ლითოტრიფსია - მკურნალობის მეთოდის პრინციპები
შარდკენჭოვანი დაავადების დროს ლითოტრიფსია დარტყმითი ტალღებით ქვების დაშლას უზრუნველყოფს. ქვები წვრილ ნაწილებად იშლება ან უბრალოდ იხსნება და ადვილად ტოვებს შარდსაწვეთს. სადღეისოდ მსოფლიოში არსებობს ლითოტრიფსიის სხვადასხვა ტიპის აპარატი, რომლებიც დარტყმითი ტალღების გენერაციის სხვადასხვა წყაროს იყენებენ - ელექტროჰიდრავლიკური, ელექტრომაგნიტური და პიეზოკერამიკული. ლითოტრიფსიას შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის გართულების სხვა ოპერაციულ თუ მცირეინვაზიურ მეთოდებზე ნაკლები რისკი ახასიათებს. ეს მეთოდი სხვებზე იაფიცაა - ამერიკელი ექიმების გათვლებით, დაახლოებით 37%-ით. გარდა ამისა, ლითოტრიფსიით მკურნალობის დროს ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიდგენს ძალებს, ტკივილის შეგრძნებაც ორჯერ ხანმოკლეა. პაციენტები უფრო ადრე ეწერებიან კლინიკიდან და სწრაფად უბრუნდებიან სამუშაო ადგილს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლითოტრიფსია არ კურნავს ადამიანს შარდკენჭოვანი დაავადებისგან, ის მხოლოდ შლის ორგანიზმში არსებულ ქვებს, ანუ პაციენტი არ არის დაზღვეული მათი ხელახალი წარმოქმნისგან, ამიტომ ლითოტრიფსიის კურსის შემდეგ მან განუწყვეტლივ უნდა იზრუნოს პროფილაქტიკაზე.
ლითოტრიფსიის ჩვენებები
წინათ ლითოტრიფსიის ჩვენებას უმთავრესად ქვების ზომა განსაზღვრავდა - ოთხმოციანი წლების დასაწყისში ქვა 1,5 სანტიმეტრზე მეტი ზომისა არ უნდა ყოფილიყო. თანამედროვე აპარატები 0,5-დან 2,5 სანტიმეტრამდე ქვების დაშლის საშუალებას იძლევა. უახლესი მონაცემების თანახმად კი პროცედურის ეფექტურობა დამოკიდებულია არა იმდენად ქვის ზომაზე, რამდენადაც მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ლითოტრიფსია ერთნაირად ეფექტურია მოზრდილებთანაც და ბავშვებთანაც.
ლითოტრიფსიის უკუჩვენებები
ლითოტრიფსიის უკუჩვენებებს მიაკუთვნებენ ქვისთვის ტალღის ზუსტი დამიზნების შესაძლებლობის უქონლობას (რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ურატული ქვები, ხერხემლის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, სიმსუქნე და სხვა). ლითოტრიფსიის აბსოლუტურ უკუჩვენებად მიიჩნევა სისხლის შედედების დარღვევა, ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც პაციენტს ანტიკოაგულანტების მიღება უწევს, მენსტრუაცია. ლითოტრიფსიის უკუჩვენებაა ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, რადგან დაზიანებული ნაწლავის კედელზე დარტყმითი ტალღის მოხვედრამ შესაძლოა დაავადება დაამძიმოს, გამოიწვიოს სისხლის ჩაქცევა ნაწლავის კედელში ან ნაწლავიდან სისხლდენა. ლითოტრიფსია უკუნაჩვენებია ნებისმიერი ჩირქოვანი და ანთებითი პროცესის დროს (პნევმონია, პროსტატიტი და სხვა). უროლოგიურ უკუჩვენებებად უნდა დასახელდეს თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი. გარდა ამისა, ლითოტრიფსია სარისკოდ მიიჩნევა გულის ფუნქციის დარღვევის (მოციმციმე არითმია, რიტმის ხელოვნური მარეგულირებელი, გულ-ფილტვის უკმარისობა), თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითებისა და ორსულობის დროს. ვინაიდან ლითოტრიფსიის უკუჩვენებებს ანთებითი პროცესებიც მიეკუთვნება, ამ პროცედურის წინ, ჩვეულებრივ, ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიური თერაპია, პაციენტს აძლევენ ვიტამინებსა და იმ პრეპარატებს, რომლებიც მიკროცირკულაციას აუმჯობესებს. ეს იძლევა თირკმლის მომზადების საშუალებას, ამცირებს გართულებათა ალბათობას, აჩქარებს რეაბილიტაციას.
ანესთეზია ლითოტრიფსიის დროს
მრავალი თანამედროვე აპარატი შესაძლებლობას იძლევა, ეს პროცედურა უანესთეზიოდ ჩატარდეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პაციენტი პროცედურის დროს ზომიერ ტკივილს მაინც გრძნობს. ეს, როგორც წესი, უკავშირდება დარტყმითი ტალღების კანში გავლას და ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას. ლითოტრიფსიის პროცედურა საშუალოდ 1 საათს გრძელდება, რომლის დროსაც პაციენტმა შეიძლება 2000-დან 8000-მდე დარტყმითი ტალღა მიიღოს. პროცედურა იწყება მცირე ენერგიის დარტყმითი ტალღებით და იმპულსებს შორის ხანგრძლივი ინტერვალით. ეს პაციენტს ტალღებთან შეჩვევის საშუალებას აძლევს. დარტყმითი ტალღების ძალა და სიხშირე თანდათანობით იმატებს. თუ ტალღის გზაზე ქვასთან ახლოს ძვალია (მაგალითად, ნეკნი), პროცედურა უფრო მტკივნეული ხდება, რადგან ტალღა ძვალში გარკვეულ რეზონანსს იწვევს. კიდევ ერთი: იმისთვის, რომ ქვების ნამტვრევების ორგანიზმიდან გამოდევნა შედარებით იოლად მოხდეს, უროლოგები იყენებენ შარდსაწვეთის სტენტს, რომელიც შარდსაწვეთს აფართოებს.
გართულებები ლითოტრიფსიის დროს
მიუხედავად იმისა, რომ ლითოტრიფსია არაინვაზიური მეთოდია, მისთვის მაინც არის დამახასიათებელი ზოგიერთი გართულება, რადგან ეს მეთოდი თირკმლის ქსოვილზე მექანიკურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. გართულებები შეიძლება განვითარდეს როგორც თავად პაციენტის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ისე პროცედურის არასწორი ტექნიკისა და არასწორად არჩეული ჩვენების გამოც. ლითოტრიფსიის გართულებათაგან გამოირჩევა:
- თირკმლის ჰემატომა - სისხლჩაქცევა თირკმლის ქსოვილში. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ხელშემწყობი ფაქტორების თანაარსებობა (მაგალითად, სისხლის შედედების დარღვევა, ანტიკოაგულანტების მიღება, მენსტრუაცია, პიელონეფრიტი);
- ჰემატურია - შარდში სისხლის არსებობა. ჰემატურია თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება ლითოტრიფსიის შემდეგ, თუმცა პროცედურის სწორად ჩატარების შემთხვევაში ის 1-2 მოშარდვის შემდეგ გაივლის;
- შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია. ეს ლითოტრიფსიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. საქმე ის არის, რომ მსხვილი ქვა, რომელიც ერთ ადგილზეა მოთავსებული, ჩვეულებრივ, ხელს არ უშლის შარდის გამოყოფას, მაგრამ უკვე დაშლილი ამ ქვის ფრაგმენტებს მოძრაობა შეუძლიათ და ყოველთვის არსებობს რისკი, ამოძრავებულმა ქვამ შარდსაწვეთი გაჭედოს (დააცოს, ობსტრუქცია გამოიწვიოს).
შარდსაწვეთის ქვების მკურნალობის არანაკლებ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა კონტაქტური ლითოტრიფსია. ზოგადი ნარკოზის ქვეშ შარდსაწვეთში შეჰყავთ ურეთეროსკოპი, რომლის საშუალებით ათვალიერებენ შიდა სივრცეს, მერე კი პნევმატური, ულტრაბგერითი ან ლაზერული ლითოტრიპტორით კონკრემენტს ნაწილებად შლიან. მსხვილი ნაწილები სპეციალური იარაღით გამოაქვთ, დანარჩენი კი თავისთავად გამოდის. ამ ოპერაციის ეფექტურობა 60-95%-ია. რაც უფრო მაღლაა შარდსაწვეთში ქვა, მით უფრო დაბალია კონტაქტური ურეთეროლითოტრიფსიის ეფექტურობა. თუ ქვა დიდია (2 სანტიმეტრი და მეტი), მიმართავენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, რომელიც ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ალტერნატივად ითვლება, ხოლო როცა მიზეზთა გამო (გამოხატული ანთებითი პროცესი ან შეხორცებები საოპერაციო ადგილზე) ამ მეთოდსაც ვერ იყენებენ, კეთდება ღია ოპერაცია - ურეთეროლითოტომია. ეს უკანასკნელი ტარდება იმ დროს, როცა ექიმებს საქმე აქვთ თირკმელებში არსებულ მარჯნისებრ ქვებთან. სხვათა შორის, ღია ოპერაციების დროს შესაძლებელია მორწყვით ქვების გახსნაც. შარდმჟავასგან წარმოქმნილი ქვების გახსნა შესაძლებელია ტუტეებით, ზოგიერთი სხვა ტიპის ქვისა კი - რენაციდინით.
ნაღვლის ბუშტის ქვები და ლითოტრიფსია
ლითოტრიფსიას შედარებით იშვიათად ნაღვლის ბუშტში არსებული ქვების დასაშლელადაც იყენებენ. რა მოსდით დაშლილ ფრაგმენტებს? წვრილი ქვები, რომელთა ზომაც არ აღემატება ნაღვლის ბუშტის სადინარის დიამეტრს, ნაღვლის საერთო სადინარის გავლით ნაწლავში ხვდება და ორგანიზმიდან გამოდის. უფრო დიდი ზომის ფრაგმენტები ნაღვლის ბუშტში რჩება. ამიტომ მკურნალობის ეფექტურობის ასამაღლებლად მიზანშეწონილია მკურნალობის პროცესში სხვადასხვა პრეპარატის ჩართვა. ვის შეიძლება ჩაუტარდეს ამგვარი მკურნალობა?
1. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნაღველკენჭოვანი დაავადება ნაღვლის ბუშტის ანთების გარეშე;
2. პაციენტებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ნაღვლის ბუშტის სადინარის გამავლობა. თუ სადინარი დახშულია და მასში ნაღველი არ გადის, დაშლილი ქვები ნაღვლის ბუშტშივე დარჩება. ასეთ დროს ლითოტრიფსიის გამოყენებას აზრი არ აქვს.
3. პაციენტებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის ფუნქცია. თუ ნაღვლის ბუშტი ვერ იკუმშება და ვერ იცლება, დაშლილი ქვები მასშივე დარჩება.
4. პაციენტებს, რომელთა ყველა ქვის ჯამური ზომა არ აღემატება 2 სანტიმეტრს.
საერთო ჯამში, ლითოტრიფსიის პოტენციური კანდიდატია ნაღვლკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტთა დაახლოებით 15%. ამ მეთოდის ძირითადი ნაკლია რეციდივის დიდი ალბათობა - 5 წლის შემდეგ რეციდივის სიხშირე 50%-ია.
ლითოტრიფსია ძვლებზე წანაზარდების წინააღმდეგ
მამლის დეზი, ფეხისგულის აპონევროზის ანთება, პლანტარული ფასციიტი - ასე უწოდებენ ანთებას, რომელიც ფეხისგულის აპონევროზის ქუსლის ძვალთან შეერთების ადგილას ვითარდება. ამ პრობლემის მიზეზი სხვადასხვა რამაა: ბრტყელტეფიანობა, სიმსუქნე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, სისხლით მომარაგების დარღვევა და სხვა. დაავადების ტიპური ნიშნებია ფეხისგულის ან ქუსლის მიდამოს მწვავე ტკივილი, რომელიც მთელ ტერფზე ვრცელდება და რომელსაც პაციენტები ქუსლში ლურსმნის ან ნემსის ჩხვლეტას ადარებენ. ასეთ დროს კვლევის მეტად ინფორმაციული მეთოდია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც მკაფიოდ ავლენს ანთებით პროცესსა თუ მტკივან ადგილზე არსებულ ძვლოვან წარმონაქმნს. მკურნალობის საბაზისო მეთოდებად მიიჩნევა რენტგენოთერაპია, სტეროიდული ბლოკადა, არასტეროიდული პრეპარატების დროული გამოყენება, სუპინატორების რეგულარული ხმარება. ეს მეთოდები შეიძლება ცალ-ცალკეც იქნეს გამოყენებული და კომბინირებულადაც, თუმცა ამ პრობლემის მკურნალობის ძირითად და მეტად ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა ექსტრაკორპორალური დარტყმით-ტალღოვანი თერაპია - ლოკალური მეთოდი, რომელიც პნევმო- და ელექტრომაგნიტური ტალღებით ადგილობრივ ზემოქმედებას მოიცავს. დადებითი შედეგი ხშირად პირველივე პროცედურის შემდეგ შეიმჩნევა. ეს მეთოდიც არაინვაზიურია და პროლონგირებული ჰორმონებით მკურნალობის ალტერნატივად არის მიჩნეული, რაც აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც ენდოკრინული დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი და სხვა), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, ასევე - სპორტსმენებისთვისაც, რომლებსაც დოპინგზე ამოწმებენ.