ასაკი და სიბერე

25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.
კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი
სიბერე ორგანიზმში უჯრედულ დონეზე იწყება, ფიზიოლოგიურად კი მოგვიანებით ვლინდება ორგანოთა სისტემების დონეზე. ეს პროცესები სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. განასხვავებენ ადამიანის ქრონოლოგიურ (კალენდარულ) და ბიოლოგიურ ასაკს.
ადამიანს ხანში შესულს 60-74 წლის ასაკში უწოდებენ, თუმცა ერთნაირი კალენდარული ასაკის ადამიანებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესის ინტენსივობის კვალობაზე შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული ბიოლოგიური ასაკი ჰქონდეთ.
თეორიულად ორგანიზმის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ბიოლოგიური ასაკი ჩამორჩება კალენდარულს, ამბობენ, რომ ადამიანი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვევა, ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო როცა კალენდარული ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურს, ეს ნაადრევი სიბერის ნიშანია.
დიდი ბიოლოგიური საათი
სიბერის ასახსნელად შემუშავებულ უამრავ თეორიას შორის (მათი რიცხვი 200-ს აღწევს) განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ამერიკელი მეცნიერის დილმანის მიერ შექმნილი დიდი ბიოლოგიური საათის თეორია, რომლის თანახმადაც ყოველ ორგანიზმში მუშაობს სიბერის ნეიროენდოკრინული ბიოსაათი. იგი არეგულირებს ორგანიზმის მდგომარეობის მუდმივობას - ჰომეოსტაზს. ასაკის მატებასთან ერთად ეს საათი მუშაობას წყვეტს და ჰომეოსტაზიც ირღვევა. ამის შედეგად იშლება ორგანოთა შეთანხმებული მუშაობაც.
"აღშფოთებული ჰომეოსტაზი" ორგანიზმს უკარგავს სტრესისადმი ადაპტირების უნარს, კარს უღებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, ხელს უწყობს დაავადებებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას და ორგანიზმის დაბერებას. დილმანის აზრით, სიბერე ფიზიოლოგიური პროცესი კი არა, დაავადებაა, რომლის განკურნებაც "დიდი ბიოლოგიური საათის" ამუშავებით და ჰომეოსტაზის აღდგენით უნდა მოხდეს.
უჯრედის დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორები
ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციებს, იცვლიან ფორმას, ბერდებიან და კვდებიან.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც უშუალოდ არის დამოკიდებული უჯრედის დაბერება:
1. ტელომერული პროცესები - ყოველ უჯრედს აქვს ერთგვარი "მრიცხველი", რომელსაც დნმ მართავს. მას ტელომერი ეწოდება და ქრომოსომის ბოლოში მდებარეობს. უჯრედის ყოველი გაყოფისას ტელომერს სიგრძე აკლდება. როდესაც ის განსაზღვრულ ზომას მიაღწევს, უჯრედი კარგავს დაყოფის უნარს, მასში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები ქვეითდება, ბოლოს კი სრულიად წყდება.
2. ცილათა სინთეზის დაქვეითება. 25 წლის შემდეგ მცირდება ცილის სინთეზი, რადგან 70 წლის ადამიანის ორგანიზმში ცილოვან სინთეზზე პასუხისმგებელ გენთა ნახევარს ფუნქციები ეკარგება. ახალ ცილათა წარმოუქმნელობის გამო აღარ ხდება დნმ-სა და რნმ-ს მოლეკულათა განახლება, აღარ მიმდინარეობს უჯრედთა დაყოფა-გამრავლება, უჯრედები ბერდება და კვდება.
3. თავისუფალი რადიკალები - ცხოველქმედების პროცესში ორგანიზმში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება ხვდება. რთულ ქიმიურ გარდაქმნათა შედეგად ისინი წარმოქმნიან მავნე თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებზე დამღუპველად მოქმედებენ.
4. უჯრედის სტრუქტურული დაზიანება - უჯრედში არსებულ მიკრო და მაკრომოლეკულების სტრუქტურული დეზორიენტაცია. ყოველ წამს ადამიანის გენომში 1-2 გენი ზიანდება და განიცდის მუტაციას. ასაკთან ერთად დნმ თვითონვე იქცევა ამ მუტაციათა მსხვერპლად, რაც არღვევს მისი გამრავლებისა და გაყოფის პროცესებს. შედეგად არათანმიმდევრულად მიმდინარეობს რნმ-სა და ცილების სინთეზი, იცვლება უჯრედის სტრუქტურათა ფუნქციები. ასეთ ცვლილებებს განსაკუთრებით ინტენსიურად ნეირონები და კარდიომიოციტები განიცდის. ამიტომ არის, რომ სიბერის პირველი ნიშნები ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.
5. ენერგეტიკული ცვლილებანი - ასაკთან ერთად უჯრედში ორჯერ მცირდება მიტოქონდრიების - "ენერგიის წარმომქმნელი სადგურების" - რაოდენობა, რაც არღვევს ენერგომომარაგებას და ამცირებს ჟანგბადის მოხმარებას, იწვევს ქსოვილთა და ორგანოთა ჟანგბადოვან შიმშილს (ჰიპოქსიას), რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და სიბერის ხელშემწყობი ფაქტორია.
6. ზრდის ჰორმონის დეფიციტი - ზრდის ჰორმონი უჯრედში ამინომჟავებისა და საშენი მასალის მთავარი ტრანსპორტიორია. იგი ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილთა რეგენერაციას, არეგულირებს კუნთოვანი ქსოვილის ძალასა და მასას. ასაკის პარალელურად იკლებს ზრდის ჰორმონის სინთეზი, მისი დეფიციტი კი ხელს უწყობს დაბერებას.
7. გენეტიკური ფაქტორები - არსებობს სპეციფიკური, ახალგაზრდობის შემანარჩუნებელი და სიბერის განმსაზღვრელი გენები. ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ დაბერებასა და დღეგრძელობაში. განსაზღვრული შინაგანი და გარეგანი მიზეზების ზემოქმედებით ეს გენები მუტაციას განიცდიან და ვეღარ ახერხებენ ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მათ პარალელურად აქტიურდებიან სიბერის განმსაზღვრელი გენები, რომლებიც ადამიანში ხანში შესულთა გენოტიპის ჩამოყალიბებას განაპირობებენ.