იცით თუ არა?
ცივი გამოვლება ყელის გაკაჟების შესანიშნავი მეთოდია. დაიწყეთ, ვიდრე ჯანმრთელი ხართ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ გვირილის ან გულყვითელას ნაყენი. დაიწყეთ თბილის გამოვლებით და თანდათან გააცივეთ, რომ ყელი მიეჩვიოს დაბალ ტემპერატურას. ორი კვირის შემდეგ ნაყენი უკვე საკმაოდ ცივი უნდა იყოს.
ასაკი და ჯანმრთელობა
ფიტნესკლუბებში გონივრული ვარჯიშით საუკეთესო შედეგს 35-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები აღწევენ. ფიტნესის მოყვარულები 30%-ით ადვილად უმკლავდებიან სტრესს, ყოველდღიურად მოვარჯიშეები კი 50%-ით უკეთ. მათ საგრძნობლად დაბალი აქვთ სტრესჰორმონების დონე, არტერიული წნევა და სისხლში შაქრის კონცენტრაცია. გონებრივ სამუშაოსაც მეტი წარმატებით ართმევენ თავს, ფიზიკური ვარჯიში 24%-ით აძლიერებს კოგნიტურ უნარებს, 29%-ით აუმჯობესებს მეხსიერებას და 32%-ით ზრდის ლოგიკური ამოცანების ამოხსნის უნარს.
პირველ საკვებს ვერაფერი შეედრება
რძე ადამიანის პირველი საკვებია. მისი 87% წყალია, 3-4% - ცხიმი, 5% - ლაქტოზა და 0,7% მეტად ძვირფასი მინერალური ნივთიერებები. რძის ცხიმი ენერგიის შესანიშნავი წყაროა. იგი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინების მთელ კომპლექსს, მათ შორის - A-ს, D-ს, E-სა და K-ს. D ვიტამინისა და კალციუმის შემცველობის წყალობით რძე საგრძნობლად აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. დღეში 2 ჭიქა რძის მიღებით 30%-ით დაიკმაყოფილებთ ცილების მოთხოვნილებას, 50%-ით - კალიუმისას და 75%-ით - კალციუმისას. რძის ცილა გაცილებით ადვილად შეიწოვება, ვიდრე ხორცისა და თევზისა. კალციუმისა და მაგნიუმის ერთობლიობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას, ამიტომ შეშუპებისას რეკომენდებულია რძის სმა. რძის შრატი აძლიერებს კანის რეგენერაციულ თვისებას, ამიტომ მას ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.
“იპკურეთ” სუნამოს აბები
ჰოლანდიაში უკვე შესაძლებელია, “იპკუროთ” სუნამო კაფსულების სახით. მათი მიღება შეიძლება ჩვეულებრივი ვიტამინების მსგავსად. კუჭსა და ნაწლავებში მოხვედრილი არომატული მოლეკულები სისხლში გადადის, იქიდან კი კანის ფორების საშუალებით ოფლთან ერთად გამოიყოფა გარემოში და ადამიანს სასურველ არომატს სძენს. ამასთან, ყოველი არომატი ინდივიდუალური, ერთადერთი და განუმეორებელია, რამდენადაც ყველა ადამიანს ოფლის მისთვის დამახასიათებელი შემადგენლობა აქვს.
ონლაინმეგობართა სიის სიგრძეს ტვინის აგებულება განსაზღვრავს
სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ სამყაროში მეგობართა ყველაზე გრძელი სიის პატრონებს სხვებთან შედარებით განსხვავებული აგებულების ტვინი აქვთ. გაირკვა, რომ ონლაინ სივრცეში დიდი ხნის გატარების შედეგად თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები ხდება, იმატებს მისი ზოგიერთი უბნის ზომა. მათ, ვისაც ბევრი ონლაინმეგობარი ჰყავთ, სწორედ ეს უბნები აქვთ სხვებზე დიდი.