პროფილაქტიკა და ადამიანის ჯანმრთელობა
"ვიდრე დიაგნოზი არ დაუსვამთ, არაფერი მჭირს!" - ამ პოსტულატით ბევრი ხელმძღვანელობს და სპეციალისტთან კონსულტაციას განუსაზღვრელი ხნით გადადებს ხოლმე, შერყეულ ჯანმრთელობაზე ფიქრს კი მაშინ იწყებენ, როდესაც დაავადების ნიშნები არათუ თვალსაჩინო, არამედ თვალში საცემი ხდება, ანუ დაავადება თავისი განვითარების პიკზეა და მისი მკურნალობის გადადება უბრალოდ შეუძლებელია.
ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები
ადამიანის ჯანმრთელობაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას:
- გენეტიკა;
- გარემო;
- ცხოვრების წესი;
- საკუთარი ორგანიზმისადმი დამოკიდებულება;
- ემოციების კონტროლის უნარი და სხვა.
ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე, გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა ფაქტორებზე, უშუალოდ არის დამოკიდებული ორგანიზმის სიჯანსაღე.
მემკვიდრეობა
მას ნამდვილად ვერ შევცვლით, მაგრამ როდესაც ვიცით ჩვენი გენეტიკის სუსტი რგოლები, ამ მიმართულებით ყურადღების გაძლიერებით შეგვიძლია სიტუაცია ვაკონტროლოთ. ცხოვრების წესი, ეკოლოგია, ჯანდაცვა ორგანიზმის მდგომარეობაზე ნამდვილად მოქმედებს, მაგრამ მხოლოდ გარეგან ფაქტორებს წარმოადგენს. რეალურად სწორედ გენეტიკაზეა დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდში ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა.
მავნე ჩვევები
თამბაქოს წევა და სმა მრავალ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას რომ ვნებს, ყველამ იცის, მაგრამ არსებობს სხვა მავნე ჩვევებიც, რომლებიც ორგანიზმს ღლის, ფიტავს და აავადებს. ასეთებია:
- ქრონიკული გამოუძინებლობა;
- მკაცრი დიეტა წონის დასაკლებად;
- გამომფიტავი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;
- ყავისა და ენერგეტიკული სასმელების ბოროტად გამოყენება;
- მოძრაობისა და ჟანგბადის დეფიციტი, რაც ანელებს და აფერხებს ნივთიერებათა ცვლას.
არასასურველი ეკოლოგია
თანამედროვე გარემოს უმთავრესად ავტომობილები, საღებავები, ელექტროსადგურები, ქარხნები, ქიმიკატები, სასოფლო მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები, საშენი მასალები და პოლიმერული ნაწარმი აბინძურებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც არღვევს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესს, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის უჯრედების ნორმალურ ფუნქციობას და სხვადასხვა დაავადების წყარო ხდება.
ჰიპოდინამია - ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა
დღეს მთავარია, შენობაში იყოს ორი ლიფტი, მანქანის სადგომი - სადარბაზოსთან რაც შეიძლება ახლოს, ჰიპერმარკეტი - ორ ნაბიჯზე... კომფორტს რა სჯობია, მაგრამ ხშირად სწორედ ამ "კომფორტის" წყალობით არის, რომ ადამიანი ცოტას მოძრაობს და ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
კვება
სწრაფმა კვებამ, წვნიანი კერძების უგულებელყოფამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დიდი ზიანი მიაყენა. ამას დაემატა დაუბალანსებელი რაციონი და ადამიანის ჯანმრთელობაც საგულდაგულოდ შეირყა.
სტრესი
ჩვენი დაძაბული ყოფისთვის ჩვეულ სირთულეთა პასუხად ორგანიზმი განგაშის სიგნალს რთავს, რომელმაც ჩვენს არსებაში "წინაპართა მებრძოლი სული" უნდა გამოაღვიძოს. ამ პერიოდში გამომუშავდება "ავარიული ჰორმონები" - ადრენალინი და ნორადრენალინი, ამის შემდეგ იწყება ემოციური პასუხი, გამომუშავდება განწყობის ჰორმონები - ენდორფინები, რომლებიც დადებით ემოციებს აღვიძებს და ენკეფალინები - უარყოფითი ემოციების წყარო.
სტრესული მდგომარეობა თავისთავად საშიში არ არის; მძიმეა მისი შედეგები - ის ორგანული ცვლილებები, რომლებიც იჩენს თავს გულ-სისხლძარღვთა, იმუნურ და ნერვულ სისტემებში და ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების მოშლას.
ჯანდაცვა
კარგად აწყობილი ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაცილებით ადვილია, ვინაიდან მასში დიდი ადგილი უკავია პროფილაქტიკურ მედიცინას, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს მრავალი დაავადება.
დაავადების მიზეზები
დაავადებათა ყველაზე გავრცელებული და ცნობილი მიზეზებია:
- არასწორი და არაჯანსაღი კვება;
- გენეტიკა;
- ვირუსები, მიკროორგანიზმები;
- თამბაქოს წევა;
- გარემო;
- სტრესი;
- ჭარბი წონა;
- ფიზიკური დატვირთვები;
- ალკოჰოლი;
- შიში;
- არაინფორმირებულობა;
- სოციალური გარემო;
- ასაკი;
- იმუნიტეტი.
პროფილაქტიკური მედიცინა
დაავადებათა პროფილაქტიკა მედიცინის იმ შესაძლებლობებს, განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება ან მისი გამომწვევი ფაქტორის მავნე ზემოქმედების შესუსტება. პროფილაქტიკა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე ინდივიდუალურიც.
ზოგადი პროფილაქტიკა
ზოგადი პროფილაქტიკა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საზოგადოების დიდი ნაწილის, კოლექტივების დაცვა დაავადების გამომწვევი ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. მას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ახორციელებენ სოციალურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, აღმზრდელობით და ეპიდსაწინააღმდეგო დონეზე და ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებების, საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო და აგრონომიული კომპლექსის ისეთ მოწყობას, რომელთა ფუნქციობის პროცესშიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება.
ინდივიდუალური პროფილაქტიკა
ინდივიდუალური პროფილაქტიკა მოიცავს შრომასა და ყოფა-ცხოვრებაში პირადი ჰიგიენის წესების დაცვას, რომელთა საშუალებითაც ადამიანი თავად აიცილებს თავიდან მრავალ დაავადებას. ის ითვალისწინებს საქორწინო და ოჯახურ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ჰიგიენას, რაციონალურ კვებას, წყლის სმის, შრომისა და დასვენების რეჟიმს, მომავალი თაობების აღზრდას და სხვა.
პროფილაქტიკის სახეები
პროფილაქტიკა სამი მიმართულებით ხორციელდება.
- პირველადი პროფილაქტიკა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაავადების რისკფაქტორებზე და ხელს უშლის მათ მოქმედებას. ასეთი ღონისძიებებია ვაქცინაცია, შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმი, რაციონალური და ხარისხიანი კვება, ფიზიკური აქტიურობა, გარემოს დაცვა და სხვა. პირველადი პროფილაქტიკის ზოგიერთი ღონისძიება ხორციელდება საზოგადოებრივი მასშტაბით სახელმწიფოს მიერ.
- მეორეული პროფილაქტიკა იმ ღონისძიებათა კომპლექსია, რომლებიც მიმართულია დაავადების რისკფაქტორების აღმოფხვრისკენ და მათი დროული აღმოჩენისკენ, რათა მათ სტრესის, იმუნიტეტის დასუსტების, ორგანიზმის განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში დაავადება არ გამოიწვიონ. მეორეული პროფილაქტიკის განსაკუთრებით ეფექტიანი საშუალებაა დისპანსერიზაცია და მონიტორინგი, ასევე - დაავადებათა პრევენცია როგორც ადრეულ სტადიაში მათი გამოვლენის მეთოდი.
- პროფილაქტიკის მესამე სახეობას ზოგიერთი სპეციალისტი მესამეულ პროფილაქტიკას უწოდებს. იგი ითვალისწინებს იმ პაციენტების რეაბილიტაციას, რომლებმაც მძიმე დაავადებათა შედეგად დაკარგეს სრულფასოვანი ცხოვრების უნარი. მესამეული პროფილაქტიკა გულისხმობს სოციალურ (საკუთარი სოციალური საჭიროების გაცნობიერება), შრომით (შრომის უნარის აღდგენა), ფსიქოლოგიურ (ქცევითი აქტივობის აღდგენა), სამედიცინო (ორგანოთა სისტემების) რეაბილიტაციას.
მეცნიერებმა, რომლებიც პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში სერიოზულ ექსპერიმენტებს ატარებენ, ასეთი დასკვნა გამოიტანეს: არასოდეს არის გვიანი პროფილაქტიკური მედიცინის საზღვრებში საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწყება, რადგან ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია უახლოეს მომავალში გამოიღებს შედეგს.