როცა გულის არეში დისკომფორტის მიზეზი გულს არ უკავშირდება
ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ აშინებთ თავის ტკივილი ან ზურგის არეში სიმძიმის შეგრძნება მაშინ, როცა გულმკერდის არეში დისკომფორტი უხშირესად პანიკისა და განგაშის საფუძველი ხდება.
სტენოკარდიისა და ნევრალგიის გარჩევა, მათი ერთმანეთისაგან სწრაფად დიფერენცირება, ცოტას თუ შეუძლია.
შეიძლება თუ არა, გულმა შეაწუხოს ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი? შეიძლება თუ არა, გულის არეში დისკომფორტის მიზეზი გასტრიტი ან ნერვის მიჭყლეტა გახდეს? როგორ უნდა განვასხვაოთ, გულმკერდის არეში განვითარებული ტკივილის მიზეზი საკუთრივ გულია თუ სხვა ორგანოები? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ამ სტატიიდან შეიტყობთ.
გულის არეში დისკომფორტს სხვადასხვა მიზეზი აქვს
გულმკერდის არეში ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებების გამოწვევა ბევრ დაავადებას შეუძლია. გულმკერდისაკენ ტკივილი მუცლის ღრუს პრაქტიკულად ყველა ორგანოდან შეიძლება გავრცელდეს, ასევე ხერხემლიდან, ნეკნებიდან, ფილტვებიდან.
საკუთრივ მკერდის კუნთების გაჭიმვამაც კი შეიძლება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი გამოიწვიოს გულის არეში, რაც ადვილად აღიქმება ხოლმე გულის პრობლემად.
გულმკერდის არეში დისკომფორტის გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
- ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები: ოსტეოქონდროზი, სკოლიოზი, ნევრალგია;
- ფილტვის დაავადებები: პლევრიტი, პნევმონია, აბსცესი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები: კუჭის წყლული, საყლაპავის თიაქარი, მწვავე პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია;
- ფსიქოლოგიური პრობლემები: გულის ნევროზი, სტრესი.
შეიძლება თუ არა ადამიანს სტკიოდეს გული, ისევე როგორც კუჭი ან ხერხემალი? რა განსხვავებაა სიმპტომებს შორის?
ცალკეულ დაავადებათა სიმპტომები ხშირად მსგავსია: მქაჩავი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, მწვავე შეტევები. ტკივილი შესაძლოა გადაეცემოდეს მხარში, ხელში, ზურგსა და მუცლისკენა არეში.
გულის პრობლემებზე უნდა იეჭვოთ მაშინ, როდესაც გამოხატულია:
- სიმძიმისა და მიჭყლეტის შეგრძნება;
- გულის არეში წვა;
- შეტევისებრი გამოვლინებები და სიმპტომების გაძლიერება;
- წნევის ან პულსის მკვეთრი ცვლილება ნებისმიერი მიმართულებით (ეს არის გულის დაავადების მთავარი ნიშანი).
შინაგანი ორგანოების დაავადებებისას გულის რიტმი და არტერიული წნევა არ იცვლება. მხოლოდ კუჭის წყლულის პერფორაციის (კედლის გახვრეტის) დროს, შინაგანი სისხლდენის გამო, წნევა მკვეთრად ქვეითდება. ჩვეულებრივ კი, მკერდის არეში ტკივილს იწვევს ნაკლებად საშიში მდგომარეობები. მათი განსხვავება შემდეგი შეგრძნებების საფუძველზეა შესაძლებელი:
- ჩხვლეტა;
- გაბურღვა-გახვრეტის შეგრძნება;
- ტკივილი, რომელიც ჩნდება ხველისა და უხეში მოძრაობებისას;
- ტკივილი არ ნელდება და მუდმივ ხასიათს ატარებს.
ექიმები გვირჩევენ, გულის ტკივილზე ნებისმიერი ეჭვისას მივიღოთ ნიტროგლიცერინი, თუ ის შვებას არ მოგვგვრის, ე.ი. მიზეზი შინაგანი ორგანოების დაავადებები ან მწვავე ინფარქტია, რომელიც პნევმონიისა და ნევრალგიისაგან სიმპტომთა ინტენსივობით შეიძლება განვასხვაოთ.
როგორ ამოვიცნოთ დაავადებები, რომლებიც გულს არ უკავშირდება?
ეს დაავადებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები:
2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
3. ნერვული სისტემის დაავადებები.
1) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებიდან გულის არეში ტკივილს იწვევს ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი, ართრიტი, ტენდინიტი (მყესების ანთება). პირველ შემთხვევაში ტკივილს იწვევს ნერვულ ბოჭკოთა მიჭყლეტა ხერხემლის არხში არსებული პათოლოგიების ფონზე. ამ დროს გულმკერდის არეში შეგრძნებები უსიამოვნო და შედარებით სუსტია, შესაძლოა თან ახლდეს ჩხვლეტა და დაბუჟება ერთ ან ორივე კიდურში, მხარში, მკერდში. დისკის თიაქრები მოგვიანებით სტადიებზე იწვევს მწვავე ტკივილს, რომელიც ნელდება მოხერხებულ მდგომარეობაში მოკალათებისას. მიუხედავად მკერდისა და მუცლის არეში ტკივილის ასახვისა, მთავარი შეგრძნებების კერა მაინც ხერხემალშია. სახსრების პათოლოგიები ადვილად გამოირჩევა მოძრაობათა შეზღუდვით;
2) კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პათოლოგიები (მაგალითად, გასტრიტი) იწვევს სუსტ, ყრუ ტკივილს. მწვავე მდგომარეობებს (კუჭის წყლული, პანკრეატიტი, სანაღვლე გზების შეგუბება) თან ახლავს აუტანელი ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება მუცლის არის შუა ან გვერდით ნაწილში, გულისკენ ირადიაციით, ასევე მხარსა და ზურგში გადაცემით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს ადამიანი განიცდის სისუსტეს, აღენიშნება ოფლიანობა და გულისრევა. მუცლის არეში ნებისმიერი მწვავე ტკივილის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება;
3) ნერვული სისტემის დაავადებებიდან – აღსანიშნავია ნევრალგია მწვავე ტკივილით მკვეთრი მოძრაობებისას, ასევე გულის ნევროზი. ნევრალგია ადვილად გასარჩევია მისი კონკრეტული (წერტილოვანი) ლოკალიზაციის გამო. სტრესების, დაღლილობის და ქრონიკულად გამოუძინებლობის დროს ტკივილი გულის არეში მსუბუქად არის გამოხატული. მას ყრუ და მუდმივი ხასიათი აქვს, ძლიერდება ნერვული დაძაბულობის შემდეგ.
გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დაავადებებმაც. თუმცა ისინი ადვილად განირჩევა ხველის, ბრონქებში სპეციფიკური ხმაურის, ტემპერატურის მომატებისა და სხვა სიმპტომების საფუძველზე.
როგორ გვეხმარება დიაგნოსტიკა
მწვავე მდგომარეობების დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება – გულის ქსოვილის ნეკროზისა და შინაგანი სისხლდენის დროს ყველა წუთი გადამწყვეტია. თუმცა სათანადო გამოკვლევების ჩატარება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა გულმკერდის არეში სუსტი ტკივილის დროსაც კი, რადგან დაავადების დროული დიაგნოსტიკა, მისი დროულად აღმოჩენა მძიმე ფორმების განვითარებისა და გართულებების მთავარი პრევენციაა.
გულის პათოლოგიათა სადიაგნოსტიკოდ, ჩვეულებრივ, გამოიყენება:
- ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
- კორონაროგრაფია (გულის გვირგვინოვანი არტერიების კვლევა);
- გულის ექოსკოპია – გულის ცალკეული სტრუქტურებისა და კუნთის მდგომარეობის შესასწავლად.
თუ ამ კვლევების დახმარებით, სათანადო სიმპტომებისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, გულის პათოლოგიები გამოირიცხება, საჭიროა ჩატარდეს სხვა გამოკვლევები, კერძოდ:
- გულმკერდის ღრუს ფლუროგრაფია და კომპიუტერული კვლევა (სასუნთქი სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად);
- გულმკერდის ნაწილის კომპიუტერული კვლევა ხერხემლის დეტალურად შესწავლისთვის;
- ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ძვლოვანი და ნერვული სტრუქტურების დეტალურად შესასწავლად;
- მუცლის ღრუს ორგანოთა ექოსკოპიური კვლევა – რომელიც ავლენს ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის დაავადებებს;
- გასტროსკოპია – საყლაპავისა და კუჭის კედლების დასათვალიერებლად.
გულმკერდის არეში არსებული ტკივილისა და დისკომფორტის დროს არ შეიძლება გამოკვლევების გადადება და თვითდიაგნოსტიკა, რადგან შეცდომის ალბათობა დიდია, ხოლო არასათანადო და დაგვიანებული მკურნალობისას პრობლემის გაღრმავებაა მოსალოდნელი.
მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს რაციონალური კვლევის გეგმა, გამოიტანოს სწორი დასკვნა და დანიშნოს სათანადო მკურნალობა.