ფილტვის კიბო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის კიბო

ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ფილტვის კიბო წამყვან ადგილზეა. ფილტვის კიბო უფრო ხშირადაა სიკვდილის მიზეზი, ვიდრე მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, საკვერცხისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები ერთად.

მწეველებს ფილტვის კიბოს უფრო დიდი რისკი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე არამწეველთა შორისაც გვხვდება. ეს რისკი მწეველობის ხანგრძლივობისა და მოწეული სიგარეტების რაოდენობის პროპორციულია. მოწევის შეწყვეტის შემდეგ ფილტვის კიბოს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება, მრავალიწლიანი მწეველობის შემთხვევაშიც კი.

როგორ ვლინდება დაავადება

ბევრი სხვა სიმსივნის მსგავსად, დაავადება ადრეულ სტადიებზე არ ვლინდება - არ იწვევს არავითარი სიმპტომების აღმოცენებას. პირველი ნიშნების გაჩენისას დაავადება უკვე შორს წასულია. ფილტვის კიბოს გამოვლინება შეიძლება იყოს:

  • ხველა, რომელიც არ გაივლის;
  • სისხლიანი ნახველი;
  • ქოშინი;
  • ტკივილი გულმკერდში;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • წონის უმიზეზო კლება, რომლის მატებაც ვეღარ ხერხდება;
  • ძვლების ტკივილი;
  • თავის ტკივილი.

ამ სიმპტომების აღმოცენებისას აუცილებლად უნდა დაგეგმოთ ვიზიტი ექიმთან. ექიმთან კონსულტაცია მაშინაც საჭიროა, როცა პაციენტი მწეველია და ვერ ახერხებს მოწევის უკუგდებას.

რასაკვირველია, ზემოთ დასახელებული სიმპტომი შეიძლება აღმოცენდეს არა მარტო სიმსივნის, არამედ სასუნთქი თუ სხვა სისტემების განსხვავებული დაავადების დროს. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმე მათგანის არსებობისას აუცილებლად სიმსივნე გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადების ზედმეტი შიში ისევე მავნებელია, როგორც მნიშვნელოვანი სიმპტომების უყურადღებოდ დატოვება.

რა იწვევს ფილტვის კიბოს

ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევათა მიზეზი თამბაქოს წევაა. არ იგულისხმება მხოლოდ უშუალო მწეველი, აქ პასიური მწეველობაც მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ პასიურ მწეველად ითვლება ადამიანი, რომელიც თავად არ ეწევა, მაგრამ მუდმივად უწევს მწეველთა გარემოში ყოფნა და თამბაქოს კვამლის სუნთქვა.

რატომ იწვევს მწეველობა ფილტვის კიბოს

ექიმები ვარაუდობენ, რომ მწეველობა ფილტვის კიბოს იწვევს ფილტვის უჯრედების დაზიანების ხარჯზე. თამბაქოს კვამლი, რომელსაც ადამიანი შეისუნთქავს, მდიდარია სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებებით - კანცეროგენებით. კანცეროგენების ზემოქმედებით თითქმის დაუყოვნებლივ იწყება ფილტვის ქსოვილის ცვლილება. თავდაპირველად ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს ამ ცვლილებებს, თუმცა კანცეროგენების (თამბაქოს კვამლის) მუდმივი ზემოქმედებისას ფილტვის სულ უფრო მეტი უჯრედი ზიანდება. დროთა განმავლობაში კი იწყება უჯრედების ცვლილება, სიმსივნური გამრავლება და დაავადებაც ვითარდება.

ფილტვის კიბოს რისკფაქტორები

ფილტვის კიბოს რისკის გაზრდა მთელ რიგ ფაქტორებს შეუძლია. ერთ-ერთზე - თამბაქოს წევაზე უკვე ვისაუბრეთ. თამბაქოს წევა ის რისკფაქტორია, რომელზე ზემოქმედებაც შესაძლებელია ამ მავნე ჩვევის უკუგდებით. ამით მნიშვნელოვნად შევამცირებთ ფილტვის კიბოს რისკს. სამწუხაროდ, არსებობს რისკფაქტორები, რომელთა მოდიფიცირება შეუძლებელია, მაგალითად, სისმივნის გენეტიკურად განპირობებული შემთხვევები (დედა, მამა, და-ძმა და ა. შ.). გარდა ამისა, რისკფაქტორებია:

  • რადონის ზემოქმედება - რადონის უსაფრთხო დონეზე მეტი შემცველობისას ჰაერში, საფრთხე შენობებშიც კი დიდია.
  • აზბესტი და სხვა კანცეროგენები - აზბესტის, დარიშხანის ქლორიდის და ნიკელის საწარმოო ზემოქმედება ზრდის ფილტვის კიბოს რისკს. მწეველებისთვის - კიდევ უფრო მეტადაც.

ფილტვის კიბოს ტიპები

ექიმები განასხვავებენ ფილტვის კიბოს ორ უმთავრეს ტიპს. ეს ტიპებია წვრილუჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი კიბო. დაყოფა ემყარება სიმსივნის მიკროსკოპული გამოკვლევისას დადგენილ უჯრედულ აგებულებას.

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო - თითქმის ყოველთვის მწეველთა შორის გვხვდება და არაწვრილუჯრედოვან კიბოსთან შედარებით იშვიათია.
  • არაწვრილუჯრედოვანი კიბო - ეს კრებითი დასახელებაა და აერთიანებს სხვადასხვა ტიპის დაახლოებით მსგავსი ქცევის სიმსივნეებს. არაწვრილუჯრედოვანი კიბო მოიცავს ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, ადენოკარცინომას და მსხვილუჯრედოვან კარცინომას.

ფილტვის კიბოს გართულებები

ფილტვის კიბოს გართულებებია:

  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება - ფილტვის კიბო იზრდება, ახშობს მთავარ სასუნთქ გზებს და არღვევს ჰაერის მოძრაობას სასუნთქ გზებში. გარდა ამისა, ფილტვის კიბო იწვევს სითხის დაგროვებას პლევრის ღრუში. დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების დროს ფილტვი ვეღარ იშლება, რაც ქოშინს განაპირობებს;
  • სისხლიანი ხველა - სიმსივნური ქსოვილის ზრდა და მისი დაშლა იწვევს ნახველში სისხლის გაჩენას - ჰემოპტიზს. ზოგჯერ სისხლდენა საკმაოდ ძლიერია, აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებელი გადაყვანა სტაციონარში და სათანადო მკურნალობა;
  • ტკივილი - სიმსივნის შორსწასულ შემთხვევებში, როცა ის ფილტვის მფარავ პლევრას აღწევს ან ვრცელდება სხეულის სხვა ადგილებში, მაგალითად, ძვლებში, აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. აუცილებელია ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • სითხის დაგროვება პლევრის ღრუში - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქოშინის მიზეზია. ხშირად საჭირო ხდება პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაცია (ამოღება) და მისი დაგროვების საწინააღმდეგო მკურნალობა;
  • მეტასტაზირება - სიმსივნის გავრცელება მისი პირველადი აღმოცენების ადგილიდან სხეულის სხვა ნაწილებისაკენ. ფილტვის სიმსივნისას ეს ხშირად არის ტვინი და ძვლები. მეტასტაზირება იწვევს ტკივილს, გულისრევას, თავის ტკივილს ან სხვა სიმპტომებს, რომელთა ხასიათიც დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რომელი ორგანო დაზიანდა. ფილტვის გარეთ გავრცელებული სიმსივნისაგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა ტარდება მკურნალობა სიმპტომების შესამცირებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

როგორ დავადგინოთ დიაგნოზიჯანმრთელი ადამიანების კვლევა

ჩვენი მოსახლეობისათვის დღეს კარგადაა ცნობილი, რომ ზოგიერთი სიმსივნის დროულად გამოსავლენად ტარდება სასკრინინგო კვლევა. ეს გულისხმობს იმ პაციენტთა კვლევას, რომელთაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონეთათვის, სკრინინგის მიზნით, შესაძლოა დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფია ძირითადად შემოთავაზებულია 55 წლის და მეტი ასაკის სხვა მხრივ ჯანმრთელი სტაჟიანი მწეველებისათვის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კვლევის მიზანშეწონილობას პაციენტის მონაცემების საფუძველზე ექიმი წყვეტს.

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა

როდესაც პაციენტის ჩივილებისა და გასინჯვისას მიღებული მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა ფილტვის სიმსივნის არსებობა, ექიმი ნიშნავს კვლევებს დიაგნოზის დასაზუსტებლად. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს:

  • გამომსახველობითი კვლევა - ფილტვების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ნახველის ციტოლოგიური კვლევა - რიგ შემთხვევებში შეიძლება ნახველის მიკროსკოპული კვლევით გამოვლინდეს სიმსივნური უჯრედების არსებობა;
  • ბიოფსია - ფილტვის ქსოვილის მიღება მიკროსკოპული გამოკვლევისათვის და მასალის გამოკვლევა. ფილტვის ქსოვილი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება მიიღონ. ბრონქოსკოპიისას სპეციალური ხელსაწყოთი ათვალიერებენ სასუნთქ გზებს და იღებენ საკვლევ მასალას საეჭვო ადგილებიდან. მედიასტინოსკოპიის (შუასაყრის დათვალიერება) დროს კისრის განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოს - მედიასტინოსკოპის მეშვეობით იღებენ მასალას ლიმფური კვანძებიდან. ზოგჯერ ტარდება ბიოფსია, რომლის დროსაც რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, გულმკერდის კედლის გავლით, ნემსი შეჰყავთ ფილტვის საკვლევ უბანში და ქსოვილს იღებენ კვლევისათვის. შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოპტატის მიღება ლიმფური კვანძებიდან ან სხვა არეებიდან, სადაც შესაძლოა გავრცელდა სიმსივნე (მაგალითად, ღვიძლიდან).
  • მიღებულ მასალას გულდასმით იკვლევენ მიკროსკოპულად, რათა დაადგინონ, როგორია სიმსივნის უჯრედული საფუძველი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკასა და დაავადების პროგნოზს.

ფილტვის კიბოს გავრცელების დადგენა

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის შემდეგ აუცილებელია დაზუსტდეს სიმსივნის გავრცელება ორგანიზმში, ლიმფურ კვანძებში და განისაზღვროს დაავადების სტადია. ეს აუცილებელია პაციენტის მკურნალობის სწორად დასაგეგმად.

ფილტვის კიბოს სტადიის დასადგენად აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, პეტ სკანირება. კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა სულაც არ იყოს აუცილებელი დასახელებული კვლევები. ამ საკითხის გადაწყვეტა ექიმის პრეროგატივაა.

ფილტვის კიბოს სტადიები აღინიშნება რომაული ციფრებით O-დან IV-ის ჩათვლით. ყველაზე დაბალი სტადია მიუთითებს, რომ სიმსივნე მხოლოდ ფილტვშია ლოკალიზებული, მეოთხე სტადია კი აღნიშნავს მის გავრცელებას ორგანიზმში.

ფილტვის კიბოს მკურნალობა

ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს დაავადების მკურნალობის გეგმას და მას აზუსტებს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სიმსივნის უჯრედული აგებულება და მისი სტადია, პაციენტის არჩევანი.

უცხოელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება უარი თქვას მკურნალობაზე. ეს ხდება მაშინ, როცა მკურნალობის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები აღემატება მის პოტენციურ სარგებლობას. ასეთ დროს შესაძლოა ექიმმა დასახოს ღონისძიებები სიმსივნით გამოწვეული შემაწუხებელი სიმპტომების - ქოშინის ან ტკივილის მოსახსნელად.

ოპერაციული ჩარევა

ოპერაციული მკურნალობის მიზანია ფილტვის სიმსივნის მოცილება მისი მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილების ჩათვლით. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს:

  • სოლისებრი რეზექცია - ფილტვის ნაწილის ამოკვეთა;
  • სეგმენტური რეზექცია - ფილტვის დიდი ნაწილის - სეგმენტის ამოკვეთა;
  • ლობექტომია - ფილტვის მთლიანი წილის ამოკვეთა;
  • პნევმექტომია - მთლიანი ფილტვის ამოკვეთა (პაციენტს რჩება ერთი ფილტვი).

გარდა ამისა, შესაძლოა ამოიკვეთოს გულმკერდის ლიმფური კვანძები და ჩატარდეს მათი გამოკვლევა სიმსივნის გავრცელების დასადგენად.

ქირურგიული მკურნალობა შეიძლება არჩევის მეთოდი იყოს, როცა სიმსივნე მხოლოდ ფილტვშია ლოკალიზებული. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა, მის შესამცირებლად, ქირურგიულ ჩარევამდე, შეიძლება დაიგეგმოს ქიმიო- ან სხივური თერაპია. ანალოგიური მკურნალობა შეიძლება დაიგეგმოს ოპერაციული მკურნალობის შემდგომაც სიმსივნური უჯრედების გავრცელების ასარიდებლად ან დაავადების რეციდივის დროს.

თანამედროვე ქირურგიული ტექნიკა - მინიმალური ინვაზიური ჩარევა ან თორაკოსკოპიული ქირურგია ვიდეოკონტროლით ამცირებს გამოჯანმრთელების პერიოდს ოპერაციული ჩარევის შემდგომ.

რადიაციული თერაპია

რადიაციული მკურნალობისას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება რენტგენის ან პროტონული გამოსხივება. ხშირად სხივური თერაპია კომბინირებულია ქიმიოთერაპიასთან. ზოგჯერ, როცა ქირურგიული ჩარევა არ არის მიზანშეწონილი, ტარდება კომბინირებული ქიმიო- და სხივური თერაპია.

სიმსივნის შორსწასულ შემთხვევებში სხივური თერაპია შესაძლოა ტკივილის შემცირებას ემსახურებოდეს.

სტანდარტულ სხივურ თერაპიასთან შედარებით უფრო ეფექტურია მკურნალობის ახალი მეთოდი - ეგრეთ წოდებული დამიზნებითი (ტარგეტ) თერაპია, რაც საშუალებას გვაძლევს დაზიანდეს მხოლოდ სიმსივნური და რაც შეიძლება ნაკლები ჯანმრთელი უჯრედი. მკურნალობის ამ მეთოდს ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიისას გამოიყენება ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს ერთი ან რამდენიმე პრეპარატი ინტრავენურად ან ტაბლეტირებული ფორმით (დასალევად). როგორც წესი, ქიმიოთერაპია ტარდება კურსების სახით, თითოეული კურსი გრძელდება კვირების ან თვეების განმავლობაში.

რადიოქირურგია

სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია, რომელსაც ასევე რადიოქირურგიას უწოდებენ, არის ინტენსიური სხივური თერაპია, რომლის დროსაც სხივდება სიმსივნე სხვადასხვა კუთხიდან მიმართული მრავალი სხივით. როგორც წესი, ტარდება ერთი ან რამდენიმე დასხივება.

რადიოქირურგია შესაძლებელია მცირე ზომის სიმსივნეებისას, როცა ვერ ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ის შესაძლოა ჩატარდეს სხვა ორგანოებში (ტვინის ჩათვლით) გავრცელებული ფილტვის სიმსივნის დროსაც.

მედიკამენტური დამიზნებითი (ტარგეტ) თერაპია

მკურნალობის ეს სახე ეფუძნება სიმსივნური უჯრედების დამახასიათებელ ანომალიურ თავისებურებებს. ამ თავისებურებათა წყალობით, მედიკამენტები ბლოკავენ სიმსივნურ უჯრედებს და იწვევენ მათ სიკვდილს.

ფილტვის კიბოს დამიზნებითი (ტარგეტ) თერაპიისათვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი. მათი უმეტესობა ენიშნება პაციენტებს შორსწასული სიმსივნის დროს ან რეციდივისას.

დამიზნებითი თერაპიის ზოგიერთი საშუალება მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა სიმსივნურ უჯრედებს გარკვეული გენეტიკური მუტაცია აქვთ. აღნიშნულის დასადგენად ტარდება სიმსივნური უჯრედების ლაბორატორიული კვლევა.

იმუნოთერაპია

იმუნოთერაპია სიმსივნესთან საბრძოლველად იმუნურ სისტემას „იყენებს“. ორგანიზმის იმუნური სისტემა სიმსივნის დროს არ ებრძვის დაავადებულ უჯრედებს. აღნიშნულის მიზეზია სიმსივნური უჯრედების მიერ პროდუცირებული ცილები, რომლებიც „აბრმავებენ“ იმუნურ სისტემას - უკარგავენ მას დაავადებული უჯრედების ამოცნობის უნარს. იმუნოთერაპია სწორედ ამ პროცესში ჩარევას გულისხმობს. მკურნალობის ეს სახე უმთავრესად ფილტვის კიბოს შორსწასულ შემთხვევებში ტარდება.

ფილტვის კიბოს პრევენცია

სამწუხაროოდ, არ არსებობს ფილტვის კიბოს ასარიდებელი სარწმუნო მეთოდი, თუმცა დადგენილია, რომ მისი რისკის შესამცირებლად საჭიროა:

  • არ მოვწიოთ სიგარეტი;
  • შევწყვიტოთ თამბაქოს წევა. ეს ღონისძიება ამცირებს ფილტვის კიბოს რისკს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წლების მწეველი ხართ;
  • ავირიდოთ პასიური მწეველობა - თუ თქვენ გვერდით მწეველები არიან, ურჩიეთ მათ, თავი დაანებონ თამბაქოს წევას, სთხოვეთ ხშირად გაანიავონ ოთახი, რომ არ დაგაზიანონ. ეცადეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოძებნოთ არამწეველთა ადგილი;
  • თავიდან ავიცილოთ მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედება - საწარმოო მტვერის ზემოქმედებისას აუცილებლად გამოვიყენოთ დამცავი ნიღაბი;
  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი - უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა ვიტამინების სწორედ ამ პროდუქტებით მიღება, ვიტამინურ მედიკამენტებს ზოგჯერ დამაზიანებელი ზემოქმედებაც კი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, მკვლევრები იმედოვნებდნენ, რომ ბეტა-კაროტინის დანამატი მწეველებს შეუმცირებდა ფილტვის სიმსივნის რისკს, შედეგი კი საპირისპირო აღმოჩნდა;
  • ვივარჯიშოთ - კვირის უმეტეს დღეებში ვარჯიში აუცილებელია.