თამბაქო რეკლამირებული სიკვდილი
'
-
მოკლე ისტორიული ექსკურსი
nikotiana tobakum-ის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. nikotiana rustika უმთავრესად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.
თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან (სიგარეტის მწეველები, რომლებიც კვამლს ჩაისუნთქავენ - ნაფაზს არტყამენ) 10 პროცენტამდე (სიგარებისა და ჩიბუხის მწეველნი, რომლებიც კვამლს არ ისუნთქვენ და ამიტომ ნიკოტინის შეწოვა მხოლოდ პირის ლორწოვანიდან ხდება) ნიკოტინს შეიწოვს. თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. სწორედ მან აღწერა პირველად, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით.
თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთან არის დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. პორტუგალიის სამღვდელოებამ, როდესაც დაინახა, რომ როდრიგო ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდა, ის ეშმაკეულად ჩათვალა და დააპატიმრა. როდრიგო მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმა-ვლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. იგი მოჰყავდათ როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე, მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი კულტივირება მთელ ევროპაში.
მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც ასოცირდება თამბაქო, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი ტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ თამბაქო საფრანგეთშიც პოპულარული გახდა. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს. მხოლოდ ოთხმოცი წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა - სხვათა შორის, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით - თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.
საქართველოში თამბაქო XVII საუკუნეში შემოვიდა, მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა კი ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა.
ასეა თუ ისე, თამბაქოს წევა ძირითადად მაინც მეოცე საუკუნის ფენომენია. პრობლემისადმი საზოგადოების ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ, წარმოების სიიაფემ და მომგებიანობამ, რეკლამის ფართოდ გავრცელებამ და ნიკოტინის უნარმა, გამოიწვიოს დამოკიდებულება, თამბაქოს მოხმარების მკვეთრი მატება განაპირობა. მას მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა. განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს მოხმარების მატება მოზარდებსა და ქალებში. ზოგიერთი ბავშვი სიგარეტის წევას 9-10 წლამდე ასაკში იწყებს. არადა, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი წევას, მით უფრო მეტია ადრეული სიკვდილის რისკი. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული დამოკიდებულება სიგარეტის წევის ადრეულ ასაკში დაწყებასა და შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის.
-
მოზარდები და თამბაქო
მოზარდებში თამბაქოს განსაკუთრებული მავნებლობა იმითაც აიხსნება, რომ ისინი მანკიერი ჩვევის დასამალად, წესისამებრ, ჩუმად ეწევიან და ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტად კონცენტრირდება (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევისას - 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.
მოზარდებს თამბაქოს წევისკენ უბიძგებს ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა, სწრაფვა, არ ჩამორჩეს სხვებს და თავი მოზრდილად იგრძნოს. განმეორებითი მოწევა თანდათან აყალიბებს მიჩვევას. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით თამბაქოს რეკლამირება და დაწესებულებებში მოწევა აკრძალულია, საქართველოში ქალებისა და მოზარდებს შორის მწეველთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სიგარეტს უფროსკლასელთა დაახლოებით მესამედი (30%-ზე მეტი) ეწევა, ხოლო ქალაქებში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა მწეველ მამაკაცთა რიცხვს.
-
მწვავე მოწამვლა
ნიკოტინით მწვავე ინტოქსიკაციის დროს (ასეთი რამ უმთავრესად ბავშვებს ემართებათ) აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის არეში, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) იცვლება ტაქიკარდიით (გულისცემის აჩქარებით). აჩქარებული სუნთქვა (ქოშინის ერთ-ერთი სახეობა) შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია მხედველობისა და სმენის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნება, რომელიც ზოგჯერ ლეთარგიული მდგომარეობით (გონმიხდილობა, უმოქმედობა) იცვლება. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და კომური მდგომარეობაც.
-
დამოკიდებულების განვითარება
პირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის წვას, გულისრევას, თავბრუხვევას - იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა, ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. ჩნდება შეგრძნება, რომ სიგარეტის მოწევა ზრდის გონებრივი შრომის უნარს, აქარვებს მღელვარებას და სევდას. დამოკიდებულების ეს ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს ეწევიან. ნევროლოგიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება.
მომდევნო ეტაპზე მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). თავგადადებული მწეველი სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს. ყველაზე მსუბუქი სომატური გართულებაა ქრონიკული ბრონქიტი, უსიამოვნო შეგრძნებები, ზოგჯერ ტკივილიც კი, კუჭისა და გულის არეში, პულსისა და არტერიული წნევის მერყეობა. მწეველები უჩივიან თავის სიმძიმესა და ტკივილს, ძილის დარღვევას, მომეტებულ გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას.
სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური აშლილობები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
-
მავნე ჩვევის სამედიცინო შედეგები
დადგენილია, რომ ადამიანი, რომელიც დღეში დაახლოებით ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, სიცოცხლეს საშუალოდ ხუთი წლით იმოკლებს. სიკვდილიანობის მომატებული რისკი მოწევის შეწყვეტის შემდეგ მცირდება და დაახლოებით 10-15 წელიწადში აღწევს არამწეველთა შესატყვის დონეს. როგორც ცნობილია, თამბაქოს კვამლს კანცეროგენური (კიბოს გამომწვევი) თვისებები ახასიათებს. ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90% სწორედ თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული. მწეველებს გაცილებით დიდი აქვთ პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის კიბოს განვითარების ალბათობა. ხშირად ემართებათ ბრონქიტი, ემფიზემა, პნევმონიაც. ნიკოტინი აზიანებს კორონარულ, პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, რის გამოც მწეველებს შორის ორჯერ უფრო ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. დადგენილია, რომ მწეველები უფრო ხშირად არიან უნაყოფონი და უფრო ძნელად ორსულდებიან, ვიდრე არამწეველები. მწეველ ქალებს გაცილებით ხშირად ურთულდებათ ორსულობა, ხოლო მათი ახალშობილები საშუალოდ 200 გრამით ნაკლებს იწონიან და ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის რისკიც უფრო მაღალი აქვთ.
-
პასიური მოწევა
არამწეველებიც განიცდიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას - მას ყველგან ისუნთქავენ, სადაც კი მწეველები არიან. ამ პროცესს პასიურ მოწევას უწოდებენ. კვამლი, რომელიც მწეველის ორგანიზმში ხვდება, ”ძირითადი” კვამლია, ხოლო კვამლი, რომელიც გარემომცველ სივრცეში იფანტება და რომელსაც მწეველთან ერთად და არამწეველიც ისუნთქავს - მეორეული ანუ თანამდევი კვამლი. ძირითადი და თანამდევი კვამლი შედგენილობით ერთმანეთისგან განსხვავდება. თანამდევი კვამლი უფრო მეტ ნახშირწყალბადებს, ნიტრონაერთებს, ბენზოპირენს შეიცავს, ამიტომ მწეველების წრეში არამწეველმა შეიძლება იმდენი კვამლი ჩაისუნთქოს, რაც დღეში სამი ღერი სიგარეტის მოწევას უდრის. პასიურ მწეველებს შორის ოციდან სამოცდაათამდე პროცენტით მეტია ფილტვის კიბოს, გულის იშემიური დაავადების შემთხვევები, ხოლო მწეველთა შვილებს გაცილებით იოლად ემართებათ რესპირატორული (სუნთქვითი) დაავადებები.
-
მკურნალობა
მწეველთა დიდი უმრავლესობა თვითონვე ცდილობს, თავი დაანებოს თამბაქოს წევას. მოტივი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მატერიალური პრობლემები, გარეგნული იერის გაუმჯობესების სურვილი, ორსულობა, შვილის შეძენა და სხვა. სტატისტიკის თანახმად, მათი დაახლოებით 70% სამი თვის განმავლობაში ისევ უბრუნდება ამ მანკიერ ჩვევას, თუმცა ყოველი მომდევნო ცდისას თავის დანებების ალბათობა იზრდება.
რაც შეეხება ნიკოტინისადმი დამოკიდებულების ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, დასავლეთის ქვეყნებში ბოლო ხანს პოპულარულია ნიკოტინოვანი საღეჭი რეზინი და ნიკოტინოვანი პლასტირი, რომლებიც ასუსტებს ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს და, შესაბამისად, თამბაქოს მოწევის სურვილს. აღკვეთის სინდრომს ამცირებს სხვა თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებიც. დეპრესიული ფონისა და გაღიზიანებადობის შესამცირებლად შესაძლებელია ანტიდეპრესანტებისა და ტრანკვილიზატორების გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 1970 წლიდან ებრძვის თამბაქოს მოხმარებას. მის მოწოდებას მრავალი ქვეყნის მთავრობა გამოეხმაურა, მათ შორის - საქართველოსიც. ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია თამბაქოს რეკლამა და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოფისებში.
სიგარეტის კოლოფებზე გაჩნდა წარწერა მისი მავნებლობის შესახებ. მიმდინარეობს თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ ღონისძიებებს შედეგი უდავოდ აქვს, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებამ შესამჩნევად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძვრები ჩვენთანაც შეინიშნება, თამბაქოს მოხმარების კლების ტენდენციაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. იმედია, ჩვენი საზოგადოებაც მოეგება გონს და სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას წარსულს ჩააბარებს.