მგზავრობა და ქრონიკული დაავადებები
- გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, ჩვენს მკითხველს უმთავრესად ის აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა კარდიოლოგიური პაციენტებისთვის.
- საკმაოდ ხშირად პაციენტები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, მშვიდად და უსაფრთხოდ მგზავრობენ. იმ შემთხვევაში, როცა სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, არიტმია თუ გულის უკმარისობა მედიკამენტური მკურნალობის წყალობით კარგად არის კონტროლირებული და სიმპტომებიც მინიმალურია ან საერთოდ არ არის გამოხატული, მგზავრობა რაიმე პრობლემებთან არ არის დაკავშირებული. მთავარია გამგზავრებისწინა სამზადისის დროს, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყოველთვის თან ახლავს ნერვული დაძაბულობა, ყურადღების მობილიზაციის დაქვეითება, პაციენტებს არ დაავიწყდეთ მედიკამენტების მიღება. თუ ჩამოთვლილი დაავადებების სიმპტომები შემაწუხებელია, ან მკურნალობა არ ტარდება, ანდა მისი ეფექტი არ აღინიშნება, ბუნებრივია, მგზავრობა უნდა გადაიდოს. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ანგიოგრაფიული კვლევა ან მინიმალური ინვაზიური ჩარევა არ ცვლის ჩვენს საზაფხულო გეგმებს, მაგრამ გულის ოპერაციის შემდეგ ჯობს ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მკურნალი ექიმის ნებართვით მივიღოთ. ბუნებრივია, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ქალაქთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე წუთის მანძილზე მდებარე აგარაკებსა თუ სოფლებს, მაგრამ თუ გზა რამდენიმესაათიანი ხანგრძლივობისაა და თანაც სამანქანო გზიდან სახლამდე აღმართზე ფეხით სავალი საკმაოდ დიდი მანძილია, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები.
- რა განაპირობებს მგზავრობის რისკს გულის დაავადებების დროს?
- სამწუხაროდ, მგზავრობა დაკავშირებულია მრავალ ისეთ მომენტთან, რომლებიც დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას. შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად თავად გამგზავრებისათვის მზადება, დანიშნული შეხვედრა, გამოძახებული ტრანსპორტის თუ დაბარებული ახლობლის ლოდინი ან ტრანსპორტზე დაგვიანების შიშიც კი ემოციურად ტვირთავს პაციენტს. ძალაუნებურად იზრდება ფიზიკური აქტივობის მომატების, დატვირთვის ალბათობაც, რასაც სამგზავრო ნივთების ჩალაგება, ჩანთის გადაადგილება და სხვა ქმედება განაპირობებს. აღნიშნულს ემატება დისკომფორტი, რომელსაც ქმნის ძილი უჩვეულო ადგილზე, ჰავის შეცვლა, განსხვავებული ჰაერის ტემპერატურა და სიმაღლე ზღვის დონიდან. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისათვის განსაკუთრებით კრიტიკულია ოჯახიდან გამგზავრების შემდეგ პირველი ორი დღე. გულის არეში ტკივილისა და სხვა კარდიული ჩივილების გახშირება სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება.
- არსებობს თუ არა რაიმე მითითება უშუალოდ დასასვენებელი ადგილის შესახებ, როგორი ჰავაა რეკომენდებული გულის პათოლოგიების შემთხვევაში?
- ცივი ჰავა დატვირთვას უქმნის გულს და ზრდის გულის შეტევის აღმოცენების რისკს. აღნიშნულის გათვალისწინებით იმ კურორტებზე დასვენება, რომლებიც დაბალი ტემპერატურით გამოირჩევიან, კარდიოლოგიური პათოლოგიების დროს რეკომენდებული არ არის. მით უფრო, რომ საქართველოში ასეთი ჰავა მაღალმთიან ადგილებზეა, რაც ასევე არ არის სასურველი გულის დაავადებების დროს. თუ პაციენტი ასეთ ადგილზე მაინც ხვდება, თბილად უნდა ჩაიცვას და არ უნდა დაუშვას სხეულის გადაცივება. ამავე დროს, არც ძალიან ცხელი ჰავა და მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებაა სასურველი. მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს, აძნელებს სისხლის ცირკულაციას და ზედმეტ დატვირთვას უქმნის გულს. ამ მიზეზების გამო სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო ზღვაზე დასვენებისას. უარი უნდა ვთქვათ ცურვასა და მზის სხივების მიღებაზე და შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზღვისპირა პარკში სეირნობით.
- რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ქალაქგარეთ გასვლისას თავიდან ავიცილოთ გულის დაავადებების მხრივ მოსალოდნელი საფრთხე?
- გულის მხრივ ჩივილების პროფილაქტიკის მიზნით კარდიოლოგიურმა პაციენტებმა თავი უნდა არიდონ:
- სტრესულ სიტუაციებსა და ფიზიკურ დატვირთვას გამგზავრებისას ან დასასვენებელ ადგილზე ჩასვლის პირველ დღეებში;
- შორ მანძილზე სიარულს, აღმართზე ან კიბეებზე ასვლას;
- დასვენებას ზღვის დონიდან ძალიან მაღალ ადგილზე;
- ქალაქიდან გასვლას მაშინ, როცა გულის დაავადების მიმდინარეობა სტაბილური არ არის;
- გამგზავრებას გულის დაავადების გამო საავადმყოფოში მკურნალობიდან რამდენიმე დღის შემდეგ;
- ფაღარათსა და ღებინებას, რაც ხშირად უხარისხო, უვარგისი საკვების მიღებას მოსდევს. ეს მდგომარეობები იწვევენ დეჰიდრატაციას და შეიძლება გულის დაავადების გამოვლენას შეუწყონ ხელი.
გარდა ამისა, პაციენტებმა აგარაკზე ყოფნის პირველ დღეებში განსაკუთრებით ხშირად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა, არ უნდა დაივიწყონ დანიშნული მედიკამენტების მიღება. სასურველია თან გვქონდეს მედიკამენტების ის რაოდენობა, რაც შინ დაბრუნებამდე გვეყოფა. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს ნიტროგლიცერინი, სწრაფად მოქმედი წნევის დამწევი და შარდმდენი საშუალებები, რომლებიც თქვენმა ექიმმა გირჩიათ. კარგი იქნება, თუ ზუსტად გეცოდინებათ ან ჩაწერილი გექნებათ თქვენი დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ბოლოს გადაღებული კარდიოგრამა.
- უსაფრთხოა თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა გულის დაავადებების შემთხვევაში?
- ამერიკელი მკვლევარები რიგ კვლევაზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ გულის დაავადების უმრავლეს შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობა დიდ რისკთან არ არის დაკავშირებული. კარდიული გართულებები მხოლოდ მილიონიდან 1-2 პაციენტს აღენიშნება. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ იძულებული ვართ პაციენტთა ნაწილს ვურჩიოთ თავი შეიკავონ ფრენისაგან, თუნდაც დროებით, რადგანაც დიდი სიმაღლე და ჟანგბადის ნაკლებობა გულის დაავადებების გართულებების რისკს ქმნის. თვითმფრინავით მგზავრობა არ არის რეკომენდებული, როცა:
- ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაციენტს ჰქონდა გულის შეტევა ან მიოკარდიუმის ინფარქტი,
- ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდა კორონარული არტერიების სტენტირება,
- ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩატარებულია აორტოკორონარული შუნტირება (ვადა ხანგრძლივდება, თუ პაციენტს განუვითარდა გართულებები ფილტვების მხრივ),
- თუ პაციენტს აქვს არასტაბილური სტენოკარდია, არაკომპენსირებული გულის უკმარისობა, ან გულის რიტმის დარღვევა, რომლის კონტროლიც არ არის მიღწეული.
- ზრდის თუ არა ხანგრძლივი მგზავრობა თრომბოზის რისკს?
- მიჩნეულია, რომ მგზავრობისას, რომელიც ოთხ საათზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, მართლაც იზრდება ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. თუმცა შემთხვევათა სიხშირე ძალიან მაღალი არ არის - ოთხი და მეტი საათის განმავლობაში ფრენისას აღინიშნება თრომბოზის ერთი შემთხვევა 6000 მგზავრზე. კანქვეშა, კარგად შესამჩნევი სისხლძარღვებისაგან განსხვავებით, ღრმა ვენები კუნთების სიღრმეში მდებარეობენ, რაც აისახება მათ სახელწოდებაშიც. ღრმა ვენების თრომბოზი საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა შესაძლო გართულებების - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და პოსტთრომბოზული სინდრომის რისკის გამო. უკანასკნელი ქვემო კიდურების შეშუპებითა და დისკომფორტით ვლინდება. თრომბოზის რისკის ზრდა დაკავშირებულია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომასთან. თვითმფრინავით მგზავრობისას აღნიშნულს ემატება დაბალი ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში კი წყლის ნაკლები რაოდენობით მიღება და ალკოჰოლიანი სასმელები, რასაც თვითმფრინავში გვთავაზობენ.
- როგორ შეიძლება შევამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა?
- ხანგრძლივი მგზავრობისას ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ფეხისა და წვივის რეგულარული ვარჯიში, რისთვისაც:
- ყოველ ნახევარ საათში მჯდომარე მდგომარეობაში მოხარეთ და გაშალეთ ტერფი, წვივი, ფეხი;
- თუ თვითმფრინავით მგზავრობთ, ყოველ საათში ერთხელ ადექით და სალონში გაიარეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ნებადართულია;
- ხანგრძლივი ფრენისას თან იქონიეთ პატარა ბურთი, რომელსაც ფეხით იატაკს მიაჭერთ ან მუხლებს შორის "გაჭყლეტთ". ეს ხელს უწყობს კიდურში სისხლის მოძრაობას;
- შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური ფეხის ტრენაჟორი ფრენისათვის;
- სატრანზიტო ქალაქში შეჩერება გამოიყენეთ აეროპორტში სეირნობისთვის;
- დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
- არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი;
- არ მიიღოთ საძილე საშუალება, რათა დიდხანს არ იყოთ უმოძრაოდ;
- ჩაიცვით სპეციალური წინდები "ვენებისთვის";
- შესაძლოა ექიმის რჩევით დაგჭირდეთ რომელიმე ანტიკოაგულანტის - სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება.
თვითმფრინავით მგზავრობის წინ ანტიკოაგულანტური მკურნალობის მიზნით აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, თუ:
- ადრე გქონდათ ღრმა ვენების თრომბოზი;
- გენეტიკა თრომბოზის თვალსაზრისით დატვირთული გაქვთ;
- გაქვთ სიმსივნე ან უკანასკნელ ხანს იტარებდით მკურნალობას სიმსივნის გამო;
- ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია. განსაკუთრებით ეს ეხება სახსრის პროთეზირებას. მსგავს შემთხვევაში ზოგიერთი ექიმი სამი თვის განმავლობაში საერთოდ კრძალავს ხანგრძლივ მგზავრობას;
- გქონდათ ინსულტი; გაითვალისწინეთ, რომ ასპირინი, რომელიც ნაჩვენებია გულის შეტევის ან ინსულტის წინააღმდეგ, ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის თვალსაზრისით ეფექტური არ არის;
- მგზავრობის შემდეგ ფეხები შეშუპებული ან მტკივნეულია, ან სუნთქვის გაძნელებას გრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
- გახსოვდეთ, რომ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი იზრდება სიმსუქნისას, ხანშიშესულ ასაკში, გულის ქრონიკული დაავადებების დროს.
- რა უნდა გაითვალისწინონ ქალაქიდან გასვლისას იმ ადამიანებმა, რომელთაც ბრონქული ასთმა აქვთ?
- აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ცივი და მშრალი ჰაერი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ფიზიკური დატვირთვა დაბალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის მიზეზი გახდეს. შეტევა შეიძლება განაპირობოს ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილ სახლში შესვლისას როგორც ნესტისა და სოკოს, ასევე ბალიშებსა თუ საბანში არსებული ალერგენების ზემოქმედებამაც. აღნიშნულს ემატება გარკვეული მცენარეების ყვავილობა ზაფხულის თვეებში. ყოველივეს გათვალისწინებით, ქალაქგარეთ გამგზავრების გადაწყვეტილების მიღების წინ აუცილებელია:
- ექიმთან ვიზიტი, რომლის დროსაც უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, მან უნდა მიიღოს რჩევები შეტევის შემთხვევაში რეკომენდებული მედიკამენტებისა და აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
- ქალაქიდან გასვლისას აუცილებელია ზუსტად იცოდეთ იმ მედიკამენტების სახელწოდებები, რომელთაც რეგულარულად ან შეტევის კუპირების მიზნით იღებთ. უმჯობესია, გააკეთოთ ჩანაწერი;
- იქონიეთ მედიკამენტების ის რაოდენობა, რომელიც გეყოფათ ჩამოსვლამდე;
- განსაკუთრებით კარგად გახსოვდეთ ის საშუალებები, რომლებიც შეტევის მოხსნის მიზნით გირჩიათ ექიმმა.
- რა რეკომენდაციებს სთავაზობენ სპეციალისტები ასთმით დაავადებულებს ფიზიკური აქტივობისა და დასასვენებელი ადგილის შერჩევის თაობაზე?
- როცა ასთმა კონტროლირებულია, პაციენტს შეუძლია თავისუფლად ისეირნოს გარემოს დათვალიერების მიზნით, წავიდეს ლაშქრობაში და იცურაოს კიდეც (რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურა). ლიტერატურის მონაცემებით, იმ შემთხვევაში, როცა ასთმით დაავადებული პაციენტი თავს კარგად გრძნობს ზღვის პირას, შესაძლოა მთაში დასვენებამაც არ გამოიწვიოს გართულებები. თუ კურორტზე მეტად ცივი ჰაერია, ასთმის სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ საჭირო ხდება პროფილაქტიკური მედიკამენტების დოზის გაზრდა. აუცილებლად უნდა ვერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას სიმაღლეზე ასვლისას, რაც ფიზიკური დატვირთვის ასთმის მიზეზი შეიძლება გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მაღალ ადგილზე შეიძლება გაძნელდეს საინჰალაციო მოწყობილობების მუშაობა. პაციენტი უნდა მოერიდოს ოზონით მდიდარ ჰაერს ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში, თუმცა ცხელი მშრალი ჰაერი, უდაბნოს ჰავის მსგავსად, დადებითად მოქმედებს ასთმის მიმდინარეობაზე. ყველა შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება. ბოლოს, აკლიმატიზაციის პერიოდის გასვლამდე, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა მოვერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას.
- რას ურჩევდით მგზავრობასთან დაკავშირებით?
- მაქსიმალურად ვეცადოთ, არ ვიმგზავროთ ტრანსპორტით, სადაც ბენზინისა და საწვავის მძაფრი სუნია, თან ვიქონიოთ საჭირო მედიკამენტები, რათა აუცილებლობისას არ დაგვჭირდეს მათი ძებნა. როდესაც ასთმა არ არის კონტროლირებული, დაავადება არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და ხშირადაა საჭირო გადაუდებელი დახმარება, ქალაქიდან გასვლა რეკომენდებული არ არის.
- რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ ქალაქგარეთ გასვლისას პაციენტებმა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაში?
- როცა პაციენტი სათანადო მკურნალობას იტარებს და დაავადების სიმპტომებიც უმნიშვნელოა, განსაკუთრებული შეზღუდვა მგზავრობის მხრივ არ არის. სათანადო მომზადების შემთხვევაში შეიძლება მგზავრობაც და დასვენებაც კომფორტული და სასიამოვნო იყოს. საჭიროა რიგი დეტალების დაზუსტება. უნდა ავარიდოთ თავი ზედმეტად ცივ, ცხელ ან ნესტიან ადგილზე დასვენებას. ცხელ, მზიან ადგილზე ყოფნისას, გარდა დაავადების მიმდინარეობაზე ზეგავლენისა, იზრდება მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი. გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მხოლოდ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. სანამ შევარჩევდეთ დასასვენებელ ადგილს, აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ ჰავის თავისებურებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არასასურველია ძალიან ცივი, ცხელი ან ნესტიანი გარემო. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას არ არის რეკომენდებული წყალში ჩაყვინთვა, ძალიან მაღალ კურორტებზე დასვენება, ტემპერატურის მკვეთრი შეცვლა. დასასვენებელ ადგილზე ყოფნისას ამინდის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში უმჯობესია შინ დავრჩეთ. გამგზავრებისას ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მისაღებ მედიკამენტებთან ერთად თან უნდა გვქონდეს ის ანტიბიოტიკები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ანთებითი პროცესის თანდართვისას. ქალაქის დატოვებამდე საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რათა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და განისაზღვროს, დაავადება კომპენსირებულია თუ არა. დეკომპენსაციის შემთხვევაში ქალაქგარეთ დასვენება უნდა გადაიდოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას პაციენტები ხშირად იღებენ სტეროიდულ ჰორმონებს, რაც ზრდის ხანგრძლივი მგზავრობისას ღრმა ვენების თრომბოზის რისკს.
- არცთუ იშვიათად გარემოს შეცვლას ყაბზობა მოჰყვება. რისი ბრალია ნაწლავთა მოქმედების ასეთი ცვლილება და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემა?
- უპირველეს ყოვლისა, ყაბზობას ხელს უწყობს ხანგრძლივი მგზავრობა - სამი ან ოთხი საათის ან მეტი პერიოდის განმავლობაში. საკუთარი მანქანით მგზავრობისას ხანდახან გააჩერეთ მანქანა, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში, გამართეთ საკუთარი სხეული და შეუწყვეთ ხელი ნაწლავების პერისტალტიკის სტიმულაციას. გზაში მიირთვით ბოჭკოებით მდიდარი საკვები - ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი. თუ თქვენი სამგზავრო მენიუ მოხარშული კვერცხი, ყველი და თეთრი პურია, მოსალოდნელია ყაბზობა. მიიღეთ სათანადო რაოდენობით წყალი, ნუ დაელოდებით წყურვილს. გახსოვდეთ, რომ კოფეინით მდიდარი სასმელები დეჰიდრატაციას ვერ აგვაცილებს და ხელს უწყობს ყაბზობასაც. წყლის სასარგებლო ალტერნატივაა ხილის ნატურალური წვენი. მგზავრობისას არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვების პრინციპები. გაითვალისწინეთ, რომ მისი უარყოფა მგზავრობისა და შვებულების პერიოდში ყაბზობის ერთ-ერთი მიზეზია. მგზავრობის დაგეგმვამდე რამდენიმე დღით ადრე უარი თქვით ალკოჰოლიან სასმელებზე. ალკოჰოლი იწვევს კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის) დეჰიდრატაციას.
- მგზავრობისას არანაკლებ დისკომფორტს იწვევს ფაღარათი. როგორ მოვიქცეთ მის თავიდან ასაცილებლად?
- პაციენტთა ნაწილმა კარგად იცის, რომ მის მგზავრობას დიარეა მოჰყვება. მგზავრობისას ფაღარათის აღმოცენებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია კვების რეჟიმის ცვლილება, მგზავრობასთან დაკავშირებული სტრესი და, რაც მთავარია, სხვადასხვა ინფექციური აგენტი - ბაქტერია, ვირუსი თუ პარაზიტი. სწორედ ამ ცოცხალი ორგანიზმებით დაბინძურებული (კონტამინირებული) წყლის ან საკვების მიღების შედეგია ხშირად მოგზაურთა დიარეა. უხშირესი გამომწვევი კი მაინც ნაწლავის ჩხირია. მოგზაურთა დიარეა უფრო ხშირია იმ პირთა შორის, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა, შაქრიანი დიაბეტი და ნაწლავთა ანთებითი დაავადებები აქვს, ვინც კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებს. მოგზაურთა დიარეის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია წინასწარ მივიღოთ ექიმისაგან მითითებები მედიკამენტებისა და სათანადო ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია რიგი რეკომენდაციების დაცვა:
- საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. თუ მგზავრობისას ამის საშუალება არ არის, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები ან ასეთი ნივთიერებით გაჟღენთილი ხელსახოცები;
- საკვებთან შეხებაში მყოფი ყველა საგანი სუფთა უნდა იყოს;
- ხანგრძლივი მგზავრობისას თან ისეთი საკვები იქონიეთ, რომელიც ადვილად არ ფუჭდება;
- თან იქონიეთ სუფთა ერთჯერადი ჭურჭელი, რომელსაც გამოყენების შემდეგ გადააგდებთ. დაუშვებელია თეფშის ან ჩანგლის გამოყენება და საეჭვოდ გარეცხილის შენახვა განმეორებითი გამოყენებისათვის;
- გზაზე წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დალიეთ, თუ მის სისუფთავეში დარწმუნებული ბრძანდებით;
- თუ წყლის სისუფთავეში დარწმუნებული არ ბრძანდებით, ის მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში დუღილის შემდეგ დალიეთ;
- ნუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით მზესუმზირას გზაში, მით უფრო, თუ დარწმუნებული არ ბრძანდებით მის სისუფთავეში;
- არ შეიძინოთ საკვები შემთხვევით და საეჭვო სავაჭრო წერტილებში გზაზე;
- ნუ მიიღებთ არაპასტერიზებულ რძესა და რძის პროდუქტებს;
- მიიღეთ მხოლოდ თერმულად დამუშავებული ხორცი და თევზი;
- ზაფხულში ნუ შეინახავთ საკვებს ოთახის ტემპერატურაზე;
- ნუ იცურავებთ დაბინძურებულ წყალში და ბანაობისას არასოდეს დალიოთ მდინარის და არ გამოივლოთ ყელში ზღვის წყალი.
- ღირს თუ არა ქალაქიდან გასვლაზე ფიქრი ისეთი სერიოზული პათოლოგიების დროს, როგორიც კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტია?
- მართალია, კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ანუ ნაწლავთა ანთებითი დაავადებები საკმაოდ სერიოზული პათოლოგიებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტებმა ქალაქგარეთ დასვენებაზე უარი უნდა თქვან. ექიმის სათანადო რჩევების შესრულების შემთხვევაში პაციენტებს შეუძლიათ კარგად დაისვენონ და საკმაოდ დიდი სიამოვნებაც მიიღონ დასვენებისაგან.
- გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა მოვიმარაგოთ სათანადო რაოდენობის მედიკამენტები;
- ექიმთან წინასწარ უნდა განვიხილოთ მოქმედების ტაქტიკა უეცრად აღმოცენებული დიარეის შემთხვევაში;
- თან უნდა გვქონდეს ექიმის დანიშნულება;
- მგზავრობისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვცხოვრობთ ქრონიკული დაავადებით და არ უნდა მივიღოთ აკრძალული პროდუქტები;
- დასასვენებლად ისეთი ადგილი შევარჩიოთ, რომ სანიტარული კვანძი გამართული იყოს და სახლიდან შორს არ მდებარეობდეს;
- არ არის მიზანშეწონილი ქალაქიდან გასვლა დაავადების გამწვავების პერიოდში;
- აუცილებლად გვქონდეს ანტიბიოტიკების მარაგი იმ შემთხვევისათვის, თუ მოგზაურთა დიარეა აღმოცენდება;
- გამგზავრებამდე აუცილებელია გეგმიური ვიზიტი ექიმთან, სისხლის საერთო ანალიზისა და პაციენტის მდგომარეობის შესაფასებელი სხვა ტესტების ჩატარება;
- მგზავრობისას განსაკუთრებით მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, დარწმუნებული ვიყოთ დასალევი წყლის სისუფთავეში. საპნით ხელების ხშირი დაბანის საყოველთაო წესი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს;
- გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი მგზავრობა ხალხმრავალი გადაჭედილი ტრანსპორტით ზრდის ზოგიერთი ინფექციის რისკს.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების შემთხვევაში პაციენტები ხშირად ღებულობენ ჰორმონულ (სტეროიდულ) პრეპარატებს, რომლებიც ხანგრძლივი მგზავრობისას ზრდიან ღრმა ვენების თრომბოზის რისკს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად პაციენტებმა ზუსტად უნდა შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისათვისაა მოწოდებული.
- ტრადიციული შეხედულების თანახმად, მგზავრობა საშიშია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც თირკმელკენჭოვანი ან ნაღველკენჭოვანი დაავადება აქვთ.
- ხანგრძლივი მგზავრობა მანქანით უსწორმასწორო გზებზე მართლაც შეიძლება თირკმლის თუ ნაღვლის ბუშტის ჭვალის (კენჭის გავლის) მიზეზი გახდეს. ამის გათვალისწინებით, ასეთი მარშრუტები არ არის მიზანშეწონილი მაშინ, როცა პაციენტს შეტევები გახშირებული აქვს. თუ მსგავსი გზის გადალახვა მაინც გიწევთ, ჯობს თან იქონიოთ ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი საშუალებები. სხვათა შორის, შეტევის პროვოცირება შესაძლოა ცივ წყალში ცურვამაც გამოიწვიოს.
- გაბატონებულია მოსაზრება, რომ თირკმლის დაავადებების შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის დასვენება ცივჰავიან ადგილას.
- ცივი ჰავა და ნესტიანი გარემო შესაძლოა გამწვავების მიზეზად იქცეს როგორც თირკმელების მენჯფიალოვანი სისტემის ანთებითი დაავადებებისას (პიელონეფრიტი), ასევე გორგლების დაზიანებით მიმდინარე (გლომერულონეფრიტი) პათოლოგიების დროს. არც ზღვის ცივ წყალში ცურვაა რეკომენდებული აღნიშნული მდგომარეობებისას.
- ზაფხული წლის ყველაზე ცხელი პერიოდია, რაც ერთი შეხედვით მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს რევმატული დაავადებების გამწვავების რისკს...
- სახსართა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ცხელ და მშრალ ამინდში მართლაც უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე ზამთარსა და გვიან შემოდგომაზე, თუმცა ზაფხულიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის პაციენტებს. მძიმე ბარგი, სწრაფი უხერხული მოძრაობა, ხანგრძლივი მგზავრობისას უმოძრაოდ ჯდომა - ეს ფაქტორები ხშირად განაპირობებენ წელის თუ კისრის არის ტკივილს. თუ აღნიშნულს იმასაც დავუმატებთ, რომ ზაფხულის მზის ხანგრძლივი ზემოქმედება შეიძლება ზოგიერთი სისტემური დაავადების, მაგალითად სისტემური წითელი მგლურას, გამოვლინების მიზეზიც კი გახდეს, ცხადი ხდება, რომ ზომიერება წლის ნებისმიერ დროსა და ყველა დაავადების შემთხვევაშია აუცილებელი. თუ არ გსურთ დასვენება წელკავით დაიწყოთ, მხედველობაში მიიღეთ შემდეგი რჩევები:
- კრიტიკულად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, ნუ მოინდომებთ ზედმეტად მძიმე ტვირთის აწევას;
- ტვირთის აწევისას ეცადეთ დაიხმაროთ ქვემო კიდურები, რათა ზურგის დატვირთვა შემცირდეს;
- ტვირთი სხეულის ორივე მხარეს თანაბრად გაანაწილეთ;
- დრო ისე გაანაწილეთ, რომ არ ჩქარობდეთ და ამის გამო მკვეთრი მოძრაობები არ დაგჭირდეთ;
- თუ საკუთარი მანქანით მგზავრობთ, ხშირად შეჩერდით, მანქანიდან გადმოდით, გაიმართეთ და გაისეირნეთ;
- თუ სახსრები გაწუხებთ, მგზავრობისას აუცილებლად გქონდეთ თან ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების მარაგი.
- ზაფხულის დასვენებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთ თემას, როგორიც არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დაკავშირებულია 25-მდე ინფექციურ აგენტთან, რომელთა გადაცემაც სქესობრივი კავშირის დროს ხდება. როდესაც დაუცველ შემთხვევით სქესობრივ კავშირს მოჰყვება დისკომფორტი საშოს ან შარდსადენის არეში, ერთი შეხედვით უმიზეზოდ გამონაყარის გაჩენა, ტკივილი სასქესო ორგანოების ან წელის არეში, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. გამოკვლევა აუცილებელია მაშინაც, როცა პაციენტს ჩივილები არ აქვს, მაგრამ მას ჰქონდა შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კავშირი. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან თავის დაცვა კი სავსებით მარტივი მეთოდითაა შესაძლებელი. ამისათვის საკმარისია:
- თავშეკავება შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან;
- თუ ზემოთ მოცემული რჩევის შესრულებას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ სქესობრივი კავშირის დროს დაცვის საშუალებები.
- ცნობილია, რომ მაღალი კურორტი არ არის მიზანშეწონილი რიგი დაავადების დროს. რა იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ამ შემთხვევაში?
- მაღალმთიან ადგილას ჟანგბადის წნევა დაბალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, უმადობა, სისუსტე, ოფლიანობა. ძალიან მძიმე შემთხვევებში შეიძლება ფილტვების ან ტვინის შეშუპებაც კი განვითარდეს. ამ დროს აუცილებელია სასწრაფოდ დაშვება თუნდაც 500 მეტრით დაბლა. ჩვეულებრივ, მსგავსი სიმპტომები იმ ადამიანებს აღენიშნებათ, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ადრეც ჰქონდათ, თუმცა კლინიკური გამოვლინების გარეშე. რა თქმა უნდა, ყოველივე ინდივიდუალურია და ადამიანებს სიმაღლის მიმართ რეაქციაც განსხვავებული აქვთ. გარდა ამისა, სიმაღლის უარყოფითი ეფექტი დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს (ეგრეთ წოდებული ასთმური ბრონქიტი) სიმაღლის უარყოფითი ეფექტები უფრო მკვეთრია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან მაღალ კურორტზე გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს გამგზავრება არ არის რეკომენდებული. თუკი მსგავს ადგილზე ერთხელ ისვენებდით და ზემოთ აღწერილი კლინიკა გქონდათ, არ არის სასურველი მეორედ გარისკვა. ძალიან მაღალ ადგილზე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღებაც, ეს ზრდის დეჰიდრატაციის რისკს. გარდა აღნიშნულისა, ძალიან მაღალ ადგილზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. უპირველეს ყოვლისა ეს არის ულტრაიისფერი გამოსხივება, რის გამოც აუცილებელია გამოიყენოთ მზის სათვალე, რომლის მინებსაც ნამდვილად გააჩნიათ ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი თვისება. რადგანაც დიდ სიმაღლეზე წყალი უფრო დაბალ ტემპერატურაზე დუღდება, პათოგენების მოსპობისათვის აუცილებელია დუღილი უფრო ხანგრძლივი იყოს.
- ბევრი უფრთხის ხანში შესულ ადამიანებთან ერთად მგზავრობას, მიაჩნია, რომ ჯობს, მხცოვანმა ადამიანებმა არ შეიცვალონ ადგილსამყოფელი. რა რისკთან არის დაკავშირებული ხანშიშესული ადამიანების მგზავრობა და ქალაქგარეთ დასვენება?
- როგორც ცნობილია, დაბერების პროცესში იცვლება სხეულის ორგანოთა სისტემების ფუნქციონირება. მხედველობის, სმენის, რეაქციის სისწრაფის გაუარესება დასასვენებელ ადგილზე ადაპტაციის პროცესს აუარესებს. იზრდება შემთხვევითი ტრავმების რისკი, რაც ასაკთან დაკავშირებული ოსტეოპოროზის გამო ზრდის მოტეხილობის ალბათობას. ვინაიდან მოხუცებში აღდგენის პროცესები შეფერხებულია, შემთხვევითი ნაკაწრების თუ ჭრილობების შეხორცება ნელა მიმდინარეობს. ასაკთან დაკავშირებული ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის დაქვეითებისა და გულის უკმარისობის გამო კი მაღალი კურორტი და ახალ ადგილზე ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად არ არის შესაფერისი. ხანშიშესულ პირებში ხშირად კუჭის სიმჟავე დაქვეითებულია, რის გამოც ხშირია საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. ინფექციების რისკი მაღალია იმუნური სისტემის დასუსტების გამოც. თირკმლის გაუარესებული ფუნქცია ზრდის დეჰიდრატაციის რისკს, რაც თავის მხრივ აღრმავებს თირკმელების უკმარისობას. დაბოლოს, ცენტრალური ნერვული სისტემის თავისებურებებისა და პიროვნების ფსიქიკის ცვლილებების გამო შეიძლება ხანშიშესულ ადამიანს გაუჭირდეს ახალ პირობებთან შეგუება. ყოველივე ზემოთქმულის გამო ხანდაზმული დამსვენებლები უფრო მიდრეკილნი არიან სითბური დაკვრის, ღრმა ვენების თრომბოზის, სხეულის გადახურების, მაღალი ადგილის უარყოფითი ზემოქმედების მიმართ. აღნიშნულ გართულებებს ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად ხანდახან განაპირობებს გარემოს შეცვლისა და მგზავრობისას დანიშნული მედიკამენტების მიღების შეწყვეტა, დეჰიდრატაცია შარდმდენების მიღებისას, შაქრიანი დიაბეტი, რომლის კონტროლიც პაციენტებს გარემოს შეცვლისას ხშირად უჭირთ. გართულებების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია:
- ქალაქიდან გასვლის წინ მკურნალი ექიმის კონსულტაცია,
- ექიმის რეკომენდაციების მაქსიმალურად ზუსტი შესრულება,
- ხანდაზმული პაციეტის ყურადღების მობილიზება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დღის რეჟიმზე, დიეტასა და მედიკამენტურ მკურნალობაზე.
- ჩვენ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. შესაძლოა, მკითხველებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჯობს ქალაქი საერთოდ არ დავტოვოთ და ზაფხულის სიცხეს შევურიგდეთ.
- თუ საშუალება გვაქვს, ზაფხულის სიცხეს აგარაკზე ან მამაპაპისეულ კარ-მიდამოში დავემალოთ, რასაკვირველია, ასეთ შესაძლებლობაზე, დასვენებასა და სიამოვნებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენ შევეცადეთ ხაზი გაგვესვა იმ მომენტებისთვის, რომელთა გაუთვალისწინებლობამაც შეიძლება ზაფხულის მშვიდი დასვენება ჩაგვიშალოს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ:
- გამგზავრებამდე ეწვიეთ მკურნალ ექიმს,
- თან წაიღეთ მედიკამენტები, რომელთაც რეგულარულად იღებთ,
- არ დაგავიწყდეს გადაუდებელ სიტუაციებში საჭირო საშუალებებიც,
- ნუ დაარღვევთ რეჟიმს,
- დასასვენებელ ადგილზე ყოფნისას პირველ დღეებში მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას,
- თუ თქვენი ქრონიკული დაავადება კონტროლს არ ექვემდებარება და მისი ნიშნები მკვეთრადაა გამოხატული, სჯობს გამგზავრება ცოტა ხნით გადადოთ ან მხოლოდ ისეთ ადგილზე გაემგზავროთ, სადაც საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილი იქნება.