რა უნდა ვიცოდეთ წამლების მიღებისას
საკვებთან შეთავსებასაც რომ უნდა მიექცეს ყურადღება, ბევრმა არ იცის. ამა თუ იმ წამლის მიღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რაციონს ანუ იმას, რას ვჭამთ და ვსვამთ მთელი დღის განმავლობაში, მაგალითად, ჩაის, ყავას თუ რძეს.
მკითხველის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ.
-
გრეიპფრუტი
მედიკამენტებთან თავსებადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე "სახიფათო" პროდუქტი გრეიპფრუტი და მისი წვენია. სამწუხაროდ, აღრიცხულია გარდაცვალების ფაქტიც კი - ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელიც ქოლესტერინის დამწევი პრეპარატის პარალელურად დღეში რამდენიმე ჭიქა გრეიპფრუტის წვენს სვამდა.
როგორც ცნობილია, გრეიპფრუტი და მისი წვენი შეიცავს ღვიძლის ფუნქციობის რამდენადმე დამაქვეითებელ, მედიკამენტების ცალკეულ კომპონენტებად დაშლის შემაფერხებელ ნივთიერებებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამკურნალო საშუალებათა დაშლის შეფერხება ორგანიზმში მათ გავრცელებასაც აფერხებს, ამის შედეგად კი სამკურნალო წამლის ზედოზირება ხდება.
მაგალითად, თუ ადამიანი მიიღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატს და იმ დღესვე დალევს გრეიპფრუტის წვენს, ხელს შეუწყობს წამლის დოზის გაორმაგებას.
გრეიპფრუტს ვერ ეწყობა ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე პრეპარატები და მრავალი სხვა მედიკამენტი. დღეისათვის ამ სიაში 50-ზე მეტი დასახელების პრეპარატია.
-
რძე
მედიკამენტების მიღებისას ფრთხილად უნდა ვსვათ რძეც - ის კოფეინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას ანეიტრალებს. რძესთან შეუთავსებელია ანტიბიოტიკები, ასკოფენი, ციტრამონი. რძე რამდენადმე აფერხებს რკინის შემცველი პრეპარატების მოქმედებასაც.
-
გაზიანი სასმელები
მწარე აბებს ბევრი ტკბილ გაზიან სასმელს ან უბრალოდ მინერალურ წყალს აყოლებს. ეს დაუშვებელია! მედიკამენტებს წყალი უნდა მივაყოლოთ და არამც და არამც - გაზიანი სასმელი! ასეთი სასმელების შემადგენლობაში შემავალი ნახშირორჟანგი ცვლის მედიკამენტების მჟავიანობას და, ამრიგად, მათ თვისებებსაც.
გაზიან სასმელებზე ნაკლებ გავლენას ახდენს ჩვეულებრივი წვენი, თუმცა არც მისი მიყოლებაა რეკომენდებული. წვენი აქვეითებს ანტიბიოტიკების, ნო-შპას აქტივობას, აძლიერებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ტოქსიკურობას. თუმცა წვენებთან "მეგობრობენ" პოლივიტამინური კომპლექსები და რკინის პრეპარატები: როდესაც ამ საშუალებებს წვენს აყოლებენ, მათი შეწოვა უმჯობესდება.
-
ცილები, ცხიმები, მარილი, მჟავა, ცხარე
წამლის მოქმედების ეფექტურობა მხოლოდ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რას ვსვამთ ან რას ვაყოლებთ თავად პრეპარატს, არამედ იმაზეც, რას მივირთმევთ, რისგან შედგება ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამი.
მაგალითად, იმისთვის, რომ A ვიტამინი დროულად და სათანადოდ აითვისოს ორგანიზმმა, რაციონი ცხიმებით უნდა გავამდიდროთ. ასეთივე საკვები რეკომენდებულია მეტრონიდაზოლის, სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატებისა და ტრანკვილიზატორების მიღებისას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხიმიანი საკვები აქვეითებს თირკმლის ინფექციების სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების მოქმედებას.
ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი იზონიაზიდი ვერ ეწყობა მარილიან და მჟავე პროდუქტებს. სამაგიეროდ, ცილებით მდიდარი საკვები მასთან კარგად ურთიერთქმედებს.
ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მოქმედების ეფექტს ცხიმებითა და შაქრებით მდიდარი საკვები აქვეითებს.
-
ხილი, ბოსტნეული და კენკრა
ხილი, ბოსტნეული და კენკრა უვნებელ და, ამასთან, ძალზე სასარგებლო საკვებადაა მიჩნეული, თუმცა ზოგჯერ ისინიც უქმნიან ორგანიზმს გარკვეულ საფრთხეს.
მაგალითად, თუ ჰიპერტონიით დაავადებულმა მარწყვის ან შავნაყოფიანი ცირცელის წვენი მიირთვა, არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ, რომ მარწყვიც და ცირცელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს.
ბოლოკი, ბოლოკურა, თეთრთავა კომბოსტო, მწვანე სალათა მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა მოქმედებას ასუსტებს.
ისპანახი, მჟაუნა და სხვა მწვანე ბოსტნეული მდიდარია K ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ამიტომ მათ მიღებას არ გირჩევთ, თუ თრომბების წარმოქმნის შემაფერხებელ პრეპარატებს სვამთ.
ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალებებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულის მიღება კი, პირიქით, სასარგებლოა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში კიტრის, პომიდვრის, სტაფილოს, ჭარხლისა და კომბოსტოს ჩართვა, რათა ორგანიზმმა წარმატებით აითვისოს სათანადო რაოდენობის ქოლესტერინი და გამოაძევოს წიდა.
-
ყავა, სპირტიანი სასმელები
ჰომეოპათიური საშუალებების პარალელურად არ არის რეკომენდებული ყავის, სპირტიანი სასმელების, პიტნის ნაყენის, სუნელებით შეზავებული კერძების, არომატიზატორებითა და საღებავებით გაჯერებული საკვების მიღება.
-
ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ
მცენარეული ნაყენებისა და ნახარშების უმრავლესობა ჭამამდე უნდა მიირთვათ. ჭამის შემდეგ, ჩვეულებრივ, ინიშნება ის მედიკამენტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს - მეტრონიდაზოლი, ინდომეტაცინი, ანტიბიოტიკების უმრავლესობა, სტეროიდები. ამ პრეპარატების მავნე მოქმედება რომ გაანეიტრალონ, მათ ბრინჯის ნახარშს აყოლებენ. ნაღველმდენი მცენარეული საშუალებებისა და მადის მომგვრელი პრეპარატების მიღება ჭამამდე 15-20 წუთით ადრეა რეკომენდებული, საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა - კვების დაწყებისთანავე, პოლივიტამინებისა კი - ჭამის პროცესში.