სურდოთი, რომელსაც შემდგომ თან დაერთვის ცხვირხახის ანთების დამახასიათებელი ყელის ტკივილი, ხველა და სხვა სიმპტომები.
ზოგჯერ პაციენტები უჩივიან ცხვირის გარეგან ქავილს, რაც გაციების გართულების ნიშანია, ამ დროს თვალშისაცემია არა მხოლოდ ქავილი, არამედ ცხვირის ნესტოების კანის სიწითლე და აქერცვლა, რაც ქარიან და ცივ ამინდში ცხვირის ხშირ წმენდას უკავშირდება.
ალერგიული რეაქციები
ალერგიული, ქრონიკული რინიტისთვის დამახასიათებელია ქავილთან ერთად ცხვირის ღრუში წვის შეგრძნება, ლორწოვანი გარსის გასქელება ან გათხელება, ცხვირის ღრუში უსიამოვნო სუნი, დროთა განმავლობაში ჩნდება ლორწოვანის სიმშრალე, გადაღლა და ძილის გაუარესება, ღამით ხვრინვა.
ალერგიულ რეაქციაზე ასევე მიუთითებს ისეთი სიმტომების თანხვედრა, როგორებიცაა ქავილი ცხვირსა და თვალებში, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის არსებობაზე მეტყველებს. ასეთ დროს პაციენტებს აღენიშნებათ თვალების და თვალების ირგვლივ კანის საფარველის შეწითლება, ცრემლდენა და ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენი. ყოველივე დაუყოვნებლივ ალერგენის დადგენას და მასთან კონტროლის შეწყვეტას საჭიროებს.
ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები
ცხვირის ირგვლივ ქავილი ინფექციური რინიტისთვისაა დამახასიათებელი, ეს დაავადებაა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმები იწვევენ: ვირუსები: გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსი, წითელა, მიკრობები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, გონოკოკური ინფექცია, კორინებაქტერიები.
სოკოვანი ინფექციები
მიკოზური ქავილი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით, ამ შემთხვევაში ქავილი მუდმივი ხასიათისაა, ჩვეული სურდოს სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას არ ემორჩილება და თან დაერთვის ცხვირში გაჭედვის შეგრძნება. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში პროცესი ღრმავდება და ჩნდება აქერცლილი კანის ნაწილები და ცხვირის ძგიდეზე მცირე ზომის წყლულები, აგრეთვე ლორწოვანის გაწითლება.
დიაგნოზი დასტურდება სოკოვანი ინფექციის და გამონადენში სოკოვანი მიკროორგანიზმების აღმოჩენით.
ცხვირის ღრუს ლორწოვანის განლევა
საკმაოდ ძლიერი ცხვირის ქავილია დამახასიათებელი ატროფიული ან სუბატროფიული ფორმის რინიტისთვის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ამ დაავადებას ახასიათებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის განლევა, მისი თანმდევი ნიშნებია ლორწოვანის სიმშრალე, ყნოსვის ფუნქციის დარღვევა, მოგვიანებით წვა და ტკივილი ცხვირის ღრუში. იგი შესაძლოა განვითარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც შესუნთქული ჰაერი საკმაოდ მშრალია ან პაციენტი წლების განმავლობაში იყენებს სისხლძარღვების შემავიწროებელ ნაზალურ წვეთებს.
დემოდეკოზი
ცხვირისა და სახის ქავილი დემოდეკოზის ხშირი სიმპტომია, ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი მის არსებობას არც კი ეჭვობს.
დემოდეკოზს იწვევს სპეციფიკური პარაზიტი – დემოდექსის ტკიპა, რომელიც კანქვეშა სივრცის ბინადარია. მისი მკურალობა დერმატოლოგის ჩართულობას ითვალისწინებს.
ფსიქოგენური და სხვა მიზეზებით გამოწვეული პრურიტი
ზოგჯერ ცხვირის ქავილს ფსიქოგენური ხასიათიც აქვს, იგი შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი ენდოკრინული ან სისტემური ცვლილების შედეგად, ყველაზე ხშირად ვლინდება ძლიერი ფსიქოემოციური განცდებისა და სტრესების, ორსულობისას ჰორმონული ცვლილების შემდგომ, აგრეთვე თამბაქოს კვამლის, აიროვანი ნივთიერებების შესუნთქვის, უჩვეულო, ეგზოტიკური, მწარე და ცხარე საკვების მიღების შემდგომ.
მტვერი და არომატები
ცხვირის ქავილი ზოგჯერ უეცრად იწყება მტვრის, მკვეთრი არომატების, სხვადასხვა მიკროსკოპული ნაწილაკის შესუნთქვისას.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ამგვარი სიმპტომების არსებობისას უნდა მივმართოთ ოტოლარინგოლოგს, შესაძლოა დაგვჭირდეს ალერგოლოგის, დერმატოლოგის ან ინფექციონისტის დახმარებაც.
ზოგჯერ დამატებით საჭიროა კვლევების ჩატარება, სისხლის საერთო ანალიზი, ენდოკრინული კვლევები, დერმატოსკოპია და სპეციალური კვლევები ლორწოვან გარსზე მობინადრე ინფექციური აგენტის აღმოსაჩენად.
სოკოვანი ინფექციისას რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვები და ანტიმიკოზური პრეპარატები, ალერგიისას ტარდება სტანდარტული ანტიალერგიული კვლევა ალერგენის აღმოჩენის შემდგომ, ხოლო გაციებისას გამოიყენება სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებანი, სასურველია ზეთოვან ფუძეზე დამზადებული, აგრეთვე ნაზალური მალამოები და კრემები. თუ ქავილი ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, ანტივირუსული თერაპია ტარდება.
მკურნალობა თითქმის ყოველთვის ეფექტიანია, ამიტომ ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქავილის მიზეზი თქვენთვის უცნობია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი გართულდეს, გაღრმავდეს და გაცილებით რთულად სამართავი გახდეს.
პირის ღრუს ქავილი
პირის ღრუს ქავილი საკმაოდ გავრცელებული, ზოგჯერ კი საფრთხის შემცველი სიმპტომია. მაშინ როდესაც იგი საშიში ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის მანიშნებელია.
ვითარდება სხვადასხვა მიზეზით:
- ვირუსული (ყველაზე ხშირად ჰერპესული) ან სოკოვანი (კანდიდოზი – რძიანა) ინფექციები;
- საკვებზე ალერგია, მტვერზე, ლატექსზე, მედიკამენტური ალერგია, თუ ქავილის მიზეზი ალერგიაა, მას ორალური ალერგიის სინდრომად მოიხსენიებენ;
პირის ღრუს ქავილს თან დაერთვის შემდეგი ნიშნები:
- წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში, ენასა და ყელში;
- ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება;
- შეგრძნება, თითქოს ერთი ან ორივე ყურის ნიჟარაში ექავება ან რაღაც დაცოცავს;
- სურდო;
- მშრალი ხველება;
- ცემინება;
- ცრემლდენა.
დამახასიათებელი შტრიხები
- მსუბუქი კვებითი ალერგია: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ტუჩებზე, აგრეთვე საკვების მიღების შემდგომ, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ყელში – არ ახასიათებს;
- მძიმე კვებითი ალერგია: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ყელში, აგრეთვე საკვების მიღების შემდგომ, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებში – არ ახასიათებს;
- წამლისმიერი ალერგია: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ყელში, აგრეთვე საკვების მიღების შემდგომ, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებზე – არ ახასიათებს;
- პოლინოზი: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ყელში, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებზე, აგრეთვე საკვების მიღების შემდგომ – არ ახასიათებს;
- ორალური რძიანა: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ყელში, აგრეთვე ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებში, რაც შეეხება ქავილს საკვების მიღების შემდგომ – არ ახასიათებს;
- ანაფილაქსია: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ყელში, აგრეთვე საკვების მიღების შემდგომ, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებზე – არ ახასიათებს;
- ჰერპეს ინფექცია – ლაბიალური ჰერპესი: დამახასიათებელია ქავილი პირის ღრუსა და ტუჩებზე, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ყელში, საკვების მიღების შემდგომ – არ ახასიათებს;
- ორალური ალერგიის სინდრომი: დამახასიათებელია ქავილი საჭმლის მიღების შემდგომ, რაც შეეხება ქავილს ერთდროულად პირის ღრუსა და ტუჩებზე, ასევე პირის ღრუსა და ყელში – არ ახასიათებს.
ავიცილოთ თავიდან!
- მაქსიმალური სიზუსტით დაიცავით ექიმის რეკომენდაცია ლაბიალური ჰერპესისა და ორალური კანდიდოზის მკურნალობის პერიოდში;
- თავი არიდეთ ალერგენებს;
- თუ ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ხართ, ხილი და ბოსტნეული მიიღეთ თერმულად დამუშავებული და არა ცოცხალი სახით;
- თავი არიდეთ ექიმის დანიშნულების გარეშე ალერგიული მედიკამენტების მიღებას;
- დროულად მიმართეთ სპეციალისტს, თუ გაგიჩნდათ ეჭვი ჰერპესის ან პირის ღრუში რძიანას თაობაზე;
- დროულად მიმართეთ ალერგოლოგს, თუ ალერგიული რეაქცია გაგივითარდათ და თქვენთვის უცნობია გამომწვევი მიზეზი.
გახსოვდეთ: პირის ღრუში ქავილი, უმრავლეს შემთხვევაში, მარტივი მდგომარეობაა, მაგრამ ის ასევე შესაძლოა იყოს საკმაოდ მძლავრი და სახიფათო ალერგიული რეაქციის სიგნალი, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის, ამიტომ სპეციალისტთან დროული მიმართვით თავიდან აიცილებთ ყოველგვარ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად.
ვაგინალური ქავილი
გინეკოლოგთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სასქესო ორგანოების ქავილია. ეს სიმპტომი ყოველთვის ინფექციურ პროცესზე როდი მიუთითებს, ამას საკმაოდ ბევრი არაინფექციური მიზეზები აქვს, დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა იყოს ენდოკრინული და სომატური პრობლემები, საშოს მიკროფლორის ცვლილება და მატრავმირებელი აგენტები.
გამომწვევი მიზეზები
გაღიზიანება:
- ვულვისა და საშოს ქავილი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ქალებსაც კი აწუხებდეთ, ყველაზე ხშირად ეს მექანიკური და ქიმიური მოქმედების შედეგია, რომელიც თავს იჩენს შემდეგ პირობებში:
- ალერგიული რეაქცია კოსმეტიკურ საშუალებებზე, მაგალითად, ინტიმური ჰიგიენისას გამოყენებულ კოსმეტიკაზე, საპონზე, ლოსიონზე და სხვა;
- სარეცხი საშუალებანი – ალერგია ქვედა საცვლების რეცხვისას გამოყენებული აგრესიული შემადგენლობის საშუალებებზე;
- არარეგულარული ინტიმური ჰიგიენა, რაც იწვევს სასქესო ორგანოების არეში პათოლოგიური პროცესების განვითარებას და უსიამოვნო სიმპტომებს;
- სინთეზური მოტკეცილი ქვედა საცვლები;
- ანტიბიოტიკების მიღება, რაც იწვევს მიკროფლორისა და მჟავე ტუტოვანი მაჩვენებლის ცვლილებას;
- მენსტრუაციის პერიოდი, როცა პჰ-ის გაზრდით დაავადებების გამომწვევი მიკრობები აქტიურ გამრავლებას იწყებენ.
საშოს სიმშრალე
ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე პათოლოგიური, ზოგჯერ იგი უკავშირდება:
- მენსტრუალური ციკლის დასასრულს ტამპონების გამოყენებას, როდესაც გამონადენი უკვე უმნიშვნელოა;
- აუზში ხშირი და ხანგრძლივი ბანაობა, სიმშრალეს წყალში გახსნილი ქლორი იწვევს;
- საცხები და პრეზერვატივები, ლორწოვანი მტკივნეულად რეაგირებს ლატექსზედა საცხის შემადგენლობაში არსებულ ნაერთებზე;
- სპერმიციდების გამოყენება, უსიამოვნო სიმპტომები ვლინდება აბებში, სანთლებში და არასასურველი ორსულობისგან დამცავ საშუალებაში არსებულ ბენზალკოილის ქლორიდზე;
- ფიზიოლოგიური – ზოგიერთი ქალი ფიზიოლოგიურ სიმშრალეს უჩივის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ზოგჯერ ის დამახასიათებელია მენსტრუაციის დასაწყისში, ამგვარი მდგომარეობა ასევე ტიპურია ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.
პარაზიტები
ამგვარი სიმპტომი დამახასიათებელია ბოქვენის პედიკულოზისა და პარაზიტოზებისთვის.
მათით დასნებოვნება შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი აქტისას, ამგვარი ქავილი ძლიერდება გადაციების ან სხვა რომელიმე გამღიზიანებელი ფაქტორის მოქმედებისას;
კანზე ჩნდება ეგზემური გამონაყარი, რომელიც ვერ ხორცდება მუდმივი ტრავმატიზაციის გამო.
პედიკულოზისას ინტიმურ არეში თმოვან საფარველზე პარაზიტების მონაცრისფრო-თეთრი კვერცხები თვალითაც კარგად ჩანს.
ბაქტერიული ვაგინოზი
ხშირად ქავილის მიზეზია ბაქტერიული ვაგინოზი. იგი ვითარდება: პარტნიორების ხშირი ცვლისას, ვაგინალური გამორეცხვებისას, საშვილონოსშიდა კონტრაცეფციით და ჰიპოესტროგენული საშუალებების მოქმედებით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო, ყველა ეს ფაქტორი ცვლის საშოს მიკროფლორას და იწვევს ქავილს.
ქავილი განსაკუთრებით ძლიერდება სქესობრივი აქტის და ჰიგიენური პროცედურების შემდგომ, მას თან დაერთვის უსიამოვნო, თევზის სუნისმაგვარი უხვი გამონადენი, თუმცა არ შეინიშნება შეშუპება და ჰიპერემია.
სიმპტომები შესაძლოა თავისთავად გაქრეს და შემდგომ კვლავ განმეორდეს.
ვულვოვაგინალური კანდიდოზი
მისი მიზეზია ადამიანის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში არსებული სოკო კანდიდა, რომელიც გარკვეული ფაქტორების გამო აქტიურად მრავლდება და უკონტროლოდ იზრდება, რის გამოც ვითარდება კანდიდოზი – ვაგინალური რძიანა.
მიზეზებს შორის აღსანიშნავია იმუნიტეტის დაქვეითება, ფონური გინეკოლოგიური პათოლოგიები, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება, ხანგრძლივი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია, შესაძლოა იგი განვითარდეს მოჭერილი, სინთეზური ქვედა საცვლების ხმარების გამო.
აერობული ვაგინიტი
აერობული ვაგინიტი აერობული ტიპის მიკროორგანიზმების გრამდადებითი კოკებისა და ენტერობაქტერიების დამსახურებაა, რომელიც ვითარდება პარტნიორების ხშირი ცვლისას, ვაგინალური ტამპონების, ზოგიერთი გენიტალური ინფექციის გამო.
ქავილთან ერთად დამახასიათებელია ჩირქოვანი გამონადენი უსიამოვნო სუნით.
დაავადება საკმაოდ საშიშია, მას მთელი რიგი ინფექციურ-ანთებითი პათოლოგიის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ აუცილებელია მისი დროული მკურნალობა, რადგან იგი საკმაოდ ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, შიდსისა და გენიტალური ჰერპესის განვითარების რისკებს.
სპეციფიკური ინფექციები
ქავილის ასევე ხშირი მიზეზებია სასქესო ორგანოთა სპეციფიკური ინფექციები, რომლებიც გადადის სქესობრივი გზით, ყველაზე ხშირად ქავილი უკავშირდება მიკოპლაზმოზს, მისთვის დამახასიათებელია გამჭვირვალე უმნიშვნელო გამონადენი, ქავილი ძლიერი არ არის, მაგრამ მას ყოველთვის თან ერთვის წვა და ტკივილი სქესობრივი აქტისას.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი – ამ ინფექციებისთვის დამახასიათებელია უხვი გამონადენი, თვითშეგრძნების გაუარესება, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სპეციფიკური გამონაყარი.
ცისტიტი
ზოგჯერ აუტანელი ქავილი ახასიათებს ცისტიტს. ქავილს თან ერთვის მჭრელი ტკივილი შარდვისას, შესაძლოა ატიპური გამონადენი, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი და სხვა არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც გაცილებით აქტუალურია მწვავე ფორმისას, ქრონიკულის დროს კი შედარებით წაშლილია.
სხვა მიზეზები
ვაგინალურ ქავილს იწვევს ასევე ორგანული პათოლოგიები და ფსიქიკური დარღვევები. ამ შემთხვევაში ქავილი შესაძლოა იყოს როგორც პაციენტების საკუთარ შეგრძნებებზე გაძლიერებული ფიქსაციის შედეგი, ყველაზე ხშირად ეს ვლინდება:
- სომატური დაავადებების, მათ შორის თირკმლის უკმარისობის, ციროზისა და ჰეპატიტისას;
- ენდოკრინული პრობლემებისას: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დარღვევები, რომლებიც აპროვოცირებენ ჰორმონული ფონის ცვლილებას;
- რევმატიული დაავადებები: პოდაგრა, შაგრენის სინდრომი;
- ონკოლოგიური პათოლოგიები, ზოგჯერ ქავილი და წვა ლეიკოზებსა და ლიმფოგრანულომატოზებს ახასიათებს;
- ფსიქიკური დარღვევები, ნევროზები, ისტერია, სექსუალური ტრავმები, გახანგრძლივებული სტრესი.
ზოგჯერ ვაგინალური ქავილი თან ერთვის ოსტეოპოროზს, პაროდონტოზს, სხვადასხვა ვეგეტაციურ დარვევას, შესაძლოა განვითარდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უსიამოვნო სიმპტომის გაჩენისას საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი, რომელიც სიმპტომის, თანდართული კლინიკური ნიშნების, გამოვლენისა და სასქესო ორგანოს ანატომიური ცვლილებების მიხედვით დაადგენს მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
- თერაპია ითვალისწინებს ნაცხის მიკროსკოპიას, სოკოების, უმარტივესებისა და ბაქტერიების აღმოჩენას;
- ლაბორატორიულ კვლევებს – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენას;
- სისხლის საერთო ან ბიოქიმიურ ანალიზს, რომელიც სომატური პათოლოგიების პოვნაში დაგვეხმარება;
- კოლპოსკოპიას, საშოს ვულვის დათვალიერებას, საშვილოსნოს ყელის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერით კვლევას.
მიზეზის დადგენის შემდგომ ტარდება კონსერვატიული მკურნალობა სპეციალური პრეპარატებით და დამატებით ფიზიოთერაპიული პროცედურები.
კონსერვატიული მკურნალობისას მიმართავენ ანტიმიკრობულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება კოლპიტების სამკურნალოდ, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, მალამოები, კრემები ან სანთლები, რომლებიც საშოში ანთებით პროცესს და ატროფიულ პროცესებს აქრობს;
ჰორმონული პრეპარატები, ჰორმონჩანაცვლებითი და ჩვეული მიკროფლორის ბალანსის აღმდგენი თერაპია;
ანტიდეპრესანტები – ფსიქიკური დარღვევებისას და ასევე პოსტკასტრაციული სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ხშირად ახასიათებს საშოს სიმშრალე და ძლიერი ქავილი.
როგორ ვიცავთ თავს?
ინტიმურ ზონაში ქავილის თავიდან აცილება შესაძლებელია რამდენიმე წესის დაცვით:
- რეგულარული ინტიმური ჰიგიენა;
- კომფორტული ქვედა საცვლების ტარება;
- ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება აქვეითებს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს და სხვა მრავალ უსიამოვნო სიმპტომს;
- ცხოვრების ჯანსაღი წესი – დაბალანსებული კვება, სრულფასოვანი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა მთელ რიგ დაავადებათა თავიდან აცილების და საშოს მიკროფლორის ჯანმრთელობის საიმედო გარანტიაა;
- გინეკოლოგთან რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევები. უმნიშვნელო ქავილი და წვაც კი შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ამიტომ რეკომენდებულია წელიწადში 1-2-ჯერ გინეკოლოგთან ვიზიტი.