ბრადიკარდია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრადიკარდია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ჯაკო უგრეხელიძეს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ჯაკო, რა შეიძლება იქცეს ბრადიკარდიის მიზეზად? გულისცემის გაიშვიათება ყოველთვის პათოლოგიაზე მიუთითებს?

- ბრადიკარდია ეწოდება გულისცემის იმგვარ გაიშვიათებას, როდესაც რიტმის სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლებია. ეს მდგომარეობა უმეტესად გულის არასწორი მუშაობის მაჩვენებელია, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება. მაგალითად, შესაძლოა, ფიზიკურად ნავარჯიშევ პირს, სპორტსმენს გულის შეკუმშვის სიხშირე ნორმაში 50-55 ჰქონდეს. გარდა ამისა, ბრადიკარდია ფიზიოლოგიური მოვლენაა ღამით. ვიდრე ბრადიკარდიის მიზეზებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ გულის შეკუმშვათა სიხშირეს გულშივე არსებული სინუსის კვანძი განსაზღვრავს. კვანძში წარმოქმნილი იმპულსი გამტარი სისტემის მეშვეობით ვრცელდება წინაგულებში, აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს, მცირე შეკავების შემდეგ გადაინაცვლებს პარკუჭებში და აღაგზნებს მათ. გულის კუნთის შეკუმშვა ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც გაივლის მასში იმპულსი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარეობს, ხშირად აზიანებს სინუსის კვანძს (იწვევს მის ე. წ. სისუსტეს) და იმპულსის გამტარ გზას, ეს კი სხვადასხვა ტიპის არითმიის, მათ შორის - ბრადიკარდიის მიზეზად იქცევა. ბრადიკარდიის მიზეზებს შორის აღსანიშნავია: მიოკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე გულის იშემიური დაავადება; გულის მკვებავ სისხლძარღვებში, კორონარებში, განვითარებული ათეროსკლეროზული პროცესი; გულის კუნთის ანთებით მიმდინარე დაავადებები (მიოკარდიტი); თანდაყოლილი მანკები. გარდა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანებისა, გულისცემის გაიშვიათების მიზეზად შეიძლება იქცეს ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ასევე - თავის ტვინის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებები. დაბოლოს, ბრადიკარდია შესაძლოა წამლების სხვადასხვა კომბინაციამ და არასწორმა დოზირებამაც გამოიწვიოს. მოსახლეობისათვის კარგად ცნობილმა კონკორმა, ეგილოკმა, რომლებსაც ბეტა-ბლოკერთა ჯგუფს მიაკუთვნებენ, ასევე დიგოქსინის ხანგრძლივმა და თვითნებურმა მიღებამ გულისცემის სიხშირე შესაძლოა კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოიყვანოს.- გარდა პულსის დაქვეითებისა, რა სიმპტომებს იწვევს ბრადიკარდია?

- მიზეზისა და მიმდინარეობის სირთულის კვალობაზე ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია. ზომიერი ბრადიკარდია შესაძლოა მხოლოდ გულის რიტმის შემცირებით გამოვლინდეს, ხოლო რთულ შემთხვევებში, როცა გულისცემის სიხშირე 40 და უფრო ნაკლებია, გვხვდება ისეთი სიმპტომების კომბინაციები, როგორიც არის გულის წასვლა, გონების დაბინდვა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა (მატება და კლება), თავბრუხვევა, ცივი ოფლი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულის არეში.

- ზოგჯერ ბრადიკარდია და ტაქიკარდია - გულის რიტმის გახშირება - ერთმანეთს ენაცვლება. ამაზე რას გვეტყვით?- ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის მონაცვლეობისას ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სინუსის კვანძის სისუსტესთან. ის, როგორც აღვნიშნე, გულის კუნთის ანთებითი დაავადების (მიოკარდიტის) ან ათეროსკლეროზული დაზიანების თანამდევი მოვლენაა. მკურნალობაც მიზეზის აღკვეთით იწყება.

- ბრადიკარდიის დიაგნოზის დასასმელად პულსის დათვლა საკმარისია?

- არითმიების, მათ შორის - ბრადიკარდიის, დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, კარდიოგრაფიულად ხდება. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გულისცემის გაიშვიათებას უჩივის, მაგრამ კარდიოგრამაზე ცვლილება არ ფიქსირდება, მიმართავენ ჰოლტერის მეთოდს - 24-48-საათიან ეკგ-მონიტორირებას: კარდიოგრამა მთელი 24 ან 48 საათის განმავლობაში იწერება, რაც მეტად ინფორმაციულია, რადგან გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ გულის მუშაობას პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმის პირობებში. მკითხველს თავს აღარ შევაწყენ და მოკლედ ვიტყვი, რომ კვლევის მეთოდები ამით არ ამოიწურება, მაგალითად, არსებობს ელექტროფიზიოლოგიური სინჯებიც.

- რას გულისხმობს ბრადიკარდიის მკურნალობა?

- ბრადიარითმიის მკურნალობა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ის არღვევს ჰემოდინამიკას, ანუ იწვევს იმ ჩივილებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. მიზეზის გათვალისწინებით, ინიშნება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის კოფეინი, ზელენინას წვეთები, ელეუტეროკოკი, გონების დაკარგვის ეპიზოდების, 40-ზე ნაკლები გულისცემის დროს კი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის აუცილებლობის საკითხი დაისმის. თანამედროვე ტიპის კარდიოსტიმულატორები გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, გამოყენების სიმარტივით, გამოყენების ხანგრძლივი ვადით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დროული იმპლანტაცია მკვეთრი ბრადიკარდიით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად. გულის შეკუმშვის სიხშირის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვა დაავადებების მკურნალობის დროსაც. როგორც ვიცით, არტერიული ჰიპერტენზია იშემიური დაავადების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თავად ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებაში კი ათეროსკლეროზული პროცესი წამყვან როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, გვხვდება როგორც ბრადიკარდიის, ასევე ტაქიკარდიის ფონზე მიმდინარე ჰიპერტენზია. მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. თუ გულის რიტმის შენელებასთან გვაქვს საქმე, არ ვუნიშნავთ ბეტა-ბლოკერებს, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობა ატენოლოლის, კონკორის, ეგილოკის სახელით იცნობს. ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ კალციუმის ანტაგონისტებს - ლაციპილს, მოდიპინს, ნიფედიპინს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

- კერძოდ, რა შემთხვევებში იდგმება კარდიოსტიმულატორი?

- კარდიოსტიმულატორის ჩადგმა მიზანშეწონილია: ბრადიკარდიის ფონზე გონების დაკარგვის ეპიზოდების არსებობისას; მუდმივი ბრადიკარდიის ფონზე მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის დროს;ბრადიკარდიით მიმდინარე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს;ბრადიკარდიით მიმდინარე სტენოკარდიის დროს და სხვა.

- რა ფუნქცია აკისრია კადრიოსტიმულატორს?

- კარდიოსტიმულატორი ხელსაწყოა, რომელსაც ელექტრული იმპულსების საშუალებით გულის რიტმის შეცვლა შეუძლია. იგი შედგება იმპულსის გენერატორისა და ელექტროდისგან. კარდიოსტიმულატორი საჭიროების მიხედვით ირთვება გულის რიტმის შემცირების დროს ან მომართულია მუდმივ სიხშირეზე. ეს დამოკიდებულია იმ რეჟიმზე, რომელსაც ურჩევს ექიმი კონკრეტულ პაციენტს. კარდიოსტიმულა-ტორის იმპლანტაცია ხდება ადგილობრივი ანესთეზიით. აპარატურა განუწყვეტლივ იხვეწება, რათა გამოსაყენებლად მაქსიმალურად კომფორტული იყოს.