მითები ქოლესტერინის შესახებ
ყველა ქოლესტერინი ცუდია
ქოლესტერინი უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო კომპონენტია.სტრუქტურული ფუნქციის გარდა, ის მნიშვნელოვანია სტეროიდული ჰორმონების, D ვიტამინის და ნაღვლის მჟავების (Bile Acids) გამომუშავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე სახიფათოა და დაავადების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, მის გარეშე ყოფნაც შეუძლებელია.
სხეულში ქოლესტერინი ლიპოპროტეინებით (ცხიმები/ცილები) გადაადგილდება, ტრანსპორტირება ხდება ორი ძირითადი გზით.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს (LDL) ქოლეტერინი ღვიძლიდან უჯრედებამდე მიაქვს, სადაც ის გამოიყენება რამდენიმე პროცესში.
LDL-ს „ცუდ“ ქოლესტერინსაც უწოდებენ, რადგან სისხლში მისი მაღალი შემცველობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
ხოლო, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინია HLD, ანუ „კარგი“ ქოლესტერინი. ის ქოლესტერინს უკან ღვიძლში აბრუნებს. მისი დაგროვება სისხლძარღვებში არ ხდება, ამიტომ არც გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს არ იწვევს.
მე კარგი წონა მაქვს, ამიტომ ქოლესტერინის მაღალი დონე არ მექნება
სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია. ქოლესტერინის დონე - ეს არის სურათი იმისა, თუ რას მივირთმევთ.
უნდა აღვნიშნოთ გენეტიკის როლიც, მაგალითად, ადამიანი შეიძლება ისეთი გენეტიკური მიდრეკილებით დაიბადოს, რომ მის ორგანიზმს ქოლესტერინის სწორად გადამუშავება არ შეეძლოს. აღნიშნულ გენეტიკურ მდგომარეობას ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია ეწოდება.
რაც შეეხება წონას, ეს მემკვიდრეობით მიღებული მეტაბოლიზმის, მოხმარებულ და დახარჯულ კალორიებს შორის ბალანსის შედეგია.
მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ წონის პრობლემა, თქვენი ქოლესტერინის დონე შესაძლებელია არ იყოს ნორმალური, ვინაიდან მისი ბალანსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკვებს ღებულობთ, ვარჯიშობთ თუ არა, მოიხმართ თუ არა თამბაქოს და რამდენად ხშირად მიირთმევთ ალკოჰოლს.
ფაქტი არის ის, რომ ჯანსაღი წონის მქონე ადამიანსაც შესაძლებელია მაღალი ქოლესტერინ აწუხებდეს, ხოლო ჭარბწონიან ადამიანს ეს პრობლემა არ ჰქონდეს.
ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს გენეტიკა,ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მედიკამენტები, ფიზიკური აქტიობა, კვება და ძილი.
ფაქტორები, რომლებიც ქოლესტერინის მატებას უწყობენ ხელს და რომელთა შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ არის ასაკი და გენეტიკა.
მაღალი ქოლესტერინი რომ მქონდეს, სიმპტომები მექნებოდა
რა თქმა უნდა, მითია. ქოლესტერინის დონის მატებას სიმპტომები არ ახასიათებს. ამიტომ, აუცილებელია პერიოდულად სკრინინგი და სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად.
მისი ერთადერთი „სიმპტომი“ შეიძლება იყოს უკვე დაგვიანებული ნიშანი, როდესაც გულის და სისხლძარღვების პრობლემები წარმოიქმნება, ზიანდება და ხდება მათი ბლოკირება.
რამაც შესაძლებელია სტენოკარდია, გულის შეტევა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. არტერიებში ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნა ინსულტის რისკსაც ზრდის.
თუ ბევრ ქოლესტერინის შემცველ საკვებს მივირთმევ, მაღალი ქოლესტერინი მექნება
ეს ასე არ არის.
ქოლესტერინის დონის მატება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს არ მიირთმევთ, თუმცა თქვენი კვების რაციონი მდიდარია შაქრით, ან მარტივი ნახშირწყლებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ საკვებიდან მიღებული ქოლესტერინის დონე ნაკლებდ აწუხებთ, ვიდრე მათ, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევენ.
ყველა ადამიანს ქოლესტერინის ერთნაირი დონე ესაჭიროება
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ჯანმრთელობა გაქვთ.
მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრობლემა არ აქვს, ქოლესტერინის დონე 100 მგ/დლ უნდა ჰქონდეს, ხოლო მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ, LDL ქოლესტერინის მაჩვენებელი 70 მგ/დლ, ან უფრო ნაკლები უნდა იყოს.
მხოლოდ მამაკაცებს უნდა აწუხებდეთ ქოლესტერინის მაღალი დონე
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) თანახმად, 2015-2018 წლებში, მაღალი ქოლესტერინის პრობლემა მამაკაცთა 10.5%-ს, ხოლო ქალბატონთა 12.1%-ს აღენიშნებოდა.
მას შემდეგ, რაც ქალის ორგანიზმში ესტროგენები მცირდება, ორგანიზმს „დამცავი ეფექტი“ აღარ აქვს და იზრდება გულის დაავადების განვითარების რისკიც.
ყოველწლიურად, უფრო მეტი ინფარქტი ფიქსირდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებსაც გულის შეტევა ემართებათ, უფრო მეტი რისკი აქვთ გულის დაავადებებით გარდაცვალების, ვიდრე ძუძუს კიბოთი.
მე ვღებულობ სტატინებს, ასე რომ შემიძლია მივირთვა ყველაფერი, რაც მინდა
ეს არ იქნება სწორი. აუცილებლად მოეპყარით საკუთარ სხეულს პატივისცემით. სტატინები წონის დასაკლები საშუალება არ არის, ეს მხოლოდ „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
თუ თქვენ არაჯანსაღ კვებას გააგრძელებთ, კალორიების მატება გამოიწვევს წონაში მატებასაც, ასე იზრდება მეტაბოლური სინდრომის და პრედიაბეტის რისკიც.
40 წლამდე არ არის საჭირო ქოლესტერინის დონის შემოწმება
პირველი სკრინინგ ტესტი თინეიჯერულ ასაკაში უნდა ჩატარდეს და თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღნიშნული პრობლემა აქვს, მაშინ უფრო ადრეულ ასაკშიც.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში 2 წლიდან იწყება შემოწმება ქოლესტერინის დონის.
და ბოლოს, რეგულარულად აკონტრლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე და დაიცავით საკუთარი თავი! სწორი კვება, ფიზიკური აქტიობა და ექიმის რეკომენდაციით, სტატინების მიღება, ქოლესტერინის ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.